‚რელიგიის მეცნიერების‘ დაბადება / Die Geburt der Religionswissenschaft

ქვემორე ფრაგმენტის მიზანია, სათანადო გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, მოკლედ გადმოსცეს ‚რელიგიის კვლევის‘ (Study of Religion) ანუ ‚რელიგიის მეცნიერების (გერმ. Religionswissenschaft), როგორც საუნივერსიტეტო, თავისუფალი და თვითმყოფადი დარგის, დაბადების, იდენტობისა და ეტაბლირების ის ევროპული წინაპირობები, რომელნიც, ერთიანობაში აღებული, ზოგადევროპულ საზოგადოებრივ-შემეცნებით განვითარებას  უკავშირდებიან.

1. დარგის აკადემიური რაობა / Identität des Faches

რელიგიის კვლევა‘ (Study of Religion, Religionswissenschaft) დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული დარგია. შეისწავლის რა რელიგიასა და რელიგიებს, რელიგიურობასა და რელიგიურ მსოფლხედველობებს კულტურული წიაღის ფონზე, მრავალმხრივ (კომპლექსურად) და ცხოვრების სხვა მხარეებთან კავშირში (კონტექსტუალურად), იგი არცერთ რელიგიასთან, არანაირ თეოლოგიასთან, არც ეკლესიასთან და არც იდეოლოგიასთან თავს არ აიგივებს.

რელიგიის მეცნიერება შედარებით ახალგაზრდა აკადემიური დისციპლინაა. მან, როგორც თვითმყოფადმა მეცნიერებამ, სოციოლოგიის, ეთნოლოგიის და ფსიქოლოგიის მსგავსად, უმრავლეს ევროპულ უნივერსიტეტებში პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო დაფუძნება.“1

რელიგიის ინსტიტუიზირებული კვლევა ანუ „რელიგიის მეცნიერული რეფლექსიის დინებაში2 მოქცევა ცივილიზატორული ფაქტორია, თავისი ისტორიითა და მეცნიერული თეორიით ტიპიურად დასავლური ანუ ოქციდენტალური მოვლენა, ზოგადევროპული განვითარების შედეგი და „დასავლურ-ევროპული სააზროვნო კულტურის პროდუქტი.3

ყოველგვარ მეცნიერებას უპირველეს ყოვლისა, შესწავლის მტკიცედ განსაზღვრული საგანი ესაჭიროება. ამ კერძო შემთხვევაში ეს საგანი ანუ „რელიგია“ – როგორც უნივერსალური, ზოგადამიანური კულტურულ-რწმენითი სისტემების გამაერთიანებელი ცნება გვიანდელი ევროპული მოვლენაა. „სრულიადაც არაა გასაოცარი, რომ რელიგიის მეცნიერებამ […] არსებითად რელიგიის დასავლური ცნებებით იმუშავა.4

სადღეისოდ რელიგია არაერთი მეცნიერული დარგის გაცხოველებული კვლევისა თუ შესწავლის ობიექტად იქცა9 და ამმხრივ განსაკუთრებულად შესამჩნევია 4 მიმართულება: 1. ‚რელიგიის კვლევა‘ Fach, Diszipline ანუ უშუალოდ რელიგიის კვლევის დარგი – ‚რელიგიის მეცნიერება‘, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი, და რაც დილეტანტიზმისაგან გასამიჯნავად წოდება როგორც Academic Study of Religion; 2. რელიგიის კვლევის ზოგადი ველი, Forschungsfeld, რაც გადაზრდილია ინტერდისციპლინარულ დისკურსში და აყვანილია იმ ხარისხში, რასაც ჩვეულებრივ ‚კულტურული შტუდიები‘, Cultural Studies ეწოდება; 3. სუბდისციპლინარული სფეროები (მაგ. რელიგიის სოციოლოგია ან რელიგიის ფსიქოლოგია) და 4. ბიოლოგიურ – კოგნიტიური სპეციალობა. ამათგან მეორე ვერსია ანუ რელიგიის კვლევის ველი, როგორც Cultural Studies განსაკუთრებულად ხაზგასმულად მოქმედებს „ინტერდისციპლინარული დისკურსის“ ეგიდით; ამავე მიმართულების აღსანიშნავად ზოგჯერ ხმარებაშია ასევე მრავლობითი „რელიგიის კვლევები“, გერმ. Religionswissenschaften ანუ religious studies. ეს გამოთქმა არამხოლოდ ინფლაციური, დიფუზიურიცაა ანუ დაუზუსტებელია და ზოგჯერ გამოიყენება ასევე უშუალოდ დარგის აღსანიშნავადაც. მესამე ვერსია ანუ სუბდისციპლინარული სფეროები განიხილებიან არამხოლოდ მათი სახელწოდების ქვეშ (ანუ არამხოლოდ როგორც სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის სფერო), არამედ ისინი მოიაზრებიან აგრეთვე რელიგიის კვლევის დარგის სისტემატურ სუბდისციპლინებადაც.10 მეოთხე ანუ საბუნებისმეტყველო Cognitive Science of Religion უახლესი დისციპლინაა და მისი ინტეგრაცია რელიგიის კვლევის (ჰუმანიტარულ) დარგთან ამჟამად მიმდინარეობს, ყოველშემთხვევაში, ერთგვარი ინტეგრაციის მცდელობა შეინიშნება.11 სხვათაშორის, კოგნიტიური მიმართულების ზოგიერთი, მაგ. „ძვირი სიგნალის თეორია“ (costly signalling theory), რაც ცხოველთა საქციელის რელიგიურ საქციელთან შესადაგებაში გამოიხატება, შესაძლებელია საქართველოს რელიგიური სიტუაციის ასახსნელადაც კი გამოდგეს.12

ამ 4 ძირითადი მიმართულების გარდა აღნიშვნის ღირსია ე.წ. ინტეგრალური – Integrale Religionswissenschaft, ‚ფორუმი‘, რომელიც 2006 წლიდან იწყებს ისტორიას და უკავშირდება ბოხუმელი სპეციალისტის, Volkhard KRECH – ის სახელს. კრეხის კონცეფცია და პროგრამა, რაც მან გადმოსცა თავის წერილში – „საითკენ რელიგიის მეცნიერებითურთ?“13, პრაქტიკულად რელიგიის კვლევაში არამხოლოდ უშუალოდ დარგის სპეციალისტთა, არამედ სოციო-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფართო სპექტრის ჩართვას მოიცავს14 და ქმნის რა კვლევის ფართო ველს (Forschungsfeld), ამით ის ‚კულტურის კვლევებს‘ ან ‚რელიგიის კვლევებს‘ უახლოვდება. განსხვავება იმაშია, რომ ამ კვლევებს კრეხთან დარგის სპეციალისტი ხელმძღვანელობს, რის აუცილებლობასაც იმ შემთხვევაში, როცა მეზობელი დარგების (სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ეთნოლოგიის, ბიოლოგიის…) სპეციალისტები ერთ რელიგიათმცოდნეობით გუნდად შეიკვრიან, ვერ ხედავენ.

სოციო-რიტორიკული სკოლის ერთ-ერთ მოთავედ მოიაზრება ჩრდილოამერიკელი სპეციალისტი Timothy FITZGERALD, ვინაც 2000 წელს, ნიუ-იორკში გამოცემულ წიგნში – „რელიგიის კვლევების იდეოლოგია“ (The Ideology of Religious Studies) ომახიანად გვაუწყა ორივე ცნების: როგორც „რელიგიის“, ასევე ყოველგვარი „რელიგიის კვლევების“ დასასრული. მისი მოსაზრების თანახმად, „რელიგიის“ ცნება „კულტურის ცნებაში“, ხოლო ყოველგვარი „რელიგიის კვლევები“ „კულტურის კვლევებში“ უნდა გაზავდეს და ჩაიკარგოს!15

ესაა ის ყოველივე რაც ძალზე მოკლედ შეიძლება ითქვას „რელიგიის კვლევის“, როგორც აკადემიური კვლევა-ძიების და ღონისძიების განშტოებებისა ანდა მსგავსი სახელით მოქმედი „სქიზმატური“ მიმდინარეობების თაობაზედ.

დავუბრუნდეთ საკუთრივ დარგს. დარგის ძირითადი ამოცანა ინტერდისციპლინარული დინებების საკუთარ კალაპოტში მოქცევაში მდგომარეობს: „Was wir brauchen, ist die Umleitung der Kulturwissenschaftlichen Ströme in das Bett der Religionswissenschaft.16

სადღეისოდ დარგის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსი, Steffen FÜHRDING, დარგის აკადემიური თვითმყოფადობისა და რელიგიის ზოგადი კვლევებისაგან გამიჯვნის აუცილებლობაზე ვრცლად საუბრობს: Diskursgemeinschaft Religionswissenschaft.17

ორიოდ სიტყვით, დარგის სახელდების დაზუსტების მიზნით, რადგან „რელიგიის კვლევა“ ანუ Study of Religion (ჩრდილოამერიკული ვერსიით, როგორც ზემოთაც აღინიშნა, Academic Study of Religion), თანამედროვე, სახეცვლილი ვარიანტია და ახალშობილი დარგი თავდაპირველად იწოდებოდა როგორც რელიგიის მეცნიერება – „Science of Religion“, რაც არაერთ ევროპულ ენას დღემდე შემორჩა და რის მაგალითადაც შეიძლება გამოდგეს გერმ. Religionswissenschaft, ფრანგ. Science des Religions ან les sciences religieuses იტალ. Szience della Religione და ა. შ. არაიშვიათია ნოვატორული ტერმინიც, როგორიცაა, მაგ. ჩეხური Religionistika. ასევე ტრადიციული, მაგ. ჰოლანდიური Goddienswetenshap ან ბერძნ. Θρησκειολογία. ტერმინოლოგიური დაძველების პრინციპს რომ გავყოლოდით, ქართულად გვექნებოდა „რჯულთმეცნიერება“, ხოლო ნოვატორულ გზას რომ დავდგომოდით – რელიგიოლოგია.

რელიგიის მეცნიერება‘ , როგორც ახალი პარადიგმა პირველად გამოჩნდა ფრიდიხ მაქს მიულერის (Friedrich Max Müller, 1823-1900) ესეების კრებულში Chips from a German Workshop18, ხოლო XIX ს. ბოლო მეოთხედში და XX ს. დასწყისში ამ დარგის საუნივერსიტეტო დაფუძნება განვითარებულ ევროპაში, შვეიცარიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, ბოლოს გერმანიის უნივერსიტეტებში და სკანდინავიის ქვეყნებში ეპოქალურია. „საუნივერსიტეტო დარგის დაბადებას, როგორც წესი, კათედრის აღმართვა განამტკიცებს. რელიგიის მეცნიერებისათვის ეს განხორციელდა პირველად ჟენევაში (1873), ლაიდენსა და ამსტერდამში (1877), პარიზში (1880) და ბრიუსელში (1884).19

ის ძირითადი მიზეზი, რაც ‚რელიგიის აკადემიური კვლევის‘ (= ‚რელიგიის მეცნიერება‘ ანუ  ‚რელიგიოლოგია), როგორც საუნივერსიტეტო, თვითმყოფადი დარგის გაგებას წინ ეღობება, საქართველოშიც იგივეა, რაც ევროპაში ფორმაციული პერიოდისათვის შეიმჩნეოდა და რასაც დარგის სისტემატიკოსმა იოახიმ ვახმა არაერთგზის გაკიცხვით უწოდა promiscue, აკადემიური დისციპლინების შეგნებული თუ უვიცობით გამოწვეული ურთიერთაღრევა.20

მგონი საკმარისად ნათლად ითქვა აქ დარგის აკადემიური იდენტობის და ერთადერთობის თაობაზედ, ხოლო სხვა ყველაფერი დანარჩენი, რაც მრავლობითში გამოითქმის („კულტურული თუ რელიგიის კვლევები“ „რელიგიის მეცნიერებები“ და ა. შ.), რელიგიის კვლევის ველია და თეოლოგიურ, სოციოლოგიურ, კულტუროლოგიურ თუ ბიოლოგიურ დარგებს შორის გადანაწილდება. ანდა მათი კოოპერაციის გზით ‚რელიგიის კვლევის‘ ველის ‚ინტერვენციად‘ ყალიბდება. ამ ვერსიებზე აქ დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე თუნდაც მათი რამენაირი საუნივერსიტეტო დანერგვა საქართველოშიც სასურველია.

2. მთავარი თეზა: სახელდობრ ვისი პირმშოა რელიგიის მეცნიერება?

მთავარი თეზა ანუ ‚რელიგიის კვლევა‘ როგორც ზოგადევროპული განვითარების ნაყოფი, არაერთგავროვან პასუხებს ითხოვს და პოულობს კიდევაც. დარგის აღიარებული სპეციალისტების (Gerardus Van der LEEUW, Gustav MENSCHING, Peter HARISSON…) თანახმად, რელიგიის კვლევა „განმანათლებლობის პირმშოა“ (Ein Kind der Aufkärung) ბერლინში მოღვაწე თანამედროვე სპეციალისტი Horst JUNGINGER აზუსტებს: „პირველად განმანათლებლობის ეპოქაში იყო ადამიანური გონების ავტონომია და მისი რელიგიური აზროვნებისაგან ემანსიპაცია იმდენად წინწასული, რომ რელიგიის წმინდად მეცნიერული განხილვა წარმოშობილიყო.21

ამავე დროს, რენესანსი, რეფორმაცია, ჰუმანიზმი, განმანათლებლობა და თვით განმანათლებლობის რომანტიკული კრიტიკაც მნიშვნელოვანია. ცნობილი ბრიტანელი სპეციალისტი Eric J. SHARPE, ფიქრობს, რომ ევოლუციონიზმ / დარვინიზმ / სპენსერიანობას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, ამერიკელ Jonathan Zittell SMITH კი მიიჩნევს, რომ რელიგიის კვლევა ჰუმანიზმის პირმშოა, ხოლო რელიგიის კვლევის გერმანელი კლასიკოსი Hans Gerhard KIPPENBERG უპირატესობას ანიჭებს რომანტიზმს და შლაიერმახერისეულ „საუბრებს რელიგიაზე“.22

დარგის გენეზისის თაობაზედ უფრო ზუსტად რომ ჩამოვყალიბდეთ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არასწორია ‚რელიგიის მეცნიერების‘ თეოლოგიასთან დაკავშირება. დასაწყისში დგას ფილოლოგია. „რელიგიის მეცნიერებამ დაიწყო როგორც ტექსტის მეცნიერებამ23 ანუ ტექსტოლოგია რელიგიოლოგიის დასაწყისად მოგვევლინა. პიონერული სამუშაო აღმოსავლეთმცოდნეებმა გასწიეს. ‚რელიგიის მეცნიერების‘ სათავეში დგას გერმანული წარმოშობის სანსკრიტისტი, ფრიდრიხ მაქს მიულერი (Friedrich Max MÜLLER, 1823-1900), ვინც ვიქტორიანულ ოქსფორდში, თავისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან ეპოქაში, ახალი მეცნიერების თეორიული და ქრესტომათიული საფუძვლები შექმნა; იგი ფიქრობდა, რომ რელიგიის კვლევის სანდოობას ფილოლოგიური განსწავლულობა უზრუნველყოფს.24

რელიგიის კვლევა, როგორც მეცნიერული დარგი არამხოლოდ ტიპიურად ოქციდენტალური მოვლენა და მეცნიერული ძალისხმევაა, არამედ იგი ოქციდენტისა და ორიენტის შეხვედრის ადგილიცაა: ფრიდრიხ მაქს მიულერმა თითქმის მოასწრო 1879-1898 წწ. იუნესკოს მიერ ამჟამად ძეგლადაღიარებული „აღმოსავლეთის წმინდა წიგნების“ 50 – ტომეული გამოცემა, რითაც მან ახალ მეცნიერებას სათანადო ქრესტომათიული საფუძველიც შეუქმნა.25

რელიგიის მეცნიერების დაფუძნებაში მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არამხოლოდ ახალი ტექსტების აღმოჩენამ და თარგმნამ, არამედ ახალი კულტურების, მათ შორის, არქაულის აღმოჩენამ და შესწავლამ. „ტაბუ“, „მანა“, „ორენდა“, ვაკანდა“ და მსგავსი, რელიგიის არსობრივი სიღრმის გამომხატველი მელანეზიური, პოლინეზიური თუ ინდიელთა რელიგიურობის აღმნიშვნელი ორიგინალური ტერმინოლოგიის ათვისება ბიძგს აძლევდა როგორც ახალფეხადგმული ეთნოლოგიის, ასევე რელიგიოლოგიის განვითარებას…

მთლიანობაში აღებული, რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ანუ აკადემიური რელიგიოლოგიის წარმატების ფორმულა უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობდა იმაში, რომ იგი უკვე XIX საუკუნეში თავისუფალი აზროვნების სიმბოლოდ იქცა. სხვადასხვა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, ახალი კუნძულების, უდამწერლობო ხალხებისა და კულტურების, მათი რელიგიური წეს-ჩვეულებების, სიმბოლიკისა და სიტყვიერი მარაგის შესწავლამ კაცობრიობას თავის დასაბამისკენ მიაპყრობინა მზერა, აზრობრივად გააერთიანა იგი და ახალი ბიძგი მისცა რელიგიის ფენომენით მეცნიერულ დაინტერესებას. დასაბამიერ, ზოგადკაცობრიულ რელიგიას ფილოლოგი მიულერი თუ ინდურ ტექსტებში ეძებდა და პოულობდა, ეთნოლოგი ტაილორი არქაულ კულტურებში ხედავდა ზოგადკაცობრიული კულტურის დასაბამიერ სტრუქტურას.26 იმით, რასაც იგი 1868 წელს, მიულერის რელიგიისმეცნიერულ ესეებთან დაკავშირებით წერდა, ინგლისის ვიქტორიანული ეპოქის განათლებული წრეების სულისკვეთებას გამოხატავდა: ინგლისში რელიგიისადმი ინტელექტუალური ინტერესი აშკარაა [..] ის დრო აღარაა რომ ფარდები გავაფაროთ, დარაბები ჩავკეტოთ და სუფთა სინდისით ვამტკიცოთ, რომ თითქოსდა ნათელი არ არსებობდეს.“27

თავის მხრივ რელიგიის კვლევის, როგორც საუნივერსიტეტო დარგის მამა – მაქს მიულერი იმედოვნებდა, რომ ეს ახლადდაფუძნებული მეცნიერება მსოფლიოს ახალ, გარდამქმნელ ასპექტს შესძენდა და თვით ქრისტიანობას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა:

The Science of Religion may be the last of the Sciences, whit wich man is destind to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give new life to Christianity itslelf.28

Zelimkhan Udzilauri, 19-22 April, 2017, Tbilisi.

1Kohl, Karl-Heinz(1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer. შემოკლებით HrwG, I, S. 217-262. Zitat, S. 217. დედანი: „Die Religionswissenschaft ist eine relativ junge akademische Disziplin. Ähnlich wie die Soziologie, die Ethnologie und die Psychologie hat sich auch die Religionswissenschaft an den meisten europäischen Universitäten erst in der zweiten Hälfte des 19. Jahrhunderts als eigenständige Wissenschaft zu etablieren vermocht.“

2 შდრ. Tenbruck, Friedrich (1993): Die Religion im Maelstrom der Reflexion. In: Bergmann, Jörg / Hahn, Alois / Luckmann, Thomas (Hrsg.): Religion und Kultur. Olpaden: Westdeutscher Verlag, S. 31-67.

3 შდრ. Haußig, Hans-Michael (1999): Der Religionsbegiff in den Religionen. Studien zum Selbst- und Religionsverständnis in Hinduismus, Buddhismus, Judentum und Islam. Berlin und Bodelheim b. Mainz: Philo, S. 2. დედანი: „Es ist nicht weiter verwunderlich, daß die Religionswissenschaft als Produkt der westlich-europäischen Denkkultur…“

4შდრ. იქვე. დედანი: „auch primär mit den westlichen Begriffen von Religion gearbeitet hat.“

9ამ მეცნიერულ დარგებს ანუ დისციპლინებსა და მათში შემავალ სუბდისციპლინებს, თუ ‚ხიდ-დისციპლინებს‘ (Brückendiszipline) შორის არცთუ იოლად გასაგნებ და გასაგებ ურთიერთმიმართებაზე, დარგობრივ საზღვრებზე, ამ საზღვრების ‚დარბილებაზე‘ (Fächerübergreiffende Situation) და მსგავს მეცნიერულ ღონისძიებებზე მსჯელობა საუბრისა და დისკურსის უფრო ვრცელ ფორმატშია შესაძლებელი.

10შდრ. Systematischer Teil. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer, Band I, S. 41-215.

11შდრ. Schüler, Sebastian (2012): Religion, Kognition, Evolution. Eine Religionswissenschaftliche Auseinandersetzung mit der Cognitive Science of Religion. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute. Stuttgart: W. Kolhammer. ამ მხრივ გამოირჩევა აგრეთვე Michael BlUME, რომლის კონცეფციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პროფესორი ბლუმე ინტერნეტაქტიურობითაც ცნობილია: http://blume-religionswissenschaft.de/

13Krech, Volkhard (2006): Wohin mit der Religionswissenschaft? Skizze zur Lage der Religionsforschung und zu Möglichkeiten ihrer Entwicklung. In: ZRGG 58, 2. S.97-113.

15შდრ. The Ideology of Religious Studies, p. 10. ხოლო ზოგადად სოციო-რიტორიკის კრიტიკა და კერძოდ ფიცჯერალდის შესახებ: Führding, Steffen (2015): Jenseits von Religion? Zur sozio-rethorische „Wende“ in der Religionswissenschaft. Bielefeld: Transcript, განს. S. 55-68.

16Kippenberg, Hans G. / Stuckrad, Kocku von (2003): Einführung in die Religionswissenschaft. München: Verlag C. H. Beck oHG, S. 13.

17Führding, Steffen (2015): Jenseits von Religion? Zur sozio-rethorische „Wende“ in der Religionswissenschaft. Bielefeld: Transcript, S. 153-166.

18Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company.

19იხ. დარგის დაფუძნების „მინიატურული ისტორია“ (Fachgeschichte in Miniatur): Stausberg, Michael (2012): Religionswissenschaft: Profil eines Universitätfachs im Deutschsprachigen Raum. In: Ders. (Hrsg.): Religionswissenschaf. Berlin / Boston: De Gruyter, S. 1-30. Zitat, S. 3. ვრცლად დარგის ისტორია: Kohl, Karl-Heinz (1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe (HrwG). in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer, Band 1. S. 217-262. აგრეთვე აღიარებული სტანდარტული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო: Sharpe, Eric J. (1998) (²1986): Comparative Religion, A History. London: Duckwort.

20შდრ. Wach, Joachim (1924): Religionswissenschaft: Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoritischen Grundlegung. Leipzig: Hinrichs. ხელახალი გამოცემა: Grundmann, Christoffer H. (2001). Waltrop: Spenner, S. 12 ff.

21Junginger, Horst (2005): Religionswissenschaft. In: Auffarth, Christoph / Bernard, Jutta / Mohr, Hubert (Hrsg.) (1999 – 2002) (²2005): Metzler Lexikon Religion. Gegenwart – Alltag – Medien, 4 Bände. Stuttgart und Weimar: Verlag J. B. Metzler, Band 3, S. 183 – 186, Zitat, S. 184. დედანი: „ Aber erst im Zeitalter der Aufklärung war die Autonomie der menschlichen Vernunft und ihre Emanzipation vom religiösen Denken so weit vorangeschritten, daß eine rein wissenschaftliche Behandlung von Religion entstehen konnte.“

22მთლიანობაში იხ. ამ თვალსაზრისების მოკლე მიმოხილვა: Tworuschka, Udo (2015): Einführung in die Geschichte der Religionswissenschaft. Darmstadt: WBG, S. 13.

23Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer, S. 40. დედანი: „Religionswissenschaft begann als Textwissenschaft.“

24შდრ. Müller, Friedrich Max (1873): Introduction tho the Science of Religion: Four lectures delivered at the Royal Institution, whit two essays on false analogies, and the philosohy of mithology. London: Longmans, Green and Co. აგრეთვე გერმანული, ავტორიზირებული თარგმანი: Müller, Friedrich, Max (21876): Einleitung in die vergleichende Religionswissenschaft. Strassburg: Verlag von Karl J. Trübner.

25https://en.wikipedia.org/wiki/Sacred_Books_of_the_East ამჟამად შეიძლება ელექტრონული ვერსიითაც სარგებლობა: http://www.sacred-texts.com/sbe/

26შდრ. Kippenberg, Hans. G. (1997): Die Gegenwart der ursprünglichen Religion in der modernen Zivilisation. In: Ders.: Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck, S. 80-98.

27Tylor, E. B. (1868): Besprechung von F.M. Müllers Chips from a german Workshop, p. 227. ციტატა ამოღებულია წიგნიდან: Kippenberg, Hans. G. (1997): Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck, S. 63; იქვეა განმარტება, S. 277.

28Müller, Fiedrich Max (1867) (²1871): Chips from a German Workshop, I. London: Eds: Charles Scribner and Company, XIX.

Bildschirmfoto vom 2017-04-22 13-41-04

ამ დარგში შვეიცარიის 7 უნივერსიტეტში 60 სადოქტორო და 10 ჰაბილიტაცია იწერება!