მტვრიანი მოთხრობა

Die Wüste wächst! –

Friedrich Nietzsche

უცნაურად დაიწყო მიას ცხოვრება დიდ სოფელში.

ცოდნის წყურვილი კლავდა მიას. კლავდა, ახრჩობდა, ამოძრავებდა. თავის მცირე სოფლიდან დიდ სოფელში გადაბარგდა. ჯერ გამოცდები ჩააბარა, მერე ის, მერე ეს… ქალ-შავებიც იყვნენ ალაგ-ალაგ, იმზირებოდნენ ჟამის ჭუჭრუტანებიდან…

სულშიც ჩახეტიალდა. ‚ც‘ კი არა, იქ იხეტიალა, თუ იხეტიალა. მთავარი აღმოჩენა, კაცად-კაცადის არსი და ფიქრი: ‚მე=მე, ის=ის‘. ესაა სულ. თავი არ ავიწყდება არავის. არადა, ავი წყდება, კეთილი იწყება, როცა კაცს თავი ავიწყდება.

ჰოდა, ამგვარად, – ბევრი გამოვტოვეთ, მაგრამ სიცარიელე ხომ სავსების ფონია, უსიცარიელოდ არაფერი ლაგდება, პლატონის იდეები ოდენ სიცარიელეში ცვივიან, ნაზად, მათ კუდებზე სათრის ანუ საალერდე ბალახის საბლები აქვთ მობმული და ციდან ფრთხილად ჩამოიგრაგნებიან ხოლმე… თუმცა, რას ვწერ, რაზე ვცდები, ამას ხომ ყველა ისედაც ხედავს ყოველწამიერად, სუნთქვასავით ხშირად, გაბმულად.

მიამ ანუ მიამიამ კიდევ რა ჰქმნა? გავზარდოთ სახელად, მასხარად ავიგდოთ ეს ჩვენი გმირი? რატომაც არა, აკი ბოლოს ამას ჩადის ყველა, ის ყველა ‚მემეისის‘. არა, სინამდვილეში ‚მე – მე, ის – ის‘ – აა, მაგრამ ისეა განმტკიცებული, რომ ჩაითუთქა ეს საყოველთაო კაცობრიული ფიქრი-ვაება… ჩაცხვა, ჩაწებდა ნაკვერჩხალნაკლულ პურივით.

ამ ‚მემეისის‘ -ს რომ გვერდი აუქცია მიამ, უცებ ღმერთს არ გადაეყარა? არც ელოდა, არც მიელტვოდა, მაგრამ სად წაუხვალ სულში ბორიალს თუ არსებობა აგეკვიატა? არსებობა სწორედაც რომ უნდა აგეკვიატოს, თორემ ისე აბა ვერ იარსებებ. მოკლედ, 20 წლამდე მორჩა სიცოცხლის რაობის ხის ირგვლივ ხეტიალს. სიცოცხლე – ეს სხვა არაფერია თუ არა სასოწარკვეთილება. საოწარკვეთა და ილება ანუ არსებობის ტანჯვა. თუმცა, მიყუჩებაც შეიძლება ამ საგონ-სატკივრის.

გარშემო ცხოვრებაა. ფუთფუთებს, ტორტმანებს, ფურფუტებს. ცხოვრება არსებობა და სიცოცხლე არაა, ამ ორი დიდი მოვლენის გამყუჩებელია, დამვიწყებელი, მტერი, გამნადგურებელი; მომსპობი, გამგუდავი, დამჩრდილავი და ჩამწიხლავია…

დაოჯახდა. პირველს მუცელში უკითხავდა სახარებას. სახარება სულის სტრუქტურაა, თუმცა აწმინდაწიგნებენ კიდევაც, რაც საუბრის სხვა თემაა. ჰოდა, სულის არსებობა, აი ეს სად იწყება? იმ ადგილის ლანდშაფტი არაა სამყაროსხელა. გაცილებით დიდია და ვრცელი, ბნელი რომ იდო უფსკრულებზე, იქ იწყება. ესაა წინარე არსებობა. აი გრაფიკულად ასე მოჩანს:

მია დიდ და პატარა სოფელს შორის მიმოდიოდა, გნებავთ, დიდ და პატარა ქალაქს შორის. და რადგან გარემო აუცილებელია სიტყვისთვის, წარმოვადგინოთ მიას გენეზისი, რაც მის გეზს განსაზღვრავდა:

ომებითა და მშვიდობით სავსე ცხოვრობდა საქართველოს უკიდურეს საზღვართან გაშენებული ეს ქალაქი-სახელმწიფო. ახლაც კი, ნახევრადდანგრეული შატილის მნახველს ეგონება, რომ ბერძენთა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ გადმოინაცვლეს, ამ პოლისში, რომელიც არავის სჭირდებოდა და არასდროს თვითონ არ მოაგონებდა თავს სამყაროს“. – ეს მწერალი.

აი მეცნიერი კი რას ამბობს:

ბერძნულ პოლისურ სისტემასთან ჩვენს საყმოებს ისიც ანათესავებს, რომ საყმოებსაც აქვთ ერთი ცენტრი, რომლის გარშემო არიან ისინი შემოკრებილნი. კერძოდ, ფშავის შემთხვევაში მსგავსება კიდევ უფრო შორს მიდის: როგორც ბერძნული პოლისები თორმეტ-თორმეტად ერთიანდებოდნენ ამფიკტიონიაში რომელიმე რელიგიური ცენტრის, ვთქვათ, დელფოს გარშემო, ასევე ლაშარის ჯვრის გარშემოა შემოკრებილი ფშავის-ხევის თორმეტი საყმო …“

უფრო მნიშვნელოვანი კი გარეთ ხდება. ანუ იქ, როცა ამ ქალაქიდან გადიხარ, ქალაქ-ქალაქ. მაშინ კარგავ სულს და მერე ისევ პოულობ.

სხვანაირად ჩარჩები ეთნოცენტრიზმში, ჰა-ჰა ჯაგარაშლილ ბერდიად იქცე, ამ ფშავ-ჴევსურეთს ბარე 15 სვანურ ქუდსაც მიამატებ, იკითხავ, წერ ალაგ-ალაგ არცთუ ურიგო ლექსებს. რელიგიურ ბომონებსაც დაელოცინები, იხალხურ-იტრადიციულებ, კაბა-ჯუბით გამასჩნდები, დაჰბერდები, არც მოგწყინდება ეს ეთნოცენტრულობა და ბოლოს მაჰკვდები ეთნობრიყვად.

ეს იქით იყოს, მაგრამ თავიდან ხომ გითხარით, სწავლის სურვილი კლავდაო მიას? ყველაფერიც იქით იყოს, ან აქეთ-იქით, მივყარ-მოვყაროთ, მივივიწყ-მოვივიწყოთ და ვიაროთ შუაბილიკით. ადამიანი გზას იკვლევს, ეს სვლაა გზა ერთისა ერთისაკენ, როგორც პლოტინი იტყოდა. ეს სახელი რომ არ მეხსენებინა, გული გამისკდებოდა, ჰოდა იყოს. სახელი-ნიშა. ნიშახარივით ერთგულია. მარტუღელა ხარივით. სწავლის სურვილმა მია ერთ აკადემიაში მიიყვანა. იქ ღმერთს ჰქონდა აბრუ და აბრა გაკეთებული. მოკლედ ასეა, ვრცლად კი – ჰაერიც გეტყვით.

აი, აი, აი! როგორც იქნა მივედით დასაწყისამდე. მაგრამ ჯერ გვერდზე უნდა გადავუხვიო. ამ აიააიაი – მ ჩემი სოფელ-ქალაქის ხმა გამახსენა: ჰაი-ჰაი-ჰაი! ეს ისმოდა მთის ზაფხულის ხვატში, მზეში და სიცხეში, მოთენთილობაში… ფშაური პატარა პოლისის მთიული რძალია, ყოჩაღობს, ქორს აფრთხობს დროდადრო. წიწილებს იცავს. ამ ცვით და მეწიწილეობით კი ხმიანდება სოფელი, სივრცე, მზემდე ადის ეს ხმა… მე კი ძალიან ჩამრჩა. ჰაი – ჰაი – ჰაიიი! უცებ, მთის, ტყის, მეზობლების მიმართულებით, ქორ-შევარდნების შესაშინებლად გაისმის ექოდ და რჩება სამუდამოდ.

ჰოდა, რამდენჯერ ‚ჰოდა‘? ჰოდა, იმ აკადემიაში მიამ კარის სახელურზე უცნაური მტვერი შეამჩნია, მონაცრისფრო-მოყვითალო, ხან ცვალებადიც… ჯერ სახელურიდან აეკრა ხელს, მერე ფეხსაცმლის ლანჩებს მიეწება, ზედ გადაეგლისა ხამლთა, წინდებში შეფარფატდა, მუხლთან ააღწია, ასწვა, ააალა, უხერხულობა შეუქმნა, ეუჩვეულა და დააფიქრა მია…ანუ, როგორც იცით, გნებავთ? – მიამია…

– ნუთუ სადღაც უდაბნო გაჩნდა? ქალაქის ბოლოს? ატმოსფეროს ზემოთ? – კითხულობდა მია. მალე ჭრუღა ლაქები მთელ დიდ ქალაქში მომრავლდა…

– ჩვენ ამას მოვუვლით, მთავარია გული არ გავუხსნათ ამ მტვერს, ჩვენი ბუნება ანტიმტვრულია, – აწყნარებდნენ მიას ნაცნობ-ამხანაგ-მეგობარნი იმაქალაქისანი…

მტვერი კი მრავლდებოდა, წარმატებით გამოიზამთრა, ჰაერში ბნდუდ ტრიალებდა, ქარი თითქოს მის მსახურად ქცეულიყო, თითქოს კი არა, ერჩოდა(ემორჩილებოდა) და მიმოაბნევდა, სად აღარ მიათაკილებდა. თვალიც რომ ვერ ბედავს ხოლმე მიტყორცნას. ქალწულ-მალწულთა ძუძუებსშუა, უმანკოებაში, ლაჯებშუა. გამოცდილ, ფუმფულა, ათასნაირზე გადამხტარ დედაკაცებს ხომ სულ უვსებდა იღლიებს, ტუჩისპირებს, ბაგეებს ზევით-ქვევით, ყველგან და შიგნითაც შესდიოდათ. საქორწინო სარეცელზეც ადიოდა, საპატარძლო კაბასაც აუფერულებდა, სიძეს, დაცვეთილს თუ დაუცვეთელს, ასოს უღიზიანებდა, უვსებდა სათესლე მილს და ეს გასაცოდავებული მთელი ბანვა-ჩაბანვის მერეღა თუ დაეძგერებოდა პატარძალს…

სექსი იყო მერე ხრაშუნა, 2-3 მტვრის ნაწილაკი მაინც რჩებოდა გენიტალიებში. ბალღები ჩნდებოდნენ მტვრიანი, ჩვილებს სახვევებიც ვერ იფარავდა. მტვერი, მტვერი, მტვერი…

უწუხდა მია მტვერს. მტვერზე უფრო მეტად უწუხდა მია სხვების დიდადარშეწუხებას მტვრიანობისა გამო.

– აი ხომ ვამბობდი, – აბეჯითებდა მია, მტვერი კი არ შემცირდა, გამრავლდა, გამრავალფეროვნდა, გამხვივნდა, მომსხვილდა, ქვიშაც შეირია და უძლეველია მგონი…

– არა მია, ნუ შიშნეულობ, თავისუფალი ახალგაზრდობა მოდის, მტვერს არ მიიკარებს…ეტყოდნენ ხოლმე და მოიწმენდნენ მერე მტვრიანი ტუჩების კიდეებს, გამოაფურთხებდნენ ხოლმე კბილებში აღრაჭუნებულ მტვერ-ქვიშის ნაწილ-ნაწილაკებს და იმედიანად, ყინჩი სვლით შორდებოდნენ მიას.

ზოგი ამბობდა: თავზეით ძალა არაა. მტვერი ზეციური არსისააო. მზეს გამოსდის და ჩამოსდისო…

ათასგვარ ხერხს ხმარობდნენ შეგუებისას. ვერ მოვერევითო, უნდა შევეგუოთო, მეტი რა ჩარაა და საშველ-საქმნელი, უღელს – თავი! და დავმტვრიანდეთო…

– რა მტვერი, სად ხედავ? …ფუი, ამომივსო ხახა!

– მტვერი მია? შენ ეგ რას დაგაკლებს? ფუ ამის მომგონის, გუშინ ქორწილი ჩამაშხამა!

– ცოტა ხრაშა-ხრუშს არაუშავს, მეზობლები სულ მტვერში ჩაეფლნენ…

კიდევ ათას არგუმენტს სთავაზობდნენ მიას.

მია კი წუხდა მტვრის გამო. ქუჩების კიდეები მტვრისბუდედ ქცეულიყო. ცხოველები ხომ მთლად მტვერში ამოგანგლულიყვნენ.

– არ გვინდა ამ მტვრის მოშორება?

– კი, კი, – პასუხობდნენ აქეთ-იქიდან, – გვაწუხებს, ვიფართი-ფურთოთ, ფონდი გაქვს მია?

არა, აბა საიდან? მიას არც მოსვლია აზრად, მია ხომ ენთუზიაზისტია.

– არა? ჰოდა აბა…

ზოგი ამბობდა: „ჯობია იყოს, მეც კიდევ უფრო ვაკუნელებ, უფრო ვაბუნხლებ ანუ მტვერს დაწმენდასაც კი არ ვაცლიო. ფონდებს თავს ვაცოდებ და სახსრებს მაწვდიან, რომ ამ მტვერში გამეძლებოდესო!“

რასაკვირველია, ცხადზე ცხადია, რომ ეს ყოვლისმომცველი მტვერი უპატრონო არ იყო. მტვერს ყავდა სრულიად მტვერთუხუცესი, მტვერთმეუფენი, მტვერთუმტვერესნი, მტვერმორჩილნი და ამათ გარდა, ათასგავრი მტვრითმცხოვრებნასულდგმულები მომრავლდა მიას ქვეყნის სოფელ-ქალაქში.

გაჩნდნენ მტვეროლოგებიც. ზოგი მკაცრი იყო, ზოგი ლიბერალი მტვეროლოგი. განათლებულთა სამიეთისათა იმედუნია გაუჩნდათ: აი მტვერს მოევლება, კაი მტვერი წამოვა აწი, მტვერი ყველგანაა დედამიწის ზურგზე და მტვეროლოგები გაგვირჩევენ ავსა და კარგ მტვერსაო!

მიამ ჩამოიარა განათლებულნი სამიეთისანი.

– მირჩა ამბობს, რომ ეს მტვერი არქაულს არ გავს და გრძივია, ცნობიერად უხმარი…

– მირჩიაო? რა გირჩიეს? ჰაჰაჰა! მერე გვერდზემდგომს გადაულაპარაკა დეკანმა: ‚ეს აფრენს!‘

– მტვერს კვლევა უშველს, რა მტვერია – ეს უნდა გავიგოთ, მტვრის არსი და ფუნქცია შევისწავლოთ, აკი ცივილიზებულთ ვერ მორევია? სხვაგან სცადა კიდევ ბედი მიამ, – მეტი ემპირიულობაა საჭირო!

– აემ პირიდან უნდა ითქვას მაინცდამაინც სიმართლე? – განრისხდა რექტორი, აქ შიგ უნივერსიტეტში 2 მტვრის ტაძარი მოქმედებს, ჩვენ რომ მტვერს ვებრძოლოთ, მტვრად ვიქცევით თავის განათლებიანად…

მიამ უცხოეთს მიაშურა. მტვრის ემპირიულ კვლევას დაეუფლა.

დაბრუნდა უკან. ამასობაში სამშობლოში ყველაფერი მტვერს დაეფარა, აღარც სოფელი ჩანდა, აღარც ქალაქი. მტვერსასრუტის შემოტანა ქვეყანაში იკრძალებოდა, აეროპორტშივე ჩამოართვეს მიას და მის თვალწინ გაანადგურეს. მტვერთმადიდებლები, მტვერთუხუცესები, მტვერმტვერები… ისე მომრავლებულიყვნენ, გვერდს ვერ აუქცევდი… ძალაუფლება, გავლენა, ფული მტვრისმსახურთა ხელში გადასულიყო…

ათასგვარი მტვრისმსახური უსახური დაბორიალებდა სოფელ-ქალაქ. მათ პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, – თუკი საზოგადოებაღა ეთქმოდა იმ დუნიას, – რადგან ხალხმა მტვერი აირჩია, მტვერი ადიდა, ადიდდა მტვერი, გათამამდა… ხალხი პირიდან ლუკმას იღებდა და მტვერთმსახურებს უწილადებდა. სულ ხელისგულზე ატარებდნენ მათ, განსაკუთრებით კი მდიდარი ქალბატონები. ისინიც იფერებდნენ პატივს, სასამართლოებში, უნივერსიტეტებში დადიოდნენ და ქადაგებდნენ მტვერთმადიდებლობას, დიდი სარგებლობა მოაქვსო, უმტვეროდ შავი წყალიც არა გვზიდავდაო, მტვერი სასწაულიაო, წმინდა-სუფთა და ნეტარიაო. ნეტარია ის, ვინც მინიმუმ 5 კილო მტვერი მაინც ყლაპაო. სტუდენტობაც კი, ვითომ განათლებისმსურველი კონტინგენტი, ამ მტვრისმსახურთ კბილებში ეკავათ, როგორც ჰიენას შეპყრობილი ქურციკის ყელი…

მტვერი ხალხმა ბოლომდე შეიყვარა. ეთაყვანა და ანაცვალა სულს, გულს, შვილების მომავალს, ქვეყნის და პიროვნულ თავისუფლებას. მტვერი იქცა არსებობის ბურუსად და აზრად. მტვერს ვინც უწუხდა, იმასაც კი ახარებდა მტვრის არსებობა, ენა-ნისკარტს ვილესავთო, აი ამით ვამტკიცებთ, რომ ამ ბნელ ხალხში ვნათობთ და ცივილიზებულმა ფონდებმა ამიტომ უნდა გვარჩინონო! რომ არ იყვნენ ეგ მტვრისმონები, მტვერბნელები, აბა რაზე გავიცინებდითო? აბა ვისზე მეტად ვიჭკვიანებდითო?

გამოდიოდა მისი მტვერთუმტვერესობა, მიელებს მოუწოდებდა, ყველამ მამულ-სამტვროს მოაშურეთო, აქაა თუა ცხოვრებაო, მტვრის ხრაშუნია ჩვენი ტრადიცია და გამრავლების მექანიზმიო.

ასე ცხოვრობდა ის ქვეყანა, მტვრისა და მტვრიანი.

ხოლო მიამ მაღლა მთას მიაშურა, ტყიან მთას. ზარათუშტრა ხომ დაბლა დაეშვა, ეს მაღლა შადგა. იქ მტვერი ვერ ადიოდა, მიას მამულის ბოლოებს თუ მიმოდებოდა ზოგჯერ, ეგ იყო. მტვრის საუფლო დაბლა დარჩა, დაბლა დარჩა მტვრის უდაბნო და მტვრისმოყვარე, მტვრისმნდომი და მტვერიყლაპია მოყვას-მეგობრობა და მათ დაპატრონებული მტვერ-მტვერთმთავრობა; მტვერთუხუცესნი, მათნი უმტვერესნი და პატიოსანნი მტვეროლოგები, ვითომ მტვრითშეწუხებულნი, მტვერთმოძულენი, მაგრამ მაინც მტვერთშეგუებულნი, მტვერთმსურველნი… ყველანი.

ხალხი მტვერში მიმოდიოდა, მია კი ოდენ დუმდა, ვინმესთვის შეჩივლებასაც უკვე აზრი არ ჰქონდა, ხოლო მტვრის უდაბნო ანუ მიაქვეშეთი თანდათან, უსაზღვროდ და უსაშველოდ მატულობდა, იზრდებოდა, ყველაფერი მტვრით იფარებოდა და იქ აღარაფერი ჩანდა, გარდა მტვრისა და არაფრისა.

ზელიმხან უძილაური,

8.2. 2013 – 11.7.2015. თუბინგენი-თბილისი.

images