უცნობი დისციპლინის სახელები, სახე, მინიატურული ისტორია და აქტუალურობა

I. შესავალი და პრობლემის წამოჭრა

ქვემორე სტატიის მიზანია, გასაგები ენით და ამასთანავე სათანადო აკადემიური რესურსების მოხმობით, დაინტერესებულ ქართველ მკითხველს, მეცნიერულ წრეებს და განათლების სფეროს მესვეურებს მოკლედ და ნათლად გააცნოს რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება – ისეთი, როგორიცაა ის სინამდვილეში ანუ დასავლურ საუნივერსიტეტო სივრცეში; თავიდანვე ვისურვებდით, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყველამ დამოუკიდებლად იფიქროს, თუ რამდენად რელევანტურია ეს დარგი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის და, ზოგადად, ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.

ავტორს არა აქვს პრეტენზია, მკითხველს ამომწურავად გააცნოს ქართული საგანამანათლებლო სისტემისათვის ჯერჯერობით ეს სრულიად უცხო მეცნიერული დისციპლინა; მსგავსი ამოცანის გადაწყვეტას ტექსტზე უფრო მეტად თანდართული ბმულები და ბიბლიოგრაფია ემსახურება. მათ წესით უნდა აღძრან მკითხველის შემდგომი დაინტერესება და შესაბამისად, ამ მიმართულებით მისივე ინტენსიური ძიებები.

II. სახელდება

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულ აკადემიურ სივრცეს ახალი მეცნიერებების სახით რამდენიმე „ლოგია“ მოევლინა, კერძოდ: სოციოლოგია, ეთნოლოგია და ფსიქოლოგია. რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებაც მათი თანამედროვეა. მათ მსგავსადვე, ახალგაზრდა დარგია, სულ რაღაც 143-წლოვანი აკადემიური ისტორიით. პირველი კათედრა ფრანგულენოვან ჟენევაში 1873 წელს დაარსდა. ეს ახალგაზრდა მეცნიერებები გვერდისგვერდ ვითარდებოდნენ, ყალიბდებოდნენ1, ამ მეცნიერებათა „მამები“, მაგ. ცნობილი „დიდი ხუთეული“ ოქსფორდ-კემბრიჯიდან (ფრეიზერი, ტეილორი, მიულერი, უილიამ რობერტსონ სმიტი, ენდრიუ ლენგი…) ერთმანეთს ხვდებოდნენ, ეპაექრებოდნენ ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტის დერეფნებში თუ აუდიტორიებში… ე.წ ვიქტორიანულმა ეპოქამ განსაკუთრებული ბიძგი მისცა ახალი „ლოგიების“ ანუ მეცნიერული დარგების საუნივერსიტეტო დაფუძნებას… დედოფალი ვიქტორია თვითონვე ესწრებოდა ფრიდრიხ მაქს მიულერის „რელიგიო-ლოგია“ – ს ანუ „რელიგიის მეცნიერების“ (Science of Religion) შესავალ ლექციებს 1870 წელს…

გერმანიაში სწავლისას, რელიგიის შემსწავლელი დარგის ქართული ტერმინოლოგიური შესატყვისის ძიებისას, ამ 15 წლის წინათ „რელიგიოლოგია“ მოგვივიდა აზრად. ტერმინოლოგიური განზრახვა გერმანელმა პროფესორებმა მოგვიწონეს, თუმცაღა, ამასთანავე საქართველოში ამ დარგის დანერგვა აეჭვებდათ, რადგან „რელიგიის მეცნიერება“ (გერმ. Religionswissenschaft) ტიპიური ოქციდენტალური ანუ დასავლური განვითარების პროდუქტიაო…

– დიახ, ასეა, მაგრამ…

მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს!

III. დარგის „გლობალური ჰერმენევტიკა“

რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების როგორც დამოუკიდებელი აკადემიური დისციპლინის ვერცნობა, არცნობა თუ „უნებლიე“ ვერგაგება არამხოლოდ საქართველოშია საგრძნობი, არამედ მის მშობლიურ დასავლეთშიც ჩვეული მოვლენაა. ასე მოჩანს მაგ. რელიგიის ამერიკელი სპეციალისტის ავტობიოგრაფიული მონახაზიდან – „უცნობი დისციპლინა“, რომელში ავტორი გვიყვება თუ როგორ შეალია ბოლო 15 წელი იმის ახსნას თუ რას ნიშნავს რელიგიის კვლევა (Religious Studies), რატომ არაა ის თეოლოგია და რატომ დაინტერესდა თვითონ მაინცდამაინც ამ მეცნიერული ძალისხმევით?!2

მსგავსივე ჰერმენევტიკული განზრახვით ერთმა მიუნხენელმა სტუდენტმა შექმნა ბლოგი, სადაც ის თავის ნამდვილ თუ მოგონილ ბებიდას თუ პაპიდას – ერნას, მუდმივად უხნის, რა არის რელიგიის მეცნიერება/Religionswissenschaft; Großtante Erna Fragt, ერნას კითხვები არ ელევა. გერმანიაში თეოლოგია კონფესიურად გაყოფილია, ამიტომ პირველი, რასაც ერნა კითხულობს, შემდეგია:

– „ეგ თქვენი მეცნიერება კათოლიკურია თუ ევანგელური?“ მირიამი უხსნის:

– „უნივერსალური, ზეკონფესიური, ნეიტრალური… ჩვენ შევისწავლით არა კონკრეტულად ერთ, არამედ ზოგადად რელიგიას“. პაპიდა-ბებიდა ერნა არ ნებდება:

– „მერედა, მაგით რას აპირებ?“. აი გერმანული პრაგმატიზმი: იქნებ მღვდელუკა (Pfarrerin) უნდა გამოხვიდეო?

მირიამის მოთმინება და ჰერმენევტიკული ენერგია უშრეტია:

– „რელიგიის მეცნიერება ინტერდისციპლინარულად და კულტუროლოგიურად მომუშავე დისციპლინაა, რომელიც რელიგიურ ტრადიციებს, წარმოდგენებს და საქციელის ნიმუშებს იკვლევს. გარდა ცნობილი რელიგიებისა, მისი კვლევის ობიექტია ასევე წარმოშობა-განვითარება იმ უამრავი ‘მსოფლხედვებისა’ და ორიენტაციის ნიმუშებისა, რომელთა როლის განსასაზღვრავად ისტორიასა და კულტურაში, იგი რელიგიების შესახებ სპეციალურ ცოდნას მთელ რიგ მეთოდოლოგიურ პერსპექტივებთან აკავშირებს.“3 ნიუანსური სიზუსტისათვის, აქვე დავიმოწმებთ სტუდენტ მირიამის დედნურ ციტატასაც:

Religionswissenschaft ist eine interdisziplinär und kulturwissenschaftlich arbeitende Disziplin, die religiöse Traditionen, Vorstellungen und Handlungsmuster erforscht. Neben den bekannten Religionen gehören auch die Entstehung und Entwicklung von ‘Weltbildern’ und Orientierungsmustern zu ihrem Gegenstand. Um deren Rolle in Geschichte und Kultur bestimmen zu können, verbindet die Religionswissenschaft Spezialwissen über Religionen mit einer Bandbreite methodischer Perspektiven auf ihren Gegenstand“.

IV. „რელიგიათმცოდნეობის“ ტერმინოლოგიური შეუსაბამობა

რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება, ინგლ. Religious Studies ანუ ჩვენი აზრით, რელიგიოლოგია, დასავლეთში არაერთი სახელითაა ცნობილი (სახელების შესახებ ვრცლად იხ. ქვემოთ); ხოლო საქართველოში დღემდე მიღებული სიტყვათხმარებით, იგი გვევლინება როგორც „რელიგიათმცოდნეობა;“4 ჩვენ შევეცდებით, რამდენადმე მაინც გავფანტოთ ის ცალმხრივობა და აკადემიური ბურუსი, რაც ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე „რელიგიათმცოდნეობის“ ხსენებას და ამ მცდელობას დავიწყებთ ერთი პატარა დაეჭვებით: შეესაბამება კი „რელიგიათმცოდნეობის“ ქართული წარმოდგენა რელიგიის შესწავლა-კვლევის დასავლურ კონცეფციას და პარადიგმას? ანუ „რელიგიათმცოდნეობა“ და Religious Studies ერთიდაიგივე დარგია? და თუ ისინი სხვადასხვაობენ, მაშინ რატომ, რა მიზეზით? რელიგია ყველგან რელიგიაა და განა საქართველოშიც ისევე არ იკვლევენ რელიგიას, როგორც სხვაგან?

როგორც ამ მეცნიერული დარგის ერთ-ერთი თანამედროვე სპეციალისტი და თეორეტიკოსი კითხულობს: „არის თუ არა რელიგიიის ყოველგვარი კვლევა ამავდროულად რელიგიის მეცნიერება?“ – Ist nicht jede Religionsforschung zugleich auch Religionswissenschaft?5 განა „რელიგიათმცოდნეობა“ უკვე მოცემულობა არაა? „იქნებ ბორბლის ხელახალ გამოგონებას ვცდილობთ?“ – ეს კითხვები, დასმისთანავე შეგვახსენებენ ხოლმე რამდენიმე, აწ განსვენებულ თუ ჯერაც მოქმედ იმ მეცნიერთა სახელებს, რელიგიის კვლევას და რელიგიის საკითხების დამუშავებას რომ განსაკუთრებული ამაგი დასდეს. და ამ კვლევას ისინი დღესაც ეწევიან, ეს კარგია და აკადემიური ადაპტაციის საფუძველს გვიქმნის, მაგრამ აქ საუბრის თემაა არა რელიგიის თემების აბსორპცია (შეწოვა) სხვადასხვა მეცნიერებების მიერ, არა რელიგიის კვლევის ველი, არამედ უშუალოდ რელიგიის კვლევის დარგი, ინსტიტუიზირებული მეცნიერება. „რელიგიათმცოდნეობა“ რელიგიების ისტორიის სალექციო კურსია და ის დამოუკიდებელი მეცნიერულ დარგად ამ სტატუსით ვერ ჩაითვლება. ჩვენში რომ იგი დამოუკიდებელ დარგად გაზრდილიყო, მაშინ რადიკალურად სხვა სურათი გვექნებოდა და საქართველოში რელიგიის სპეციალისტები, რელიგიის პროფესიონალი მცოდნეებიც გვეყოლებოდა. ამა თუ იმ დარგის არსებობა ხომ ამ დარგის ინსტიტუციონალიზაციით იწყება. ‚რელიგიის კვლევის‘ საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნით, სულერთია, რაcerespalaisluft_medium ერქმევა ასეთ ცენტრს, თვით ‚ცენტრი‘ (როგორც ბოხუმის უნივერსიტეტის  ეს ექვსსართულიანი შენობა, რომელიც მთლიანად რელიგიოლოგიური კვლევების ცენტრს უკავია Centrum für Religionswissenschaftliche Studien, Bochum, CERES); ‚დეპარტამენტი‘, როგორც მაგ. ინგლისურენოვან უნივერსიტეტებშია თუ ინსტიტუტი, როგორც უმრავლეს გერმანულენოვან უნივერსიტეტებშია; ასევე კათედრა, ფაკულტეტი და მსგავსი. „რელიგიათმცოდნეობა“ ჯერჯერობით მხოლოდ მოყვარულ, შეთავსებად კურსად რჩება, რასაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაგ. ისტორიკოსები, ფილოლოგები ან თეოლოგები უძღვებიან. აქ საუბარი არაა მათი სალექციო კურსების ხარისხზე! დარგის არარსებობის პირობებში ან საერთოდ რაზე უნდა იყოს საუბარი?!

ამგვარი მდგომარეობა იყო ევროპაშიც XIX ს. პირველ ნახევარში და ეს დარგის ფორმაციის პერიოდს ემთხვევა.

ადრეც და დღესაც, საქართველოშიც და სხვაგანაც, რელიგია არაერთი მეცნიერული დისციპლინის შესასწავლ ობიექტად ქცეულა. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია, დავასახელოთ ისტორიოგრაფია („ქართველების წარმართობა“), ეთნოგრაფია („ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“), სოციოლოგია (Les formes élémentaires de la vie religieuse), ფსიქოლოგია (Totem und Tabu) … დარგის ინსტიტუიზირებული არარსებობის პირობებშიც კი ქართველი ფილოლოგები ქმნიან სტანდარტულ ნაშრომებს რელიგიის კვლევის სფეროში, მაგ. როგორიცაა „ჯვარი და საყმო“ ანდა  „50 ესეი რელიგიის ისტორიიდან“…

…რატომ დამჭირდა ავტორების და ნაწარმოებების  ასეთი აღრევა? რელიგიის კვლევის კლასიკური ნიმუშები შეიძლება შეიქმნას სხვა დარგების სფეროებშიც. ზემორეხსნებული უცხოელი ავტორები, მიუხედავად მათი ‚უცხოდარგელობისა‘, მიჩნეული არიან რელიგიის კვლევის კლასიკოსებად. არანაკლები საფუძველი გვაქვს,  ვიფიქროთ, რომ ამმხრივ ჩვენც გვეთქმის ბევრი. რელიგიის კვლევას საქართველოშიც აქვს საყრდენი და სერიოზული აკადემიური საფუძველი.

ჩემი აზრით, თუკი გავითვალისწინებთ მინიმუმ დასახელებულ ქართულ კვლევებს, მათი ავტორების სახით, რელიგიის კვლევის კლასიკოსები ჩვენც გვყავს, მაგრამ მათ აღიარებას, ხელახალ წაკითხვას და შტუდიერებას  სწორედაც რომ ამ დარგის არარსებობა ეღობება წინ.

რასაკვირველია, კლასიკოსებითურთ თუ მათ გარეშე, ოდითგანვე ჰუმანიტარულ/სოციალურ ანუ ჯამში, როგორც დღესაა მიღებული კულტუროლოგიურ (Kulturwissenschaft) მეცნიერებათა დარგების ინტერესის ერთ-ერთი საგანი რელიგიაცაა; მაგრამ ზოგჯერ დამცრობილი, მათი კვლევებისთვის არცთუ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაღაც სიმპტომი, როგორიცაა მაგ. „კოლექტიური ინტერაქციის აქტი“ ან „კოლექტიური ნერვოზი“.

აკადემიური შტუდიები“ (Academic Study of Religion) ყველა დანარჩენი მომიჯნავე დარგისგან განსხვავებით, – მხოლოდ რელიგიას შეისწავლის. შეისწავლის კომპლექსურად, ინტენსიურად და ყოველგვარი პრორელიგიური თუ ანტირელიგიური იდეოლოგიური კლიშეების, მაგ. რაიმე კონფესიური თუ მარქსისტული დოგმატიკის გარეშე, ნეიტრალური თვალთახედვით.6 რელიგია ამ დარგისათვის არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი შესწავლის საგანია. რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება ამავდროულად სხვა მეცნიერებათა შედეგებსაც აჯამებს, აანალიზებს და მათ ახალი ინტერპრეტაციების და თეორიების ჩამოსაყალიბებლად იყენებს.7 მოკლედ, მთავარი განსხვავება შემდეგშია: ისტორიოგრაფიის, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიისგან განსხვავებით, რელიგიის მეცნიერება (გერმანულად Religionswissenschaft) ნიშადადგენილი საგანია (gegenstandsdefiniertes Fach).8

მგონი „უცნობი დისციპლინის“ გასაცნობად პირველი ნაბიჯი გადავდგით და შევათვალიერეთ. ახლა მეორის გადადგმასაც შევეცდებით.

V. თეოლოგიისაგან გამიჯნულობა

ვფიქრობთ, რელიგიათმეცნიერებისკენ მეორე ნაბიჯი თეოლოგიისგან მისი მკვეთრი გამიჯვნა იქნებოდა.

უმთავრესი საორიენტაციო მითითება, რაც დაინტერესებულ მკითხველს თუ პროფესიულ შემკითხველს „რელიგიის მეცნიერების“ რაობის გაგებისკენ მიმავალ სწორ გზაზე დააყენებს, იმის ცოდნაა თუ რა არაა ის: Omnis determinatio est negatio (ბარუქ სპინოზა). რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება არაა რელიგიის იდენტური რამ, არაა ისევ რელიგიის თეორიული შიგთავსი ანუ თეოლოგია. Die Religionswissenschaft ist nicht die Theologie – ჩვეულებრივ, ამ დეფინიციურ-უარყოფითი წინადადებით იწყება ხოლმე რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური საგნის იდენტობის დამდგენი წერილობითი თუ აუდიო-ტექსტი9. ყველაფერი ძალზე მარტივადაა: ჩვენ ღმერთს ანუ თეოს კი არ ვიკვლევთ, არამედ რელიგიოს, ამიტომ ეს თეო-ლოგია კი არაა, არამედ – რელიგიო-ლოგია. რელიგია, თეოლოგია და რელიგიოლოგია 3 სხვადასხვა მოცემულობაა. მათ ურთიერთგანსხვავებული ფუნქციები ეკისრებათ. რელიგია და თეოლოგია ტყუპისცალებივით არიან, პრაქტიკა-თეორიის დუეტია, ხოლო რელიგიოლოგია კი – მათი „მეთვალყურე!“

თეოლოგები რელიგიური სპეციალისტები, ხოლო რელიგიოლოგები რელიგიის სპეციალისტებია.10

რელიგია განსაკუთრებულ ნიშან-სიმბოლოთა სისტემაა, რომელიც რწმენა-გამოცხადებას და მომხმარებლისგან დაუეჭვებულ, კოლექტიურ და ავტორიტარულად ნაბოძებ, ნაბრძანებ თეო-ლოგიას ემყარება.

თეოლოგია (ანუ თუ „რელიგიათმცოდნეობის“ ლოგიკას გავყვებით, „ღმერთმცოდნეობა“) რელიგიის თეორიული ნაწილია. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, თეოლოგია-ღვთისმეტყველების საგანი ღმერთია, ანდა ის, რაც ამა თუ იმ „უღმერთო“ რელიგიაში უმაღლეს პრინციპად მოიაზრება. ამდენად, თეოლოგია ნორმატიულ-აფირმატიული მეცნიერებაა და ის ყოველთვის კერძო საშინაო დავალებაა, მაგ. კათოლიკური, ევანგელური, შიიტური და შინტოისტური… ერთი სიტყვით, თეოლოგია ამა თუ იმ რელიგიის შიგთავსია, შიდაპერსპექტივის ბაზაზე კონკრეტული რელიგიის დებულებებს ასაბუთებს და განიხილავს. თეოლოგია თვითწარმოდგენაა. რასაკვირველია, მიუხედავად ზემოთქმულისა, რელიგიის მკვლევარი რელიგიურიც შეიძლება იყოს, ისევე, როგორც არელიგიური, აგნოსტიკოსი და ისეთიც, ვინც არ იცის, რა უფროა ამათგან.

თეოლოგიისაგან განსხვავებით, რელიგიის მეცნიერება რელიგიას შეისწავლის, იკვლევს და აკვირდება არა შიდა-რწმენის, არამედ გარე-პერსპექტივიდან, მისთვის რელიგია ადამიანური კულტურის, შემეცნების და თუ გნებავთ, ევოლუციის ნაწილიცაა. ამიტომ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება, რასაც ქართულად „რელიგიოლოგია“ ვუწოდეთ, კულტუროლოგიურ (სოციო / ჰუმანიტარულ) მეცნიერებათა ოჯახს მიეკუთვნება, Religious Studies, წესისამებრ, დასავლურ უნივერსიტეტებში არა თეოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ (Fakulty of Arts) ფაკულტეტთანაა ინტეგრირებული ან ცალკე ფაკულტეტადაა განთავსებული.

რელიგიო (ლათინურძირა Religio) კაცობრიული კულტურის განუყრელი ნაწილია, „ულტიმატური კონცერნი“11 ანუ ის, რაც ყველას გვეხება და თუ გნებავთ, ადამიანური შემოქმედების ნაყოფიცაა, მაგრამ ის „რელიგია“ მხოლოდ ევროპაშია, რამდენადაც სხვა კულტურებში განსხვავებული სახელებით, ფორმებით და ჰაბიტუსით გვევლინება12

რელიგია რომ კულტურის ნაწილია და მისი უღრმესი განზომილება, ამ დებულებას თუ აქსიომას მტკიცება აღარ სჭირდება. ამასთან ერთად, რელიგიების დიდი უმეტესობა თავის ტრანსცენდენტალურ, მიღმიერ დასაბამზე გვეჩურჩულება, რაც ბუნებრივიცაა: religio id est cultus deorum (ციცერონი). მაგრამ ჯერ ერთი, ღმერთი რელიგიის და რელიგიების ისტორიაში „ნაბოლარაა“13, არაერთი რელიგია „ღმერთს“ კი არა, უბრალოდ პრინციპებს ან „გასხივოსნებულ“ ადამიანებს ეყრდნობა; მეორეც, „ღმერთიც“ ხომ სხვადასხვანაირია, მაგ. ქრისტიანულ სამებასთან იაპონური 8. 000 000 კამი-ღვთაებები აშკარად სხვაობენ. ღმერთიც არ ყველა სწორია! რელიგია მრავალგანზომილებიანი და ცვალებადი ფენომენია. რელიგიის გაგებაც, შინა-არსიც იცვლება და შესაბამისად, რელიგიის მეცნიერული კონსტრუქციაც მუდმივ შენება-სრულყოფაშია.

რელიგია“-Religion როგორც ყველა რწმენითი სისტემის ამსახველი ზოგადი ცნება, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა რელიგიის უნივერსალური შტუდიები ანუ კვლევები, ახალი დროის ევროპული ცნებაა14 და მან განვითარება-ჩამოყალიბების ვრცელი გზა გაიარა.

თანამედროვე რელიგიოლოგია არამხოლოდ რელიგიის თეოლოგიურ გაგებას ემიჯნება, არამედ ასევე ცხადყოფს, რომ სხვადასხვა კულტურის შემადგენელი რწმენითი სისტემები, რომლებიც ევროპულ თარგზე მორგებით, „რელიგიად“ გამოცხადდა, თვითგაგების თანახმად, სხვა სფერო უფროა, ვიდრე რაიმე რელიგია დასავლური გაგებით. რელიგიოლოგია ეყრდნობა მხოლოდ გამოცდილებას და თეორიას. ის არ ხელმძღვანელობს თეოლოგიების მსგავსად წმინდა წერილით, არც რომელიმე ავტორიტეტული სოციალური ჯგუფის ხედვებით. მხოლოდ არგუმენტის ძალას აღიარებს: „Allein die Kraft seiner Argumente zählt.“15

VI. რელიგიოლოგიის საუნივერსიტეტო პროფილი

ევროპაში მეცნიერული ერები ცხოვრობენ. ინგლისელ მამიდას მიუთითებ, აკრეფს Depatrment of Religious Studies16 და თუ მართლა აინტერესებს, დაუყვება ათეულობით უნივერსიტეტის გვერდებს, ტეხასამადე და ტეხასის უნივერსიტეტამდე იმოგზაურებს… გერმანელ დეიდას ეტყვი, რომ აკრიფოს Institut für Religionswissenschaft17 და მინიმუმ 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტს ამოუგდებს; ფრანგ მეზობელსაც გადაამისამართებ, ეტყვი, რა რომ აი სორბონაში მთელი ფაკულტეტია Science Religieuse, რელიგიის კვლევისათვის, მოწოდებული, École Pratique des Hautes Études, V Section18 და ა.შ.

მაგრამ აი ქართველ მამიდას ან თუნდაც მამიდის ქმარს, პირობითად, პროფესორ „ოთარის“, ვისაც რელიგიის კვლევის, როგორც დამოუკიდებელი დარგის შესახებ, არასოდეს არაფერი სმენია, რა უნდა მოუხერხო კაცმა? სად გადაამისამართებ?

ბუნებრივია, ნებისმიერი „ოთარის“ მხრიდან მუდმივად იბადება კითხვა: თუ „რელიგიის კვლევები“ დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო სპეციალობაა დასავლეთში, მაშინ რატომ არსად ჩანს საქართველოში შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა, კათედრა, სკოლა, ინსტიტუტი თუ დეპარტამენტი? სადაა, რატომ არავის აქვს „რელიგიოლოგის“ დიპლომი, მსგავსად ფსიქოლოგის, ფილოლოგის, ან სოციოლოგის დიპლომებისა? რელიგიის კვლევის დარგი არც განათლების სამინისტროს სპეციალობების და ქვესპეციალობების ჩამონათვალში მოჩანს…

ჩვენ ამ კითხვის წინაშე ჯერჯერობით ფარ-ხმალს ვყრით; მართლაც, რატომ არაა საქართველოში ის, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროშია? ყველაზე უფრო მეტად ალბათ იმიტომ, რომ საამისო სურვილი და ნება არ გაგვჩენია, დაგვაგვიანდა, რადგან პოსტსაბჭოური ქვეყანა ვართ! ქვეყნის ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი იხარჯება რელიგიის პრაქტიცირებისთვის, მაგრამ რელიგიის რეფლექსირებისთვის – 0 თეთრი! იმედია, იმ ქვეყნების რიგში არ ჩავდგებით, სადაც რელიგიის ფუნდამენტალურმა პრაქტიცირებამ რელიგიის ყოველგვარ რეფლექსირებას წყალი სამუდამოდ გადაუწურა…

რელიგიის მეცნიერული შესწავლა ევროპული განმანათლებლობის პირმშოა19. და არა მხოლოდ: ასევე რენესანსისაც (იხ. ამის თაობაზედ ამერიკელი Jonathan Zittel Smith, Relating Religion), განმანათლებლობის წინააღმდეგ მიმართული რომანტიკული კრიტიკისაც (იხ. ამის შესახებ გერმანელი Hans. G. Kippenberg, Religionswissenschaft und Kulturkritik) და ზოგადად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მთელი ევროპული განვითარებისაც. რელიგიის მეცნიერული შესწავლა სწორედაც რომ დასავლურმა განვითარებამ მოიტანა. უპირველეს ყოვლისა, შესწავლა და არა მხოლოდ მისი კრიტიკა.

რელიგიის კვლევა, რაც დასავლური უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ ან კულტუროლოგიურ ფაკულეტეტებზე კათედრების თუ დეპარტამენტების სახით XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისისათვის „რელიგიის მეცნიერების“ სახელით ინსტიტუიზირდა, ემყარება რელიგიის და რელიგიების კვლევის არარელიგიურ, ნეიტრალურ, შედარებით-სისტემატურ, ემპირიულ-დესკრიპტიულ და მულტიდისციპლინარულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიებს.20 ეს საგანი შედგება ორი განუყოფელი, ისტორიული და სისტემატური ნაწილისაგან: ა)რელიგიის ისტორიული, გრძივი, დიაქრონული ანალიზი და ბ)რელიგიის სისტემატურ-ფენომენოლოგიური, სინქრონული, განივი სინთეზი. მათი ჰარმონიული შერწყმა რელიგიის კვალიფიციური კვლევის წინაპირობაა.21 როგორც ცნობილია, საგანი „რელიგიების ისტორია“ რელიგიოლოგიაზე უფრო ადრეც არსებობდა და დღესაც „რელიგიოლოგიის“ ერთ-ერთ სინონიმად გამოიყენება, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი დარგი, რელიგიოლოგია სისტემატური კვლევების გზით ჩამოყალიბდა, განვითარდა და დასავლურ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემასაც მის განუყოფელ ნაწილად სწორედ სისტემატურობის გამოისობით მოერგო.22

საგნის თანამედროვე მასშტაბურობის საჩვენებლად, საკმარისია აღინიშნოს, რომ რელიგიის მეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა ანუ დარგი, გერმანულად Studiengang, – როგორც ზემოთაც აღინიშნა, – დაახლ. 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტშია წარმოდგენილი;23 უახლესი ინფორმაციით, ერთად აღებული, ამ სპეციალობის ბაკალავრის დონეზე დაუფლება ამჟამად 71 არაერთგვაროვან შესაძლებლობას მოიცავს,24 ხოლო რაც შეეხება მასტერის ხარისხის მიღებას, საამისოდ გერმანული უნივერსიტეტები 121 შესაძლებლობას გვთავაზობენ.25

რელიგიის კვლევის ოქციდენტალური დიაპაზონიც ასევე თვალუწვდენელია, ასე, მაგ. ამჟამად მხოლოდ შვიდ შვეიცარულ უნივერსიტეტში სამივე ძირითად ევროპულ ენაზე 60-ზე მეტი სადოქტორო და 10-ზე მეტი ჰაბილიტაცია მზადდება.26

VII. ტერმინოლოგიური პლურალიზმი

შემდგომი ნაბიჯი „უცნობი დისციპლინის“ გასაცნობად იქნებოდა ტერმინოლოგიური პლურალიზმის დანერგვა, რასაც ზემოთაც ვცდილობდით. დარჩეს „რელიგიათმცოდნეობა“? კერძოდ რას გვაუწყებს იგი? და რატომ არა მხოლობითად: „რელიგიისმცოდნეობა“? ან ტრადიციული „რელიგიის ისტორია“? რამდენნაირია რელიგიის ისტორია? – ისტორიული რელიგიების, ზოგადად რელიგიის თუ რაიმე საყოველთაო რელიგიური ფენომენის, მაგ. ინიციაციის ან წინადაცვეთის ისტორია მთლიანობაში? უბრალოდ „რელიგიის კვლევები“ რომ შეირჩეს? მითუფრო, რომ ამ სახელწოდებით უახლოეს წარსულში რამდენიმე ცენტრიც მოქმედებდა მშობლიურ აკადემიურ თუ ავტოდიდაქტურ შემოგარენში! ზემოხსენებული „რელიგიის მეცნიერება“ ან „ენათმეცნიერების“ მიბაძვით „რელიგიათმეცნიერება“ რომ ვიგუოთ? ვითომ უდავოდ კალკია?27

ამ მეცნიერული დარგის აღმნიშვნელი ისეთი იდენტური სახელწოდებები, როგორიცაა, Science of Religion, Religious Studies, Academic Study of Religion, Comparative Religion, Religionswissenschaft, Religionsphänomenologie, Science des Religions, Science Religieuse, Scienza della Religione, 宗教学, Religionistika და სხვა, ურთიერთგანსხვავებულობებით ასახავენ საგნის ჩამოყალიბების, შიდასკოლების განვითარების ისტორიას, მეცნიერული თეორიის მრავალფეროვნებას, და ბოლოს, აკადემიურ გეოგრაფიასაც: ინგლისი, აშშ, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, იაპონია, დასასრულ, ჩეხეთიც…

რელიგიოლოგიის, როგორც ახალი მეცნიერული დარგის მამას (Friedrich Max Müller,1823-1900).28 ღრმად სჯეროდა ახალი დისციპლინის დიდი მომავლისა და საზოგადოებრივი რელევანტურობისა:

The Science of Religion may be the last of the Sciences, which man is destined to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give life to Cristianity itlesf.“29

VIII. საგნის დაფუძნების მინიატურული ისტორია

1867 – Chips from a German Workshop; ამ კრებული პირველად გამოჩნდა Science of Religion, როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა;

1868 – „შედარებითი რელიგიისპროფესურა ოქსფორდში;

1870 – მოხსენებები: Introduction to the Science of Religion;

1873 – პირველი კათედრა ფრანგულენოვან ჟენევის უნივერსიტეტში;

1876 – ბოსტონის უნივერსიტეტში ფუძნდება ანალოგიური საგანი;

1876 – ერთდროულდა ნიდერლანდების 4 უნივერსიტეტში (Amsterdam, Gronningen, Leiden, Utrecht) წარმატებით და სახელწიფოებრივი ზრუნივის ქვეშ ფუძნდება ჰოლანდიური Godsdienstwetenschap.

იდერლანდებში მოღვაწეობდნენ ცნობილი Cornelis Petrus Tiele(1830-1902) და Pierre Daniel Chantepie de la Saussaye(1848-1920), რომელთაც ფრიდრიხ მაქს მიულერთან ერთად ასევე რელიგიოლოგიისმამებსმიაკუთვნებენ;

1879 – Albert Réville მიიღებს რელიგიის ისტორიის კათედრას Collège de la France – ში;

1886 – ზემოხსენებული ფრანგი მეცნიერის ძალისხმევით მთელი ფაკულტეტი არსდება სორბონაში, იხ.V Section ( Section des Sciences religieuses), École pratique des hautes études, სადაც რელიგიის მეცნიერება 12 კათედრის და 76 აკადემიური კადრის სახით დღეს ვრცლადაა წარმოდგენილი;

1884 – ბელგია;

1886 – პირველად იკითხება ლექციები რომში. მოგვიანებით, 1924 – 1959 წლებში მოღვაწეობს Raffaele Pettazzoni. იტალიური სკოლა ცნობილია როგორც storia delle religioni.

იტალიური სკოლის თანამედროვე კლასიკოსის საბატუჩის( Sabbatucci) ორიგინალური კონცეფციის თანახმად, რელიგიის ცნება კულტურისგან განუყოფელია და იგი მასში უნდა გაზავდეს;30

1887 – დიდ ბრიტანეთში იწყება ცნობილი Gifford Lectures… მიზეზთა გამო ამ ქვეყანში რელიგიოლოგიის სრული ინსტიტუციონალიზაცია ფერხდება;

1893 – Uppsala, შვედეთი. აქ მოღვაწეობს კლასიკური ფილოლოგი, Sam Wide, აგრეთვე მთავარეპისკოპოსი, რელიგიოლოგი და ნობელიანტი Nathan Söderblom;

1903 – ტოკიო. იაპონია ჯერჯერობით ერთადერთი არაოქციდენტალური ქვეყანაა, სადაც დასავლური religious studies ფუძნდება, სახეს ინარჩუნებს და ვითარდება;31

1904 – კათედრის სახით პირველად ინგლისის ისტორიაში, მანჩესტერში ფუძნდება Comparative Religion;

გერმანიაცალკე საუბრის თემაა. აქ რელიგიის თემებს ინტენსიურად .. Religionsgeschichtliche Schule ამუშავებდა. ორიოდ სიტყვით მაინც:

1910 – ბერლინში, საგნის დასაფუძნებლად დანიელი სპეციალისტი ედვარდ ლემანი (J. E.Lemann) მოიწვიეს;

1912 – ლაიფციგში ამავე მიზნით დიდი შვედი ნათან ზოდერბლომი (Nathan Söderblom) იქნა მოწვეული;

1914 – დანია;

1915 – ოსლო. ნორვეგია. ამჟამად რელიგიოლოგია უჩვეულო აღორძინებას განიცდის Bergen – ის უნივერსიტეტში, სადაც გერმანელი რელიგიოლოგებიც მოღვაწეობენ.

IX. დასკვნები, სურვილები, ვარაუდები

1.რელიგიის კვლევისტერმინოლოგიურ პლურალიზმს, რის დამკვიდრებაც დარგისათვის ხელის ჩამორთმევის ტოლფასი გვგონია, ჩვენში საფუძველი ისედაც ჰქონდა. ინერციით ჯერ კიდევ ტრადიციად შემოინახა რუსულსაბჭოური კალკირელიგიათმცოდნეობა“, თან ტყუპისცალიც გაიჩინაგაზედსართავებულირელიგიათმცოდნეობითი“; მეორესმხრივ, ფიგურირებს ასევე „რელიგია/რელიგიათა ისტორია“, რაც ალბათ ამჟამინდელ რეალობასთან ყველაზე უფრო მორგებული კონცეფციაა; საქართველოში მინიმუმ რელიგიის 2 ისტორიკოსი მაინც გვყავს! მესამესმხრივ, იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმისრელიგიის მეცნიერება“,32 ხოლო მეოთხესმხრივ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულიარელიგიოლოგია“, როგორც რელიგიის დასავლური კვლევების ანუ სადღეისოდ ყველაზე უფრო მიღებული ტერმინოლოგიით, Religious Studies – ის ნამდვილი ბადალი და ექვივალენტური ცნება. ეს ბოლო კონცეფცია თუ პარადიგმა რელიგიოლოგიისა შესაძლებელია არც თუ ისე უპერსპექტივო გამოდგეს, რამდენადაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „სოციოლოგია“ (ყოფილისაზოგადოებათმცოდნეობა“), „ეთნოლოგია“ ( ყოფილი ”ხალხთმცოდნეობა“), „ფსიქოლოგია“, „ტიბეტოლოგია“, „ხეთოლოგია“ (და არახეთთმცოდნეობა“) უკვე ქართული აკადემიური რეალობის და ლექსიკოლოგიური ოჯახის ნამდვილ წევრებად გადაიქცნენ!

ვფიქრობთ, ახლარელიგიოლოგიისჯერია. და იქნებ რელიგიოლოგიის სპეციალობის, რელიგიოლოგიური კვლევების დროც დადგა უკვე?!

2. ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი საქართველოს წინაშე წარმოშობილი არაერთი პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სოციალური გამოწვევის ფონზე ამ საგნის აკადემიურად გამართული დამკვიდრება უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ამოცანად გვესახება. საქართველომ ამ მხრივ მეტად აღარ უნდა დააგვიანოს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში, სადაც რელიგია მთელი თავისი ამბივალენტურობით ისევ დაბრუნდა (Back of Religion), რელიგიის რეფლექსიაც (ანალიზი, კვლევა) გაფართოვდა და დასავლურ სამეცნიერო წრეებში ამის საჭიროება განსაკუთრებულადაა არამხოლოდ ხაზგასმული, არამედ რეალიზირებულიც.

რასაკვირველია, რელიგიის კვლევები სხვადასხვა მეცნიერების ფარგლებში ადრეც და დღესაც, სხვაგანაც და ჩვენთანაც მეტნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. იკითხებოდა და იკითხება სხვადასხვა კურსი, რელიგიაპოლიტიკის იმპლიკაციების განხრით, არიან ჩვენშიც რელიგიის ისტორიის კარგი მცოდნეები, რელიგიათმცოდნეებიც (ანუ ე.წ. „მსოფლიო რელიგიების“ მოყურადენი) ლოკალური გაგებით, მაგრამ ასეთი მდგომარეობა იყო ევროპაშიც მთელი XIX საუკუნის შუალედამდე, რაც ფორმაციული პერიოდის ამსახველია. ვის შეიძლებოდა წამოცდენოდა, რომ თეოლოგ ადოლფ ჰარნაკს რელიგიის არა გაეგებოდა რა? მაგრამ საგნის სპეციალისტი იმ დროის გერმანიაში მაინც სკანდინავიიდან ჩამოყავთ!

მიუხედავად ჩვენში სათანადო მეცნიერული პოტენციალის არსებობისა, საკუთრივ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება, Religieus Studies (როგორც რელიგიის თავისთავადი, ემპირიული, სისტემატური, მულტიდისციპლინარული, კონტექსტუალური, კომპლექსური და რაც მთავარია აკადემიურად ორგანიზებული ძალისხმევა, ერთი სიტყვით, ისეთი, როგორიც ის დასავლეთშია), საქართველოში ჯერჯერობით რატომღაც მაინც სრულიად უცხო მოვლენად რჩება. აუხსნელი და გაუგებარია ეს წინაუკმობა ანუ საუნივერსიტეტო რელიგიოლოგიის სპეციალობის არარსებობა; იმედია, ეს აკადემიური ვაკუუმი უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება, რაც, ვფიქრობთ, თავის სასიკეთო შედეგებს არაერთი მიმართულებით გამოიღებს!

3. გარდა შემეცნებითი, წმინდა საგანმანათლებლო ინტერესების დაკმაყოფილებისა, რელიგიის შემსწავლელ აკადემიურ მეცნიერებას, როგორც სახელმწიფოებრივი მოდერნიზაციის, ინტეგრაციის, მიგრაციის პროცესის ხელშემწყობ და დამარეგულირებელ ფაქტორს, სათანადო პრაქტიკული საჭიროების ფუნქციაც ენიჭება;33 საქართველოსთვის რელიგიის აკადემიურად ორგანიზებული, საუნივერსიტეტო კვლევის ორგანიზება, ფართო და დასავლური გაგებით, პროფესიონალირელიგიათმცოდნეობისთურელიგიოლოგიისსპეციალობის დაფუძნება, პარალელურად, სარელიგიო მსოფლიო დონის ჟურნალის (Georgian Journal for Religious Studies) დაარსება და ამ სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტების მომზადება სადღეისო, გადაუდებელ ამოცანად მოჩანს. ეს ამოცანა უნდა გადაწყდეს დასავლური სტანდარტების შესაბამისად და მალევე უნდა მივაღწიოთ ქართული რელიგიოლოგიის ინტერნაციონალურ აღიარებასაც.

სწორედ ამ იდეას ემსახურება ეს პოპულარულსამეცნიერო ოპუსიც; ისევე, როგორც ჩვენი ორენოვანი ბლოგი მთლიანობაში,34 საჯარო მოხსენებები,35 სატელევიზიო გამოსვლა, „რელიგიის არსიფუნქცია36 და რაც მთავარია, სულხანსაბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩვენი ამჟამინდელი კურსი ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის: „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა“… რასაკვირველია, გერმანელი სპეციალისტებიც საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული და კონსულტაციებს ისინი ჩვენ არ გვზარდებიანამგვარ მცდელობათა სიაც თანდათან უფრო გაიზრდება! ქართულენოვანი სახელმძღვანელოც მალე გვექნება, მაგრამ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვანს!

4. ამრიგად, რელიგიის საუნივერსიტეტო, აკადემიურად ორგანიზებული კვლევა დასავლური ისტორიის და აკადემიური განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ეს დასავლური თანამედროვეობაა და მოიცავს ათეულობით ფაკულტეტს, კათედრას, ინსტიტუტს, დეპარტამენტს, ასევე რელიგიის კვლევის ათეულობით ინტერნაციონალურ ორგანიზაციებს, ჟურნალებს და მეცნიერულ პროექტებსამ საქმეში და მეცნიერულ შემოქმედებაში ასეულობით აკადემიური კადრია ჩაბმული და ეს ის დიდი სამეცნიეროინტელექტუალური სამყაროა, რომლის შემადგენლობასაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ არ ვეკუთვნით, იქიდან ჯერ სინათლეს ჩვენამდე არ მოუღწევია! საკითხავიც აი ესაა: რატომ? როდემდე? და როგორ მოვახერხებთ ჩვენ სადღეისოდ ჩვენი უდიდესი ამოცანის დაძლევას ანუ დასავლეთთან ინტეგრაციას უამსაგნოდ, ამ დარგის გარეშე?!

X. გამოყენებული ლიტერატურა:

1. Ahn, Gregor (1997): Eurozentrismen als Erkenntnisbarrieren in der Religionswissenschaft. In: Auffarth, Christoph / Beinhauer-Köhler, Bärbel /Deeg, Max /Gärtner, Christel /Rüpke, Jörg / Tanaseanu-Döbler, Ilinca (Hrsg.): ZfR – Zeitschrift für die Religionswissenschaft. Marburg: z. Z.: De Gruyter, damals: Diagonal -Verlag, 5, 41-58.

2. Alles, Gregory D. (Ed.) ( 2008): Religious Studies. A Global View. London and NewYork: First Published by Routledge.

3. Auffarth, Christoph / Bernard, Jutta / Mohr, Hubert (Hrsg.) (1999 – 2002) (²2005): Metzler Lexikon Religion. Gegenwart – Alltag – Medien, 4 Bände. Stuttgart und Weimar: Verlag J. B. Metzler.

4. Braun, Willi/McCutcheon, Russell T. ( Eds.) (2000): Guide to the Study of Religion. London and New York: Cassel.

5. Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe (HrwG). in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer.

6. Cicero (²2003): De natura Deorum / Über das Wesen der Götter, Lat./Dt. Übers. und Hrsg. Von U. Blank-Sangmeister, Nachw. von K. Thraede. Stuttgart: Reclam.

7. Despland, Michel (1979): La Religion en occident, Évolution des idées et du vécu. Montréal / Paris: Fides.

8. Feil, Ernst (1986, 1997, 2001, 2007): Religio. Die Geschichte eines neuzeitlichen Grundbegriffs. I-IV Bände. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht.

9. Franke, Edith / Maske, Verena (Hrsg.) (2014): Religionswissenschaft zwischen Sozialwissenschaften, Geschichtswissenschaften und Kognitionsforschung. IVK – Religionswissenschaft. Marburg: Marburg Online Books, Band 2.

10. Gerardus van der Leeuw (⁴1977): Phänomenologie der Religion. Tübingen: J.C.B.Mohr.

11. Gladigow, Burkhard, Auffarth, Christoph / Rüpke, Jorg (Hrsg.) (2005): Religionswissenschaft als Kulturwissenschaft. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute, Bd.1. Stuttgart: Verlag W.Kohlhammer.

12. Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer.

13. Hock, Klaus (2002) (2011): Einführung in die Religionswissenschaft. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft.

14. კაკაბაძე, ზურაბ (1985), „ექსისტენციური კრიზისის“ პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია.“ თბილისი: „მეცნიერება.“

15. Kippenberg, Hans G. / Stuckrad, Kocku von (2003): Einführung in die Religionswissenschaft. München: Verlag C. H. Beck oHG.

16. Klöcker, Michael / Tworuschka, Udo (Hrsg.) (2008): Praktische Religionswissenschaft. Köln / Weimar / Wien: Böhlau Verlag.

17. Kurth, Stefan / Lehmann, Karsten (Hrsg.) (2011): Religionen erforschen. Kulturwissenschaftliche Methoden in der Religionswissenschaft. Wiesbaden: VS Verlag;

18. Lanczkowski, Günter (Hrsg.) (1974): Selbstverständnis und Wesen der Religionswissenschaft. In: Wege der Forschung, Band CCLXIII. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft.

19. Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company.

20. Rudolf, Kurt (1978): Die ideologiekritische Funktion der Religionswissenschaft. In: Numen – International Review for the History of Religions (I.A.H.R.), Exec. Editors: Gregory D. Alles and Olav Hammer. Leiden: Brill. Vol. XXV, Fasc.1, 2-39.

21. Sharpe, Eric J. (1998) (²1986): Comparative Religion, A History. London: Duckwort.

22. Seiwert, Hubert (1977): Systematische Religionswissenschaft: Theoriebildung und Empiriebezug. In: ZMR – Zeitschrift für Missionswissenschaft und Religionswissenschaft – 1911 begrundet von Joseph Schmidlin; Münster: Verlag Aschendorf, 61 Jahrgang, 1-18;

23. Stausberg, Michael and Engler, Steven (Eds.) (2011): The Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion. London & New York: by Routledge.

24. Stausberg, Michael (Hrsg) (2012): Religionswissenschaft. Berlin / Boston: De Gruyter.

25. Stuckrad, Kocku, von (2013): Diskursive Study of Religion: Approaches, Definitions, Implications. In: Method & Theory in the Study of Religion – Journal of the North American Association for the Study of Religion. Leiden / Boston: Brill. Volume 25, 5-25.

26. Tillich, Paul (1967): Gesammelte Werke, Bd.9: Die Religiöse Substanz der Kultur. München: De Gruyter.

27. Wach, Joachim (1924): Religionswissenschaft: Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoritischen Grundlegung. Leipzig: Hinrichs. ხელახალი გამოცემა: Grundmann, Christoffer H. (2001). Waltrop: Spenner.

28. Wentz, Richard E. (1999): The Hidden Discipline of Religious Studies, The Chronicle of Higher Education XLVI, 6, October 1, A 72.

29. Yousefi, Hamid Reza (2007): Interkulturelle Religionswissenschaft. Struktur – Gegenstand – Aufgabe. In: Wege zur Religionswissenschaft, Eine interkulturelle Orientierung: Aspekte, Grundprobleme, Ergänzende Perspektiven. Herausgegeben und eingeleitet von Hamid Reza Yousefi, Klaus Fischer, Ina Braun und Wolfgang Gantke; Unter Mitwirkung von Katja Thelen, Corinna Janal, René Jaquett und Christoph Mauch. Nordhausen: Traugott Bautz, 21-48.

30. Zinser, Hartmut (Hrsg.) (1988): Religionswissenschaft, Eine Einführung. Berlin: Dietrich Reimer Verlag.

31. Zinser, Hartmut (2010): Grundfragen der Religionswissenschaft. Paderborn / München / Wien / Zürich: Verlag Ferdinand Schöningh.

32. საკუთარი ბლოგი: Religionswissenschaft in Georgien რელიგიოლოგია საქართველოში („ერთი კაცის უნივერსიტეტი“):  https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/

აპრილ – მაისი, 2016 წელი, თბილისი, საქართველო.

სტატიის ავტორი: ზელიმხან უძილაური(Zelimkhan Udzilauri), რელიგიოლოგიის მაგისტრი, M.A. 2005, Universität Tübingen, ამჟამად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. საქართველოში: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. აქვე: რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი. სალექციო კურსები: 1. „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის (რელიგიოლოგიის) ასპექტები და პრობლემატიკა“, 2. „რელიგიის არსი, ფუნქცია და თეორიები“, 3. „რელიგიის კვლევის კლასიკოსები“.

მოთხრობების 2 კრებულის ავტორი: 1. „ხეტეს აღდგომა ანუ რელიგიის ფენომენოლოგია“; 2. „როჭოზე ნადირობა“. დანარჩენზე დაგუგლეთ 🙂

სქოლიო ერთობლიობაში:

1შდრ. Kohl, Karl-Heinz(1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: HrwG, I, გვ. 217: „Die Religionswissenschaft ist eine relativ junge akademische Disziplin. Ähnlich wie die Soziologie, die Ethnologie und die Psychologie hat sich auch die Religionswissenschaft an den meisten europäischen Universitäten erst in der zweiten Hälfte des 19. Jahrhunderts als eigenständiege Wissenschaft zu etablieren vermocht.“

2Wentz, Richard E. (1999): The Hidden Discipline of Religious Studies, The Chronicle of Higher Education XLVI, 6, October 1, A 72.

4Религиоведение- „რელიგიათმცოდნეობა“ დღემდე შემორჩა ქართულ სამეცნიერო ლექსიკას კალკად, ისევე როგორც თავის დროზე იყო Обществоведение-„საზოგადოებათმცოდნეობა“. ამის დასტურად იხ. საზოგადოებათმცოდნეობა, სახელმძღვანელო საშუალო სკოლის გამოსაშვები კლასისა და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისთვის, მოამზადა ავტორთა კოლექტივმა გ.ხ შახნაზაროვის ხელმძღვანელობით; 23-ე გამოც., მთარგმნელები: ბ. ლუტიძე, გ.კუკუტარია, თ. დემეტრაშვილი, თბილისი, „განათლება“, 1987. ფასი 85 კაპ. კარგი და მისაბაძია, რომ „სოციოლოგია“ დამკვიდრდა და „საზოგადოებათმცოდნეობა“ რუსულ-საბჭოურ მეცნიერულ-საზოგადოებრივ წარსულს ჩაბარდა. იმედია, სამუდამოდ!

5Seiwert, Hubert (2014): Religionswissenschaft zwischen Sozialwissenschaften, Geschichtswissenschaften und Kognitionsforschung. In: Franke, Edith / Maske, Verena (Hrsg.): IVK – Religionswissenschaft. Marburg Online Books, Band 2, 16.

6დაწვრილებით იხ.: Kurt Rudolph (1978): Die Ideologiekritische Funktion der Religionswissenschaft, ჟურნალში NUMEN, Vol. XXV, Fasc.1, გვ.: 2-39.

7საგნის ინტერკულტურული და ინტერდისციპლინარული მოწყობის შესახებ ვრცლად წერენ, მათ შორის დასავლეთში მოღვაწე არაერთი აღმოსავლური წარმოშობის მეცნიერიც. ნიმუშად, გერმანიაში მოღვაწე ირანელი სპეციალისტი, Hamid Reza Yousefi: „ინტერკულტურული მეცნიერება – სტრუქტურა, საგანი, ამოცანები“. იხ. მისსავე მიერ გამოც. კრებულში: Wege zur Religionswissenschaft, Nordhausen, 2007.

8შდრ. Stausberg, Michael (2012): Profil eines Universitätfachs im Deutschprachigen Raum, მის მიერვე გამოცემულ კრებულში: Religionswissenschaft, გვ.: 8-9. საგნის შემდგომი მნიშვნელოვანი თავისებურებაც იქვე: თუ „რელიგიათმცოდნე სხვა საკითხებზე გადავა, ის უკვე აღარაა „რელიგიათმცოდნე“, მაგრამ ისტორიკოსი, ვინც რელიგიაზეც წერს, რჩება ისტორიკოსად: „Ein Historiker der sich mit Religion beschäftigt, bleibt Historiker; ein Religionswissenschaftler, der ausschließlich historische Phänomene ohne erkennbaren Bezug zum Thema Religion behandelt, hört demgegenüber in der allgemeinen Wahrnehmung auf, Religionswissenschaftler zu sein.“

10Theologen sind religiöse Spezialisten – Religionswissenschaftler sind Spezialisten für Religiöses“, იხ.: Hans-Jürgen Greschat (1988): Was ist Religionswissenschaft? გვ.129.

11Paul Tillich (1967): Gesammelte Werke, Bd.9: Die Religiöse Substanz der Kultur, გვ.100 უშუალოდ დედნიდან: „…Dann können wir Religion definieren als das, was uns unbedingt angeht und was uns allein unbedungt angehen sollte“.

12შეად.: Despland, Michel (1979): La Religion en occident, Évolution des idées et du vec. განს. გვ. 88.

13„Gott ist ein Spätling in der Religionsgeschichtliche“. – ეს ჰოლანდიური რელიგიოლოგიის ცნობილი კლასიკოსის აქსიომური გამოთქმაა, იხ. Gerardus van der Leeuw (⁴1977): Phänomenologie der Religion, დასათაურებით: Das Objekt der Religion, § 11: „ძალა-ნება-ხსნა“, გვ.103.

14შდრ. Feil, Ernst (1986, 1997, 2001, 2007): Religio. Die Geschichte einer neuzeitlichen Grundbegriffs. I-IV Bände. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht.

15Zinser, Hartmut (2010): Grundfragen der Religionswissenscaft, გვ.25.

19Gustav Mensching (1948): Geschichte der Religionswissenschaft, გვ. 8.

20შდრ. ვრცლად: Stausberg, Michael (2014): Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion.

21ამომწურავად იხ.: Joachim Wach (1924): Religionswissenschaft, Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoritischen Grundlegung.

22სიზუსტისათვის შდრ. ნაწყვეტი შემდეგი სტატიიდან: Hubert Seiwert (1977): Systematische Religionswissenschaft: Theoriebildung und Empiriebezug: Erst durch die systematische Religionswissenschaft wird das Fach als autonomes konstituiert, und nur wenn und solange (auch) systematische Religionswissenschaft betrieben wird, ist es möglich und sinnvoll, in den religionswissenschaftlichen Teildisziplinen – wie Religionsgeschichte oder Religionssoziologie – mehr zu sehen als nur Zweige der Geschichtswissenschaft oder der Soziologie“. – იხ. ZMR, გვ.2.

24http://www.studieren-studium.com/studium/Religionswissenschaft ბმულის ნახვის თარიღი: 21.06.2016.

27რასაკვირველია, საბოლოო განაჩენი ქართულმა ენამ, ცოცხალმა მეტყველებამ უნდა გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაჯიბროთ ერთმანეთს: 1. „ისტიკა“ (რომანისტიკა, ორიენტალისტიკა, ირანისტიკა, მონღოლისტიკა, რელიგიონისტიკა); 2. „ლოგია“(ფილოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ტიბეტოლოგია, ხეთოლოგია, გალაკტიონოლოგია, რელიგიოლოგია); და 3. „მცოდნეობა“ (საზოგადოებათმცოდნეობა, ლიტერატურისმცოდნეობა, ყველაფრისმცოდნეობა, თარგმანთმცოდნეობა, რელიგიათარმცოდნეობა)….მგონი „ლოგია“ ჯაბნის დანარჩენებს!

28საგნის მეცნიერული ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემი აზრით ყველაზე კარგი სახელმძღვანელოა რამდენჯერმე (2003,1998, 1986, 1975 წწ.) გამოცემული Eric J. Sharpe: Comparative Religion. წიგნი ნაწილობრივ იკითხება ასევე „ამაზონზე“: http://www.amazon.com/Comparative-Religion-Eric-J-Sharpe/dp/0715610813#reader_0715610813

29Friedrich Max Müller (1867): Chips from a German Workshop, I, გვ. XIX.

30Dario Sabbatucci (1988): Kultur und Religion. იხ: HrwG, I, გვ.: 43-58.

32გერმანულის კალკი? აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე გერმანულიდან ასევე პირდაპირ თარგმნის: „გონის მეცნიერება“= Geisteswissenschaft, „ბუნების მეცნიერება“ = Naturwissenschaft, მეტიც, ის გერმანულის მიბაძვით კიდევაც აზედსართავებს და ერთ სიტყვად შეადნობს: „გონისმეცნიერული“= Geisteswissenschaftlich, „ბუნებისმეცნიერული“= Naturwussenschaftlich. ასევე მრავლობითშიც პირდაპირ თარგმნის, მაგ: „გონისმეცნიერებებს აშკარად აკლდა მსგავსი მკაცრი და მოხერხებული მეთოდები…“ გონისმეცნიერებებია აქ Geisteswissenschaften. შესაძლებელია, ეს ნოვაცია ქართულმა ენამ ჯერ არ იგუა, მაგრამ ვითომ სამუდამოდ თქვა მან მსგავს ფორმებზე უარი? შდრ. კაკაბაძე, ზურაბ (1985), „ექსისტენციური კრიზისის“ პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“, მაგ. გვ.: 51-52.

33კონკრეტულად რელიგიოლოგიის პრაქტიკულ-სახელმწიფოებრივ საჭიროებაზე საუბრობდაა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რელიგიოლოგთა მსოფლიო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსული ბადენ-ვურთემბერგის მეცნიერების, კვლევისა და ხელოვნების მინისტრი: „რელიგიის მეცნიერება, იკვლევს რა რელიგიას კულტუროლოგიური ასპექტით და მოაქცევს რა ამით თავის ფოკუსში რელიგიის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქმნის და ავითარებს ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნას რელიგიურ-კულტურული ინტერაქციების, რელიგიის შეცვლილი როლის, რელიგიური მინორიტეტების შესახებ და ა.შ. ამით რელიგიის მეცნიერება წარმოაჩენს თავს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელსაც შეუძლია მეტად ღირებული რეკომენდაციები გასცეს საზოგადოებრივი პრაქტიკის, საგანმანათლებლო სისტემის, ინტერკულტურული, ტოლერანტული და სხვა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროებში…“ იხ. აგრეთვე მისალმების ორიგინალური ტექსტიც: http://www.zegk.uni-heidelberg.de/religionswissenschaft/dvrw2011/grusswort/

11205050_1009229229100925_8248239872647544037_n