Religionswissenschaft in Aktion: Proprium und Relevanz des Faches – რელიგიოლოგიის პროპრიუმი და რელევანტურობა

რელიგიის მეცნიერება ქმედებაში: დარგის არსი, პროპრიუმი და რელევანტურობაReligionswissenschaft in Aktion: Proprium und Relevanz des Faches

აბსტრაქტი

Abstract

 

ამ სტატიის მიზანია,  სათანადო უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, მოკლედ გადმოსცეს ‚რელიგიის კვლევის‘ (Academic study of Religion, გერმ. Religionswissenschaft), როგორც საუნივერსიტეტო, თავისუფალი და თვითმყოფადი დარგის, გენეზისის, იდენტობისა და ეტაბლირების ის ევროპული საფუძვლები, რომელნიც, ერთიანობაში აღებული, უკავშირდებიან ზოგადევროპულ საზოგადოებრივ-შემეცნებით განვითარებას და განსაკუთრებულად კი –  ‚რელიგიის‘ უნივერსალური ცნების დაბადება-ჩამოყალიბებას, როგორც რელიგიის კვლევის უშუალო წინაპირობას. გარდა ამისა, რამდენიმე ნიმუშის მაგალითზე ნაჩვენებია რელიგიის კვლევის თანამედროვე დასავლური, საკმაოდ შთამბეჭდავი საუნივერსიტეტო მასშტაბები;  ხოლო ბოლოში, დასკვნის სახით გამოთქმულია  ვარაუდი, რომ ამ დარგის დასავლური კონფიგურაციის მიხედვით ჩვენში ეტაბლირება, – როგორც მეცნიერული, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერსპექტივების გათვალისწინებით, – არამხოლოდ რელევანტური, არამედ სავსებით შესაძლებელიცაა, თუკი საამისო ნება გაჩნდება და  დარგის აკადემიური ისტორია, თეორია, მეთოდები და მეთოდოლოგია ანუ  ჯამში – მთელი მისი პროპრიუმი გვეცოდინება.

 1.რელიგიის მეცნიერების დაბადება

‚რელიგიის კვლევა‘ (Study of Religion, Religionswissenschaft) დამოუკიდებელი  საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული დარგია.  შეისწავლის რა რელიგიასა და რელიგიებს, რელიგიურობასა და რელიგიურ მსოფლხედველობებს კულტურული წიაღის ფონზე, მრავალმხრივ (კომპლექსურად) და ცხოვრების სხვა მხარეებთან კავშირში (კონტექსტუალურად), იგი არცერთ რელიგიასთან, არანაირ თეოლოგიასთან, არც ეკლესიასთან და არც იდეოლოგიასთან თავს არ  აიგივებს.

რელიგიის მეცნიერება შედარებით ახალგაზრდა აკადემიური დისციპლინაა. მან, როგორც თვითმყოფადმა მეცნიერებამ, სოციოლოგიის, ეთნოლოგიის და ფსიქოლოგიის მსგავსად,  უმრავლეს ევროპულ უნივერსიტეტებში პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო  დაფუძნება.“[1]

რელიგიის ინსტიტუიზირებული კვლევა ანუ „რელიგიის მეცნიერული რეფლექსიის დინებაში[2] მოქცევა ცივილიზატორული ფაქტორია, თავისი ისტორიითა და მეცნიერული თეორიით ტიპიურად დასავლური ანუ ოქციდენტალური  მოვლენა, ზოგადევროპული განვითარების შედეგი და „დასავლურ-ევროპული სააზროვნო კულტურის პროდუქტი.[3]

‚რელიგიის მეცნიერება‘, როგორც ახალი პარადიგმა პირველად გამოჩნდა ფრიდრიხ მაქს მიულერის (Friedrich Max Müller, 1823-1900) ესეების კრებულში Chips from a German Workshop[4], ხოლო XIX ს. ბოლო მეოთხედში და XX ს. დასწყისში ამ დარგის საუნივერსიტეტო დაფუძნება განვითარებული  ევროპულ ქვეყნების, შვეიცარიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, ბოლოს გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნებში ეპოქალურია. „საუნივერსიტეტო დარგის დაბადებას, როგორც წესი, კათედრის აღმართვა განამტკიცებს. რელიგიის მეცნიერებისათვის ეს განხორციელდა პირველად ჟენევაში (1873), ლაიდენსა და ამსტერდამში (1877), პარიზში (1880) და ბრიუსელში (1884).[5]

ყოველგვარ მეცნიერებას უპირველეს ყოვლისა, შესწავლის მტკიცედ განსაზღვრული საგანი ესაჭიროება. ამ კერძო შემთხვევაში ეს საგანი ანუ „რელიგია“ – როგორც უნივერსალური, ზოგადამიანური კულტურულ-რწმენითი სისტემების გამაერთიანებელი ცნება გვიანევროპული მოვლენაა. „სრულიადაც არაა  გასაოცარი, რომ რელიგიის მეცნიერებამ […] არსებითად რელიგიის დასავლური  ცნებებით იმუშავა.[6]  საკმარისია ამ მიმართებით აღინიშნოს, რომ „რელიგია“ ყველა რელიგიის მისამართით პირველად ჰოლანდიელმა თეოლოგმა ჰუგო გროციუსმა გამოიყენა.[7] ევროპაში მანამდე ჩვეულებრივ საკუთარ რელიგიას „ფიდესად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო სხვებისას კი ეწოდებოდა  „სექტა“, „იდოლატრია“, საუკეთესო შემთხვევაში კი Lex ანუ  მიმდინარეობა. მართალია, ქრისტიანობამ Religio  თავიდანვე გამოყო, გამოაცალკევა  რომაული კულტურისგან, რათა ეს კულტურა მის გარეშე აეთვისებინა, მაგრამ religio მაინც გადარჩა,  შემორჩა რა ის ბერულ მოწესეობას და უბრალო ბერები ჩვეულებრივ, „რელიგიოზუსებად“ იწოდებოდნენ. ინგლისური დეიზმის, „ბუნებრივი რელიგიის“  და ფრანგული განმანათლებლობის დამსახურებაა „რელიგიის“, როგორც  ზოგადადამიანური თვისების და მოვლენის ხელახალი აღმოჩენა, მისი განზოგადება და დამკვიდრება: „ეს დამსახურება წილად ხვდა ეგრეთწოდებულ რელიგიის დეისტურ ფილოსოფიას. განმანათლებლობის ფილოსოფიამ მისი ღვაწლი გააგრძელა[8], მართებულად აღნიშნავს რელიგიის კვლევის, როგორც თვითმყოფადი აკადემიური დარგის ერთ-ერთი სისტემატიკოსი Joachim WACH.

 

„რელიგიის“ აბსტრაჰირება, რაც რელიგიის კვლევის მეცნიერულ კონცეფციად ჩამოყალიბების საფუძვლად უნდა ქცეულიყო, ზოგადევროპული განვითარების შედეგია. XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჩვენ მივიღეთ „რელიგია“, როგორც „ახალი დროის ძირითადი ცნება.“[9] –  ასკვნის რელიგიის ცნების ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტალური  ნაშრომის ავტორი – Ernst FEIL.

 

რომ არა „რელიგიის“ ახალი დროის ევროპული ცნება, რასაკვირველია შეუძლებელი იქნებოდა არამხოლოდ ეს თანამედროვე დებატები „რელიგიის კვლევის“ ირგვლივ, არამედ, ასევე, საერთოდ, რელიგიის მეცნიერული კვლევის ობიექტად ქცევა და „რელიგიო-ლოგიის“, როგორც მეცნიერების ინსტიტუციონალიზაცია. რელიგიის ზოგადი ცნების დამსახურებაა, რომ  არამხოლოდ ცალკეული რელიგიების, არამედ საერთოდ რელიგიის, მისი არსის და ამოცანების შესახებ საუბარი შეიქნა შესაძლებელი; ჩამოაყალიბეს რა ის, ევროპელებმა შეძლეს „რელიგიის საერთო ზოგადი ცნებით ურთიერთშორის და ენობრივი საზღვრების იქითაც, ნაცვლად ერთეული რელიგიებისა,  ზოგადად რელიგიაზე, მის არსსა და ამოცანებზე ესაუბრათ.“[10] 

სადღეისოდ რელიგია არაერთი მეცნიერული დარგის გაცხოველებული კვლევისა თუ შესწავლის ობიექტად იქცა[11] და მთლიანობაში განსაკუთრებულად შესამჩნევია 7 მიმართულება:

  1. ‚რელიგიის კვლევა‘ Fach, Diszipline ანუ უშუალოდ რელიგიის კვლევის დარგი – ‚რელიგიის მეცნიერება‘, რაც აქ საუბრის ძირითადი თემაა; ესაა რელიგიის კვლევის მაგისტრალური, მთავარი მიმართულება, რაც სათანადო პროფესიულ მომზადებას საჭიროებს.

  1. რელიგიის კვლევის ზოგადი ველი, Forschungsfeld, რაც გადაზრდილია ინტერდისციპლინარულ დისკურსში და ფართო მეცნიერული პოლიგონია, რასაც ჩვეულებრივ ‚კულტურული შტუდიები‘, Cultural Studies ეწოდება;

  1. სუბდისციპლინარული სფეროები (მაგ. რელიგიის სოციოლოგია ან რელიგიის ფსიქოლოგია);

  1. ბიოლოგიურ – კოგნიტიური სპეციალობა.

ამათგან მეორე ვერსია ანუ რელიგიის კვლევის ველი, როგორც Cultural Studies  განსაკუთრებულად ხაზგასმულად მოქმედებს „ინტერდისციპლინარული დისკურსის“ ეგიდით; ამავე მიმართულების აღსანიშნავად ზოგჯერ ხმარებაშია ასევე მრავლობითი „რელიგიის კვლევები“ ანუ Religious Studies, გერმ. Religionswissenschaften. ეს გამოთქმა დიფუზიური, დაუზუსტებელი და ინფლაციურიცაა, რამდენადაც იგი გამოიყენება არამხოლოდ უშუალოდ დარგის აღსანიშნავად, არამედ რელიგიის კვლევის ზოგადი ველისა და თვით ეკლესიურად მოტივირებული „კვლევების“ აღმნიშვნელადაც კი. სწორედ ამ გარემოებამ მოიტანა, რელიგიის კვლევის, როგორც პროფესიული დარგის აღმნიშვნელ ტერმინად, დილეტანტიზმისაგან თავდასაცავად ‘რელიგიის აკადემიური კვლევის’ შემოღება. მესამე ვერსიაში სუბდისციპლინარული სფეროები განიხილებიან არამხოლოდ მათი სახელწოდების ქვეშ (ანუ არამხოლოდ როგორც როგორც სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის სფერო), არამედ რელიგიის კვლევის დარგის სისტემატურ სუბდისციპლინებადაც.[12] მეოთხე ანუ საბუნებისმეტყველო Cognitive Science of Religion უახლესი დისციპლინაა და მისი ინტეგრაცია რელიგიის კვლევის დარგთან ამჟამად მიმდინარეობს, ყოველშემთხვევაში, ერთგვარი ინტეგრაციის მცდელობა შეინიშნება.[13] სხვათაშორის, კოგნიტიური მიმართულების ზოგიერთი, მაგ.  „ძვირი სიგნალის თეორია“ (costly signalling theory), რაც ცხოველთა საქციელის რელიგიურ საქციელთან შესადაგებაში გამოიხატება, შესაძლებელია საქართველოს  რელიგიური სიტუაციის ასახსნელადაც კი  გამოდგეს.[14]

  1. ე.წ. ინტეგრალური – Integrale Religionswissenschaft, რომელიც 2006 წლიდან იწყებს ისტორიას და უკავშირდება ბოხუმელი სპეციალისტის, Volkhard KRECH – ის სახელს. კრეხის კონცეფცია და პროგრამა, რაც მან გადმოსცა თავის წერილში – „საით რელიგიის მეცნიერებითურთ?“[15], პრაქტიკულად რელიგიის კვლევაში არამხოლოდ უშუალოდ დარგის სპეციალისტთა, არამედ სოციო-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფართო სპექტრის ჩართვას მოიცავს.[16]

  1. სოციო-რიტორიკული სკოლის ერთ-ერთ მოთავედ მოიაზრება ჩრდილოამერიკელი სპეციალისტი Timothy FITZGERALD, რომელმაც 2000 წელს, ნიუ-იორკში გამოცემულ წიგნში – „რელიგიის კვლევების იდეოლოგია“, (The Ideology of Religious Studies) გვაუწყა ორივე ცნების: როგორც „რელიგიის“, ასევე „რელიგიის კვლევების“ დასასრული. მისი მოსაზრების თანახმად, „რელიგიის“ ცნება „კულტურის ცნებაში“, ხოლო „რელიგიის კვლევები“ „კულტურის კვლევებში“ უნდა გაზავდეს და ჩაიკარგოს![17]

  1. არანაკლებ საინტერესოა ერთი ირანული წარმოშობის გერმანელი სპეციალისტის პარადიგმაც, რაც ინტერკულტურული რელიგიოლოგიის სახელით კრებულადაც მანიფესტირდა, როგორც „ინტერკულტურული რელიგიოლოგიის საფუძვლები“: Hamid Reza Yousefi (2006): Grundlagen der interkulturellen Religionswissenschaft….

ესაა ის ყოველივე რაც,  ძალზე მოკლედ შეიძლება ითქვას „რელიგიის კვლევის“, როგორც აკადემიური მოვლენის,   განშტოებებისა და „სქიზმატური“ მიმდინარეობების თაობაზედ.

ჩვენი დარგის გაგება იწყება მისი გამიჯვნით თეოლოგიისა და რელიგიის ფილოსოფიისაგან. ვისაც ამის უნარი არ შესწევს, ან არ სურს, ამაოდ დაშვრება და მოცდება ამ სტატიის კითხვით. როცა ‘რელიგიის კვლევის’ ეტაბლირებაზე მიდგება საქმე, აქ ორი არჩევანია და უნდა ვიცოდეთ რა გვინდა? 1. ვქმნით საკუთრივ დარგს ანუ ვაყენებთ ‘ბრენდს’ და შევდივართ კომუნიკაციაში უცხოელ სპეციალისტებთან; თუ 2. ვქმნით დარგის სუროგატს, რაც იოლია (რა მნიშვნლეობა აქვს რა ერქმევა ამ სუროგატს ფილოსოფიის, თეოლოგიისა თუ სოციოლოგიის დაქვემდებარებაში: „რელიგიის კვლევები“ თუ „რელიგიათმცოდნეობა“?) და ვმოქმედებთ პრინციპით:  feci quod potui, faciant meliora potentes.

ზოგი რამ სტატისტიკიდან: ბოლო ჩვენს ხელთ არსებული  მონაცემებით, დარგში გერმანიაში 35 პროფესურა მოქმედებს. სტუდენტების რაოდენობა: როგორც ძირითად სპეციალობას, რელიგიოლოგიას დაახლ.  4.400 სტუდენტი ეუფლება.

დავუბრუნდეთ საკუთრივ დარგს, როგორც ზოგად რელიგიოლოგიას (Allgemeine Religionswissenschaft). დარგის ძირითადი ამოცანა ინტერდისციპლინარული დინებების საკუთარ კალაპოტში მოქცევაში მდგომარეობს: „Was wir brauchen, ist die Umleitung der Kulturwissenschaftlichen  Ströme in das Bett der Religionswissenschaft.[18]

ორიოდ სიტყვით ისევ დარგის სახელდების დაზუსტების მიზნით. „რელიგიის კვლევა“, Study of Religion თანამედროვეა, ჩრდილოამერიკული ვერსიით, Academic Study of Religion დაზუსტებული და სახეცვლილი ვარიანტია, ხოლო თავდაპირველად, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დარგი იწოდებოდა როგორც ‘რელიგიის მეცნიერება’ Science of Religion, რაც არაერთ ევროპულ ენას დღემდე შემორჩა და ამის მაგალითებად შეიძლება გამოდგეს გერმ. Religionswissenschaft, ფრანგ. Science des Religions ან les sciences religieuses იტალ. Szience della Religione და ა. შ. არაიშვიათია ნოვატორული ტერმინიც, როგორიცაა, მაგ. ჩეხური Religionistika. ასევე ტრადიციული, მაგ. ჰოლანდიური Goddienswetenshap ან ბერძნ. Θρησκειολογία. ტერმინოლოგიური დაძველების პრინციპს რომ გავყოლოდით, ალბათ ქართულად გვექნებოდა „რჯულთმეცნიერება“, ხოლო ნოვატორულით – რელიგიოლოგია. ეს მეცნიერული დარგი ქართულ სიტყვათხმარებაში ამჟამად გვევლინება  სხვადასხვა სახელით, როგორიცაა მაგ. ‘რელიგიათმცოდნეობა’, ‘რელიგიის კვლევები’, ‘რელიგიის მეცნიერება’ ანდა უფრო ტრადიციული და გასაგები ‘რელიგიათა ისტორია’. ცხადია, რომ ქართული მრავალსახელოვნება  დარგის ინტერნაციონალური მრავალსახელოვნების ანარეკლია, რაც თავის მხრივ მის გენეზისს და შიდასკოლების მრავალფეროვნებას უკავშირდება. რადგანაც კონცეპტუალურად არც ‘რელიგიათმცოდნეობა’ და არც ‘რელიგიის კვლევები’ არ ემთხვევა დასავლური კონფიგურაციის მქონე თვითმყოფად დარგს, ამიტომაც ამ დარგის აღსანიშნავად ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ახალი ცნება ‘რელიგიოლოგია’. სოციოლოგია, ფსიქოლოგია და რელიგიოლოგია ის ძირითადი დარგებია, რომლებიც განსაკუთრებულად არიან რელიგიის, რელიგიებისა და რელიგიურობის შესწავლით დაინტერესებულნი. რელიგიოლოგიას სხვა დისციპლინებისაგან განასხვავებს ის, რომ იგი რელიგიას განიხილავს ნეიტრალურად, არა როგორც რაიმე სიმპტომს (როგორიცაა მაგ. ‘კოლექტიური ინტერაქციის აქტი’ ან ‘კოლექტიური ნევროზი’), არამედ როგორც კომპლექსურ და კონტექსტუალურ, ვარიაბელურ, ცვალებად და ცოცხალ მოცემულობას. დებატები ჩვენი დარგის იდენტობის, მეთოდოლოგიის, ინტერდისციპლინარულობის შესახებ დღესაც აქტუალურია გერმანულ თუ ჩრდილოამერიკულ საუნივერსიტეტო სივრცეებში,[19] არაერთი პირველხარისხოვანი ჟურნალი გამოდის, რითაც ყოველივე ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაღალაკადემიურ დონეზე დასტურდება, განივრცობა  და ამ მცირე სტატიას მხოლოდ გზამკვლევის ფუნქცია ეკისრება. მეცნიერება უპირველეს ყოვლისა ხომ კომუნიკაციაა.

26219916_1894440920579747_3065861137131649228_n

 2. მთავარი თეზა: გენეზისი. – საკუთრივ ვისი, რა ეპოქის პირმშოა რელიგიის კვლევა?

მთავარი თეზა ანუ ‚რელიგიის კვლევა‘ როგორც ზოგადევროპული განვითარების ნაყოფი არაერთგავროვან პასუხებს ითხოვს და პოულობს კიდევაც. დარგის აღიარებული სპეციალისტების (Gerardus Van der LEEUW, Gustav MENSCHING, Peter HARISSON…) თანახმად, რელიგიის კვლევა „განმანათლებლობის პირმშოა“ (Ein Kind der Aufklärung) ბერლინში მოღვაწე თანამედროვე სპეციალისტი, ჰორსტ იუნგინგერი აზუსტებს: „პირველად განმანათლებლობის ეპოქაში იყო ადამიანური გონების ავტონომია  და მისი რელიგიური აზროვნებისაგან ემანსიპაცია იმდენად წინწასული, რომ რელიგიის წმინდად მეცნიერული განხილვა წარმოშობილიყო.[20]

 

ამავე დროს, რენესანსი, რეფორმაცია, ჰუმანიზმი, განმანათლებლობა და თვით განმანათლებლობის რომანტიკული კრიტიკაც მნიშვნელოვანია. ცნობილი ბრიტანელი სპეციალისტი Eric J. SHARPE, ფიქრობს, რომ ევოლუციონიზმ / დარვინიზმ / სპენსერიანობას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, ამერიკელ Jonathan Zettel SMITH კი მიიჩნევს, რომ რელიგიის კვლევა ჰუმანიზმის პირმშოა, ხოლო რელიგიის კვლევის გერმანელი კლასიკოსი Hans Gerhard KIPPENBERG უპირატესობას ანიჭებს რომანტიზმს და შლაიერმახერისეულ „საუბრებს რელიგიაზე“.[21]

დარგის გენეზისის თაობაზედ უფრო ზუსტად რომ ჩამოვყალიბდეთ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არასწორია ‚რელიგიის მეცნიერების‘ თეოლოგიასთან დაკავშირება. დასაწყისში დგას ფილოლოგია.  „რელიგიის მეცნიერებამ დაიწყო როგორც ტექსტის მეცნიერებამ[22] ანუ ტექსტოლოგია რელიგიოლოგიის დასაწყისად მოგვევლინა. პიონერული სამუშაო აღმოსავლეთმცოდნეებმა გასწიეს. ამიტომაც დგას  ‚რელიგიის მეცნიერების‘ სათავეში გერმანული წარმოშობის სანსკრიტისტი, ფრიდრიხ მაქს მიულერი, ვინც ვიქტორიანული ეპოქის ოქსფორდში, თავისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან მონაკვეთში ახალი მეცნიერების თეორიული და ქრესტომათიული საფუძვლები შექმნა; იგი ფიქრობდა, რომ რელიგიის კვლევის სანდოობას ფილოლოგიური განსწავლულობა უზრუნველყოფს.[23]

რელიგიის კვლევა, როგორც მეცნიერული დარგი არამხოლოდ ტიპიურად ოქციდენტალური მოვლენა და მეცნიერული ძალისხმევაა, არამედ იგი ოქციდენტისა და ორიენტის შეხვედრის შედეგიცაა: ფრიდრიხ მაქს მიულერმა მოასწრო 1879-1898 წწ. „აღმოსავლეთის წმინდა წიგნების“ 50 – ტომეული გამოეცა, რითაც ახალ მეცნიერებას სათანადო ქრესტომათიული საფუძველიც შეუქმნა.[24]

რელიგიის მეცნიერების დაფუძნებაში მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არამხოლოდ ახალი ტექსტების აღმოჩენამ და თარგმნამ, არამედ  ახალი კულტურების, მათ შორის, არქაულის აღმოჩენამ და შესწავლამ.

მთლიანობაში აღებული, რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ანუ აკადემიური რელიგიოლოგიის წარმატების ფორმულა უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობდა იმაში, რომ უკვე XIX საუკუნეში, როდესაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა დაიძაბა,  ეს დარგი თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი სამეცნიერო კვლევის სიმბოლოდ იქცა.[25] სხვადასხვა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, ახალი კუნძულების, უდამწერლობო ხალხებისა და კულტურების, მათი რელიგიური წეს-ჩვეულებების, სიმბოლიკისა და სიტყვიერი მარაგის შესწავლამ კაცობრიობას თავის დასაბამისკენ მიაპყრობინა მზერა, აზრობრივად გააერთიანა იგი და ახალი ბიძგი მისცა რელიგიის ფენომენით მეცნიერულ დაინტერესებას. დასაბამიერ, ზოგადკაცობრიულ რელიგიას ფილოლოგი მიულერი თუ ინდურ ტექსტებში ეძებდა და პოულობდა, ეთნოლოგი ტაილორი არქაულ კულტურებში ხედავდა ზოგადკაცობრიული კულტურის დასაბამიერ სტრუქტურას.[26] იმით, რასაც იგი 1868 წელს, მიულერის  რელიგიისმეცნიერულ ესეებთან დაკავშირებით წერდა, ინგლისის ვიქტორიანული ეპოქის განათლებული წრეების სულისკვეთებას გამოხატავდა:   ინგლისში რელიგიისადმი ინტელექტუალური ინტერესი აშკარაა [..] ის დრო აღარაა რომ ფარდები გავაფაროთ, დარაბები ჩავკეტოთ და სუფთა სინდისით ვამტკიცოთ, რომ თითქოსდა ნათელი არ არსებობდეს.“[27]

თავის მხრივ რელიგიის კვლევის, როგორც საუნივერსიტეტო დარგის მამა – მაქს მიულერი იმედოვნებდა, რომ  რომ ეს ახლადდაფუძნებული მეცნიერება მსოფლიოს ახალ ასპექტს და თვით ქრისტიანობას  ახალ სიცოცხლეს  მიანიჭებდა:

The Science of Religion may be the last of the Sciences, whit wich man is destind to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give new life to Christianity itslelf.[28]

 

 3. „რელიგიის კვლევა“, როგორც დასავლური მეგა-პროექტი

რელიგიის აკადემიური კვლევის თანამედროვე მასშტაბების დათვლისას გერმანელი სპეციალისტების გულისტკივილი, რომ რელიგიის მეცნიერება ჯერაც პატარა დარგია (Kleines Fach) შემაცდენელია (Irreführend). „პატარა“ იგულისხმება თეოლოგიასთან შედარებით, რადგან თეოლოგია როგორც კათოლიკური ასევე ევანგელური ფაკულტეტებისა და უზარმაზარი ფინანსებით, თეოლოგიუკუმებით, ათასობით  ასისტენტ-დოქტორანტ-პროფესორითა და 700-800 პროფესურით  ადიდებულ, მღვრიე მდინარეს წააგავს.

გერმანიაში ამჟამად რელიგიათმცოდნეობის 117 სამაგისტრო პროგრამაა ამოქმედებული. რელიგიის კვლევა ანუ „რელიგიის მეცნიერება“ დაახლ. 30 გერმანულოვან  უნივერსიტეტშია, როგორც სპეციალობა ანუ Studiengang.[29] ფილოსოფიის თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე მოღვაწეობს რელიგიის მეცნიერების ინსტიტუტი, კათედრა თუ ცენტრი;

კვლევითი მუშაობა: შვეიცარიის 7, მათ შორის 2 ფრანგულენოვან და 5 გერმანულენოვან უნივერსიტეტში აღიცხვაზე და ოფიციალურად მზადდება 60-ზე მეტი დისერტაცია და 10-ზე მეტი ჰაბილიტაცია.[30]

რელიგიის კვლევა, როგორც გლობალური ინგლისურენოვანი პროექტი: department for the study of religion ამ მომენტისათვის 0, 61 წამში იძლევა 18. 700 000 მონაცემს; department of religious studies 11. 900 000 რეზულტატს, ხოლო გერმანული institut für religionswissenschaft 103 000 მონაცემით გვევლინება.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რელიგიის მეცნიერების, ჩვენში დამკვიდრებული ტერმინით, ‘რელიგიათმცოდნეობის’ მკაფიო გამიჯნულობა თეოლოგიისაგან და აგრეთვე, – რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, – გასული საუკუნის 60-70 – იან წლებში დარგის შიგნით მომხდარი ემპირიული გარდატეხის (Empirical Turn) შესახებ, რის შედეგადაც იმ დროისათვის დომინანტური ფენომენოლოგიური მეთოდოლოგია უკუგდებულ იქნა[31]  და დარგის თანამედროვეობას ემპირიული, სოციო-ჰუმანიტარული (კულტუროლოგიური) მეთოდები და მეთოდოლოგია განსაზღვრავს.

 

4.რელიგიის კვლევის რელევანტურობა

რაში მდგომარეობს რელიგიის მეცნიერების ანუ რელიგიის არარელიგიური კვლევის საზოგადოებრივი ღირებულება, რელევანტურობა (აუცილებლობა) და საკუთრივ მისი პრაქტიკული მნიშვნელობა? რასაკვირველია, არცერთი მეცნიერული დარგი და მათ შორის არც რელიგიოლოგია რაიმე ეგზისტენციალურ გამართლებას არ საჭიროებს, რადგანაც ყოველგვარი შემეცნებითი ინტერესი და მათ შორის, რელიგიის ფენომენით დაინტერესება თვითონ ადამიანური ეგზისტენციის, კულტურისა და ისტორიის ნაწილია.

გარდა შემეცნებითი, წმინდა საგანმანათლებლო ინტერესების დაკმაყოფილებისა, რელიგიის შემსწავლელ აკადემიურ მეცნიერებას, როგორც სახელმწიფოებრივი მოდერნიზაციის, ინტეგრაციის, მიგრაციის პროცესის ხელშემწყობ და დამარეგულირებელ ფაქტორს, სათანადო პრაქტიკული საჭიროების ფუნქციაც ენიჭება. დარგის ამ ფუნქციის შესახებ მსჯელობას ერთ-ერთი გერმანელი მინისტრი ჰაიდელბერგში, 2011 წელს: „რელიგიის მეცნიერება, იკვლევს რა რელიგიას კულტუროლოგიური ასპექტით და მოაქცევს რა ამით თავის ფოკუსში რელიგიის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქმნის და ავითარებს ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნას რელიგიურ-კულტურული ინტერაქციების, რელიგიის შეცვლილი როლის, რელიგიური მინორიტეტების შესახებ და ა.შ. ამით რელიგიის მეცნიერება წარმოაჩენს თავს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელსაც შეუძლია მეტად ღირებული რეკომენდაციები გასცეს საზოგადოებრივი პრაქტიკის, საგანმანათლებლო სისტემის, ინტერკულტურული, ტოლერანტული და სხვა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროებში…“[32]

დასკვნა

ამრიგად, რელიგიის საუნივერსიტეტო, აკადემიურად ორგანიზებული კვლევა დასავლური ისტორიის და აკადემიური განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ეს დასავლური თანამედროვეობაა და მოიცავს ათეულობით ფაკულტეტს, კათედრას, ინსტიტუტს, დეპარტამენტს, ასევე რელიგიის კვლევის ათეულობით ინტერნაციონალურ ორგანიზაციებს, ჟურნალებს და მეცნიერულ პროექტებს… ამ საქმეში და მეცნიერულ შემოქმედებაში ასეულობით აკადემიური კადრია ჩაბმული და ეს ის დიდი სამეცნიერო–ინტელექტუალური სამყაროა, რომლის შემადგენლობასაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ არ ვეკუთვნით. საკითხავია, რატომ არა?  რამდენად კანონზომიერია ეს მდგომარეობა დასავლეთთან ინტეგრაციის პირობებში?

რელიგიური კონსერვატიზმი, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთ გადაუწყვეტ პრობლემად იქცა  და ტრადიციული ეკლესიის რეფორმუუნარობას განაპირობებს, ჩვენი აზრით, შედეგია იმისა, რომ ეკლესია ამ პირობებშიც ანუ შუასაუკუნეობრივ მოდელზე აწყობილიც კი, საკმარის ზეგავლენას ფლობს ხალხზე და ხელისუფლებაზე. ეს ზეგავლენა კი პირდაპირი შედეგია რელიგიის პრაქტიცირებასა და მის რეფლექსირებას შორის არსებული ასიმეტრიის, დისჰარმონიისა. რელიგიაზე კომპეტენტური მსჯელობა ამ ჩვენს ჯადომოუხდელ, განუხიბლველ და ტაბუმსხმოიარე ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა. რელიგიის მიმდევრობა (Ausübung der Religion) სახელმწიფოსგან უზომოდ ფინანსდება და რადგანაც რელიგიის საუნივერსიტეტო კვლევა ზოგადად დავიწყებულია, დაირღვა ბალანსი, პარიტეტი და წონასწორობა პრაქტიკულ და „თეორიულ რელიგიას“, რელიგიის პრაქტიცირებასა და რელიგიის რეფლექსირებას შორის.  აქედან გამომდინარე, სანამ რელიგია შემეცნების ობიექტად და ინსტიტუიზირებული კვლევის საგნად არ იქცევა და რელიგიის კვლევა რელიგიის  ‘მიყოლასთან’ (პრაქტიცირებასთან) შედარებით პრიორიტეტს არ მოიპოვებს, მანამდე რეფორმების აუცილებლობას საქართველოში და ქართულ ეკლესიაში ვერავინ შეიგრძნობს! თავისთავად ცხადია, აქედან გამომდინარე, რატომაცაა დღეს საქართველოში რელიგია საშიში, არათავისუფალი, ანტილიბერალური!

p.s. დარგის ერთ-ერთი თეორეტიკოსის, Kurth RUDOLP – ის    არაერთგზისი განმარტების თანახმად, ‚რელიგიის მეცნიერება‘ (=Religionswissenschaft) „გონის მეცნიერებათა“ ანუ ჰუმანიტარულ / კულტუროლოგიურ  სამყაროს ეკუთვნის.  – „Kosmos der Geisteswissenschaften“[33]. საქართველოში ამ შორეული „კოსმოსიდან“ ანუ რელიგიის ინსტიტუიზირებული კვლევის  გალაქტიკიდან შუქს ვერ მოუღწევია.  ანდა იქნება მოაღწია კიდევაც, მაგრამ საუნივერსიტეტო დარაბებია ჩარაზული?

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer. HrwG, I.

  2. Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer.

  3. Feil, Ernst (1986, 1997, 2001, 2007): Religio. Die Geschichte eines         neuzeitlichen Grundbegriffs. I-IV Bände. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht, III.

  1. Führding, Steffen (2015): Jenseits von Religion? Zur sozio-rethorische „Wende“ in der Religionswissenschaft. Bielefeld: Transcript

  2. Grotius, Hugo(1972): „De Veritate Religionis Christianae“, Editio Novissima, in: H.G., Operum Theologicorum Tomus I-III, Amsterdam, MDCLXXIX, Stuttgart-Bad Cansstatt, Nachdruck.

  3. Haußig, Hans-Michael (1999): Der Religionsbegiff in den Religionen. Studien zum Selbst- und Religionsverständnis in Hinduismus, Buddhismus, Judentum und Islam. Berlin und Bodelheim b. Mainz: Philo.

  4. Junginger, Horst (2005): Religionswissenschaft. In: Auffarth, Christoph / Bernard, Jutta / Mohr, Hubert (Hrsg.) (1999 – 2002) (²2005): Metzler Lexikon Religion. Gegenwart – Alltag – Medien, 4 Bände. Stuttgart und Weimar: Verlag J. B. Metzler, Band 3, S. 183 – 186.

  5. Kippenberg, Hans. G. (1997): Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck.

  6. Kippenberg, Hans G. / Stuckrad, Kocku von (2003): Einführung in die Religionswissenschaft. München: Verlag C. H. Beck oHG.

  7. Krech, Volkhard(2006): Wohin mit der Religionswissenschaft? Skizze zur Lage der Religionsforschung und zu Möglichkeiten ihrer Entwicklung. In: ZRGG 58, 2. S.97-113.

  8. Lanczkowski, Günter (Hrsg.) (1974): Selbstverständnis und Wesen der Religionswissenschaft. In: Wege der Forschung, Band CCLXIII. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft.

  9. Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company.

  10. Müller, Friedrich Max (1873): Introduction tho the Science of Religion: Four lectures delivered at the Royal Institution, whit two essays on false analogies, and the philosohy of mithology. London: Longmans, Green and Co.

  11. Müller, Friedrich, Max (21876): Einleitung in die vergleichende Religionswissenschaft. Strassburg: Verlag von Karl J. Trübner.

  12. Rudolph, Kurt (1992): Geschichte und Probleme der Religionswissenschaft. In: Studies in the Historie of Religions (Numen Bookseries), Edited by Kippenber, H.G. / Lawson, E. T. Volume XIII. Leiden / New York / Köln: E. J. Brill.

  13. 16. Sharpe, Eric J. (1998) (²1986): Comparative Religion, A History. London: Duckwort.

  1. Schüler, Sebastian (2012): Religion, Kognition, Evolution. Eine Religionswissenschaftliche Auseinandersetzung mit der Cognitive Science of Religion. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute. Stuttgart: W. Kolhammer.

  2. Stausberg, Michael (Hrsg.) (2012): Religionswissenschaft. Berlin / Boston: De Gruyter.

  3. Stausberg, Michael and Engler, Steven (Eds.) (2011): The Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion. London & New York: by Routledge.

  4. Tenbruck, Friedrich (1993): Die Religion im Maelstrom der Reflexion. In: Bergmann, Jörg / Hahn, Alois / Luckmann, Thomas (Hrsg.): Religion und Kultur. Olpaden: Westdeutscher Verlag, S. 31-67.

  5. Tworuschka, Udo (2015): Einführung in die Geschichte der Religionswissenschaft. Darmstadt: WBG.

  6. Wach, Joachim (1924): Religionswissenschaft: Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoritischen Grundlegung. Leipzig: Hinrichs. ხელახალი გამოცემა: Grundmann, Christoffer H. (2001). Waltrop: Spenner.

სტატიის ავტორი: ზელიმხან უძილაური (Zelimkhan Udzilauri), რელიგიოლოგიის მაგისტრი, ტიუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი,   2017-2018.

სქოლიო

[1]     Kohl, Karl-Heinz(1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe  in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer. შემოკლებით  HrwG, I, S. 217-262. Zitat,   S. 217. დედანი: „Die Religionswissenschaft ist eine relativ junge akademische Disziplin. Ähnlich wie die Soziologie, die Ethnologie und die Psychologie hat sich auch die Religionswissenschaft an den meisten europäischen Universitäten erst in der zweiten Hälfte des 19. Jahrhunderts als eigenständige Wissenschaft zu etablieren vermocht.“

[2]     შდრ. Tenbruck, Friedrich (1993): Die Religion im Maelstrom der Reflexion. In: Bergmann,  Jörg / Hahn, Alois / Luckmann,  Thomas (Hrsg.): Religion und Kultur. Olpaden: Westdeutscher Verlag, S. 31-67.

[3]     შდრ. Haußig, Hans-Michael (1999): Der Religionsbegiff in den Religionen. Studien zum Selbst- und Religionsverständnis in Hinduismus, Buddhismus, Judentum und Islam. Berlin und Bodelheim b. Mainz: Philo,  S. 2. დედანი: „Es ist nicht weiter verwunderlich, daß die Religionswissenschaft als Produkt der westlich-europäischen Denkkultur…“

[4]     Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company.

[5]     იხ. დარგის დაფუძნების „მინიატურული ისტორია“ (Fachgeschichte in Miniatur):   Stausberg, Michael (2012): Religionswissenschaft: Profil eines Universitätfachs im Deutschsprachigen Raum. In: Ders. (Hrsg.): Religionswissenschaf. Berlin / Boston: De Gruyter, S. 1-30.  Zitat, S. 3. ვრცლად დარგის ისტორია: Kohl, Karl-Heinz (1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe (HrwG). in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer, Band 1. S. 217-262. აგრეთვე აღიარებული  სტანდარტული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო:  Sharpe, Eric J. (1998) (²1986): Comparative Religion, A History. London: Duckwort.

[6]     შდრ. იქვე. დედანი: „auch primär mit den westlichen Begriffen von Religion gearbeitet hat.“

[7]     Grotius, Hugo(1972): „De Veritate Religionis Christianae“, Editio Novissima, in: H.G., Operum Theologicorum Tomus I-III, Amsterdam, MDCLXXIX, Stuttgart-Bad Cansstatt, Nachdruck. 3. ეს წყარო ორიგინალის სახით  ჩვენთვის მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ მასზე ცნობას გვაწვდის Ernst Feil, მის მრავალტომიან მონოგრაფიაში – Religio, III, Göttingen, 2000, გვ. 243.

[8]     Wach, Joachim(1924): Religionswissenschaft: Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoritischen Grundlegung. Leipzig: Hinrichs. ხელახალი გამოცემა: Grundmann, Christoffer H. (2001). Waltrop: Spenner, 7. დედანი: „Der sogenannten deistischen Religionsphilosophie fällt dieses Verdienst zu. Die Aufklerungsphilosophie setzte ihr Werk fort.“

[9]     Feil, Ernst (1986, 1997, 2001, 2007): Religio. Die Geschichte eines neuzeitlichen Grundbegriffs. I-IV Bände. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht, III, S. 242.

[10]   Tenbruck, Friedrich (1993): Die Religion im Maelstrom der Reflexion, In: Jörg Bergmann / Alois Hahn / Thomas Luckmann (Hrsg.): Religion und Kultur: Olpaden, S. 37. დედანი: „Die Europäer konnten vermittels „eines gemeinsamen Allgemeinbegriffs für Religionen […] unter sich und über Sprachgrenzen hinweg generell über Religion, deren Wesen und Aufgabe, sprechen, anstatt bloß über bestimmte einzelne Religionen“.

[11]   ამ მეცნიერულ დარგებს ანუ დისციპლინებსა და მათში შემავალ სუბდისციპლინებს, თუ ‚ხიდ-დისციპლინებს‘ (Brückendiszipline)  შორის არცთუ იოლად გასაგნებ და გასაგებ ურთიერთმიმართებაზე, დარგობრივ საზღვრებზე, ამ საზღვრების ‚დარბილებაზე‘ (Fächerübergreiffende Situation) და მსგავს მეცნიერულ ღონისძიებებზე დაწვრილებით მსჯელობა საუბრისა და დისკურსის  მხოლოდ უფრო ვრცელ ფორმატშია შესაძლებელი.

[12]   შდრ. Systematischer Teil. In:  Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe  in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer, Band I, S. 41-215.

[13]   შდრ.  Schüler, Sebastian (2012): Religion, Kognition, Evolution. Eine Religionswissenschaftliche Auseinandersetzung mit der Cognitive Science of Religion. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute. Stuttgart: W. Kolhammer.

[14]   იხ. პრობლემის ესეისტური განხილვა: https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2014/06/26/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98/

[15]   Krech, Volkhard (2006): Wohin mit der Religionswissenschaft? Skizze zur Lage der Religionsforschung und zu Möglichkeiten ihrer Entwicklung. In: ZRGG 58, 2. S. 97-113.

[16]   http://ceres.rub.de/de/

[17]   შდრ.  The  Ideology of Religious Studies, p. 10. ხოლო ზოგადად სოციო-რიტორიკის კრიტიკა და კერძოდ ფიცჯერალდის შესახებ: Führding, Steffen (2015): Jenseits von Religion? Zur sozio-rethorische „Wende“ in der Religionswissenschaft. Bielefeld: Transcript, განს. S. 55-68.

[18]   Kippenberg, Hans G. / Stuckrad, Kocku von (2003): Einführung in die Religionswissenschaft. München: Verlag C. H. Beck oHG, S. 13.

[19]   შდრ. Stausberg, Michael and Engler, Steven (Eds.) (2011): The Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion. London & New York: by Routledge.

[20]   Junginger, Horst (2005): Religionswissenschaft. In: Auffarth, Christoph / Bernard, Jutta / Mohr, Hubert (Hrsg.) (1999 – 2002) (²2005): Metzler Lexikon Religion. Gegenwart – Alltag – Medien, 4 Bände. Stuttgart und Weimar: Verlag J. B. Metzler, Band 3, S. 183 – 186, Zitat, S. 184. დედანი: „ Aber erst im Zeitalter der Aufklärung war die Autonomie der menschlichen Vernunft und ihre Emanzipation vom religiösen Denken so weit vorangeschritten, daß eine rein wissenschaftliche Behandlung von Religion entstehen konnte.“

[21]   მთლიანობაში იხ. ამ თვალსაზრისების მოკლე მიმოხილვა: Tworuschka, Udo (2015): Einführung in die Geschichte der Religionswissenschaft. Darmstadt: WBG, S. 13.

[22]   Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer, S. 40. დედანი: „Religionswissenschaft begann als Textwissenschaft.“

[23]   შდრ.  Müller, Friedrich Max (1873): Introduction tho the Science of Religion: Four lectures delivered at the Royal Institution, whit two essays on false analogies, and the philosohy of mithology. London: Longmans, Green and Co. აგრეთვე გერმანული, ავტორიზირებული თარგმანი: Müller, Friedrich, Max (21876): Einleitung in die vergleichende Religionswissenschaft. Strassburg: Verlag von Karl J. Trübner.

23  ამჟამად შესაძლებელია ელექტრონული ვერსიითაც სარგებლობა: http://www.sacred-texts.com/sbe/

[25]   შდრ. Edsmann, Carl-Martin (1970): Theologie oder Religionswissenschaft? In: Lanczkowski, Günter (Hrsg.) (1974): Selbstverständnis und Wesen der Religionswissenschaft. In: Wege der Forschung, Band CCLXIII. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft, S. 320-359, განს. S. 342: „In der damaligen Spannung zwischen Staat und Kirche trat das plötzlich bevorzugte Fach Religionsgeschichte hervor als ein Symbol des freien Gedankens und der freien Forschung.“

[26]   შდრ. Kippenberg, Hans. G. (1997): Die Gegenwart der ursprünglichen Religion in der modernen Zivilisation. In: Ders.: Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck, S. 80-98.

[27]   Tylor, E. B. (1868): Besprechung von F.M. Müllers Chips from a german Workshop, p. 227. ციტატა ამოღებულია წიგნიდან:  Kippenberg, Hans. G. (1997): Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck, S. 63; იქვეა განმარტება, S. 277.

[28]   Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company, XIX.

[29]   https://www.studieren-studium.com/master/Religionswissenschaft

[30]   http://www.sgr-sssr.ch/forschung.html

[31]   შდრ. Gladigow, Burkhard, Auffarth, Christoph / Rüpke, Jorg (Hrsg.) (2005): Religionswissenschaft als Kulturwissenschaft. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute, Bd.1. Stuttgart: Verlag W.Kohlhammer.

[32]   http://www.zegk.uni-heidelberg.de/religionswissenschaft/dvrw2011/grusswort/

მისალმების ორიგინალური ტექსტი: „Die Religionswissenschaft als konfessionell ungebundene und kulturwissenschaftliche Religionsforschung fördert das Wissen über solche Interaktionen und über die veränderte Rolle der Religion in unserer Gesellschaft, wenn sie die Vielfalt der religiösen Kulturen und die kulturelle Vielfalt der Religionen in den Fokus nimmt. Mit ihrem Blick für gesellschaftliche Minoritäten sowie für mannigfaltige Formen der Religiosität ist sie eine bedeutende Disziplin hinsichtlich der Fragen von Integration und interkultureller Kompetenz und kann wertvolle Anregungen für die gesellschaftliche Praxis liefern – z.B. wenn es um die Etablierung von islamischem Religionsunterricht an unseren Schulen geht.“ (Theresia Bauer, Ministerin für Wissenschaft, Forschung und Kunst, Baden Württemberg).

[33]   Rudolph, Kurt (1992): Geschichte und Probleme der Religionswissenschaft. In: Studies in the Historie of Religions (Numen Bookseries), Edited by Kippenber, H.G. / Lawson, E. T. Volume XIII. Leiden / New York / Köln: E. J. Brill, S. 3-36: Die Problematik der Religionswissenschaft als akademisches Lehrfach, Zitat, S.: 12, 14. კურტ რუდოლფი ‚ჰუმანიტარულს‘ ამატებს ასევე ‚საზოგადოებრივს‘: „Durch ihren spezifischen Gegenstand – die Religionen als Erscheinung in der menschlichen Geschichte (bzw. Geschichte der menschlichen Gesellschaften) – hat die Religionswissenschaft ihren festen Platz im Kosmos der Geistes- oder Gesellschaftswissenschaften.“