„უცნობი დისციპლინის“ რაობა და საზღვრები

ქვემორე ტექსტი არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი მეცნიერული მანიფესტია. იგი ზუსტად 2 წლის წინათ, 2014 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა, სანამ გერმანიიდან საქართველოში გარკვეული აკადემიური მიზნებით გამოვემგზავრებოდი. ამაოდ ველოდი მის გამოქვეყნებას მეგობრების რეფერირებად ჟურნალში. რასაკვირველია, ჟურნალი მერჩივნა, მაგრამ ჟურნალი დღესაც გზაშია. იქნებ ვსულსწრაფობ კიდევაც, მაგრამ ამასობაში კატები ანუ არასპეციალისტები აყეფდნენ და ‚რელიგიის კვლევებს‘ შეესივნენ:) არც მიკვირს, ეს ხომ საქართველოა და აქ მეცნიერება კეთილსინდისიერების კი არა, ნადირობა-შემგროვებლობის ხანაშია!

გადავწყვიტე ეს მანიფესტი ამჯერად აქ გამოვაქვეყნო, ხოლო მომავალ ჟურნალს ახალი სტატია მივაგებო, თუკი ინებებენ, მაგ. „ჩრდილოამერიკული აქტუალური დებატები უცნობი დარგის -Academic Study of Religion ფარგლებში“…

უცნობი დისციპლინის“ რაობა და საზღვრები

(‚The hidden Discipline‘ – eine Präzisierung)

0. წინათქმა

ჩემი ცხოვრების ნახევარი ველოდი, სანამ ჩემი თანადოცენტები, ინტელექტუალები, მედია და საზოგადოება აღიარებდნენ დისციპლინას, რომლის ფარგლებშიც მე ვიკვლევ და ვასწავლი“ – ასე აჯამებს თავის პიროვნულ მეცნიერულ გამოცდილებას რელიგიის ამერიკელი სპეციალისტი, უწოდებს რა თავის საგანს „უცნობ დისციპლინას“ – The hidden Discipline1

ნება მიბოძეთ ამ მეცნიერული ესეს დასაწყისში ამერიკელი სპეციალისტისას ჩემი პატარა პიროვნული გამოცდილებაც მივამატო. ეს არაღიარება ჩემთვისაც კარგად ცნობილი უხერხული სიტუაციაა, განცდილი ამ ბოლო 15 წლის მანძილზე, შინ თუ გარეთ, რაც კი „უცნობი დისციპლინა“ აღმოვაჩინე; აღმოვაჩინე, როგორც ჩემი მოწოდება და გონებრივი მოღვაწეობის ნამდვილი სფერო და ყოველნაირად ვცდილობდი ამ საგნის, – ისეთის როგორიცაა იგი სინამდვილეში, – აკადემიური ეტაბლირება ჩემ სამშობლოშიც ფაქტად მექცია. მართლაც ძნელია ასწავლო ის, როცა ვერ იგებენ, რას და რატომ ასწავლი; როცა პრინციპულად არ სურთ რელიგის მეცნიერება რელიგიისგან და თეოლოგიისგან გამიჯნონ. როგორც ჩანს, ცის, უნივერსუმის ათვისება ადამიანს უფრო ეხერხება, ვიდრე რელიგიის არარელიგიური ათვისება-შემეცნების შესაძლებლობის დაჯერება.

ზოგჯერ ღია კარს ამტვრევენ: ეკლესიური თეოლოგიის რამდენიმე წარმომადგენელმა, წმ. მამების და საღვთო წერილის მოხმობით „გამაკრიტიკა“, როგორც „ლიბერალი თეოლოგი“, მაგ. რელიგიის შესახებ ‚აზრებში‘ გამოთქმული არარელიგიური აზრებისთვის. არადა, გასაკრიტიკებელი მაშინ ვიქნებოდი, მათგან მითითებულ წყაროებს რომ დავყრდნობოდი და არა ემპირიულ მასალას. როგორც ჩანს, ადამიანის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა ის, რომ მას რელიგია ტაბუ ჰგონია. ხოლო რელიგიას რომ ‚ტაბუ‘ არ ქვია, ეს მხოლოდ შემთხვევითობაა. ის, რაც არ ესმით ამერიკაში, რატომ უნდა ესმოდეთ მაინცდამაინც საქართველოში? ამერიკისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპა სხვაა, სეკულარულია, ვგულისხმობ, მასობრივი რელიგიური ცნობიერებისგან ნაკლებად წალეკილი სივრცეა.

პირველი ჩემი თავდასაცავი ფარი, ჰერმენევტიკა და არგუმენტი ჩემი სპეციალობის იდენტიტეტის დასაცავ არენაზე ისაა, რომ ‚რელიგიათმცოდნეობა‘ კულტუროლოგიური (ჰუმანიტარული) საგანია და ამიტომ არაა თეოლოგია ანუ ისევ რელიგიის თეორიული, ნორმატიული სფერო; კულტურა ამ საუბარში ფართო გაგების საგანია ანუ ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფერო, ყველაფერი ბუნების გარდა. – და ზოგჯერ ამის ახსნაც მჭირდება, რადგან ‚კულტურის სამინისტრომ‘ კულტურის ცნებაც დაავიწროვა. მერე, თუ მომისმენენ, მოყვება მეთოდოლოგიური თავისებურებების ჩამონათვალი: ემირიულ-დესკრიპტიულობა, მეთოდოლოგიური აგნოსტიციზმი და ა.შ.

როცა ესაც არ ჭრის, აქცენტი გადამაქვს გარე და შიდა პერსპექტივებზე. თეოლოგია რელიგიის შიდა, ხოლო ‘რელიგიათმცოდნეობა’ გარე-პერსპექტივაა-მეთქი. თუ ესაც კიდევ არ ესმით, რაა და რა საჭიროა ასეთი ‘დაწვრილმანება’, მაშინ მოვუტან ხოლმე ლოკოკინას მაგალითს; აი ლოკოკინა გამოძვრა ნიჟარიდან ანუ რელიგიიდან, შეხედა ამ ნიჟარას გარედან, შიგნით მანამ იჯდა, ხომ ვერ ხედავდა ანდა თავისებურად ხედავდა?

ვერ ვიტყვი, რომ ამ ‚გარდამოცემით‘ მაინცდამაინც საჭირო გაგებას ვაღწევ, ზოგჯერ პირიქით, აკვიატებულ ან ‚ეზოთერულ‘ და ეგზოტიკურ შთაბეჭდილებას უფრო ვტოვებ და რადგან ის ვერ თუ არ ვარ, რაც მოპაექრეებს, საჯარო ლექციის მსმენელებს, დაინტერესებულ აკადემიურ თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე მაძიებლებს წარმოუდგენიათ, მათ ეჭვი და იმედგაცრუება ეუფლებათ.

ზოგს, აკადემიური სფეროდან, ძალიანაც კარგად ესმის რასაც ნიშნავს რელიგიის მეცნიერული რეფლექსია, მაგრამ რაზეც მე ვსაუბრობ, მათი აზრით ეს შორს წაგვიყვანს და საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გამოცდილება ცოტაა ან თითქმის არაა და ჯობია დავჯერდეთ „რელიგიის კვლევებს.“ გულისხმობენ არა დამოუკიდებელ დისციპლინას, არამედ ამ დამოუკიდებელი დისციპლინის თემების შეწოვას სხვადასხვა მეცნიერებების მიერ. ამ გაგებით, ‚რელიგიის მეცნიერება‘ რაიმე განსაკუთრებულ სპეციალიზაციას და პროფესიონალიზმს არ უნდა საჭიროებდეს, ყველას სამოყვარულო სფეროა, ოღონდ საკუთარი საგნის, მაგ. ფილოლოგიის ან სოციოლოგიის ფარგლებში.

ამასწინათ დამჭირდა რომ ვირტუალური მიწერ-მოწერისას თურქოლოგიის ერთი პროფესორისთვის მემტკიცებინა, რომ თეოლოგი კი არ ვარ, არამედ დამოუკიდებელი, კულტუროლოგიური საგნის – რელიგიის შტუდიების (Religioud Studies) სპეციალისტი, ჩვენებურად, „რელიგიათმცოდნე“ და მტკიცებულებათა თითქმის მთელი არსენალი რომ უშედეგოდ ამოვწურე (რასაკვირველია, თან ცნობილ ამერიკელ კოლეგაზე ვფიქრობდი), ბოლოს გავუგზავნე თავისუფალი ენციკლოპედიიდან ამონარიდი, სადაც ნათლადაა ყველაფერი ნათქვამი პირველივე წინადადებაში:

Religious studies is the academic field of multi-disciplinary, secular study of religious beliefs, behaviors, and institutions. It describes, compares, interprets, and explains religion, emphasizing systematic, historically based, and cross-cultural perspectives.

ჩემი აზრით, ‘უცნობი დისციპლინის’ განმარტებას უფრო ზუსტად და ლაკონურად გერმანულ ვერსია გვაწვდის, თუმცა ოპონენტს ამდენი აღარ მოუთხოვია:

Die Religionswissenschaft ist eine Geisteswissenschaft oder auch Kulturwissenschaft, die Religion empirisch, historisch und systematisch erforscht. Dabei befasst sie sich mit allen konkreten Religionen, religiösen Gemeinschaften sowie (religiösen) Weltanschauungen und Ideologien der Vergangenheit und Gegenwart.

რადგან ჟურნალის გამომცემლის ნებაც იყო და ჩვენც გვსურდა, ქვემორე სტატიაში კიდევ ერთხელ ვცდით რელიგიის მეცნიერების ზუსტი აღწერილობის გადმოცემას. მხოლოდ ამ მიზანს ანუ სიზუსტეს ემსახურება ორიგინალური ციტატების დამოწმება, თუმცაღა ამ უცხოენოვან ციტატებს ყოველთვის ჩვენეული თავისუფალი თარგმანიც უძღვის, წინა ქართული წინადადების სახით. ასე, რომ არანაირი მკითხველი არ ‚იჩაგრება‘ და ნებისმიერ მკითხველს შეუძლია თვითონ აირჩიოს, ‚გადაახტეს‘ უცხოურ ციტატას თუ ჩაუღრმავდეს.

1. რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ისტორიულ-სისტემატური მთლიანობა და ზოგიერთი თავისებურება

როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში რელიგიას არაერთი მეცნიერება, მაგ. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, შეისწავლის, იკვლევს, უღრმავდება და ა.შ.

სადღეისოდ რელიგია არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მაგ. ბიოლოგიის დაკვირვების საგანიცაა. კარგა ხანია რელიგიის თემები, როგორიცაა ‘რელიგიის არსი’, ‘რიტუსი’, ‘რიტუალი’, ‘სიმბოლო’, ‘ცერემონია’ ბიოლოგიის მეცნიერებების მიერ იქნა „მოტაცებული“ და შესაბამის დამუშავებას განიცდიან: Weitgehend außerhalb Gesichtskreises der Religionswissenschaft vollzieht sich seit längere Zeit eine Diskussion über zentrale religiöse Begriffe, über das Wesen von Religion und ihre Entwicklung, Ritus, Ritual, Symbol, Zeremonie sind als tragende Begriffe von der biologischen Wissenschaften übernomen worden – und werden mit neuen Definitionen auf die Phänomene der Religionsgeschichte rückangewandt.2

ყველა იმ დანარჩენი მეცნიერული დისციპლინისგან განსხვავებით, რომლებიც სხვათაშორის და სხვა მოვლენებთან ერთად, რელიგიასაც შეისწავლიან, რელიგიის მეცნიერება ანუ თუ საქართველოში უკვე დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას დროებით ვენდობით, ‘რელიგიათმცოდნეობა’, შეისწავლის მხოლოდდამხოლოდ რელიგიას. მისი შესწავლის საგანია რელიგია, როგორც კაცობრიული კულტურის პროდუქტი, მის მრავალფეროვნებაში, აწმყოსა და წარსულში; რელიგიის წარმოშობა, მისი ცვალებადობა-განვითარების პროცესი, რელიგიურობის ფორმები, ძველი თუ ახალი რელიგიების ფორმირება, მათი გავრცელების სტრატეგიები, არეალი და ტაქტიკა, მათი სიცოცხლე და დასასრული; რელიგიის მიზნები და რელიგიურობის სხვადასხვაობა; რელიგიის დამოკიდებულება, გავლენა და კავშირი სხვა კულტურულ, საყოფაცხოვრებო მოცემულობებთან. ამდენად, რელიგიათმცოდნეობის საგანი, ობიექტი და თემა ანუ რელიგია, – მაგ. ისტორიის, სოციოლოგიის თუ ფსიქოლოგიასთან განსხვავებით განსაზღვრულია, დეფინირებულია და ერთდერთია: Anders als etwa die Geschichteswissenschaft, Psychologie und Soziologie, ist die Religionswissenschaft ein gegenstandsdefiniertes Fach.3

რელიგიათმცოდნეობა არ გვთავაზობს რელიგიის შესახებ ზედაპირულ, ცალმხრივ და გაყინულ თეორიებს; ამ ინტერკულტურული, მულტიდისციპლინარული მეცნიერებისთვის რელიგია არაა რაიმე ერთხელ და სამუდამოდ ახსნილი სიმპტომი, მაგ. „კოლექტიური ინტერაქციის აქტი“ ან „კოლექტიური ნევროზის გამოვლინება“; რელიგია არა სიმპტომატური შემთხვევითობაა, არამედ კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი და კულტურულ მრავალფეროვნებაში ფესვგადგმული მოვლენა, პროცესი და კონსტრუქციაა.

რასაკვირველია, ამ ღონისძიებისას, სხვადასხვა მეზობელი დისციპლინების, განსაკუთრებით კი სოციოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიური მეცნიერებების მონაპოვრებს რელიგიის მეცნიერება არ უარყოფს და ხშირად მათ ეყრდნობა, ავსებს ახალი ნიუანსებით, განაზოგადებს, შეაჯამებს და იყენებს ახალი თეორიების ჩამოსაყალიბებლად, რაც თავისთავად ცხადია, მის მულტიდისციპლინარულ ხასიათს განაპირობებს, მისი მეთოდური და თეორიული მრავალფეროვნების წყაროა.

რელიგიის მეცნიერება შედგება 2 ერთმანეთისგან განუყოფელი, თავისთავადი და თანმიმდევრული – ისტორიული და სისტემატური ნაწილისგან. ისტორიული ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა სისტემატურს, ეს ნაწილი გულისხმობს რელიგიების „გრძივ“, ისტორიულ განვითარებაზე დაკვირვებას, ხოლო სისტემატური(ძველი ტერმინოლოგიით ასევე: ფენომენოლოგიური, შედარებითი ანუ კომპარატისტული) ნაწილი რელიგიის მხოლობითი ანუ ზინგულარული, „განივი“ და არსობრივი კვლევაა; რელიგიის სუბსტანციის ძიება. ამ შემთხვევაში რელიგია განიხილება, როგორც ზოგადადამიანური ფენომენი, უნარი თუ თვისება.

ქართული სიტყვათხმარება რომ შევუსადაგოთ, ისტორიული ხედვა და მიდგომა კონკრეტულად რელიგიათ მცოდნეობაა და ფაქტიურად, ჩვენი რეალობის სასწავლო პროცესში იგივე აკადემიური ღონისძიება, რასაც „რელიგიების ისტორია“, „მსოფლიო რელიგიები“ ან მსგავსი საგანი ეწოდება და რომელიც შეიძლება ყველგან და ასევე ჩვენთან განსხვავებულ ყალიბშიც – თეოლოგიის თუ ისტორიოგრაფიის ფარგლებშიც მოთავსდეს.

სისტემატური კონცეფცია რელიგიის მცოდნეობაა. რელიგია ამ შემთხვევაში განიხილება, – გავიმეორებთ, – როგორც ზოგადადამიანური, უნივერსალური მისწრაფება, უნარი თუ პრივილეგია. სისტემატიკა ნიშნავს რელიგიის ტიპოლოგიურ, ფენომენოლოგიურ დალაგებას, განხილვას და შედარებას სხვადასხვა რელიგიების ცოცხალი ფენომენების მოხმობით, რელიგიური იდეების და თვითწარმოდგენების უკიდეგანო არსენალის გამოყენებით. ისტორიული განშტოება აწვდის სისტემატიკურს ემპირიულ მასალას, ხოლო სისტემატიკური ისტორიულს – ისტორიული კვლევისათვის აუცილებელ კატეგორიებს და კრიტერიუმებს: Die Systematische Religionswissenschaft entwickelt ihre Systematik und ihre Typologien auf der Grundlage des empirischen Materials, das ihr die religionsgeschichtliche Forschung bietet; umgekehrt stellt die Systematische Religionsforschung der Historischen Religionswissenschaft die Kriterien und Kategorien bereit, die für ein geordnetes Erfassen der geschichtlichen Vielfalt notwendig sind4.

რელიგიის მეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი საგანი ჩაისახა, შედგა, ჩამოყალიბდა და განვითარდა სისტემატური მეთოდოლოგიების ბაზაზე და სისტემატური კვლევების შედეგად. სწორედ სისტემატური რელიგიათმცოდნეობის დამსახურებაა ის, რომ მაგ. „რელიგიის ისტორია“ და „რელიგიის სოციოლოგია“ გვეუბნება მეტს ვიდრე ისტორიოგრაფიული ან სოციოლოგიური განშტოება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ქვედისციპლინები ასევე რელიგიათმცოდნეობის შემადგენელი ნაწილებია: „Erst durch die systematische Religionswissenschaft wird das Fach als autonomes konstituiert, und nur wenn und solange (auch) systematische Religionswissenschaft betrieben wird, ist es möglich, und sinnvoll, in den verschiedenen Teildisziplinen – wie Religionsgeschichte oder Religionssoziologie – mehr zu sehen, als nur Zweige der Geschichtswissenschaft oder Soziologie“.5

რა არ არის რელიგიის მეცნიერება ანუ ‘რელიგიათმცოდნეობა’? უპირველეს ყოვლისა, არაა ის, რაც ყველაზე ხშირად ჰგონიათ, იგი არაა თეოლოგია, თეოლოგიის განშტოება ან ქვედისციპლინა, რადგან იგი არაა რელიგიის ნაწილი, არამედ რელიგიის არარელიგიური და არანორმატიული, ნეიტრალური კვლევაა; თეოლოგები რელიგიური, ხოლო რელიგიათმცოდნეები რელიგიურის სპეციალისტებია: „Theologen sind religiöse Spezialisten – Religionswissenschaftler sind Spezialisten für Religiöses“6.

ასევე არაა რელიგიის ფილოსოფია, მითუფრო მისი ქვედისციპლინა – რელიგიის კრიტიკა, რადგან რელიგიის მეცნიერება რელიგიის საზრისს არ იკვლევს და იგი არაა შეფასებითი მეცნიერება.

ცოტა გადაჭარბებულია რელიგიის ისტორიკოს მირჩა ელიადეს აზრი, რომ რელიგიის მეცნიერება რელიგიის ტოტალური ჰერმენევტიკაა, მაგრამ რელიგიის სპეციალისტები რელიგიის ფენომენის სრულყოფილ, ობიექტურ, ემპირიულ მასალაზე დაფუძნებულ, შემოწმებად, ლოგიკურ და მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს რომ გვთავაზობენ, ეს ფაქტია.

რელიგიათმცოდნეობა არაა ღვთის სიტყვით სპეკულაცია ან ამ სიტყვის ინტერპრეტაცია. რელიგიათმცოდნეს არ შეუძლია ღვთის სახელით ისაუბროს, – რასკვირველია რწმენასთან პირადი დამოკიდებულება აქ არაფერ შუაშია, ნეიტრალურ, ე.წ. აგნოსტიკურ მეთოდოლოგიაზეა საუბარი, – მაგრამ მას შეუძლია ისაუბროს იმაზე, როგორ ჩადიან ამას სხვები ანუ ღვთის სახელით როგორ საუბრობენ: Religionswissenschaft kann nicht von Gott Sprechen; sie kann nur beschreiben, wie die andere das tun7.

მოკლედ, რელიგიათმცოდნეობა, რელიგიის შემსწავლელი ემპირიული, ისტორიული და სისტემატური მეცნიერებაა; საქართველოში დამკვიდრებული ამ ცნობილი, თუმცაღა არაზუსტი ცნების ქვეშ ფართო გაგებით, ჩვენ მოვიაზრებთ ჰუმანიტარულ-კულტუროლოგიურ მეცნიერებათა ოჯახის შედარებით ახალგაზრდა წევრს(დაახლ. 140 წლის აკადემიური ისტორიით),სახელწოდებით religious studies ან Religionswissenschaft, რომელიც დასავლურ უნივერსიტეტებში სხვადასხვა ჰუმანიტარულ, მაგ. ფილოსოფიის, კულტუროლოგიის, თეოლოგიის ფაკულტეტებზე კათედრების, ინსტიტუტების თუ დეპარტამენტების სახითაა განთავსებული და პროფესიულ სპეციალისტებს ამზადებს.

‚რელიგიათმცოდნეობა‘ პროფესიაა, ისევე როგორც მაგ. ფიზიკოსობა ან ფილოსოფოსობა და რელიგიისმცოდნეც, მსგავსადვე საჭიროებს თავისი სპეციალობის დამადასტურებელ შესაბამის აკადემიურ დოკუმენტს, როგორიცაა დიპლომი, მაგისტრის ხარისხი(Magister Artium), მასტერი და ბოლოს სადოქტორო. რასაკვირველია, აკადემიური ტიტული – ‚რელიგიათმცოდნეობის პროფესორი‘ (Professor für Religionswissenschaft) პროფესიული მიღწევის და მოღვაწეობის განსაკუთრებული აღიარების დადასტურებაა.

2. სახელდების დაზუსტება

Omnis determinatio ist negatio – ბარუქ სპინოზას ეს ცნობილი სენტენცია ნამდვილი სახელმძღვანელოა ‚რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების‘ განსაზღვრებისთვის. ცხადია და ზემოთ გარკვევით აღინიშნა, რომ ეს არაა თეოლოგიის ან რელიგიის ფილოსოფიის სფერო.

მაგრამ ის აკადემიური საგანი, რომლის მკითხველისთვის გაცნობაც ჩვენ აქ დავისახეთ მიზნად, ასევე არაა რელიგიათმცოდნეობა. – კურსი, რომელიც სპეციალობის და სპეციალისტების გარეშე კარგა ხანია მეტ-ნაკლები აკადემიური მოსწრებით ისწავლება მაგ. თბილისის სასულიერო აკადემიაში. ადრე თსუ – ში არსებობდა ეთიკისა და რელიგიათმოდნეობის კათედრა, სადაც მეც გახლდით დასაქმებული. თუმცა, სპეციალობით – რელიგიათმცოდნე ჯერ საქართველოში თუ არ ვცდებიარცერთი დიპლომი თუ მაგისტრის ხარისხი არ გაცემულა. რასაკვირველია, საგანი რელიგიათმცოდნეობა საუკეთესო შემთხვევაში დაახლ. იგივე, რაც ‚რელიგიის ისტორია‘ და სრულიადაც არაა საჭირო მისი კრიტიკა, მას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არა როგორც დასავლური უნივერსიტეტების საგანს – Religios Studies/Religionswissenschaft. სავარაუდოდ, ჩვენი ‚რელიგიათმცოდნეობა‘ რუსული რელიგიოვედენიისგანაა დავალებული, მაგრამ Религиоведение ასევე არაა ის ოქციდენტალური წარმოშობის საგანი, რაზეც ჩვენ ახლა და ზემოთ ვსაუბრობთ. 90-იან წლებში რუსულად გამოცემული ჩვენს ხელთ არსებული 3 სახელმძღვანელოდან, რომელთაგან ერთ-ერთს ეწოდება Религиоведение, მეორეს – Лекции по Религиоведению და მესამეს – Основы Религиоведения არცერთი რელიგიის მეცნიერების კუთვნილებას არ წარმოადგენს. მათში ვერ იპოვით რელიგიის მეცნიერებაზე, მის გენეზისზე, კლასიკოსებზე თუ თანამედროვეობაზე, მის მეთოდოლოგიაზე თუ ასპექტებზე ვერცერთ სიტყვას. სამაგიეროდ ვრცლადაა მოცემული რელიგიის განმათლებლობისდროინდელი კრიტიკა, მეცნიერული ათეიზმის მოდელირებული ხედვები და ბოლოს მართლმადიდებლური ლექსიკონი. სრულიად ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ Религиоведение მეცნიერული სუროგატია და მას საერთო აკადემიურ საგანთან – Religious Studies გარდა სახელის მსგავსებისა, საერთო თითქმის არაფერი მოეპოვება. რათა ტენდენციურობა არ დაგვწამონ, ვიტყვით, რომ საუკეთესო შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს რელიგიის ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის შეჯვარების მცდელობასთან და ბოლოში კი – რელიგიათ მცოდნეობასთან ანუ რელიგიების ისტორიის ელემენტარულ ცნობართან.

ჩვენ გვსურს ლექსიკურადაც გავემიჯნოთ რელიგიის შესწავლის ამ პოსტსაბჭოურ, რუსულ-ქართულ მცდელობას და ვცადოთ ახალი სახელის დამკვიდრება – რელიგიოლოგია. ვფიქრობთ, რომ ამით რაიმე ენობრივ ძალადობას არ ჩავიდენთ, თუკი, საზოგადოებათმცოდნეობა იწოდება სოციოლოგიად, კულტურათმცოდნეობა – კულტუროლოგიად, ბოლოსდაბოლოს ღვთისმეტყველება – თეოლოგიად მოგვევლინა და ა.შ., რატომ ვერ უნდა იგუოს ენამ ‚რელიგიოლოგია‘? . რასაკვირველია, მესმის კონტარგუმენტებიც, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი ლოგიაა და ამის მიუხედავად, ‚წყაროლოგია‘ ნამდვილად არ ივარგებდა, მაგრამ ცნებას – „რელიგიოლოგია“ გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ‚რელიგიათმცოდნეობას‘. რასაკვირველია, ‚რელიგიათმცოდნეობა‘ – უფრო ქართული და გაწელილია, ისევე, როგორც მისი უფროსი ენობრივი ძმა – „მართლმადიდებლობა“, მაგრამ საკითხავია, როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ‚რელიგიათმცოდნეობაზე,‘ ყურს თანამედროვე რელიგიათ(ა) მცოდნეობა ესმის თუ რელიგიათა თანამედროვე მცოდნეობა? ზემოთ მინდოდა, ამერიკულ ‚რელიგიათმცოდნეობაზეც‘ მესაუბრა, მაგრამ ვაითუ ამერიკულ რელიგიათა მცოდნეობა ‚გამომსვლოდა‘? მოკლედ, ჩვენ ლექსიკურადაც და თეორიულადაც განვლილ ეტაპად მიგვაჩნია და გვსურს გავემიჯნოთ იმ პოსტსაბჭოურ რუსულ-ქართულ მცდელობას, რასაც „რელიგიათმცოდნეობა“ ეწოდება და წარმატება ვუსურვოთ ამ სფეროში მოღვაწე აკადემიურ კადრებს.

ამრიგად, ჩვენთვის Religious Studies/Religionswissenshaft/რელიგიოლოგია ამიერიდან ერთი და იგივე, რელიგიის შემსწავლელი აკადემიური მეცნიერების აღმნიშვნელი ცნებებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ აკადემიური დისციპლინის სახელდებამ ცვალებადობა განიცადა დასავლურ სამყაროშიც, თავიდან იგი დაფუძნდა, როგორც Science of Religion, ამავე დროს იწოდება Comparative Religion, რადგან თავიდან უპირატესად ფილოლოგიურ-შედარებით მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა და დღეს ასევე, დღევანდელ აკადემიურ ჟურნალებს რომ გადავხედოთ, პარალელურად ხმარებაშია Studie of Religion. ინგლისურენოვან სამყაროში კვლავ ძლიერია „რელიგიის ისტორიის“ იმპულსი. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1950 წელს დაარსებულ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდებაში დღესაც ‚რელიგიის ისტორია’ფიგურირებს, ხოლო რელიგიოლოგების გერმანულ კავშირს 2005 წლიდან შეეცვალა სახელწოდება და ‚ისტორიამ‘ ადგილი ‚მეცნიერებას‘ დაუთმო. გერმანულენოვან სიტყვათხმარებაში ფრიდრიხ მაქს მიულერის მიერ დაფუძნებული Science of Religion – ის აღმნიშვნელად თავიდანვე Religionswissenschaft ფიგურირებდა, თუმცა, იშვიათად გამოიყენებოდა ასევე ძველი Religionskunde, რაც უფრო ‚რელიგიათმცოდნეობას‘ ენათესავება; ფრანგულად ტრადიციულად მრავლობითი გამოიყენება „რელიგიების მეცნიერება“ და ა.შ. სხვათაშორის, ფრიდრიხ მაქს მიულერის ცნობილი ლექციების რუსულ თარგმანში მართებული გამოთქმა გამოიყენება, არა Религиоведения არამედ Наука о Религии.

ამ 15 წლის წინათ, როდესაც რელიგიოლოგიის ერთ გერმანელ პროფესორს განვუცხადე, რომ ამ საგანს ქართულად ‚რელიგიოლოგია‘ დავარქვი, მან უცებ იაპონელების ჩემთვის უცნობი ანალოგიური მაგალითი გაიხსენა. ასე, რომ ‚რელიგიოლოგია‘ ორიგინალური სრულიადაც არაა და არც ორიგინალურობისკენ მისწრაფება; პირიქით იგი მოწოდებულია, იყოს ის, რაცაა: აკადემიური, ემპირიულ-დესკრიპტიული, ნამდვილი საუნივერსიტეტო საგანი და არამხოლოდ საგანი, სპეციალობაც, პროფესია და დასავლური მეცნიერების ბადალი და ანალოგიური განშტოება ქართულ აკადემიურ სინამდვილეში.

3.სისტემატური კვანძების გახსნა

ა)’რელიგიის‘ დაბადება

ყოველგვარ მეცნიერებას უპირველეს ყოვლისა, შესწავლის საგანი ესაჭიროება. ეს საგანი ანუ ‚რელიგია‘ – როგორც უნივერსალური, ზოგადამიანური კულტურულ-რწმენითი სისტემების გამაერთიანებელი ცნება გვიანდელი ევროპული მოვლენაა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ‚რელიგია‘ ყველა რელიგიის მისამართით პირველად ჰოლანდიელმა თეოლოგმა ჰუგო გროტიუსმა გამოიყენა:8. ევროპაში მანამდე ჩვეულებრივ საკუთარ რელიგიას ‚ფიდესად‘ მოიხსენიებდნენ, ხოლო სხვებისას ან ‚სექტად‘, ‚იდოლატრიად‘ თუ საუკეთესო შემთხვევაში, ‚ლექსად‘, მიმდინარეობად. მართალია, ქრისტიანობამ ‚რელიგიო‘ თავიდანვე გამოყო, გამოაცალკევა რომაული კულტურისგან, რათა ეს კულტურა ‚ურელიგიოდ‘ აეთვისებინა, მაგრამ ‚რელიგიო‘ მალევე დაიკარგა და ეს ცნება შემორჩა მხოლოდ ბერულ მოწესეობას და უბრალო ბერები ჩვეულებრივ, ‚რელიგიოზუსებად‘ იწოდებოდნენ. ინგლისური დეიზმის, ‚ბუნებრივი რელიგიის‘ და ფრანგული განმანათლებლობის დამსახურებაა ‚რელიგიის‘, როგორც ზოგადადამიანური თვისების და მოვლენის აღმოჩენა-დამკვიდრება: ‚Der sogenannten deistischen Religionsphilosophie fällt dieses Verdienst zu. Die Aufklerungsphilosophie setzte ihr Werk fort.‘9 მართალია, ეკლესია და თეოლოგია, განმანათლებლობის დასკვნით, რწმენითი ომებისთვის პასუხისმგებელია, მაგრამ ბიურგერული, ცივილური რელიგიის (religion civile) ანუ მოქალაქის რელიგიის (religion du citoyen) არსებობა პიროვნების შინაგანი სიმშვიდისა და საზოგადოებრივ-პატრიოტული მორალის შესანარჩუნებლად აუცილებელია: ‚Nun ist Es ja für den Staat sehr wichtig, dass jeder Bürger eine Religion hat, die seine Pflichten lieben heisst; aber die Dogmen dieser Religion inressieren den Staat und seine Glieder nur insoweit, als sie sich auf die Moral beziehen10

რასაკვირველია, მანამდე ყველა ისტორიული რელიგია, როგორც ‚კომპლექსური კულტურული აგრეგატი‘11, ყველა კულტურაში თავის საქმეს, ფუნქციას და როლს ასრულებდა ისე, რომ არავინ იცოდა, თუ მათი სახით ‚რელიგიასთან‘ გვქონდა საქმე და მათ ზოგადი კულტურული სივრციდან, სამართლიდან და ფილოსოფიიდან ნაკლებად გამიჯნავდნენ; კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ებრაული ‚დათ‘, არაბულ-ისლამური ‚დინ‘ ინდური ‚დჰარმა‘, თუნდაც ქართული ‚რჯული‘ და კიდევ უამრავი სხვა ‚რელიგია’…

ინგლისური დეიზმის და ფრანგული განმანათლებლობის კვალდაკვალ კანტი კიდევ უფრო შორს წავიდა. სხვადასხვა რელიგიებთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ერთ, ადამიანურ რელიგიასთან, რომლის დამხმარე სვეტები(საყრდენები) და შემთხვევითი, დროსა და გეოგრაფიაზე დამოკიდებული გამოვლინებებია ისტორიული რელიგიები, თავისი წიგნებით, როგორიცაა, მაგ. ზენდ-ავესტა, ვედები, ყურანი თუ ბიბლია: Jene also können Wohl nichts anderes als nur das Vehikel der Religion, was zufällig ist, und nach Verschiedenheit der Zeiten und Örten verschieden sein kann, enthalten‘.12

ამრიგად, ინგლისური დეიზმის, რელიგიის ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის მიერ მომზადდა ‚რელიგიის‘ ცნების აბსტრაჰირება, რაც ‚რელიგიის‘ მეცნიერულ კონცეფციად ჩამოყალიბების საფუძვლად უნდა ქცეულიყო. მოკლედ, XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჩვენ მივიღეთ ‚რელიგია‘, როგორც ახალი დროის ძირითადი ცნება. – ასეთია რელიგიის ცნების ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტალური ნაშრომის ავტორის დასკვნა.13

თუმცაღა, მოვლენებს რომ გავუსწროთ, უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ სადავოა, თუ ამ ცნების განზოგადებამ რამდენად მოუტანა სიკეთე ევროპულ ისტორიას, რამდენად უნივერსალურია ‚რელიგია‘ და რამდენად საჭირო და სამართლიანი იყო ამ ცნების გაუნივერსალურება: The most obvious, crucial, and lasting impact of Western Europe on the study of religion, however, is the genesis of very concept ‚religion.‘ Recent decades have witnessed the emegrence of avast bodyof scholarli literature in Western Europe as elsewhere, most of it written by authors who ignored each other, on the history and implications of ‚religion‘ as a clear and distinct if not altogether autonomous and universal domain of human reality14

საერთოდ, ბოლო ათწლეულებში ‚რელიგიის‘ ცნების ისტორიის, ამ ცნების ოქციდენტალურობის შესახებ არაერთი ყურადსაღები გამოკვლევა დაიწერა. სხვადასხვა არაევროპულმა ერებმა ეს განზოგადებული ცნება მოგვიანებით ისესხეს. თვით ანტიკურ ბერძნულ კულტურასაც არ უცდია ‚რელიგიის‘ განზოგადება და ტრადიციულად არაერთ სიტყვას გამოიყენებდა რელიგიის ფენომენის აღსანიშნავად, რაც საუბრის სხვა თემაა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბერძნულ კონსტიტუციაში დღესაც კი ‚თრესკეია‘ ფიგურირებს. ახალი დებატები ‚რელიგიის‘ განზოგადებული ცნების ირგვლივ ევროცენტრიზმის ცოტა არ იყოს, ზედმეტად თვითკრიტიკული ტენდენციებით გამოირჩევა. ზოგიერთი ტრადიციის (იგულისხმობა ქრისტიანული კონფესიები) მიერ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზიური პრეტენზიის გამოცხადება და შესაბამისად რელიგიური შეხლა-შემოხლაც სწორედ ‚რელიგიის‘ განმანათლებლობის მიერ გამომუშავებულ ზოგად ცნებას მიეწერება. აზიურ ‚რელიგიებს‘ შორის შუღლი, ‚ჭეშმარიტ რელიგიაზე‘ და ‚აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე‘ თავგამოდება უცხო იყო (?), რადგან აზიურ კულტურებში, ინდუიზმის, ბუდიზმის თუ კონფუციანელობის მიმდევრებს რელიგიის აბსტრაჰირებული ცნება არ მოეპოვებოდათ და რაც არ მოეპოვებოდათ და რისი არსებობაც არ უწყოდნენ, მისთვის არც იომებდნენ: ‚Weil mangels eines Religionsbegriffs keine der Versuch unternehmen konnte, ihren Wahrheitsanspruch mittels genereller Begründung in einen Ausschlißlichkeitsanspruch umzuwandeln.‘15

ცნობილია, რომ რელიგიის, როგორც მოვლენის კულტურული კონტექსტიდან ამოგლეჯას დიდი ხნის ევროპული ისტორია აქვს და ეს ღონისძიება ახალფეხადგმული ქრისტიანობის ტაქტიკური ნაბიჯია. მან ‚რელიგია‘ გამოაცალკევა რომაულ-კლასიკური სამყაროდან, რათა რელიგიის გარდა ამ სამყაროს ყოველნაირ კულტურულ მიღწევას, – მაგ. ფილოსოფიას, – დაპატრონებოდა და თავის სამსახურში ჩაეყენებინა.

ზოგიერთი თანამედროვე კონცეფციის თანახმად, ‚რელიგიის‘ ცნებამ სადღეისოდ დრო მოჭამა, ის ‚კულტურაში‘ უნდა გაზავდეს და უბრალოდ დავიწყებას მიეცას. მსგავსი კონცეფციები განვითარებულია მაგ. ცნობილი იტალიელი რელიგიოლოგის – დარიო საბატუცის მიერ რელიგიოლოგიის ისეთ ფუნდამენტალურ სახელმძღვანელოში, როგორიცაა გერმანულენოვანი ‚ძირითადი რელიგიოლოგიური ცნებების სახელმძღვანელო.‘16

რელიგიის ცნების საბოლოო გაფართოება და განზოგადება უკავშირდება რელიგიოლოგიის მამის – ფრიდრიხ მაქს მიულერის სახელს. მისი დამსახურებაა რომ ლამისაა ყოველი აზრთა წყება თუ საყოფაცხოვრებო შეხედულებათა სისტემა ‚რელიგიის‘ რანგში განიხილონ და ეს ცნება კარგა ხანია გასცდა თვითონ რელიგიის, როგორც მოვლენის, პროცესის და მოქმედებაში ჩართული რწმენითი სისტემის გამომხატველობას.17

რომ არა ‚რელიგიის‘ ახალი დროის ევროპული ცნება, რასაკვირველია შეუძლებელი იქნებოდა როგორც ეს თანამედროვე დებატები, არამედ, საერთოდ, რელიგიის მეცნიერული კვლევის ობიექტად ქცევა და რელიგიოლოგიის, როგორც მეცნიერების ინსტიტუციონალიზაცია. ‚რელიგიის‘ ზოგადი ცნების დამსახურებაა, რომ არამხოლოდ ცალკეული რელიგიების, არამედ საერთოდ რელიგიის, მისი არსის და ამოცანების შესახებ საუბარი შეიქნა შესაძლებელი: Die Europäer konnten vermittels ‚eines gemeinsamen Allgemeinbegriffs für Religionen […] unter sich und über Sprachgrenzen hinweg generell über Religion, deren Wesen und Aufgabe, sprechen, anstatt bloß über bestimmte einzelne Religionen.‘18

‚რელიგიის‘ ახალი ცნება ფრიდრიხ მაქს მიულერს აძლევს საშუალებას პროგრამატული სახით შემოიტანოს ახალი მეცნიერული პარადიგმა, როგორც ‚რელიგიის მეცნიერება’/Science of Religion. არა მარტო მის პირად არამედ დროის სულისკვეთებას გამოხატავს მეცნიერის პათეტიკა და იმედი, რომ ეს ახლადდაფუძნებული მეცნიერება მსოფლიოს ახალ ასპექტს და თვით ქრისტიანობას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა:‚The Science of Religion may be the last of the Sciences, whit wich man is destind to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give new life to Christianity itslelf‘.19

1 Richard E. Wentz, The Hidden Discipline of Religious Studies, The Chronicle of Higher Education XLVI, 6, October 1, A 72.

2Burkhard Gladigow, Religionswissenschaft als Kulturwissenschaft – Religion im Rahmen der theoretischen Biologie, in: Religionswissenschaft heute, Hrsg.: Christoph Bochinger und Jörg Rüpke, Band1. Verlag W. Kolhammer, Stuttgart, 2005,S.236.

3 Michael Stausberg(Hrsg.), Religionswissenschaft, Walter de Gruyter GmbH & Co. KG, Berlin/Boston, 2012, S. 8.

4 Klaus Hock, Systematisches Stichwort, in seine Einführung in die Religionswissenschaft, by Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 2002, S.7.

5Hubert Seiwert, Systematische Religionswissenschaft: Theoriebildung und Empiriebezug, in: ZMR, 1/1977, S.2.

6 Hans-Jürgen Greschat, Was ist Religionswissenschaft? Stuttgart u.a. 1988, S.129.

7 Norbert Bolz, Kommunikationsprobleme mit Gott, in: Forschung und Lehre 7, S.342.

8 Hugo Grotius, „De Veritate Religionis Christianae“, Editio Novissima, in: H.G., Operum Theologicorum Tomus I-III, Amsterdam, MDCLXXIX, Nachdruck, Stuttgart-Bad Cansstatt, 1972, 3, S.243. ამ წყაროს ორიგინალში არ გავცნობილვარ, მასზე ცნობას გვაწვდის Ernst Feil, მის მრავალტომიან მონოგრაფიაში – Religio, III, Göttingen, 2000, S.243.

9Joachim Wach, Religionswissenschaft, Prolegomena zu ihrer wissenscaftstheoretischen Grundlegung, Leipzig, 1924, S.7.

10Jean-Jacques Rousseau, Du contrat social ou Principes du droit politique/ Vom Gesellschaftsvertrag oder Grundsätze des Staatsrechts. Franz./Dt. In Zusammenarbeit mit Eva Pietzcker übers. und hrsg. von Hans Brockard: Reclam, Stuttgart, 2010, S.310.

11Burkhard Gladigow, Religionswissenschaft: Historisches, Systematisches und Aktuelles zum Stand der Disziplin, in: Religionswissenschaft heute, Hrsg.: Christoph Bochinger und Jörg Rüpke, Band1. Verlag W. Kolhammer, Stuttgart, 2005, S.41.

12Immanuel Kant, Der Streit der Fakultäten, 1795, Werkausgabe Bd.XI, Frankfurt a.M., 1977, S.225.

13Ernst Feil, Religio…

14Michael Stausberg, Western Europe, in: Religious Studies: A Global View, Edited by Gregory D. Alles, London 2008, p.17.

15Friedrich Tenbruck, Die Religion im Maelstrom der Reflexion, in: Jörg Bergmann / Alois Hahn / Thomas Luckmann (Hrsg.), Religion und Kultur, Olpaden 1993, S. 31-67, hier S. 58.

16Dario Sabbatucci, Kultur und Religion, in: Cancik,H., Gladigow,B., und Laubscherr, M. (Hrsg.), Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe, 1, Stuttgart, 1988, S.: 43-58.

17Axel Michaels(Hrsg.), Klassiker der Religionswissenschaft, Beck, München, S.8.

18Friedrich Tenbruck, იხ. ზემოთ, wie Anm.15, S.37.

19Friedrich Max Müller, Chips from a German Workshop, I, 1867, XIX.

და ა.შ. : წაიკითხეთ ფოტოზე 🙂

p1130571