God is Back ანუ Ⴐელიგიის Α & Ω

Ⴎროლოგი

Ⴀმბობენ, უფრო სწორად, რელიგიის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი თავის დროზე განსაზღვრავდა, რომ რელიგია ღვთის წყალობის მოპოვების ხელოვნებაა. ეს ხელოვნება ძალიან გამხვივნდა თანამედროვე სამყაროში, იმდენად, რომ ზოგჯერ პოსტსეკულარულ დროზეც კია საუბარი. რელიგიის მოქმედმა ბრიტანელმა სოციოლოგმა, Dr. David V. Barrett გამოითვალა, რომ დღევანდელი მსოფლიოს 238 ქვეყანაში დაახლ. 10.000 რელიგია ფუნქციონირებს. შესაძლებელია მასთან შედავებაც, ნამეტანი გადინადირაო, კონფესიებს, განშტოებებს და ეკლესიებს რელიგიის სტატუსს რად ანიჭებსო, მაგრამ ‚რელიგიის‘ გაგებაც იცვლება და რელიგიაც შესაბამისად ახალ სივრცეებს იპყრობს. ის, რაც გუშინ რელიგია არ იყო, დღეს უკვე რელიგიაა. როგორც ჩანს, ‚ღმერთმა‘ არ მიგვატოვა, God is Back, „ღმერთმა თავისი გზა თანამედროვე სამყაროსთან ბრძოლაში უკან დაიბრუნა1“ და რელიგია თანამედროვე კაპიტალისტური სამყაროს მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქცია.

ყველაფრიდან ჩანს, რომ რელიგია დამაფიქრებელია, საჭიროა და ღირს მასზე მსჯელობა. ფრიდრიხ ნითცშეს(Nietzsche) აჩრდილიც მოდგა, ვერ უკუვაგდებთ, მაგრამ 1900 წელს, ის რომ მოკვდა, მსოფლიოში 200 მილიონი მუსლიმი ცხოვრობდა, დღეს მათი რიცხვი მილიარდნახევარია ანუ გაშიდნახევარმაგდნენ… დღეს ევროამერიკული სამყარო და არამხოლოდ ევროამერიკული ისლამიზმის საფრთხეს ებრძვის. ისლამიზმი რომ სხვაა და ტრადიციული ისლამი კიდევ სხვა, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ მხოლოდ ამის ცოდნა ვერ გვშველის. რელიგიური ძალადობა ზოგადი მოვლენაა. საკრალური არამხოლოდ ნუმინოზური, ძალადობრივიცაა. დღეს ერთ-ერთ აქტუალურ აკადემიურ თემად იქცა ზოგადად მონოთეისტური, ერთღმერთიანული ძალადობაც2. რელიგიური საქციელის მიზეზი შიგნითვეა საძიებელი, მაგალითისათვის, ის რაც ჩვენ რელიგიურ ყოფას ჭირს, წარმართობა კი არა, ქრისტიანიზმია.

პროლოგი რომ არ გაგვიგრძელდეს, შევაჯამებთ და ამ ‚ეპისტოლის‘ მიზანს დავსახავთ: დღეს არაფერი ისე საჭირო არაა, როგორც რელიგიასთან კომუნიკაცია. ამ საჭიროების არსებობას ეს დუოხატი კარგად მიგვანიშნებს. კომუნიკაციის უდიდესი თეორეტიკოსი და ყველაზე მრავალრიცხოვანი, მილიარდნახევრიანი რელიგიური ორგანიზაციის საჩინო ლიდერი დიალოგში: მათ ცნობილ სახეებს ალბათ არც კი ჭირდებათ წარდგინება –

habermas2

ქვემოთ ჩვენ არ ვცდილობთ რელიგიის დეფინიციას არც რაიმე ინტელექტუალური ტრიუკის გზით, სახელოვანი ავტორების დამოწმებით ფონსგასვლას. ჩვენ ვცდილობთ დაკვირვებას, პოლითეტური ანუ არაერთფეროვანი პასუხის გაცემას იმ მარადიულ კითხვაზე, თუ რა საჭიროა რელიგია, რა ფუნქციებს ასრულებს ის და რატომ გამოდგა Deus Otiosus აგრერიგად სიცოცხლისუნარი?!

Ⴐელიგიის ფუნქციები

0.ათვლის წერტილია 0. რა ევალება რელიგიას? სამყაროს ახსნა. რელიგია სამყაროს სიმბოლური ახსნაა. მინიშნებებით გვესაუბრება. როდესაც რელიგიის უპირველეს ფუნქციაზე ვფიქრობ, არ მინდოდა ბრმად დავეთანხო ფუნქციონალისტურ-სოციოლოგიურ თეორიებს; მაგალითად რას ამბობენ ერთსადაიმავე წელს დაბადებული ლუკმანი და ლუმანი: უხილავი, ხილული და სისტემატური რელიგია… დავფიქრდი, რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის რელიგია თავისთავად, რომ არ მცოდნოდა მათი თეორიების არსებობის შესახებ…მყისვე  ცოცხალ მაგალითებად ამომიტივტივდნენ ის რელიგიასთან თავსებადი, ცნობისმოყვარე ქალბატონები, რომლებიც სულ რაღაც კითხვებით მოდიოდნენ საპატრიარქოში, მღვდლებთან, მოდიოდნენ მარტო თუ ჯგუფურად, თავისი თუ თავისიანების, ცოცხლის თუ მკვდრის საზრუნავით შეპყრობილნი. თუ საქმე ვერ მიუდიოდათ კარგად, დაიარებოდნენ მეუფე კონსტანტინესთან გამოსალოცად! ამ წამს კი დიდუბის ტაძრის სიტუაცია გამახსენდა, იქ ერთი მაღალი, მოხუცი მღვდელი იჯდა, – ტარიელის მამა, – გვარი დამავიწყდა, დგომა უკვე უჭირდა და იჯდა, მარილს აკურთხებდა და ლოცავდა მიმსვლელ-წამსვლელს. ერთხელ ერთმა ქალბატონმა რაღაც ძაან მიეთ-მოეთური რამ ჰკითხა, ესა და ეს რომ გავაკეთოო? ოდნავ ჩაფიქრდა მამაო და უპასუხა: „არ აწყენს!“… მაშასადამე ცხოვრების შევსება ყოველთვის შეიძლება. ეს „არ აწყენს“ ძაან მოგვეწონა ჩვენ და ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთ ლაიტმოტივად ვაქციეთ!

ეგზისტენციალური კითხვები ყველას შეიძლება გაუჩნდეს; საერთოდ რა ხდება ჩემს ირგვლივ, რატომ ვიტანჯები? ეს დედამიწა რატომაა ასეთი ბრტყელი ან ცა ისეთი შორეული? აი თურმე ადამს რომ შეუცოდია, ის ცოდვა გადმოსულა კაცობრიობაზე ან მამათა სჭამეს კაწახი…რელიგია აზრების კიდობანია, აგიხდიან, დაგათვალიერებინებენ, დაცხრები…

რელიგია შემეცნებით ცნობისმოყვარეობას გიკმაყოფილებს ისე, რომ განსაკუთრებული ღწვა და წვა არ გესაჭიროება, მაგ. 5 წელიწადი ფილოსოფიის ზუთხვა; რაღაც ფორმაში მოყავს მსოფლაღქმის მექანიზმი. ჩვენ ასე გვგონია,რომ რელიგიის მთავარი ფუნქცია აზროვნებითი ფორმალიზმის მოწესრიგებაა.

1.სამყარო კია ასეთი რელიგიის ახდილი კიდობანი რომ მაჩვენებს, მაგრამ მე საით წავიდე? როგორ ვიარო? შეიძლება არცაა ასეთი, -ზოგჯერ ის ჩემი ქალბატონები ვერ თირდებოდნენ, – სხვაგან ეძებდნენ ან სხვა მამაოსთან უფრო მისაღებ პასუხებს, მაგრამ საბოლოოდ რაღაც გზას მაინც დაადგებოდნენ ხოლმე. ზოგი იმოსებოდა, ზოგიც ეკლესიურ კალენდარში ჯდებოდა და ასე იწყებდა ტრიალს ხსნილ-მარხვის წელიწადთან ერთად, ინდურ სამსარასავით. ალბათ ბოლოს ბედნიერნი კვდებოდნენ. ანუ რას ვამბობ? რელიგიის პირველი ფუნქცია ორიენტაციის გაცემაა. ‚აი გზა ქრისტესი, რაც ხსნას, სამოთხეს გვპირდება’… რელიგია გზაა, შინ-ტო ანუ  ‚ღმერთთა გზა‘ და მორწმუნენი კი – მგზავრები.

2.ადამიანის არსებობას თანსდევს შიში. ბუნება, მტერი, შემთხვევა, ბოროტი ძალა, გველკუა, ბედუკუღმართობა, ათასი ყაჩაღი და ოხერი დადის… ეს ყველაფერი შიშს ბადებს. რელიგია ანუგეშებს, აშოშმინებს ადამიანს. ‚ნუ გეშინინ!‘. რელიგია აცხრობს შიშს, მაგრამ ზოგჯერ ნერგავს კიდევაც: ‚შიში უფლისა, როგორც სიბრძნის დასაბამი‘. გაიხსენეთ, რა შიშში და კვლაში ყავს მოსე წინასწარმეტყველს უდაბნოში მოხეტიალე ერი. შეიძლება არატიპიური შემთხვევაა, მაგრამ ‚მოციქულთა საქმეში‘ მოციქულებისგან შერისხული ცოლ-ქმარი შიშით კვდებიან. არაერთი შემთხვევაა, ბავშვები რომ ძალიან ლაბილურად აღიქვამენ ღვთის წყრომის შიშს და ავადდებიან… რელიგია აცხრობს და ბადებს კიდევაც შიშს. ალბათ მაინც პოზიტივი გადაწონის, რადგან სიკვდილის შიში და გაურკვეველი საიქიო რელიგიის ხელთ ნებასაა მიბარებული.

3.კონტინგენტურობის დაძლევა და ბალანსირება. ეს რელიგიის განსაკუთრებუილი ფუნქციაა, სოციოლოგ ლუმანის(Niklas Luhmann) ფილოსოფოს ლუებეს(Hermann Lübbe) და სხვათა მიერ კარგად აღმოჩენილი, კონსტატირებული და გაანალიზებული. საამისოდ გამოიყენება ცნობილი გერმანული სიტყვა-მატარებელი: Kontingenzbewältigungspraxis. შემთხვევითობის დაძლევის პრაქტიკუმი, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ერთი ამი დაიჭირეს, სხვის მაგივრად იჯდა, 25 წელიწადი ხეხა. მსგავსი შემთხვევითობის არიდება კარგი სასამართლო სისტემითაც შეიძლებოდა, მაგრამ რელიგია დამატებითი ფაქტორია; ‚ღმერთი არ გამწირავს!‘, ‚ღმერთმა ხომ იცის სიმართლე‘ და მსგავსი.

4.კონტინგენტურობის რედუცირება. მონათესავე ფუნქციაა, მაგრამ არსებითად სხვა მოცემულობის. მოუხელთებელი, განუსაზღვრელი საფრთხე შესაძლებელია გაცნობის და განსაზღვრის შედეგად ‚მოშინაურდეს‘: ‚ღმერთი კია ამკრძალველი და დამსჯელი, მაგრამ მოწყალეცაა‘.

5.კომპენსატორული ფუნქცია. ამ შემთხვევაში რელიგიას ეკისრება ფუნქცია, რომ ადამიანის დაკარგული უნარი, შანსი და ყოველგვა

index

William James

რი წარუმატებლობა გადაფაროს ‚რჩეულობის‘ განცდით. განსაკუთრებით მარგინალურ, მცირე ჯგუფებს ახასიათებთ. შესაძლებელია ცხოვრებაში ფაქტიურად წარმატებულ კაცსაც ჭირდება რაიმე კომპენსაცია, მაგ. მას აკლდა საკმევლის სუნი ან ქადაგება, სიმშვიდე და ხიდი სხვა სამყაროსთან. კომპენსაცია ფართო ცნებაა. ყოველთვის მოიძებნება მისი საჭიროება, მაგ. სექსუალური სუბლიმაციის სახით და ა.შ. „ბოლომდე მაინც არავის გვიმართლებს, ხოლო აბსოლუტური და მარადიული ბედნიერების პოვნა ჩვენ ყველას მხოლოდ რელიგიაში შეგვიძლია3“.

6.კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა. მოკვდა ქმარი! ცოლი ვერ ეგუება ამ ტრაგედიას, იწყებს საყდარში სიარულს, თითქოს აცოცხლებს ქმარს ყველა წესის და რიგის დაყენებით. საკურთხი, ლოცვა და ა.შ. ან ქმარი გაშორდა. არაერთი ქალბატონი ვიცი, ქმართან რომ პერმანენტული უთანხმოება აქვს და მასთან ურთიერთობას რომ მღვდლის ლოცვა-კურთხევით, მითითებებით და დარიგებებით აგვარებს. იმედგაცრუება, დეპრესია და განუკურნებელი სენი ასევე გზაა რელიგიისკენ. ბედს აგუებს მინიმუმ.

7.იდენტიტეტის დამდგენი ფუნქცია. ზედაპირზე ტივტივებს, როგორც ‚მართლმადიდებელი‘. ასევეა არაერთ სხვა რელიგიაში და კონფესიაში. მართლმადიდებლური იდენტობა დღეს და ჩვენში აღიქმება როგორც ეროვნული იდენტობის განუყრელი ნაწილი. ამ მიმართებით ნეგატიური შედეგებიც სახეზეა, მაგრამ ამჯერად ფუნქციებზე ვსაუბრობთ და არა ფუნქციების ბნელ მხარეებზე თუ მათ ბოროტად გამოყენებაზე. ამ კომპლექსური ფუნქციის ირგვლივ ილიას უნივერსიტეტმა დაწვრილებითი კვლევის შედეგებით გაგვანებივრა, ამიტომ აქ მსგავს თემატიკაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით.

8.ყველაზე დაფასებული ფუნქცია – ინდივიდის საზოგადოებაში ინტეგრაცია. არც კი ვიცი, რა უფრო ეფექტური იქნება ამ ფუნქციის დასასურათხატებლად, ემილ დირკემის(David Émile Durkheim) ციტირება, ჯამში რომ ‚საზოგადოება ღმერთს უდრის‘ თუ პატრიარქის ქადაგების დამოწმება, რომ ‚მარტო რწმენა საკმარისი არაა, საჭიროა ეკლესიურობაც‘. ‚ეკლესიურობა‘ ნიშნავს ინსტიტუციონალურ ინტეგრაციას. ‚მოდით, მოდით!‘ დირკემი პირველი იყო, ვინც რელიგიის მეცნიერულად გამართული დეფინიცია შემოგვთავაზა. ‚რელიგია სოლიდარული სისტემაა‘, საკრალურ წარმოდგენებზე და პრაქტიკებზე ორიენტირებული, რაც საბოლოოდ მორალურ ერთობაში ანუ ეკლესიაში პოვებს გაფორმებას4. იხ. Les formes élémentaires de la vie religieuse. ფაქტიურად რელიგიის სოციოლოგიურმა კვლევამ ფრანგი სწავლული მაქს ვებერთან ერთად აკადემიური სოციოლოგიის მამად აქცია. დირკემი თვითონ იგონებს, მე როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის ცენტრალური როლის შესახებ მივხვდი, ეს ჩემთვის გამოცხადებასავით იყოო. დირკემი მიხვდა, რომ რელიგია არაა ილუზია, რელიგია შიგნიდან ადუღაბებს საზოგადოებას, ხოლო ინდივიდი რელიგიის გზით ახდენს თავის იდენტიფიკაციას საზოგადოებასთან, ასე ვთქვათ, თემ-სოფელთან. გასაგებია, რომ დირკემის აზრები ძაან იმწვიტინეს მარქსისტებმაც და თეოლოგებმაც.

9.რელიგია სუიციდის პროფილაქტიკას ეწევა. ეს კარგად აჩვენა ისევ ემილ დირკემმა თავისი გამოკვლევებით. ტრადიციული თემების, მაგ. კათოლიკურის ან იუდაისტურის წევრები თვითმკვლელობის სტატისტიკით გაცილებით ჩამორჩებიან პროტესტანტულ Milieu-ს, რადგან პროტესტანტებს შორის მეტია ინდივიდუალისტური ტენდენციები. ჩვენშიც ყველამ, ეკლესიურმა და ნომინალურმა მონათლულმაც კი იცის, რომ  ‚თვითმკვლელი ჯოჯოხეთში მიდის‘ …

10.რელიგიის ბიოლოგიური ფუნქცია. შემაჯამებელივით გამოდის. როგორც ჩანს, რელიგიაც ევოლუციის ნაწილია, მას აქტიური როლი ეკისრება ადამიანის გადარჩენაში და ის ტექნოლოგიები, რაც ამ მიმართებით რელიგიამ გამოიმუშავა, – მაგ. ჰიგიენური, თავშეკავების, რიტუალური და საყოფაცხოვრებო წესები ერთად აღებული, ადამიანის გადარჩენას, ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას და გამრავლებას ემსახურება.

11.წარმატების ფორმულა. სადღეისოდ რელიგიურად ორგანიზებული არაერთი თემი ეკონომიკური ბაზრის ანგარიშგასაწევ მოთამაშედ იქცა. თვალნათელი მაგალითი: მებრილიანტე ანტვერპენელი ჯაინისტები ან მოსკოვის საპატრიარქოს ულტრამილიარდული ბიზნესი. კრიტიკული ხმები გვამცნობენ არაერთი იერარქის ბანდიტურ წარსულზე. როდესაც ადამიანი ბანდიტურ გზას ადგება, მას კლავს გამდიდრება-კეთილდღეობის მოპოვების წყურვილი. საამისოდ რამდენი ხიფათის, რისკის და ტყვიის ჯანდარა უნდა გამოიაროს კაცმა. და აი ერთ მშვენიერ დღეს კი იგი აღმოაჩენს, რომ ორგანიზებულ რელიგიაში ანუ ეკლესიაში შეიძლება გაცილებით იოლად უფრო მეტი სიმდიდრე, პატივი და თითქმის ფუფუნებაც კი მოიპოვო, თუ იქაურ თამაშის წესებს მიიღებ და შეიმოსები…ესაც ერთგვარი პატრა გამოცხადებაა. ეკლესია ხომ სოლიდარული სისტემაა, იქ ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით.

12.გართობა, ფიტნესი და დროისკვლა. ეს ფუნქციაც არაა დასაკარგავი. მორწმუნეები რეჟიმში დგებიან თუ ჯდებიან, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები, რადგან დრომ მათთვის ფასი დაკარგა.ბოლოსდაბოლოს, ‚მორწმუნე‘ ან ‚მრევლი‘ სოციალური სტატუსია. რელიგია ხომ ასკეზაა, სულის წვრთნა.

13.ყურადღების გადატანის ფუნქცია. რელიგია ათასგვარ პრობლემას გავიწყებს. მწყემსის ხელში ცხვრებივით ვართ, კატა რომ დაუკიდა ეშმაკმა მეცხვარემ და ნასესხობები გადაატანინა დამშეულ ფარას…

რასაკვირველია, თითქმის ყველა ზემორე ფუნქცია გარდა რელიგიურისა, შეიძლება სხვა ინსტიტუტმაც შეითავსოს, მაგ. სახელმწიფომ, სადაზღვევო კამპანიამ, სანათესაომ, არასამთავრობომ, უნივერსიტეტმა, ფსიქოთერაპევტმა თუ ოჯახმა…… ასევე ეთნიურმა, ნაკლებრელიგიურმა ტრადიციამაც და საერთოდაც პიროვნულმა გონებამ, ფიქრმა და სიყოჩაღემ; განა არ შეიძლება თვითონ გაუმკლავდეს ადამიანი ყოველგვარ გაჭირვებას და რელიგია არც დაიჭირვოს, მაგრამ რაში ჭირდება ადამიანს ეგზომი ძლიერება? რას მოიტანს ურელიგიობა? ესაც კონტინგენტურია! რელიგია სუპერმენებისთვის არაა მოგონილი. არც მე ვწერ მათთვის ამ ყველაფერს.

მოკლედ, ფუნქციონალისტების ფიქრებს ჩემიც მივაყოლე და 1-2 ჩემეული ფუნქციაც შევაპარე! 🙂 ვნახოთ, რა ჩიტი გამოიჩეკება!

სულაც არ მიგვაჩნია, რომ ზემორე სჯანი ამომწურავია ან უნაკლო. პირიქით, შევსებას და კრიტიკას საჭიროებს. ასე, მაგ. ზოგიერთი ფუნქციონალისტი რელიგიას აგრესიების პროფილაქტიკასაც მიაწერს, მსხვერპლის, ტარიგის რიტუალური შეწირვის გზით ხომ აგრესიები განეიტრალდება. ალბათ ეს მომენტი მანიფესტირებს სისხლიან ლომისობაშიც?!

კიდევ ერთი რამ უნდა დავძინო: ჩვენი მიზანი არც რელიგიის კრიტიკაა, არც მისი აპოლოგეტიკა, არამედ რელიგიის აღმოჩენა. ‚ტოტალური ჰერმენევტიკა‘. ხსნა ახსნაშია. რელიგიით დაინტერესებასაც აღმოჩენა ესჭიროება, ხოლო დაინტერესებული ფიქრი ნებისმიერ კულტურულ მოვლენაზე და თუნდაც რელიგიაზე ყოველთვის შეიცავს ‚ევრიკის‘ დაკიჟინების შანსს! როგორც იტყვიან, ჰოირისტული მეთოდი უკვდავია.

რას გვეუბნება ამით პოპვარსკვლავი მადონა? ალბათ რელიგიური სიმბოლოს ჩართულობით აზრობრივად იტვირთება, აზრს სძენს თავის ცხოვრებას, წარმატებას და პოპულარობას რელიგიური საზრისით იფორმებს:

800px-Madonna-cross

Ⴄპილოგი

ცოტა ლირიკა რომ გავურიო, ძველი სიონელი ვარ. ეს გამოთქმა რად ღირს მარტო, ‚სიონისტი‘ ლამის. ამასწინათ გავიარე, 20-მა წელმაც გაიარა…ტევა არაა. გარეთ, შიგნით… კაცი, ქალი, საზიარებელი, მონანული, მარხული და ვინ აღარ?… დიდი, დევებივით კაცები ბაჭიებივით მოკუნტულან. ერთი ბუმბერაზი ჯეელი იდგა გარეთ, მეტანიობდა.

რას უჭერია ეს ამდენი ხალხი, დიდი, პატარა? ზოგჯერ უჩვეულო ვიზიონი, სურათი მიჩნდება ხოლმე: მე უცებ დავინახე ჰიენა, მსხვერპლს ყელშიჩაფრენილი. აი იმას ეჭირა მრევლი. ის არ გაუშვებს, უფროდაუფრო უღრმავებს ბასრ კბილებს.

მაგრამ რაღაც იმედის ნიშანწყალივით გამომყვა ტაძრის ქალების დაინტერესებული მზერა. ეტყობა ყველაიქმავალ კაცს იცნობენ, ყველა მოხარშეს თვალებით. უბრალოდ, რაღაც ახალი ან ვიღაცახალი ჯერაც აინტერესებთ, მიუხედავად  ფუნქციონალისტური ჩაბმულობებისა…იქნებ მათი ქვეცნობიერი გმირს ეძებდა ამ ფორმალური რელიგიურობისგან, ამ რაღაც მონობისმსგავსისგან მათ გამომხსნელს? ასე მომეჩვენა. არ ვიცი, რატომ? ერთი კია, მომეწონა ის და დამაიმედა იმან, რაც მათ თვალებში დავინახე! –

ცნობისმოყვარეობა გადაგვარჩენს!

1 John Micklethwait and Adrian Wooldridge, God is Back

2 Jan Assmann, Monotheismus und die Sprache der Gewalt…

3William James, The Varietes of Religious Experience

4„Une religion est un système solidaire de croyances et de Pratiques relatives à des choses sacrées, c’est-à-dire séparées, interdites, croyances et pratiques qui unissent en une même communauté morale, appelée Église, tous ceux qui y adhèrent“. გერმანულ თარგმანში: „Eine Religion ist ein solidarisches System von Überzeugungen und Praktiken, die sich auf heilige, d. h. abgesonderte und verbotene Dinge, Überzeugungen und Praktiken beziehen, die in einer und derselben moralischen Gemeinschaft, die man Kirche nennt, alle vereinen, die ihr angehören.