საქართველოს მთავარი გაუმართავობა და მასთან მიმართებაში თენბრუკის თეზის მართებულობა – Religiöse Gegenwartskultur in Georgien

საქართველოში აგორებული თანამედროვე დისკუსია ეკლესიური ზიარების შესახებ ალბათ „კოვზის დისკუსიის“ სახელით შევა ისტორიაში და თუ გაუმართლა, ე.წ. „ბიბლია-ბაბილონის კამათს“ დაემგვანება (Bibel-Babel-Streit), იმდენად თვალშეუდგამია ქართველი თეოლოგების მეცნიერული კომპეტენციები!

საერთო კოვზის იდეამ რამდენიმე იმედგაცრუება მოიტანა, უფრო სწორად, მოგვიტანა პრინციპულად სეკულარულად განწყობილ საზოგადოებას; 1.ცალ ხელზე ჩამოსათვლელმა ნათელი აზრებით გამორჩეულმა მღვდლებმა (ჭიღლაძემ, ლომიძემ…), საბოლოოდ მაინც საერთო კოვზიდან ზიარებას დაუჭირეს მხარი; 2.სახელმწიფო მოხელეებმა, კერძოდ კი ჯანმრთელობის მესვეურებმა, ამჯერადაც  ვერ გამოიჩინეს პრინციპულობა და ერთხელაც გამოაცხადეს კაპიტულაცია, სრული უსუსურება კლერიკალური სამყაროს წინაშე. 3.ზოგიერთმა საჯარო ინტელექტუალმა (ცნება public intellectuals ნასესხებია და ამაში იგულისხმება ის ცნობადი შემოქმედ-პიროვნებები, რომლებიც მედიებში აქტუალური თემების დისკურსს წარმართავენ) გაამართლა ეკლესიისა თუ საპატრიარქოს საერთოკოვზური გაჯიქება, რადგანაცო სამღვდელოებისაგან მისივე ირაციონალურ-დოგმატიკური ლოგიკის ერთგულება უფრო მოსალოდნელია და  დასაფასებელიც კი, ვიდრე წარმავალი ეპიდემიის გამო გატკეპნილი საუკუნეობრივი გზიდან გადახვევაო! ვის, ვის და მათ კი უნდა სცოდნოდათ და გახსენებოდათ რელიგიის ახალი და თანამედროვე ინტერპრეტაციებიც, რომელთა მიხედვითაც რელიგია რაციო-ირაციო კი არა, უფრო ჭვრეტა და გრძნობაა (შლაიერმახერი, ოტო, ვაითჰედი, თილიხი, როლანი და ზოგადად, შინაგანი რელიგიის მომხრე თეოლოგების, ფილოსოფოსების, მწერლების ფართო სპექტრი). მაგრამ მე არ ვაპირებ ამ დისკუსიაში შესვლას, მითუფრო რომ რამდენიმე სტატიაც გამოჩნდა, რომელთაც შეავსეს ის სათქმელი, რასაც მეც ვისურვებდი და ძალისხმევა დავზოგე რომ  ასევე პრინციპულად და პროფესიულად მესაუბრა: 1.თბილელ მიტროპლიტ მალხაზის წერილი მღვდლებსა და მოლებს და მსგავსთ; 2.მღვდელ-მონოზონ ებრალიძის ისტორიული ექსკურსი პავლეს სახელობის თეოლოგიურ ჟურნალში, რაც აჩვენებს რომ ზიარების წესი ცვალებადი, დრეკადია და მაშასადამე, მან ცვლილება შეიძლება დღესაც განიცადოს; 3.მნათეუს სუთიძის კრიტიკული სტატია, სადაც იგი ჩვეული სიმწვავით განიხილავს საკითხს და გამოაქვს საკმაოდ გულწრფელი და სწორი დასკვნები. თანამედროვე აქტუალური რელიგიური სიტუაციის ეს სამი რეფლექსური განხილვა ურთიერთშემავსებელია და ვერაფერს დავამატებდი. ორიოდ დეტალზე მაინც ვცადე დაფიქრება: 1.რასაკვირველია, ზიარება საკრამენტია, საიდუმლო და მე მეტ-ნაკლებად ვიცი ეს ქრისტოლოგიური თეორია, თანავუგრძნობ მას და მესმის მისი მნიშვნელობა ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიისათვის, მაგრამ ისაც მაფიქრებს რომ მთელმა რიგმა ქრისტიანულმა ეკლესიებმა, ევანგელურ-რეფორმატორულ კონფესიებში, უარყვეს ეს საიდუმლო, როგორც ფორმალობა, და ამ უარყოფაში დევს არა ქრისტესაგან დაშორების, არამედ მასთან დაახლოების სურვილი; 2.ერთხელ მაინც რომ წარმოვიდგინოთ თვით იესო იდგეს ამბიონზე და საზიარებლად იხმობდეს მრევლს, როგორ მოიქცევა: საერთო კოვზით აზიარებს თუ არა? ვფიქრობ რომ იგი ჰუმანურად მოიქცეოდა და მიწიერ, ჰიგიენურ წესებს არ უარყოფდა და მორწმუნეებს ეგზომ აღმატებულ გამოცდას არ მოუწყობდა.

ყოველივე ზემოთქმულიდანაც ჩანს თუ რაოდენ აქტუალურია დღეს რელიგიის საკითხები და რამდენად დათრგუნულია, მონუსხულია რელიგიისარმცოდნე საზოგადოება, – მორჩილ მრევლზე რომ აღარაფერი ვთქვათ, – ჩვენი განათლებული, მოაზროვნე ნაწილიც; რაოდენ უძლურია სახელმწიფო რაიმე დაუპირისპიროს საშიშ კლერიკალურ ახირებებს; რა უზომოდ შეშინებული, ფარისეველი ან ანგარებიანი და დამყვავებელია ზოგადად ჩვენი მთავრობა, მთავრობების მთელი ციკლი. მსგავსადვე იქცეოდა წინა ხელისუფლებაც და არაერთხელ გამიროზგია იგი მე ამის გამო: იხ. გუგლში: „გადასაცემი ჯერ კიდევ ბევრია!“.

ზოგადად ეკლესიის კრიტიკა არახალია, ერთგვარი შეჯამებაც ვცადე თავის დროზე, მაგრამ კრიზისიდან ვერ გამოვდივართ. მიუხედავად კონკორდატისა, მიუხედავად რელიგიათა საბჭოსი, მიუხედავად ტოლერანტობის ცენტრისა თუ ევროპაში განათლებამიღებული თეოლოგებისა; მიუხედავად მედიებში წარმოჩენისა,  პრობლემა მაინც პრობლემად რჩება: ეკლესია სახელმწიფოა, დამოკლეს მახვილია, იგი ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაკნინებით ემუქრება, თავისუფლებისა და დემოკრატიის შემაფერხებელი სერიოზული ზღუდეა. ბევრი დაიწერა, ბევრმა ექსპერტმა გამოიჩინა თავი, საკმაოდ გაილანძღა პატრიარქი, სინოდი და ა.შ., ბევრი ბრალეულიც მოიძებნა, შორენადან დაწყებული, კირილით დამთავრებული, სასულიერო აკადემიის სტუდენტებმაც კი არაერთი რევოლტე მოაწყეს, მაგრამ ამაოდ… პრობლემა თითქოს ყველას უნდა ესმოდეს, მაგრამ საბოლოოდ რაიმე გადაწყვეტის გზა, თუნდაც მიახლოებითი, ვერ მოიძებნა. ვერ მოიძებნა თვით ეკლესიის წიაღშიც, ვერც მის გარეთ…

ამ პრობლემის გადაუწყვეტელობაზე მიანიშნებს აქ ილუსტრირებული ფოტოც, სადაც უმაღლესი ხელისუფალი ცაში ეძებს საშველს, სულ არ სურს შესაძლოა ეს სანთლიანი მოწმეობა, მაგრამ მეტი რა ჩარაა? … „ღმერთო, რა დავაშავე!?“

რატომ შევიდა საქართველო ამ ჩიხში, რატომ იქცა მისთვის ერთ დიდ გაუმართავობად კლერიკალური გავლენები, თვითნებობა და რა გამოსავალს გვთავაზობს მაგ. ევროპული გამოცდილება? რატომ არაა რელიგია იქ ასე საშიში და სახელმწიფოს დამხამლველი, დამბალითებელი?

სოციოლოგ თენბრუკის შესახებ. იგი არაა გენიალური… იყო ფილოსოფოსი, ჯერ მარტინ ჰაიდეგერის მოწაფე,  მოგვიანებით მაქს ჰორკჰაიმერის ასისტენტი, ბოლოს გადავიდა სოციოლოგიაში და ამერიკაში და სხვ. მაგრამ მას აქვს ერთი მოსაზრება, რომლის გასიგრძეგანებამაც ჩვენთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ნაყოფი გამოიღოს, ვიდრე ეკლესიის კრიტიკამ, თეოლოგიურმა მხილებამ ან მისი ავტორიტეტის დაცემის სახელმწიფოებრივმა ცდებმა. თან ეს მოსაზრება არაა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, პირიქით, საბოლოოდ, მისი შესრულება გამოაკეთებს ეკლესიასაც. ცხადია, ეკლესია ავადაა, ქართული ეკლესია  რომ კარგად იყოს, ერის, ქვეყნისა და მისი მომავლის მტრად კი არ იქცეოდა! რაც ყველაზე საგანგაშოა, ქრისტეს ვეღარ პოულობენ მასში თვით საღად მოაზროვნე მორწმუნენი და თეოლოგები! ☹

გზა ხსნისა კი ასეთია: თავის ვრცელ სტატიაში: „რელიგია რეფლექსიის დინებაში“ თენბრუკი ავითარებს მოსაზრებას რომ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებამ დასავლეთში საფუძვლიანად შეცვალა თვითონ რელიგია. ყოველშემთხვევაში, ქრისტიანული ძირითადი კონფესიები. „რელიგიის მეცნიერება“, როგორც დარგი და „რელიგიის მეცნიერებები“, (თენბრუკი ორივე ცნებას იყენებს), მთელი რიგი მეცნიერული დისციპლინები ხანგრძლივად, შესამჩნევად, თანმიმდევრულად ცვლიან, ცივილიზაციური მიმართულების გზაზე აყენებენ რელიგიას. ხაზგასმით: რელიგიის შეცვლა არ გულისხმობს აქ ერთი რელიგიის მეორე რელიგიით ან იდეოლოგიით ჩანაცვლებას, არამედ გაუმჯობესებას, არსებული, მოქმედი რელიგიის სასიკეთო ფერისცვალებას, მაგ. ქრისტიანობამ რომ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, განავრცოს და ა. შ. …

შემაჯამებლად ადრინდელი ოპუსიდან: თანამედროვე ინტელექტუალური, საუნივერსიტეტო და შესაბამისად საზოგადოებრივი სივრცე განვითარებულ დასავლეთში გაჯერებულია რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებებით. ეს მეცნიერებები:  თვითმყოფადი რელიგიის კვლევის (Academic Study of Religion) გარდა ასევე რელიგიის სოციოლოგიის, რელიგიის ფსიქოლოგიის, რელიგიის ეთნოლოგიის, თვით რელიგიის ბიოლოგიისა და ნეიროლოგიურ დარგების (Cognitive Science of Religion) ფარგლებში, მთლიანობაში ითვისებენ რელიგიის კვლევის ფართო ველს, რელიგიას მის წარსულში და აწმყოში. ასევე რელიგიურობას, რელიგიურ ტრანსფორმაციებს და ა.შ. … თეოლოგიაზე აქ საუბარი საერთოდ არაა, რადგან თეოლოგია თვით რელიგიების შიდამოხმარების თეორიაა და არცთუ მთლად ვარგისია თანამედროვეობაში, თანამედროვე დისკურსში და კულტურის შტუდიებში ჩასართავად. თუმცაღა, თვით თეოლოგიაც კი ამგვარ ჩართულობას ესწრაფვის ყველგან, სადაც კი იგი ეკლესიას გაექცა და ნამდვილ საუნივერსიტეტო მეცნიერულ დარგად ფერისცვალდა!

რელიგია მთლიანობაში, მისი ყოველგვარი გამოვლინებით მეცნიერული რეფლექსიის დინებაში მოექცა. „რელიგია“ გადავიდა კათედრებზე და ინსტიტუტებში, სადაც მისი კონსტრუქცია, კონცეფცია იგება; კატეგორიზირდება იგი. რელიგიის დღევანდელი და მომავალი არსებობა ამ რეფლექსიის გარეშე წარმოუდგენელია. რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებები თავისი ვოკაბულარით, ლექსიკით, აფორიზმებით, ზოგადი ტერმინოლოგიითა და კონცეფციებით შეიჭრნენ მედიებში, პოლიტიკურ პროგრამებში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და ზოგადად მეცნიერებაში, გაზეთებში და ჟურნალებში… რელიგიის მეცნიერებათა მიღწევები მთელ საზოგადოებაში გავრცელდა, რელიგიის ცნება და რელიგიის გაგება გათანამედროვდა, რამაც ჯამში რელიგიური ცნობიერება საფუძვლიანად შეცვალა.

დღეს ევროპაში ვერცერთი რელიგიური ლიდერი თუ უბრალოდ მოღვაწე ვერ ისაუბრებს საკუთარი რელიგიის შესახებ რელიგიის მეცნიერებათა მიერ შექმნილი სტანდარტული წიგნების, სახელმძღვანელოების, პერიოდული გამოცემების გაუთვალისწინებლად და ბევრი ზუსტად მათი ენით საუბრობს, ახდენს რა თანამედროვე რელიგიურობის დემონსტრირებას…

საბოლოო შედეგი კი ევროპაში ისაა რომ  „რელიგია დასავლურ სამყაროში ხანგრძლივად და თანმიმდევრულად რელიგიის ემპირიულ მეცნიერებამ ზეგავლენის ქვეშ  მოაქცია და შეცვალა“. თანამედროვე რელიგია და რელიგიურობა დღევანდელობის ანუ რელიგიის მეცნიერებათა პირმშოა.

ამით რელიგია არ დაზიანდა, პირიქით, იგი  ცივილიზებული სამყაროს ინტეგრირებულ ნაწილად იქცა. წარმოგიდგენიათ რომ რომელიმე ევროპელმა მღვდელმა ჯოჯოხეთით მუქარა დაიწყოს ან უშობელი ყრმები ჯოჯოხეთში „გაუშვას“? მაშინვე მას ეკლესიიდან მოსხლეტენ. ჰოდა, თუ უნდათ რომ შემეცნებისუნარიანი მრევლი მოიზიდონ,  დგანან და ლუმანის სისტემურ თეორიაზე, ბორდოს კვლევის ველზე და რასაკვირველია ოტოს ნუმინოზურ თეორიებზე აპელირებენ… ისინი ჩვენი მამაოებივით არ ცდილობენ რელიგიის ინსტრუმენტალიზაციას ანუ რელიგიის ბნელი, ანგარებიანი და გაურკვეველი მიზნებისათვის გამოყენებას, რადგანაც არ გაუვათ ეს იმ საზოგადოებაში, რომელიც გაჯერებებული რელიგიის შესახებ კომპეტენტური, კომპლექსური საუნივერსიტეტო ცოდნით!

თუ ჩვენ გვინდა რომ თანამედროვე სამყაროს ვეკუთვნოდეთ, თამაშის თანამედროვე წესები უნდა დავუწესოთ რელიგიასა და რელიგიისმსახურთ და არ მივიღოთ მათი თამაშის შუასაუკუნეობრივი წესები, რაც მათდამი მორჩილების მოთხოვნასა და ღვთის სიტყვით სპეკულაციას ემყარება.

„სრულიად აშკარაა რომ რელიგიის შემსწავლელმა მეცნიერებებმა, სადაც კი ისინი განვითარდნენ, რელიგიის მდგომარეობასა და განვითარებაზე საგრძნობლად იმოქმედეს და ღრმად, ალბათ სრულიად შეცვალეს იგი და იგივეს მოიმოქმედებენ ისინი მომავალში იმ არაევროპულ ქვეყნებშიც,  რომელნიც მათ (ანუ რელიგიის შემსწავლელ მეცნიერებებს – ზ.უ.) გადმოიღებენ“. – მეტი სიზუსტისათვის, დედანიც:

index

Es liegt ganz offen zutage, daß die Religionswissenschaften, wo sie existieren, die Lage und Entwicklung der Religion in Europa beharrlich beeinflußt und tief, velleicht sogar entscheidend verändert haben und das in außereuropäischen Ländern tun werden, die diese Wissenschaften übernehmen (შდრ. Tenbruck, Friedrich (1993): Die Religion im Maelstrom der Reflexion. In: Bergmann, Jörg / Hahn, Alois / Luckmann, Thomas (Hrsg.): Religion und Kultur. Olpaden: Westdeutscher Verlag, გვ. 31-67, აქ: გვ. 32).

ამ თეზის, უფრო სწორად მთელი პროგრამის განვრცობა, მისი შესრულება უკვე ისეთი დეტალები და წახნაგებია ამ წერილის ფორმატს რომ აღემატება. ძირითადი ითქვა. რასაკვირველია, თეზა კიდევაც უნდა გაღრმავდეს და კრიტიკასაც დაექვემდებაროს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, გარდა რელიგიოლოგიისა ანუ რელიგიის მეცნიერული თემატიზირებისა, ყველა სხვა მცდელობა ამ სახელმწიფოებრივი გაუმართავობისა და რელიგიური სამსარიდან თავის დაღწევისაკენ მიმართული, მათ შორის უშიშროების ხრიკები, იქნება თითქმის წარუმატებელი, ზოგჯერ კონტრაპროდუქტიულიც კი. შეიძლება გაცილებით უარესი მივიღოთ: დავუშვათ ეკლესიამ დაკარგა ავტორიტეტი, მართლმადიდებელი მრევლი ნაწილობრივ ჩამოშორდეს სმე – ს, მაგრამ სად წავა იგი ასეთივე რელიგიური ცნობიერებით? რომ აღმოჩნდეს უარეს განსაცდელში: ე.წ. დესტრუქციულ, ყოვლად უკონტროლო  სექტებში გადაბარგდეს, მაშინ რა უნდა ვქნათ?

ამრიგად, გადამწყვეტი სიტყვა და საქმე უნდა თქვას და გააკეთოს განათლებამ, უნივერსიტეტებმა, მეცნიერებამ. ცოდნა და ორგანიზატორული ძალაუფლება ის ორი ფაქტორია რაც ზემოთდასახელებული სარელიგიო დარგების განვითარებას მოემსახურება და მისი დაფუძნება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს: 1.უცხოელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია; 2.დარგების ეტაბლირება უცხოურ სპეციალისტებთან კოოპერაციის საფუძველზე და 3.ახლადდაფუძნებული საუნივერსიტეტო რელიგიოლოგიის რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო ქსელში ინტეგრაცია…

ამრიგად, დასკვნა ასეთია: ჩვენთან რელიგია იმიტომ იქცა ანტიცივილიზაციურ და საშიშ მოვლენად რომ საზოგადოებაში რელიგიის მეცნიერული რეფლექსიის ის მწვავე დეფიციტია, რაც მხოლოდ რელიგიის მეცნიერებათა საუნივერსიტეტო ინსტიტუციონალიზაციის გზითაა აღმოფხვრადი.

ქვეყნის თავისუფალი განვითარებისათვის პასუხისმგებელი  მთავრობის წევრები საპატრიარქოში სალოიალუროდ კი არ უნდა დაიარებოდნენ და საყდრებში სანთლებით პოზიორობდნენ, არამედ მართლაც სანთლებით უნდა დაეძებდნენ რელიგიის კვლევის მეცნიერული დარგის  ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ზრუნავდნენ მათი კონსოლიდაციისათვის; ხოლო სახელმწიფო, მთლიანობაში აღებული, ყოველნაირად ხელს უნდა  უწყობდეს არა მონსტროზულ რელიგიურ ინსტიტუტს ანუ რელიქტ საპატრიარქოს კიდევ უფრო გაძლიერებას, არამედ რელიგიის ემპირიული, არარელიგიური კვლევების ინსტიტუციონალიზაციაზე ზრუნავდეს და  რელიგიის მეცნიერებათა განვითარება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანად დასახოს!

ეს ყოველივე სულაც არაა უტოპია, პათეტიკა ან ამოჩემება. მცირეოდენი გონიერებაც კი საკმარისია ამ გრანდიოზული, საქართველოს თავისუფალი მომავლის გადამრჩენი დიდი აკადემიური პროგრამის აუცილებლობის დასანახავად და მისი განხორციელების დაუყოვნებლივ დასაწყებად.

p.s.თენბრუკის თეზა საქართველოში სარელიგიო განათლების პარადიგმას შეადუღაბებს! ეს არ იქნება  იოლი საქმე და იოლი წამოწყება, არამხოლოდ საგანმანათლებლო ძლიერება, გაბედულება და კეთილი ნება, არამედ უპირველესად გვჭირდება ცოდნა, პრინციპულად ახალი ცოდნა იმის თაობაზედ, თუ კონკრეტულად რა გვინდა, რატომ და როგორ?!.. ამიტომაც, თუ დაგაინტერესათ რელიგიის მეცნიერების რაობის შესახებ მოკლედ, იხილეთ აქვე>.დააკლიკე!

80760460_3008453775856069_7753569795064201216_o

რა უნუგეშო ყოფაა: „აი ცაში ბაღანა იესოს შიშველ, ბუსკუნტულა ფეხებს ვხედავ!“ 🙂

 

81333346_3036957836338996_8162866855384449024_n

რა საწყალობელი, გამოუვალი ყოფაა: თვითონ არ იცოდე საშველი და სხვისთვისაც არ გეკითხოსო!