რა სურდა ფრიდრიხ მაქს მიულერს?

indexFriedrich Max Müller, 1823-1900, გერმანული წარმოშობის ოქსფორდელი პროფესორი, ენათმეცნიერი-კომპარატისტი, მითების მკვლევარი და ინდოლოგი, აღიარებულია ახალი სამეცნიერო, ემპირიულ-დესკრიპტიული და ინტერდისციპლინარული საგნის – ‚რელიგიის მეცნიერების‘ მამად.

ოქსფორდში,  სადაც მან თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვანი ხანა განვლო, ჩამოაყალიბა თეორიები და მოსაზრებები, რომელთაც დასაბამი მისცეს ახალ საუნივერსიტეტო საგანს. არამხოლოდ თეორიები, არამედ წიგნების ტომეულები, მაგ. : Chips from a German Workhop… I ტომი, 1867.

პირველი სახელმძღვანელო ინგლისურად და გერმანულადაც: Einleitung in die vergleichende Religionswissenschaft, 1876…

და რაც მთავარია, ქრესტომათიული საფუძველი „აღმოსავლეთის წმინდა წიგნების“ სახით…

1868 წელს მან მიიღო პროფესურა სახელწოდებით: Comparative Religion, და ეს შესაძლებელია რელიგიის (შემსწავლელი) მეცნიერების დაბადების თარიღად მივიჩნიოთ. თუმცაღა, პირველი კათედრა ფრანგულენოვან ჟენევაში დაარსდა 1873 წელს. ამავე წელს ბოსტონშიც იგივე მოხდა. ხოლო 1876 წელს ერთდოულად ჰოლანდიის 4 ქალაქში აღიმართა ასეთი კათედრა…ასე დაიწყო რელიგიის მეცნიერების აკადემიური ცხოვრება. ამ საგნის ეტაბლირების ქრონოლოგიაზე დაწვრილებით სხვაგან ვისაუბრებთ.

საინტერესოა სახელდების ცვალებადობაც: science of religion, comparative religion და სადღეისოდ უფრო მიღებული religious studies…

რელიგიის ყოველგვარი გამოვლინების მიღმა, იქნება ეს პოლი, მონო თუ ჰენოთეიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ინდუისტური რელიგიები თუ შინტო, ფრიდრის მაქს მიულერი ხედავდა ერთ, ავთენტურ, პროტო, თაურ და ფუძერელიგიას. -გერმ., Urreligion. რელიგია ადამიანის უნივერსალური სულიერი უნარია, ‚ის რაც ადამიანს ადამიანად შეიქმს’…

„ყველა რელიგიას, თვით უარასრულყოფილესს და გადაგვარებულსაც კი აქვს რაღაც, რაც შეიძლება ჩვენ წმინდად მივიჩნიოთ, რადგან ყველა რელიგიაშია წყურვილი ჭეშმარიტი, მაგრამ უცნობი ღვთისა“ (Essay on the Science of Religion)…

„რელიგია უსასრულობისკენ სწრაფვაა!“

გენიალურ მეცნიერს და დიდი იდეებით შთაგონებულ რომანტიკოსს გააფთრებით უტევდნენ, როგორც ეკლესიის კონსერვატორული, ასევე რელიგიისადმი კრიტიკულ-უარყოფითად განწყობილი აკადემიური წრეებიდან.

რელიგიის მეცნიერება იშვა და ჩამოყალიბდა რელიგიის ტოტალური კრიტიკის ხანაში, როდესაც რელიგია ამოცნობილ იქნა როგორც ‚ჩაგვრის იარაღი‘, ‚გამაბრუებელი საშუალება‘, ‚ადამიანური პროექცია‘, ‚დროებითი ილუზია‘ და რაც მთავარია, ‚სრულიად არასაჭირო რამ ცდომილება’…

ეს მარცხნიდან.

მარჯვენა მხრიდან ანგლიკანური ეკლესიის ტვინჩაკირული კოჰორტები იფაფრებოდნენ. მღვდლებს, რომელთაც ყოველგვარი აკადემიური მოღვაწეობა ლამის ეშმაკის საქმედ წარმოედგინათ, რელიგიის მეცნიერული განხილვის ქურაში მომწყდევა რომ გააცოფებდა, ეს ცხადია.

„შეუძლებელია, ჩვენ დროში რელიგიაზე რაღაც თქვა და მაშინვე მარჯვნიდან ან მარცხნიდან არ შემოგიტიონ. ზოგიერთები რელიგიას ისე წმინდად მოიაზრებენ, რომ მისი მეცნიერული განსჯა ვერ წარმოუდგენიათ; სხვანი რელიგიას  იმავე კატეგორიაში მოისვრიან, სადაც ალქიმია და ასტროლოგიაა და ამ ‚ცდომილებისა და სიშლეგის ნარევს‘ იმის ღირსადაც არ ცნობენ , რომ მასზედ მეცნიერულად მომწიფებული კაცი მოცდეს“(იხ. Einleitung in die Vergleichende Religionswissenschaft, Strassburg, 1876, S.5).

„Schon der Name Religionswissenschaft hat für manche Ohren etwas Verletzendes. Eine Vergleichung aller Religionen der Welt, wobei keine eine bevorzugte Stellung in Anspruch nehmen kann, gilt bei vielen als gefährlich“ (იქვე, S. 8).

მაგრამ ცოდნამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა ახალი ცოდნის მოპოვების წყურვილმა:

„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა არის რელიგია, რა საფუძვლები მოეპოვება მას ადამიანის სულში და განვითარების რა კანონზომიერებით ხასიათდება იგი?“ – ასე ჩამოაყალიბა მოკლედ თავისი მეცნიერული პროგრამა ახალი  მეცნიერების მამამ.

გოეთეს ცნობილი პერიფრაზირებით იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო:

„Wer nur eine Religion kennt, kennt keine!“

ინდოეთში ‚გოეთეს ინსტიტუტს‘ მიულერის ინსტიტუტი ეწოდება, რადგანაც უპანიშადების, რიგ-ვედას და სხვა ძველინდური ტექსტების მთარგმნელ სანსკრიტისტს უდიდეს გერმანელად მიიჩნევენ იქ…

ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მის ბიოგრაფად ვიქცეთ, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალიც: იგი ერთი გერმანულადდაწერილი რომანის ავტორიცაა; მართალია ამ რომანს გერმანიაში თითქმის არავინ კითხულობს, მაგრამ ის კორეაში ყველაზე ხშირად წაკითხული გერმანული ნაწარმოებია…

თუ გადავხედავთ ოქციდენტალურ უნივერსიტეტებს, ფრიდრიხ მაქს მიულერის მიერ დაარსებული  მეცნიერული საგანი გამარჯვებული, მრავალფეროვანი და გამხვივნებულია, მაგრამ ამ საგნისთვის ნაწინასწარმეტყველები თუ ახდა? –

The Science of Religion may be the last of the Sciences, which man is destined to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give life to Cristianity itlesf

ცოდნა, თუ ის ნამდვილი ცოდნაა, მართლაც საოცარი სასწაულია ყველა დროში და ყველგან:

„ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს/გაოცებულის თვალითა: /ნუთუ ასეთი ცოდნაო/ იქნება კაცის ძალითა? “

14.I.2014.

2 Gedanken zu „რა სურდა ფრიდრიხ მაქს მიულერს?

  1. ციტატები ორიგინალიდან: „Es gibt Tausende, deren Glaube stark genug sein mag, um Berge zu bewegen, und die nichts desto weniger, wenn man sie fragte, was denn nun Religion eigentlich sei, entweder gar nichts zu sagen haben, oder nur von der äusserlichen Erscheinung der Religion sprechen würden, nichts aber von innern Wesen, noch von den wahren psychologischen Grundlagen des Glaubens“…

    Like

  2. ცოდნა, თუ ის ნამდვილი ცოდნაა, მართლაც საოცარი სასწაულია ყველა დროში და ყველგან:

    “ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს/გაოცებულის თვალითა: /ნუთუ ასეთი ცოდნაო/ იქნება კაცის ძალითა? “

    Like

Hinterlasse einen Kommentar