რელიგიის კვლევის ცენტრი/Religionsforschungszentrum

რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ცენტრი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი

გუშინ, ქართული ენის დღეს, საქართველოში, საბას უნივერსიტეტში რელიგიის კვლევის აკადემიური ცენტრი დავაარსეთ. იდეა ჩემი იყო, განხორციელება ჩვენი სტუდენტების, რომელთაგან კოორდინაცია ითავა მაგისტრანტმა  სოფია გოზალიშვილმა.

კარგი დღე იყო, მაგრამ იმდენად დაველექტროვდით ყველა, რომ ფოტოების გადაღება ბოლოსღა გაგვახსენდა, როცა სტუმრები უკვე წავიდნენ. მომხსენებლების ბრალია, ერთი წუთით ვერ მოვწყდით თემებს   🙂

მოხსენება რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო პროფილის შესახებ – Religious Studies – სოფია გოზალიშვილმა გააკეთა, აიღო რა ნიმუშად აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტი. იქ როგორც წესი, ‚რელიგიის კვლევის დეპარატამენტი‘ ფიგურირებს! – Department of Religious Studies. თითის ერთი დაწკაპუნებით სრულიად ახალ სამყაროში მოვხვდით!!!

მორმონიზმი და სკოპცობა. სექსუალური კონტროვერსები“. – ასევე ცხოველი ინტერესი და არაერთი კომენტარი დაიმსახურა სტუდენტ ზურაბ ლოგუას მოკლე მოხსენებამ…

ყველაფერი ძაან საინტერესო იყო, თან დიდ ეკრანზე ვაჩვენებდით. მოხსენებები იყო მოკლე, კრეატიული და ტევადი, მცირე ვიდეოს, ფოტოს და კონცეფციის თანხლებით… ასე ვთქვათ მრავალპლანიანი.

ყველაფერი ჩატარდა აკადემიურად და თან ემოციურად.

სტუმარმა – თეოლოგმა ბნ-მა მირიან გამრეკელაშვილმა აღნიშნა  „რელიგიის კვლევების“ (გერმ. Religionswissenschaft) თანამედროვე მნიშვნელობა და ამ საგნით (როგორც მე აღვიქვი) თეოლოგიის ფაქტიური გადაფარვა.

ასევე გვესწრებოდა გერმანიაში მოღვაწე თეოლოგიის დოქტორი, ბ-ნი გივი ლომიძე, რომელმაც ჩვენი ღონისძიება მოიწონა;

არაერთი კეთილი სიტყვა შეგვაწია ფილოსოფოსმა და რელიგიის ექსპერტმა ბნ-მა ავთანდილ ჯოხაძემ, რომელსაც მომდევნო სხდომაზე როგორც საპატიო სტუმარს, მოხსენებითურთ ველოდებით!

უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ისტორიკოსმა და რელიგიათმცოდნემ, ამ საგნის სწავლების მრავლწლიანი გამოცდილების მქონე პროფესორმა – ნუგზარ ბარდაველიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ხელს უშლის ჩვენ საგანმანათლებლო სისტემას რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების, როგორც სპეციალობის, წვდომაში, აღიარებაში და დანერგვაში .

აზრი გამოთქვა და კარგადაც სტუდენტმა ლევან ფუტკარაძემ, რომელმაც შარშან ჩვენთან გაიარა „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის“ სრული კურსი. თანაკურსიდან გვესწრებოდნენ ასევე ქეთი გორდულავა და გიორგი ლაფერაშვილი, რომელთაც სამწუხაროდ ადრე მოუწიათ წასვლამ.

ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, დიდ ეკრანზე ვაჩვენე ეს ჩემი ბლოგი და სტატისტიკა, ვინ, საიდან შემოდის და ა.შ. აქ მათი დროშების ფრიალით მთელი მსოფლიოა ასახული და ათასობით მკითხველი, მაგრამ ჩვენ ამით რა? სანამ ეს საგანი გერივითაა სხვადასხვა სპეციალობების მიერ შვილადაყვანილი, რაიმე აკადემიურ მოსწრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამით იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ ქვეყანაში საამისოდ აკადემიური პოტენციალი არ მოგვეპოვება…საუბარი რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო, აკადემიურ ორგანიზირებას, ინსტუტუციონალიზაციას შეეხება.  ამ სახელმწიფოში ჩვენ არ გვცნობენ, როგორც დამოუკიდებელ სპეციალობას.

ეს არცნობა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებულია, რაზეც წინა პოსტში ვსაუბრობდით.

ჩვენ გვესმის ჩვენი საზღვრები, მაგრამ ერთ შენიშვნას მაინც გავბედავ. საგნის დანერგვა არა ინტელექტუალების, არამედ სპეციალისტების საქმეა. ნიმუშისათვის, 1910 წელს ბერლინში დანიელი ლემანი მოიწვიეს, ხოლო ლაიფციგში, 1912 – შვედი ზოდერბლომი. და თუ ჩვენ რამეს ვამბობთ ამ სფეროში, მხოლოდ გერმანელი სპეციალისტების მუდმივი კონსულტაციით, თანამედროვე მეთოდოლოგიური ლიტერატურის და მეცნიერული მდგომარეობის გათვალისწინებით. ბორბლის გამოგონების სურვილი კარგა ხანია დავკარგეთ. ჩვენ ბრენდის გადმონერგვას ვცდილობთ, მეცნიერულ სუროგატზე ან ისეთ მეცნიერულ ნონსენსზე, როგორიცაა „თეოლოგია და რელიგიათმცოდნეობა“ სხვაგან იკითხონ…

ევროპულმა განმანათლებლობამ მარტო რელიგიის კრიტიკა კი არ მოუტანა ევროპულ ცივილიზაციას, არამედ რელიგიის შემსწავლელი აკადემიური მეცნიერებაც… მაინც რაზეა საუბარი?

ტერმინოლოგიური მრავალფეროვნებაც აბნევს ეტყობა ყველას აქ, ამიტომ გავიმეორებ. ესაა ძველი ტერმინოლოგიით იგივე „რელიგიის ისტორია“. „რელიგიათმცოდნეობა“ კი რუსულის უხეირო კალკია, ჯობია ამ ცნებას დროზე დავალევინოთ ჩაილურის წყალი, ისევე როგორც „საზოგადოებათმცოდნეობა“ გავაქრეთ, რის მაგივრად შემოვიღეთ „სოციოლოგია“ . „ხალხთმოდნეობა“ – ეთნოლოგიაა დღეს და ბოლოსდაბოლოს „თეოლოგიამ“ მოიფიქრა გათანამედროვეობა და რა ემართება ამ უსაშველოდ გრძელ რელიგიათმცოდნეობას? თუმცა, მარტო სიგრძეში არაა საქმე: ჰოლანდიელებს, ბელგიელებს არ უშლით ხელს „ღთისმსახურების მეცნიერებები“, Godsdienstwetenschappen: იხ. ვიდეო.

მოკლედ, „რელიგიოლოგია“ უნდა დამკვიდრდეს და ქართული ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ეთნოლოგიის და თუნდაც ხეთოლოგიის გვერდით ღვიძლ ძმასავით იგრძნოს თავი…

ისევ გუშინდელ სხდომას დავუბრუნდეთ. მამა ზაზამ, ვინც ამ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ „არა როგორც მღვდელმა, არამედ მკვლევარმა“, ყურადღება შედეგებზე გაამახვილა. რას მივაღწევთ ჩვენ ჩვენი ენთუზიაზმით ამ კომატოზური მდგომარეობის ქვეყანაში?

ვნახოთ, აღარ გავგრძელებთ,

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის!“.

1-2 ფოტოსაც დავფენ ბოლოში.

მაგრამ ბარემ 1-2 აბზაცს ცენტრის მიზნებიდან დაგიკოპირებთ:

რელიგიოლოგიური ცენტრი მიზნად ისახავს:

1. დაინტერესებულ აკადემიურ სფეროს, როგორც სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტობას, ასევე განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურს, სრულყოფილად გააცნოს რელიგიის შემსწავლელი აკადემიური მეცნიერების, როგორც დასავლური საუნივერსიტეტო სივრცისათვის ჩვეული და განუყოფელი დამოუკიდებელი სპეციალობის გენეზისი, პარამეტრები, ისტორია, პრინციპები, სკოლები, მეთოდოლოგიები…

2. მისცეს რჩევები, გაუწიოს მეთოდოლოგიური კონსულტაცია ამ სფეროში მოღვაწე ქართულ აკადემიურ პერსონალს, გააცნოს მათ რამდენიმეენოვანი სტანდარტული სახელმძღვანელოები და საგნობრივი ლიტერატურა, საგნის აკადემიური ინტეგრაციის მიღებული წესი და გადახვევები…

3. თუ შემხვედრი სურვილი გაჩნდება, გაუწიოს კოორდინაცია ამ კადემიური საგნის დამკვიდრების მცდელობებს ერთ ან რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტში და ხელი შეუწყოს „რელიგიათმცოდნეობის“ სფეროში დაქსაქსულობის, ურთიერთარცნობის, არაპროფესიონალიზმის აღმოფხვრას.

4. შემოიკრიბოს ამ სფეროთი დაინტერესებული მეცნიერები, სტუდენტობა და შემუშავდეს ერთიანი, ქართულ რეალობასთან ადაპტირებული კონცეფცია და კვლევითი მიმართულებები.

განხორციელების გზებიც? ეს საიდუმლოა!  🙂

P1130436P1130446

P1130441