მოქმედი ეკლესიის 3 კარდინალური შეცდომა – 3 Grundfehler der GOK

შესავლით რომ თავი არ შეგაწყინოთ, პირდაპირ შეცდომებზე გადავალ. ეკლესიის თემა და საკითხები ზღვის ტალღებივით მიმოიქცევა, თუმცაღა ჩვენი მედიები პეპლებივით მხოლოდ საეკლესიო ვარამთა ზედაპირზე ფარფატებენ, რაც გასაკვირია. თუკი პრობლემების მოგვარება გვინდა, მათ არსს ხომ უნდა ჩავწვდეთ, ჩავღრმავდეთ მათში. ამას ვცდილობ ქვემოთ უბრალო და ღია მეტყველებით.

1. განხეთქილების შიში სახარებისეული პრინციპების გატარების ნაცვლად

აი რამდენიმე ათეული წელია, რაც განხეთქილების შიშით სინოდი ანტიეკუმენისტებს და რეგრესისტებს ელოლიავება, გამოვიდა მსოფლიო საბჭოდან (1997) და ეკლესიათა ევროპული კონფერენციიდან, თითქმის ზურგი შეაქცია დასავლურ ქრისტიანობასა და ცივილიზაციას, ვერ ბედავს ახალ სტილზე გადასვლას და ა.შ. ამასობაში კი იზოლაციაში აღმოჩნდა, რეგრესული ძალები დღითიდღე გაძლიერდნენ და საპატრიარქო ოდიოზურ-კლანურ დაწესებულებად იქცა. ნაცვლად განხეთქილების შიშისა უნდა განხორციელებულიყო სახარების თეზა: უკეთუ ხელი შენი გაცდუნებდეს, მოიკვეთე და გადააგდე, უმჯობესია უხელოდ ყოფნა, ვიდრე მთელი სხეული გაგეხრწნას და დაიღუპოო. აი ამ შემთხვევაში მმკ და მისი 100 მღვდელი იქნებოდნენ თავისთვის და დანარჩენი ეკლესია კი მოეწყობოდა ცივილურ და პროგრესულ საფუძვლებზე სახარების პრინციპული დაცვის მეოხებით. ზოგადად ეკლესიის ისტორიას რომ გადავხედოთ, მსოფლიო კრებებს და მსგავსთ, ეკლესიის მამებს არასოდეს დაუხევიათ უკან სახარების უარმყოფლობით, თუმცაღა ასეთი პრინციპულობის შედეგად სულ ახალ-ახალი სქიზმები წარმოიშვებოდა ხოლმე. რა მოხდა ამით? გენერალური ხაზი დარჩა უცვლელი და ეკლესია პირიქით, გაძლიერდა. ხოლო მომიჯნავე, ალტერნატიული ეკლესიები ქმნიან განსხვავებულ ქრისტიანულ სივრცეს და ამით ზოგადად ადამიანის რელიგიური შემოქმედება ფართოვდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ურყევი დებულება რომ “ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს” რევიზიას მოითხოვს. გადავხედოთ სახარებას: “არა მოვედ მშვიდობისა მოფენად, არამედ განყოფად…” ანუ ქრისტეც ჰყოფს როცა ასე ითხოვს საქმე და ღვთის სამსახური…აღარ გავაგრძელებ, რადგან “ტვირთი განწესებული ეყოფინ ნავსა”…

2. “სულიერება” გონიერების ნაცვლად

კათალიკოს-პატრიარქმა საკადრო პოლიტიკა დააფუძნა ე.წ. “სულიერობაზე”. იდეაში სწორია სულიერების ეს პრინციპი, მაგრამ პრაქტიკულად ამან მოიტანა ფარისევლებისა და გაუნათლებლების ანდა, მარტივად, კარიერისტების აღზევება. როგორც ჩანს, პირადად პატრიარქმა ხარისხის მოსამატებლად და მღვდელთმთავრად საკურთხებლად შემოიღო ასეთი “სულიერების” მოთხოვნა, რის მიხედვითაც კანდიდატის ღვთისმოსაობა იზომება. მაგრამ სულიერება, როგორც კრიტერიუმი, არაზომვადია. ყოფაქცევით, ლოცვა-კურთხევის ოსტატური ჩამორთმევით და ა.შ., შეიძლება ამის იმიტაცია თუ მანიპულირება შექმნას ნებისმიერმა ანგარებიანმა თუ მოხერხებულმა მღვდელმა და დაწინაურდეს. როგორც ჩანს, პატრიარქის ამ მოთხოვნას ალღო კარგად აუღეს და საქციელთა და სიტყვა-პასუხის ეს არსენალი ერთი კლანის ფარგლებში ტრიალებს და ამას პატრიარქის პირადი მდივანი კურირებს. ნაცვლად ასეთი არაზომვადი და აბსურდული მოთხოვნისა, უნდა შემოღებულიყო ზომვადი კრიტერიუმი: ცოდნა, განათლება, აზროვნების, წერის უნარი და ა.შ. ნებისმიერ გიმნაზიაში ესეს დაწერა წესად აქვთ. თანამედროვე სინოდის რომელიმე წევრთაგანი შეძლებს წაკითხვადი ესეს დაწერას? ვერა, ალბათ 1-2 გამონაკლისის გარდა. სულიერება ესაა ზეფენომენი, რისი შემჩნევაც და გაგება მხოლოდ უფლის თვალს ძალუძს – მორწმუნის ენით რომ ვთქვათ. რა გარანტიაა იმისა, რომ არ ცდებოდეს პატრიარქი და მისი გარემოცვა? განა იგი ღმერთია? ღმერთის როლში არ უნდა ჩაეყენებინა თავი და ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა.

3. რაოდენობა ხარისხის ნაცვლად

იყო 6, გახდა 47. მერე? გამრავლდნენ მიტროპოლიტები, გამრავლდნენ მღვდლები, აშენდა ათიათასობით ეკლესია, მოიპოვეს ძალაუფლება, უამრავი ფული, გავლენა, ფუფუნება, მრევლი, მაგრამ თითქმის დაიკარგა უმთავრესი: ხარისხი და ქრისტიანობა. მართალია დღევანდელი პრეზიდენტი და პრემიერი დითირამბებს უძღვნიან ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს და ეს ამხელა ინსტიტუტი მართლაც ანგარიშგასაწევია, მაგრამ სიდიდე და სიმრავლე სულაც არაა ჭეშმარიტებისა და გადარჩენის გარანტია. მაშინ დინაზოვრები აღარ გადაშენდებოდნენ! ხალხს უნდა მორწმუნეობა, მაგრამ ნორმალური მღვდელი სანთლით საძებარია. ყველას რაღაც აკვიატება, რუსეთის სინდრომი ან კვაზითეოლოგია სჭირს… შენება და შენება ბაბილონის გოდოლივით. ეს უზარმაზარი და პომპეზური ხუხულა, რასაც სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდება, შეიძლება უცებ ჩამოიშალოს, რადგან ეფუძნება არა თავისუფალ ნებას, არამედ მორჩილებას, ობსკურანტიზმსა და დუმილს… დროდადრო სახელმწიფოსგან რეპრესიებსა (მაგ. “რელიგიური გრძნობების დაცვას”) და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასაც კი მოითხოვენ. საპატრიარქოს შიგნით კლონირებული პერსონალი მუშაობს, ეს მთელი ზვიადაძე-ანდრიაძე-ბოტკოველები პატარა შორენებია. ამათ იმედზეა ეკლესია? მაშინ ერი მარად სიბნელეში უნდა დარჩეს. ყოფილიყო 15, თუნდაც 20 ეპისკოპოსი, არ გვეყოფოდა? ათმილიონიან კათოლიკურ, საქართველოსოდენა და საქართველოზე ათასჯერ მდიდარ ბავარიას ერთი კათოლიკე ეპისკოპოსი მართავს და იქ რწმენისა და თეოლოგიური განათლების დონე უბრწყინვალესია. ამ მესამე, კარდინალური შეცდომის ნაბარტყევი და ქვეშეცდომაა ასევე ერის მამობის მანია, მეორე ილიაობა თუ მოსეობა. ჩემი აზრით, ეს ყალბი მისია პატრიარქს წითელმა ინტელიგენციამ, კოლექტიურმა ამაშუკელმა მოახვია თავს. მათ ასეთი ტომობრივი ტოტემი ესაჭიროებოდათ და შექმნეს “მეორე ილია”. რა ერის მამობა და პატრონობა (მარგველას დღევანდელ ხუტბაშიც რომ გაიელვა!?), პატრიარქს სწავლულ კაცთა კომისიისათვის უნდა ეხელმძღვანელა, თეოლოგიური ლექსიკონები ეთარგმნათ, წირვა-ლოცვა ახალ ენაზე გადაეტანათა და უშუალოდ ეკლესიური საქმეებით დაკავებულიყო. რა საჭირო იყო ერის მამობის და მოსეობის ამ არქაული მოდელის, ამ რელიქტისა და სიყალბის თამაში? იმ “მოსეს” გზა რომ დაებნას და კრემლისკენ შეუხვიოს, მერე ჩვენც ცხვრებივით უნდა მივყვეთ? მაშინ სხვა დრო იყო. მოსეს (თანამედროვე კვლევების თანხამად “მოსე” გამოგონებაა) ჰყავდა ზონდერები ლევიტელების სახით და 3. 000 ურჩს ისე დააჭრა უცებ თავები, რომ მთიულებიც კი ვერ შეედრებიან და მსგავსად ვერ ყოჩაღობენ ერკემალთა დაკვლაში ლომისობისას…

ამ “წარმართული” ნოტით დავამთავროთ. ვინ ისმენს ჩვენს ხმას ღაღადებისას უდაბნოსა შინა? თეორიული შანსი გვაქვს, რადგან პატრიარქს ჯერ არც გონება აკლია, არც მეხსიერება. სანამ გვიან არაა და ურემი კლდეზე სულ არ გადაჩეხილა, იგი უნდა შეხვდეს ლიბერალურ სპექტრს, თავისუფლად მოაზროვნე თეოლოგებს და რაც მთავარია, ეკლესიის პირუთვნელ კრიტიკოსებს, რომლებიც ასეთ და სხვა კიდევ უამრავ შეცდომაზე გაამახვილებენ ყურადღებას! აქსიოს!

როგორ აკრიტიკებენ ეკლესიას კარიკატურიზაციის გზით  მისი ფუნდამენტალისტური პოზიციებისა და ქმედებების გამო> იხ. ქვემოთ 2 ფოტო. ნამდვილი მხოლოდ შუალა ფოტოა. Eine einflussreiche fundamentalistische Geistlichegruppe innerhalb der GOK wird ständig durch die Fothoshops ausgelacht und karikaturisiert… Echtes Foto s. im Mitte.

poza-trucata

988249_631384920207365_626692450_n