Kirchenkritik in Georgien – ein Wegweiser! ეკლესიის კრიტიკ(ოს)ის გზამკვლევი

ეკლესიის კრიტიკ(ოს)ის გზამკვლევი
10. Mai 2014 um 12:05

ვინაიდან ეს კრიტიკა ჯუნგლებში მოგზაურობას დაემგვანა, საჭიროდ ვცანით პირველი გზამკვლევის ‚გამოცემაც‘ 🙂 ჯერ გამცნობთ, ვისზეა საუბარი: ლეგიტიმურ, საქართველოს მართლმადიდებელ, სამოციქულო და ავტოკეფალურ ეკლესიაზე. შემოკლებით სმე, რასაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი… ილია II და უწმინდესი სინოდი განაგებს.ეს კრიტიკა არ და ვერ ეხება ე.წ. ზეციურ ეკლესიას, რომელიც ეკლესიოლოგიური სწავლების თანახმად, ქრისტეს სხეულია, თავის წმინდანებიანად და ა.შ. საერთოდ, თეოლოგიურ განმარტებებს და წიაღსვლებს მოვერიდები(რელიგიისმცოდნის პროფესიის გარე-პერსპექტივის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე)და ეკლესიაში ვიგულისხმებ მხოლოდ ხილულ, რეალურ და ცოცხალ სამღვდელოებას, მათ ჰაბიტუსს. – hic et nunc მდგომარეობაში. ამრიგად, დღეს ეკლესიის კრიტიკა საქართველოში ფაქტია და ამას უკვე თავისი ისტორია, მიმართულებები და პოზიციები ეძებნება.გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს.

0.ეკლესიის კრიტიკა პოლიტიკურ პლანში

ეს ახალი დასათაურებაა, ამიტომ მხოლოდ ერთი, ოდნავ  სტილიზებული ფოტოს სახით გთავაზობთ:

1488212_628062257268990_351671472_n

1. ეკლესიის შიდა ანუ ინტერნული კრიტიკა.

1797631_649915918416957_2010774182_nამ სფეროში თეოლოგები მოღვაწეობენ. მათთვის, პრინციპში, მართლმადიდებლური ქრისტიანობა მისაღებია, მაგრამ არა იმ ფორმით, რითაც იგი საპატრიარქოს მიერ იქადაგება და ხორციელდება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს რელიგიური ინსტიტუტი მართლმადიდებლობის სახელით ტოტალიტარულ იდეოლოგიას, სტალინიზმს და შოვინიზმს ნერგავს; ეთნოსურ გადახრას ანუ ფილეტიზმს, უწიგნურობას და ანგარებას ემსახურება და არა სახარებას და ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებს. ეს კრიტიკოსები მათი და ასევე ჩემი აზრითაც, ეკლესიას კი არ ებრძვიან, არამედ ეკლესიისათვის იბრძვიან. ყველა მათგანი ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა ან სწავლობდა, მაგრამ მათ ეკლესიამ იმედები და მოლოდინები გაუცრუა. ისინი გადაგვარების მიზეზს ზოგადმართლმადიდებლურ ან ზოგადრელიგიურ ფესვებში კი არ ეძებენ, არამედ კერძოში, ილია მეორის მიერ მართულ პოლიტიკურ ეკლესიურობაში. ინტერნულ კრიტიკოსებს შორის თავიდანვე გამოირჩეოდა (ექს)დეკანოზი ბასილ კობახიძე, რომელიც, შეიძლება ითქვას ეკლესიის კრიტიკის აღიარებული პატრიარქია. ბარემ აქვე აღვნიშნავთ ამ შიდაკრიტიკის ერთ თავისებურებას. ეს კრიტიკა ზოგჯერ პატრიარქსაც მოიცავს, ზოგჯერ კი მხოლოდ ე.წ. ბნელ ფრთას უტევს. ბ-ნი ბ. კობახიძე თავიდან ბნელ ფრთას წარმოადგენდა როგორც პატრიარქთან დაპირისპირებულს, მალე მან პოზიცია შეიცვალა და ეკლესია, როგორც სრულიად ბნელი ასახა, ‚ხოლო ქართველი ერი, როგორც ილია მეორის თხის ფარა‘. ბოლო ხანებში მან მშვიდი, ჰერმენევტიკული ნიშა იპოვა და მშვიდ ვიდეოსაუბრებში ერთგვარ (ანტი)ეკლესიურ ეგზეგეტიკას წარმოგვიდგენს. ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომლის არაერთი, შეიძლება ითქვას, საეტაპო წერილი გამოქვეყნდა ჯურნალ ტაბულაში, ხოლო ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ეკლესიის შიდაკრიტიკის ნამდვილ ნიმუშს იძლევა. მისი პოზიცია, უფრო ზუსტად, პატრიარქთან დამოკიდებულება შეჯამებულად მისსავე ერთ სტატუსში აისახა(სტილი დაცულია):

‚ილია მეორეს მოღვაწეობამ ხელი შეუწყო პირველი ქართული მთავრობის დამხობას, სვეტიცხოველში მონათლა გენარალი გრაჩოვი, მის სახელთანაა დაკავშირებული რელიგიური დევნის, არმენოფობიის, ისლამოფობიის, ჰომოფობიის უკიდურესად სახიფათო ნაკადების გაჩენა, გარდა ამისა, მისი შრომისა და რუდუნების შედეგად გაღვივდა ყველანაირი შუწყნარებლობა და სიძულვილი განსხვავებული ჯგუფებისადმი, უშუალოდ მან საპატრიარქო რუსეთის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად და საყრდენად აქცია საქართველოში, იგი დღესაც დაუღალავად შრომობს დასავლეთისგან საქრთველოს იზოლაციისთვის, აქებს და ადიდებს სტალინს, რითაც მისი სისხლიანი სახელის რეაბილიტაციას ცდილობს, საფრხთეს უქმნის საერო სახელმწიფოს არსებობას, ხელს უწყობს მთელი თაობების ცნობიერების დაბნელებას, მაგრამ ის მაინც ყველაზე სათნო, საყვარელი, პოპულარული და გავლენიანია, რაც სულ არ არი გასაკვირი‘.

მესამე მნიშვნელოვანი ფიგურის ადგილს თეოლოგიური განხრის საეკლესიო კრიტიკაში იკავებს დოქტორანტი მირიან გამრეკელაშვილი, რომელმაც არაერთი საინტერესო და გაბედული წერილი გამოაქვეყნა და ბოლოდროის პარლამენტისა და ეკლესიის ჩახუტება აღიქვა, როგორც „თეოლოგიის დასასრული საქართველოში„. ბატონ მირიანს აქვს ვირტუალური გვერდიც, სადაც ის საეკლესიო საკითხებს განიხილავს მათ ყოველდღიურ მდინარებაში და ასე ვთქვათ, საეკლესიო მაჯისცემას აყურადებს.

აღსანიშნავია ასევე კვალიფიციური თეოლოგის, დავით თინიკაშვილის ღვაწლი. თუმცა მისი წერილები არაა ისეთი მწვავე, როგორც ზემოთდასახელებული კოლეგების, მაგრამ არანაკლებია თეოლოგიური კომპეტენტურობით და ეკლესიისადმი გულშემატკივრობით.

ბოლოხანს ჩემი ყურადღება მიიქცია ასევე ზურაბ ჯაშის, ასე ვიტყოდი, თეოლოგიურ-კოგნიტიურმა მოხსენებამ. ვინმე გამომრჩა? გთხოვთ შემახსენოთ…

მხოლოდ აქტიურ და გაბედულ კრიტიკოსებს ანუ მეგზურებს წარმოგიდგენთ. არცერთი კრიტიკოსი თეოლოგის აზრების ვრცელ მიმოხილვას არ შევუდგები. ეს აქაურ ფორმატსაც აღემატება და ჩემ რელიგიოლოგიურ უნარებსაც:) ვისაც გაინტერესებთ, მათ სახელ-გვარს აკრეფთ და იპოვით გუგლზე ყველაფერს…

რასაკვირველია, „კრიტიკა“ არ ნიშნავს მხოლოდ განქიქებას, არც ზოგადად, არც ეკლესიის მიმართ. ეს განსჯის, დახასიათების სფეროა. ავ-კარგის გარჩევა და მართლის თქმა. ამიტომაც ეკლესიის შინაურ კრიტიკოსებს მივაკუთვნებდი ბოლოხანებში გამოჩენილ თუ წარმოჩენილ სასულიერო ხარისხის მქონე ღვთისმსახურებს, რომელთა ხილვამ გადაცემაში – „საუბრები რელიგიაზე“, ეკლესიის გულშემატკივარ გონიერ საზოგადოებას ჩაუსახა იმედის პატარა ნაპერწკალი, რომ ეკლესიაში კარგი და განათლებული ადამიანებიც მოღვაწეობენ და შესაძლებელია მათი გაძლიერების გზით გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს შიგნითვე, ეკლესიაში. აქვე, სამართლიანობისათვის დავძენ, რომ ამ მცირერიცხოვან ჯგუფს თავისი პროტოტიპიც მოეძებნება დეკანოზ ზაზა თევზაძის სახით. კიდევ რამდენიმე მღვდელი ბედავდა ადრე, 90-იან წლებში, პროგრესულ არტიკულაციებს, როგორც მახსოვს, მათ შორის გიორგი ჩაჩავაც. ამ საუკუნეში გამოჩნდა კახა კურტანიძე და…ეს პროგრესული ფრთა როგორც ჩანს, მძიმე წნეხის ქვეშაა მოყოლილი და მათ საპატრიარქოს რაღაც ზნეობრივი კომისია იბარებს დროდადრო და ამათრახებს. ვისურვებდი, რომ განათლებულმა, ინტელექტუალურმა და ლიბერალურმა საზოგადოებამ მათ ძლიერი თანადგომა გამოუცხადოს, რათა ეს მოძრაობა სინათლისაკენ, გაძლიერდეს და იგი საფუძველშივე არ ჩაახშოს ეკლესიის რადიკალურ-ანგარებიანმა იერარქიამ.

2.ეკლესიის კულტუროლოგიური კრიტიკა

ამ ჯგუფის გამორჩეული ლიდერებია ზურა ოდილავაძე და ია მერკვილაძე.
რამდენადაც მათი კრიტიკა მრავალპლანიანია და ცხოვრების არაერთი სფეროს მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს, ამიტომ ‚კულტუროლოგიური‘ სახელდება ავირჩიე.

ზურა ოდილავაძის ნაშრომებში საბჭოური ბალასტის, გარემომცველი ქართული კვაზიკულტურული ფენომენების გათვალისწინებით და ასევე პირად გამოცდილებაზე დამყარებით ეკლესიის, როგორც ‚ახალი ბაბილონის‘ სრულყოფილი სურათია დახატული და აშკარადაა ნაჩვენები თანამედროვე ხილული ეკლესიის ანტისახელმწიფოებრივი თუ ანტიცივილიზაციური პროფილი. როგორც პუბლიცისტურ, ასევე მხატვრულ დონეებზე ავტორის შემოქმედებითი მიღწევები თვალსაჩინოა. სასიამოვნოა მისი ინტენსიურობა და ჟურნალისტური ენერგიულობა და პოპულარულობა მკითხველებში.

ასევე ტოპ-საკითხავებით გვანებივრებს ამერიკაში მოღვაწე ქალბატონი ია მერკვილაძე და ასევე ზურა ოდილავაძის მსგავსად ‚ღია წერილებსაც‘ არ აკლებს პატრიარქს. ია მერკვილაძე ცნობილი ფემინისტია და გასაგებია მისი წერილების პათოსიც. ორივე მწერალს თავისი ბლოგები აქვთ, მათ წერილებს იპოვით ასევე ვირტუალურ ჟურნალებში, როგორიცაა მაგ.: ტაბულა, ნეტგაზეთი, აზრები, ივერია და მათ ფეისბუკგვერდებზე. დასასრულ, მინდა წარმატება ვუსურვო ორივეს.

არანაკლებ საინტერესოა ამ მიმართებით თინა აგნუსის მოღვაწეობა, რამდენიმე საინტერესო წერილი, დეფინიციური მიგნებები: „მამაოიზმი“, „შიოლიზმი“ და სხვა. აგრეთვე ცოცხალი პროტესტის აქტიური თანამონაწილეობა; თინა აგნუსი მარტო არაა,  გაიცანით ჯგუფი – ‚საჭიროებს დეზინფექციას‚, ჯგუფის შემქმნელი და პერფორმანსის ავტორია Toma და ქვემორე ვიდეო-პერფორმანსი,  როგორც მათი თავისუფალი არტისტიზმის არტი და ხელოვნება:

 

3.ცივილურ-ლიბერალური კრიტიკა.

ეკლესიის კრიტიკის ამ ფრთის ქვეშ მისი სამოქალაქო აქტივობის გამო, უპ. ყოვლისა, თეა თუთბერიძეს მოვიაზრებდი.
თავის დროზე მისი თაოსნობით მგონი პირველად შეჰბედეს საკრალურ ავტოროტეტს „ღია წერილი“. ცნობილი სამართალდამცავი შიშობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია ახალი ქართული სახელმწიფოს, სამოქალაქო ღირებულებების მიმართ ძირგამომთხრელია.
აქვე, ოღონდ განსხვავებული დიაპაზონით მოვიაზრებ და გავაერთიანებდი სალომე ასათიანის შესანიშნავ პროზას.ასევე ნინია კაკაბაძის მშვენიერ და გაბედულ გამოსვლებს. ბოლოხანებში შესამჩნევია ელენე ხოშტარიას რეფლექსიებიც. ცივილურ-ლიბერალური ხედვის თანახმად, ეკლესიამ პოსტსაბჭოური, გამონთავისუფლებული იდეოლოგიური ნიშა ჩაანაცვლა და ხალხზე უდიდესი გავლენის საიდუმლოც სწორედ ამაშია: ღირებულებათა სისტემის კრიზისმა განაპირობა.სასიხარულოა, რომ ქალბატონი ნინიას კრიტიკული წყალი გადაესხა ზოგიერთ პარლამენტარს, მაგ. თამარ კორძაიას და თვით პარლამენტის თავმჯდომარემაც კი გაბედა და თქვა: როდის იყო ეკლესია ძალადობას ქადაგებდაო?!

რასაკვირველია, თუ ცივილურ, დემოკრატიულ,თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, პირველ რიგში ასეთი ღირებულების დამცველად სახელმწიფოს მესვეურები უნდა მოგვევლინონ და პირველ როგში მათ მართებთ გაუბედონ ეკლესიას და უთხრან ის, რასაც კრიტიკოსები ისედაც წლებია უღაღადებენ და რაც არც სიახლეს, არც საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს. ამავე ჯგუფს, ოღონდ გაძლიერებული პატრიოტული ნიშნით, მივაკუთვნებ ლაშა ბაქრაძეს.

4.ეკლესიის შემოქმედებითი კრიტიკა

რასაკვირველია, ამ მხრივ ლიდერობა ეკუთვნის ლაშა ბუღაძეს.’ერთი რუსის ამბავი‘ უკვდავი ნაწარმოებია. ავტორი დროდადრო მცირე კრიტიკული პასკვილებითაც გვანებივრებს და ჩვენ გამოუთქმელ ინტერესს ეკლესიისადმი მხატვრული სიტყვის ყალიბში აქცევს.

მხატვრული ლიტერატურის შესაძლებლობები სულ სხვაა, გაცილებით მაღალი, ვიდრე მეცნიერული თუ უბრალო პუბლიცისტური სტატიის, დროის დინებაში რომ იკარგება და დავიწყებას ეძლევა. საკმარისია, ამის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ‚ლამბალო და ყაშა‘. როგორც მწერალმა ერთხელ ზეპირ გამოსვლაში აღნიშნა, თანამედროვე ყაშები მწერლებს კალმის წვერზე აზის და ერთხელაც გადმოასკუპებენ. რახან გამახსენდა, აქვე აღვნიშნავ, ერთი ასეთი „ყაშა“ უკვე არსებობს ზურა ოდილავაძის წიგნში, „გრძელი გიორგი“ რომ ჰქვია. ბარემ იმასაც დავძენ, რომ ჩემგან მონიშნული კატეგორიები ერთმანეთისგან არაა ჩინური კედლით გამიჯნული, ასე მაგ. „ახალი ბაბილონის“ ავტორი, ვინც ამ წიგნისთვის ილიას უნის პრემია მიიღო(ლამის), შემოქმედებით ‚განყოფილების‘ ბინადარიცაა. მაგრამ რადგან უფრო ვრცელია მისი ჰაბიტუსი, ამიტომ „კულტუროლოგიას“ მივაკუთვნე.

მგონი შემოქმედებითია ასევე პაატა ქურდაძის ვრცელი ნაწარმოები: „მოკალი მღვდელი!“. რთული ტექსტია, მაგრამ მნიშვნელოვანი.

თავისი „ეკლესიოლოგიური“ წიაღსვლებით ბოლო დროს გააქტიურდა მწერალი და კრიტიკოსი ლელა კოდალაშავილი. მან ძალიან საინტერესო ჟანრს მიაგნო: ქუჩაში, უწყებაში, საყმომსსალონში შემხვედრი სიტუაციები, მგზავრების, უბრალო ხალხის რელიგიურობას აფიქსირებს და ამით, ასე ვიტყოდი, ამ ინდუქციური მეთოდით, ჩვენი რელიგიური ლანდშაფტის სრულ სურათს იძლევა; კონკრეტული ამბავი, სრულ საზოგადოებრივ გამოთაყვანებას იუწყება. დავიმოწმებ ორიოდე ცინცხალ ნიმუშს:

I.“ციკლიდან – ,,არა რაა… ჩვენ არაფერი გვეშველება“
სალონში ვზივარ და თმას ვივარცხნი. უცებ კარი იღება და კივილით (არ გეგონოთ, რომ ვაზვიადებდე) შემორბის მეორე სტილისტი: ,,გადმოვიდა!!!!! გადმოვიდააააააა!!!!!!!!“
მე ის-ის იყო, შევხედე, რომ სახის გამომეტყველებით მივხვდე, რამე უბედურება მოხდა თუ სასიხარულო …
და ამ დროს ჩემს სტილისტს რამსები ერევა და ცხელ ,,ფენს“ საბერველით პირდაპირ სახეზე მაჭერს ასეთივე გამგმირავი ისევ არ ვაჭარბებ) კივილით: ,,გადმოვიდა???????????? უკვე გადმოვიდა???????????“ მეორე ოთახიდან გამორბის სალონის მეპატრონე: ,, ვაიმე, გადმოსულა!!!!!!!!!!!!“ შემორბიან გვერდით ჯიხურიდან ხაჭაპურის მცხობელი ქალები: ,,გადმოსულა!!! რა ბედნიერებაა!!! გადმოსულა!!!!“
,,ო, იესსსსსს!“ – კივის თმაზე საღებავწასმული ხანში შესული ქალი.

ამ დროს ერთ-ერთი რთავს ტელევიზორს და როგორც იქნა, ვიგებ, რაც ხდება…მესმის წამყვანი ბიჭის შთაგონებული, საგანგებოდ გადრამატულებულ-გასაიდუმლოებულ-გაზეიმებული ხმა: ,,და აი, დაიწყო ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში და ღამის თერთმეტ საათზე უკვე საქართველოში გარდმოვა წმინდა ცეცხლი.“ და ა.შ. სალონის ქალებს ვუყურებ. ბედნიერებისგან ბრწყინავენ. ერთს ცრემლიც მოსდგომია.

ჩემი სევდიანი დასკვნა: ჩვენ კიდევ დიდხანს არაფერი გვეშველება. „……..

II. ციკლიდან – ,,არა რაა… ჩვენ არაფერი გვეშველება“

„დილას ბიბლიოთეკისკენ გავრბივარ. ქაშუეთის ცენტრალურ შესასვლელთან ჩოჩქოლია და პატარა ბიჭის ტირილი ისმის. ვიფიქრე, რომ ვიღაც წაიქცა, ან შემთხვევით წააქციეს.

რაკი გულშემატკივარი ბევრი ჩანდა, მშვიდად ჩავლა დავაპირე, რომ მესმის ქალის გამკივანი ხმა: ,,გადეიწერე, შენი კუპო დავდგი მე ამ შუა ეკლესიაში!“ აღელვებისგან გული მიჩქარდება. ძლივს ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს შეგროვილი ხალხისკენ. ვხედავ – პატარა, ასე, ხუთი წლის ბიჭი მუხლებზე დგას და ხმამაღლა ტირის. მის გვერდით დინოზავრივით სამას კილოგრამიან დედას გაუშვერია უკანალი, სახით მისკენ დახრილა და დასჩხავის, პირჯვარი გადაიწერეო. გამვლელები და ვიღაც სტიქაროსანი ბიჭს ზემოდან დაჰყურებენ და ეუბნებიან, დაუჯერე დედას, ნუ ანერვიულებ, ცოდოაო…
საწყალი ბიჭი კიდევ უფრო მეტად იჭაჭება ტირილით.

რა მოვიმოქმედე, როგორ გამოვცინცლე ბიჭი ამ არსებებს, და მერე როგორ ჩავაბარე ოდნავ დაწყნარებულ დედას, ამას ვეღარ მოვყვები, ნერვების ამბავია :))
მაგრამ კიდევ ერთხელ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ დიდხანს არაფერი გვეშველება… :((

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალბედა მწერლის – ლადო გოგიაშვილის წიგნი – ‚ხვალაც იგივე იქნება‚. მოთხრობების უმეტესობა აქ საეკლესიო ცხოვრებას ასახავს, მაგრამ იმდენად დახვეწილი იუმორით და ჰუმანური სულისკვეთებით, რომ მათი წაკითხვით უსათუოდ მოხიბლული დარჩებით და საეკლესიო ცხოვრებასაც ზოგადადამიანური ყოფის ტრაგიკომედიის ერთ დიდ სამყაროში გააერთიანებთ. სხვა? შევხვდები ალბათ კიდევ და დავამატებ…

5. ეკლესიის ფილოსოფიურ-ანალიტიკური კრიტიკა

ბოლო ხანებში თავი გამოიჩინა ახალგაზრდა გრიგოლ გეგელიამ: „თითქოს ხელოვნებაში მკაცრი ჩარევა საკმარისი არ იყო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართველმა ღვთისმსახურებმა ყოვლად მიწიური, ამქვეყნიური იდეალებით თამაში კიდევ ერთხელ განაახლეს. მათ ღიად გამოხატეს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები. „ნეტავ, ღმერთი ვის უჭერს მხარს?”, შევეკითხე საკუთარ თავს და შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაგება შეუძლებელია, რადგან ღვთის ერთგული მსახურები ყველა მიმართულებით უხვად არიგებენ პოლიტიკურ მესიჯებს. მართლაც, თანამედროვე ქართველი ღვთისმოსავი მამები ქრისტიანულ „იმანუელს” (ებრაულად: „ჩვენთან არს ღმერთი”), რომელიც ყოვლისმომცველი სიმბოლური სახელია, მოურიდებლად ცვლიან მოცემულობით – „მასთან არს ღმერთი” …“
თუმცა ეს 2 წლისწინანდელი ციტატაა, მაგრამ დღევანდელ რეალობასაც ასახავს.
გრიგოლ გეგელია გვაფხიზლებს, რათა დავინახოთ, თუ რა ოსტატურად, ‚რბილი ძალის‘ სახით იყენებს რუსეთი პატრიარქის ავტორიტეტს:
„მაგალითად, თანამედროვე საქართველოში, შიდა პოლიტიკურ სცენაზე, „რბილი ძალის“ ყველაზე წარმატებული მფლობელი გახლავთ საქართველოს პატრიარქი, ილია II, რომელსაც ძალაუფლების განსახორციელებლად არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და არც მის მიერ მართულთა ეკონომიკური წახალისება სჭირდება. ილია II-ს აქვს მორალური და რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც სრულიად საკმარისია მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანზე გავლენის მოსაპოვებლად.“
ეკლესიის ფილოსოფიურ-ანალიტიკური კრიტიკის ნიმუშებს მრავლად იპოვით ვირტუალურ და არამხოლოდ ვირტუალურ სამყაროში. მყისიერად რაც მახსენდება, ესაა ზაალ ანდრონიკაშვილის ერთი წერილი, სადაც ის მგონი ეკლესიურ სიბნელეს სუბოტექსის გავლენას ადარებს. 2013 წლის 17 მაისისცნობილი მოვლენების მისეული შეფასება:
„დღეს ეკლესია ანტისახელმწიფოებრივ ძალად გადაიქცა. დღეს საქართველოში დაიბადა რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც არათუ ერევა სახელმწიფოს ფუნქციებში, არამედ სურს მონოპოლია რწმენის, სინდისის და გამოხატვის თავისუფლებაზე“.
თავის ერთ ვრცელ წერილში (2009წ.) იგი ეკლესიის, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენის ვრცელ ანალიზს გვთავზობს და ეკლესიის კვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს:

„კულტურული კვლევების სტუდენტებს ვურჩევდი, სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომები ეკლესიის დისკურსის შესახებ და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ დაეწერათ. ეს თემა საქართველოში თითქმის სრულიად შეუსწავლელია და თუნდაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კვლევის სასწრაფოდ დაწყებაა აუცილებელი“.

მეხსიერების კვალობაზე, ასევე საჭიროა გიგა ზედანიას წერლის „მაგიის წინააღმდეგ“ აღნიშვნა.
ასევე კოგნიტიურ და ანალიტიკურ სფეროს მიეკუთვნება ნოდარ ლადარიას რამდენიმე წერილი საეკლესიო თემაზე, რომელთა განხილვსაც აქ არ შევუდგები, რადგან მკითხველისთვის ისედაც ცნობილი მოვლენებია.
ფრაგმენტულად, -როგორც მახსოვს, – საეკლესიო თემას თავის ფილოსოფიურ ყურადღებას არ ამადლიან გია ნოდია, ზაზა შათირიშვილი და ზაზა ფირალიშვილი. მათი ნააზრევიც ხელისგულზეა და ჩემ ჩართვას არ საჭიროებს. თუმცაღა, დავძენდი, რომ ზაზა ფირალიშვილი საეკლესიო პრობლემატიკას გაუზვიადებლად აღიქვამს, როგორც ზოგადად ჩვენი საზოგადოებრივი სახის ანარეკლს და ჰგონებს, რომ საეკლესიო ცხოვრება ოდესმე დალაგდება. შესაძლებელია, მაგრამ ეს თეოკრატიული ‚დალაგება‘ იქნება 🙂

6. ეკლესიის ტოტალური კრიტიკა

ამ რიცხვს და ნიშას ჩვენი სამღვდელოების ნებართვით ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს მივუჩენ.
გიორგი მაისურაძის კრიტიკა უკვე კარგა ხანია გასცდა ვირტუალურ სამანებს და ვიხილეთ მისი წიგნი: „მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული“.

ამასწინათ, საეკლესო თემის წიგნიერ გარდასახვას რომ ვეძებდი, ლესელიძის ქუჩის წიგნის მაღაზიაში ზურა ოდილავაძის და ლადო გოგიაშვილის წიგნები მოვიკითხე და სიმპატიურ გამყიდველ გოგონას ვკითხე რჩევა, კიდევ რა შეიძლებოდა მიმემატებინა და მან გიორგი მაისურაძის წიგნი დამისახელა. მართლაც ეს 3 წიგნი ერთობლივად ეკლესიური ყოფის საერთო სურათს უცებ იძლევა და მათი ერთად, მიყოლებითი კითხვით ძალიან ვისიამოვნე.

გიორგი მაისურაძეს ეკლესიის კრიტიკის გზამკვლევში სრულიად ორიგინალური ნიშა უკავია და იგი მარტო ავსებს ამ ნიშას. თეოლოგებისგან განსხვავებით, იგი ეკლესიის გაუსახურების მიზეზს არა მართლმადიდებლობის დამახინჯებაში, არამედ უფრო შორს და ღრმად, ზოგადად მართლმადიდებლობაში, ქრისტიანობაში და რელიგიის ფენომენში ხედავს.

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ – ესაა სისტემატური სვლა იმ მოძღვრების საწინააღმდეგო მიმართულებით, რასაც თავად ქრისტე ასწავლიდა… ამის ყველაზე ახლობელი და წარმატებული მაგალითია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ახალი სარწმუნოება შექმნა და მასზე საავტორო უფლება, უპირველეს ყოვლისა, კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის…ვის ხელში მოექცევა ქართული საზოგადოების ის ავტორიტარული ენერგიები, რომლის განსახიერებაც დღევანდელი მართლმადიდებლობაა?…“
…მრავალი ციტატა მიხმობს, მაგრამ უნდა შევიზღუდო:

ჩემი მიზანია არაა ეკლესიის კრიტიკის სფერო აქ ვრცლად გაგაცნოთ. ეს დღესდღეობით საკამაოდ ფართო სამყაროა, მე ვცდილობ მეგზურობას და მხოლოდ საჭაშნიკო, პატარა გემოსგასსინჯ ციტატებს, ნიშებს გთავაზობთ და გაჩვენებთ. დანარჩენი თვითონ უნდა მოიპოვოთ, თუ ეს თქვენი ინტერესი, მოწოდება და სერიოზული გონებრივი სამუშაო შეიქნება.
ზემორე კოინურენოვანი ნაწერი ჩემი ერთი წლიური თემის მოკლე რეზიუმეა, ვრცელი კვლევის ერთგვარი ექსპრომტი.

7.კარიკატურული კრიტიკა
10269620_697403277001554_5958914832029948779_nამ მხრივ გამორჩეული ხელწერა აქვს ნუგზარ მეტრეველს. მეც ზოგჯერ მის971646_434111093351148_650283282_n შემოქმედებით შედევრებს ვიყენებ ჩემი მცირე ოპუსების დასასურათხატებლად. ეს მიმართულება ე.წ. ფოტოშოპის კარგ ცოდნას საჭიროებს, გარდა საეკლესიო ცხოვრებაში ჩახედულობისა და ნათელი სამოქალაქო პოზიციისა. დიდი მადლობა ბატონ ნუგზარს ამ შესანიშნავი შემოქმედებისათვის და წარმატებული, ნაყოფიერი მომავალი!
როგორც ჩანს, ნუგზარ მეტრეველს არაერთი კოლეგა ყავს; ძალიან პოპულარული გახდა ალმოდებული პატრიარქი, ასევე ტაბურეტიანი მამაო სხვადასხვა სიუჟეტებში, მაგ.როგორც ვარსკვლავური ომების გმირი და ა.შ.

8. დაუნდობელი, სალაღობო და ზოგჯერ როყიო კრიტიკა

აქ მოაზრება ზოგიერთი ფეისბუკური პროფილის მდლობელი, როგორიცაა, მაგ. ‚მეუფე იობი‘ ,საპატრიარქოს შავრაზმელთა ბანდა‘ და მსგავსი. ზოგიერთი წარმომადგენელი აქვეყნებს პატრიარქის თუ სხვა იერარქის სავარაუდო ჩეკისტურ დოკუმენტაციას. ამ მხრივ განსაკუთრებით პრეზიდენტ ზვიად განსახურდიას უკრიტიკო თაყვანისმცემლები გამოირჩევიან გასაგები მიზეზის გამო.ზოგჯერ, არ ვიცი ვინ, ავრცელებენ უხამსი ფოტოშოპის ნიმუშებს, მაგ. სინოდის ფოტოები შემკობილია სასქესო ასოებით და მსგ.
აგრეთვე ამგვარი კრიტიკის მიმდევართა დამახასიათებელი ნიშანია პოლიტიკურად აქტიური მღვდლების ვიდეომასალის გამოქვეყნება, მაგ. „დაგმემიშიზმი“ და ა.შ. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, მაგ.: საპატრიარქოს შავრაზმელთა ბანდა

აქვე ჩავრთავ პერფორმანსს, შევისვენოთ, როგორც ფსალმუნის კითხვისასაა სასუენი, ჩემმა მტერმა უყურა მაგათ სულ სერიოზული თვალით 🙂

9.კრიტიკა უფრო უარესისათვის

თუ ზემორე დასახელებული ყველა ჯგუფი საპატრიარქოს ემდუროდა როგორც ობსკურანტული, იზოლაციონისტური და ტოტალიტარული ტენდენციების მქონე და მატირაჟებელ ორგანიზაციას, ეს ჯგუფი უკმაყოფილოა, საპატრიარქოს „სირბილით“.
მათ სურთ მაგ. მეტი ანტიეკუმენიზმი, მილიტანტური დამოკიდებულება სხვადმორწმუნეებისადმი, სახელმწიფოსთან დაპირისპირება და ა.შ. ესენი არიან ძირითადად ეკლესიიდან გასული დაჯგუფებები, ე.წ. სქიზმატიკოსები, მაგრამ არამხოლოდ.
თავი რომ დავანებოთ ამ მხრივ უკვე ჭიპმოჭრილ მკალავიშვილს, მგონი უდავოა შიდაეკლესიური „უფრო ბნელების“ არსებობაც. ეს კარგად გამოჩნდა დისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებულ დებატებში და ვნებათაღელვაში, როცა საპატრიარქოს იურისდიქიაში მყოფი ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა ფაქტიურად სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ასეთი პირები ზოგჯერ ყვითელი პრესის გმირებადაც კი იქცევიან ხოლმე, მაგ. ხშირად იღებენ ინტერვიუს, ვინმე დიაკვან ელიზბარისგან, რომელიც სინოდს აკრიტიკებს, რადგან ეს უკანასკნელი მის შეხედულებებს ჩამორჩება: მთლად უკუნი ვერაა და არაორთოდოქსებისადმი სათანადოდ კანიბალური.

10. ჟურნალისტური ღვაწლი და კრიტიკა

ამ კატეგორიაში შეიძლებოდა არაერთი ჟურნალისტური მასალის მოძიება-გაერთიანება. ასე, მაგ. სულ ახალია ქეთა იგნატოვას რამდენიმე სტატია, ’24 საათში‘ გამოქვეყნებული.

საბედნიეროდ, გვყავს გონიერი ჟურნალისტებით, რომლებიც კარგად იაზრებენ, თუ რა საფრთხეს შეიცავს მომძლავრებული კლერიკალიზმი და საზოგადოების რელიგიური ტვინგამორეცხვა და ისინი ცდილობენ ეს მათ რეპორტაჟებში თუ ინტერვიუებშიც ცხადყონ. მე ვფიქრობ, მათ შორის თვალსაჩინო ადგილს იკავებს ეკა კუხალაშვილი, ვინც ეკლესიის არაერთ ცნობილ კრიტიკოსს(თითქმის ყველა ზემოთდასახელებულ ლიდერებს) მისცა საშუალება მათი აზრები, დასკვნები და ეკლესიური ყოფის ანალიზი „ნიუპრესის“ ფურცლებზე წარმოეჩინა.

ეკლესია იმიტომ არის ძლიერი, რომ მის წინაშე ყოველდღიურად მარცხდება საქართველოს სახელმწიფო

დამახინჯებული მართლმადიდებლობა ღრმად იდგამს ფესვებს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში 

 

11. ეკლესიის კრიტიკა დაკვეთით.

ამ სახეობის კრიტიკის გარჩევას არ შევუდგები, ალბათ მაინც მისასალმებელია, მიუხედავად მისი პოლიტიკური დაკვეთილობისა. იგულისხმება ‚ოცნების‘ სულისჩამდგმელ ბიძინა ივანიშვილის დემიურგული სანქცია, რომ ეკლესიის კრიტიკაც შეიძლებაო. ამ მოწოდებამ ერთგვარი ფერისცვალება გამოიწვია მმართველ ჯგუფში: თუკი ოპოზიციონერობის დროს ისინი სააკაშვილის გუნდს ეკლესიისადმი არასათანადო ლოიალობაში ადანაშაულებდნენ(რითაც ეკლესიისგან სათანადო % და გამარჯვებისათვის აუცილებელი პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვეს არჩევნებისას), ახლა კი უცებ  პავლედან სავლედ იქცნენ და ყველა მეტ-ნაკლებად ეკლესიისადმი კრიტიკულ მეოცნებედ გარდაისახა. არც კი ვიცი, დავით ზურაბიშვილის ახალი წერილი „24 საათში“ ამ ტალღისდენას მივაწერო თუ მის მიერ რელიგიური პრობლემატიკის მართლაც გასიგრძეგანებას.

მიუხედავად ყველაფრისა, გამოვთქვამ იმედს, რომ ეს ტენდენცია საუკეთესო გზას იპოვის, რაც პრობლემის კოგნიტიურ გადაწყვეტაში უნდა გამიოხატოს და ერთსაც დავძენ:

თუკი ივანიშვილს და მის გუნდს მართლაც სურს, რომ ინსტიტუიზირებული რელიგიის პრობლემა მოიხსნას, მაშინ მათ შემეცნებითი გზა უნდა გამონახონ და ყველაფერი გააკეთონ საუნივერსიტეტო თეოლოგიისა და რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებების საქართველოში დაფუძნებისა და განვითარებისათვის. ეს აქსიომაა და ამ დებულებას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება.

აი ეს ღონისძიება იქნებოდა არამხოლოდ ეკლესიის და რელიგიის ნამდვილი კრიტიკა და შველა, არამედ აგრეთვე მათი საპირწონე და მეცნიერული ალტერნატივა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიის ეს პრივილეგირებული კრიტიკა პროვინციულ ძიძგილაობად იქცევა და მხოლოდ ‚მიწისძვრას‘ მოიტანს, ანუ როგორც  ‚საუბრები რელიგიაზე‘ იტყოდა: „სნო და ჭორვილა შაიბნენ, მიწამ დაიწყო ზანზარი“… 🙂

12. ეკლესიის ფენომენოლოგიური კრიტიკა

ამ სახეობაზე ვრცლად მერე ვისაუბრებ. გუშინ წავიკითხე ერთი წერილი, რომელიც ეკლესიურ პრობლემას ფენომენალურ ჭრილში განიხილავს, ფენომენოლოგიურად ასაბუთებს სათქმელს. ავტორი: კონსტანტინე ლადარია. კარგი და ახალი ნიმუშია

 

მსგავსი ფენომენოლოგიური  მიდგომები, ზოგადრელიგიური პრობლემატიკის და პოლიტიკის ფონზე ლოკალური ეკლესიის იდენტიფიკაცია  ადრეც შეინიშნებოდა

13. ადამიანური კრიტიკა

კათალიკოს-პატრიარქს უყვარს ხოლმე გამოთქმა: ‚ქართველი ადამიანი’…შემდგომი ტექსტი ყოველგვარი კატეგორიულობის და აკვიატების გარეშე აღმოხდა ქართველს – ერთ  კარგ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს და მეგობარს, მიხეილ ღანიშაშვილს!  და ამით მინდა გავასრულო ეს ჩემი მსვლელობა იერუსალიმისკენ. თუ რატომ იერუსალიმისკენ, ამას სულ ბოლოში მოგახსენებთ.

„სამღვდელოების სახიფათო თამაშები და ჩემი სულის ძრწოლა:ჩვენი საყვარელი დედა-ეკლესია და მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლობა ღრმა კრიზისშია.
1991-92 წლებში მან საკმაოდ ბუნდოვანი და ცუდი პოზიცია დაიჭირა, როდესაც ძმათამკვლელ ომს ხელი არ შეუშალა, როდესაც ქაშუეთის ეკლესია შეიარაღებულ ოპოზიციას დაუთმო მთავრობის სახლზე საიერიშოდ, ხოლო მერე კი გამარჯვებულ ხუნტას წარმატება მიულოცა და სისხლიან ტრიუმვირატსა და მოსკოვიდან მობრუნებულ შევარდნაძეს გვერდით დაუდგა.
ასევე აშკარად დესტრუქციული იყო მისი პოზიცია 2012წლის არჩევნებისას და მანამდეც, როდესაც საკმაოდ მაღალი იერარქები ლამის სამოაქალაქო ომისაკენ მოუწოდებდნენ ერს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ხოლო მათი ქადაგებანი მრევლთან წმინდა წერილის ნცვლად“ქართული ოცნების“სასარგებლო აგიტაცია-პროპაგანდად აქციეს.უკვე წლებია, რაც ისინი უაღრესად რადიკალურსა და ექსტრემისტულ პოლიტიკას აწარმოებენ ყველაფერი დასავლურისა და ლიბერალურის წინააღმდეგ. უკვე წლებია, რაც ისინი ანტაგონიზმს თესავენ და აღვივებენ საზოგადოებაში ყველას მიმართ, ვინც მათი უმრავლესობის წევრი და თაყვანისმცემელი არ არის.ყოვლად მიუღებელია მათი ფუნდამენტალისტური დაპირისპირება ქართველი მუსლიმანების წინააღმდეგ, რაც ერთიანი ქართული ეთნოსის სარწმუნოებრივ ნიადაგზე გახლეჩასა და დაპირისპირებას ემსახურება.ყოვლად მიუღებელია მათი რადიკალური გამოსვლები ებრაელთა სარწმუნოებრივი გამოხატვის საწინააღმდეგოდ, რაც ანგრევს ჩვენი,ქართველი და ებრაელი ხალხების, 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების მშვიდობიან ტრადიციას.

მიუღებელია მათი მხრიდან ქართველთა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრის პუტინის ქება-დიდება და რუსეთის, როგორც საქართველოს ერთადერთ და საიმედო პოლიტიკურ მოკავშირედ წარმოსახვა. მიუღებელია და ამაზრზენი ის რეალობა, რაშიც ჩაფლულია ეკლესიის მსახურთა საკმაოდ დიდი ნაწილი: სარწმუნოებრივი უმეცრება, ამპარტავნება, სნობიზმი, ფულზე და ნაყროვანებაზე გადაგება, სიმდირისადმი და ფუფუნებისადმი მიდრეკა, ბილწსიტყვაობა, სოდომ-გომორული ცოდვანი…ეს სავალალო ტენდენციები, რომელიც ლამის უკვე მათი აზროვნების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესია, ასუსტებს ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, ერს მიაქანებს სიბნელისკენ, თვითიზოლაციისაკენ, ფუნდამენტალიზმისაკენ, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმისაკენ, ხოლო საერო საქმეებში მათი დაუოკებელი ხელის ფათური სახელმწიფოს – თეოკრატიისაკენ.

რა არის, რას ემსახურება ეს ყოველივე?ჩემი ხედვით მხოლოდ ერთ რაიმეს: საქართველომ უარი თქვას დასავლურ სწრაფვაზე, ცივილიზებულ კაცობრიობასთან ერთად ყოფნასა და განვითარებაზე დასაბოლოოდ მიეჯაჭვოს მის მახრჩობელს -რუსეთის იმპერიას! …ჩემი ეს სიტყვები არ არის ჩვენი ეკლესიისა და სარწმუნოების კრიტიკა ან სიძულვილი, არც ვინმეს განქიქება და განკითხვა, ეს არის ძრწოლა და წუხილი ჩემი სულისა, რომელიც ხედავს ამ ყოველივეს, რომელსაც ნამდვილად უყვარს უფალი და უნდა, რომ მისი სამშობლო, აღსავსე ჭეშმარიტი რწმენითა და თავისუფლებით, მიდიოდეს პროგრესისა და განვითარების გზით დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად.- 5.12.2013.

P.S. ამ უმადურ და ვირულ შრომას ვუძღვნი ვირს, ვინც იესო დიდებით შეიყვანა იერუსალიმში!

1333831878_Palm20Sunday204

 დანართი: ეკლესიის აკადემიური კრიტიკა:

ამ სიბნელის ჭვრეტა და გმობა არ დაწყებულა „თუთბერიძეების“ მიერ, როგორც ეკლესიურ ფოლკლორს სურს წარმოაჩინოს.

ამ ჩვენი უახლოესი 2 საუკუნის მიჯნაზე, როცა განსაკუთრებულად ხილვადი შეიქნა კონკორდატის ბაზაზე ეკლესიის მაკონტროლებელ-ძალოვან სტრუქტურად მუტირება, ჩვენი მეცნიერების, კულტურის და მწერლობის მართლაც რჩეულმა ნაწილმა ხმა აღიმაღლა და თეთრზე შავით და სათანადო კვალიფაკაციის დონეზე გვაცნობა მოახლოებული საფრთხის შესახებ.

დავიმოწებ რამდენიმე მათგანს 2001 წელს „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული კრებულიდან- ‘ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’. –

1.აკადემიკოსი ელენე მეტრეველი: „შეთანხმება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანთა უფლებების აღიარებულ საერთაშორისო დეკლარაციას და საზოგადოდ დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი შეთანხმება ზიანს მიაყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მდგარ საქართველოს“.

2. მწერალი ნაირა გელაშვილი: ,,შეთანხმების” მიღება იქნება საბედისწერო შეცდომა. ეს შეცდომა დააგვირგვინებს იმ კურსს, რომელმაც ვერ მოუტანა ბედნიერება ქვეყანას და დააგვირგვინებს შეცდომათა რიგს ეკლესიის მხრიდან“.

3. პროფესორი ზურაბ კიკნაძე: „შეთანხმება კიდევ უფრო გაააქტიურებს იმ „გენეტიკურ მართლმადიდებლებს“, რომელთაც სარწმუნოებრივი უმეცრების გამო მართალი სარწმუნიების დაცვა აგრესიული ქმედებების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. შეთანხმება გახდება დამატებითი ლეგიტიმური წყარო უკუღმართად გაგებული „რჯულის კანონის“ გვერდით, ფსევდომართლმადიდებლური ამპარტავნებისა, რომლის თესლი უკვე დათესილია და ჩვენი საზოგადოება იმკის მის შედეგებს“ .

4.პროფესორი შუქია აფრიდონიძე: ”ვიღაცას (ვის?) თავში მოუვიდა სახელმწიფოს სრული გაძარცვის იდეა!”

5.პროფესორი ალექსანდრე თვარაძე: ”საკონსტუტიციო შეთანხმების პროექტი საქართველოს ფუნდამენტალისტურ ქვეყნად გადაქცევის კონცეფციაა.”

კონკორდატი კი მაინც მიიღეს, ის ცოცხლობს და იმარჯვებს!

 

ჩვენც ვცოცხლობთ!

4 Gedanken zu „Kirchenkritik in Georgien – ein Wegweiser! ეკლესიის კრიტიკ(ოს)ის გზამკვლევი

    • გმადლობთ გაზიარებისთვის! თემა ვრცელია და რასაკვირველია, ყველაფერს ვერ მოვიცავ 🙂 ვამატებ, ვასწორებ და ვაუმჯობესებ! ესააა სავარაუდო ერთსემესტრიანი სპეცკურსი, თუ სადმე დაინტერესდებიან. ზედგამოჭრილი იქნებოდა სასაკადემიისთვის! 🙂 აქ პოპულარული, შემოკლებული ვერსიაა. სამწუხაროდ, კრიტიკოსებს შორის ნაკლები კოორდინაციაა! კარგი იქნებოდა ერთი სიმპოზიუმის ჩატარება, სადაც ყველა კრიტიკოსი გამოვა და თავის კრიტიკულ თეორიაზე ისაუბრებს, მოკლედ შეაჯამებს და აგრეთვე პრობლემის გდაწყვეტის თავის ვერსიას შემოგვთავაზებს! მოკლედ, სამკალი ფრიად არს… 🙂

      Liken

  1. ზელიმხან პატარა კორექტივი „დეზინფექცია“ სულ სხვა არტ-პროექტი იყო რომელსაც დღის სინათლე არ ეღირსა უამრავი უსიამოვნო მიზეზის გამო. შემდეგ ჩამოვაყალიბე ჯგუფი“ საჭიროებს დეზინფექციას“ასე ქვია ჯგუფს და პერფორმანსსაც რომელიც გავაკეთეთ საპატრიარქოსთან. სტატია ძალიან მაგარია.(Y) ისეთივე აქტუალური და დუხიანი როგორიც შენი სხვა დანარჩენი წერილებია.დიდი მადლობა!
    https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-Disinfection-Needed/168404356644292

    Liken

    • გავასწორე თომა&თამარა, და ჯგუფზეც გადადის, აბა ახლა შეხედეთ! ვწუხვარ უზუსტობისთვის, დიდძალი მასალაა! ნეტა თქვენსავით ყველა შე- მეხმიანებოდეს, ვისაც აქ მოვეხსენიებ, სამწუხაროდ კრიტიკოსებს შორის ნაკლები კოორდინაციაა!

      Liken

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s