რელიგიის მეცნიერების სათავეებთან – PROLEGOMENA

 

0. გამიჯვნა

როგორც პირადმა საუბრებმა აკადემიურ თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე წრეებთან დამარწმუნა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს ელემენტარული, რათა მკითხველისაგან სასაუბრო თემის არაადექვატური იდენტიფიკაცია, აღქმა და მოლოდინი ავირიდოთ.
რელიგია, თეოლოგია და რელიგიის მეცნიერება 3 სხვადასხვა მოცემულობაა.

რელიგია განსაკუთრებულ ნიშან-სიმბოლოთა სისტემაა, რომელიც რწმენა-გამოცხადებას და მომხმარებლისგან დაუეჭვებულ, კოლექტიურ და ავტორიტარულად ნაბოძებ პრინციპებს ემყარება.

თეოლოგია რელიგიის თეორიული ნაწილია. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, თეოლოგიის საგანი ღმერთია, ან ის, რაც ამა თუ იმ ‘უღმერთო’ რელიგიაში უმაღლეს პრინციპად მოიაზრება. ამდენად, თეოლოგია ნორმატიულ-აფირმატიული მეცნიერებაა და ის ყოველთვის კონკრეტულია, მაგ. კათოლიკური, ევანგელური, შიიტური და შინტოისტური… ერთი სიტვით, თეოლოგია ამა თუ იმ რელიგიის შიგთავსია, ამა თუ იმ რელიგიის დებულებებს ასაბუთებს და განიხილავს შიდაპერსპექტივის ბაზაზე. თეოლოგია თვითწარმოდგენაა.

რელიგიის მეცნიერება რელიგიის სისტემატურ, ემპირიულ-დესკრიპტიულ და მულტიდისციპლინარულ კვლევას გულისხმობს. ამ  საუნივერსიტეტო დისციპლინის საგანია არა რომელიმე ღმერთი და მისი სწავლება, არამედ მხოლოდ რელიგია, რელიგიის ფენომენი მის მრავალფეროვნებაში, წარსულში და აწმყოში, ცვალებადობაში… ისტორიული თუ ზოგადად რელიგია, როგორც ადამიანადყოფნის ერთ-ერთი ელემენტი, სხვადასხვა ნიუანსებით, არსით, ფუნქციით, სინთეზურობით და ახალ-ახალი გამოვლინებებით… რელიგიის მეცნიერება რელიგიას შეისწავლის, იკვლევს და აკვირდება გარე-პერსპექტივიდან, მისთვის რელიგია ადამიანური კულტურის, შემეცნების და თუ გნებავთ ევოლუციის ნაწილიცაა. ამიტომ რელიგიის მეცნიერება, რასაც ქართულად შეგვიძლია რელიგიოლოგიაც ვუწოდოთ, კულტუროლოგიურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ოჯახს მიეკუთვნება.

1. სახელდებისათვის
სადღეისოდ, როგორც წესი, ინგლისურენოვან სამყაროში გამოიყენება და საყოველთაოდ მიღებულია religious studies (შესაბამისად საუნივერსიტეტო Department of Religious Studies ), იშვიათად იგივე დატვირთვით იხმარება studie of religion, მოძველებული ტერმინოლოგიით history of religion…

გერმანულად ცნებას ცვალებადობა არ განუცდია: Religionswissenschaft. ფრანგულენოვან მეცნიერულ სამყაროში ფიგურირებს sciences des religions …

შენიშვნა: „რელიგიის ისტორია“ არაა უარყოფილი არც ცნების არც დისციპლინის სახით და იგი რელიგიის მეცნიერების სუბდისციპლინად, ზოგიერთის აზრით კი უშუალოდ ნაწილად მიიჩნევა ერთიანობის პრინციპით: ისტორიული და სისტემატური რელიგიოლოგია.(გერმ. : Historische und Systematische Religionswissenschaft).
მაგრამ რელიგიის მეცნიერებამ თეოლოგიისა და ფილოსოფიისგან ემანსიპირება შეძლო მხოლოდ როგორც სისტემატურმა დისციპლინამ. რელიგიის მეცნიერება დამოუკიდებელი სპეციალობაა, გერმ.> Studiengang.

რუსული Религиоведение არაა ის ოქციდენტალური წარმოშობის საგანი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. 90-იან წლებში რუსულად გამოცემული ჩვენს ხელთ არსებული 3 ‘სახელმძღვანელოდან’, რომელთაგან ერთ-ერთს ეწოდება Религиоведение, მეორეს Лекции по Религиоведению და მესამეს – Основы Религиоведения არცერთი რელიგიის მეცნიერების კუთვნილებას არ წარმოადგენს. მათში ვერ იპოვით რელიგიის მეცნიერებაზე, მის გენეზისზე, კლასიკოსებზე თუ თანამედროვეობაზე, მის მეთოდოლოგიაზე თუ ასპექტებზე ვერცერთ სიტყვას. სამაგიეროდ ვრცლადაა მოცემული რელიგიის განმათლებლობისდროინდელი კრიტიკა, მეცნიერული ათეიზმის მოდელირებული ხედვები და ბოლოს მართლმადიდებლური ლექსიკონი. სრულიად ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ Религиоведение მეცნიერული სუროგატია და მას საერთო აკადემიურ საგან – რელიგიის მეცნიერებასთან გარდა სახელის მსგავსებისა, თითქმის არაფერი მოეპოვება. რათა ტენდენციურობა არ დაგვწამონ, ვიტყვით, რომ საუკეთესო შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს რელიგიის ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის შეჯვარების მცდელობასთან. აგრეთვე „რელიგიათმცოდნეობასთან“ ანუ რელიგიების ისტორიის ელემენტარულ ცნობართან.

აქვე დავძენთ, რომ რელიგია სხვადასხვა მეცნიერებების კვლევის ობიექტია და რელიგიის ფილოსოფია არა რელიგიოლოგიური, არამედ ფილოსოფიური დისციპლინაა, რომლის ერთ მიმართულებად, საბჭოთა ეპოქაში კარგად რეციპირებული რელიგიის კრიტიკაც(ფოიერბახი, მარქსი, ლენინი) მოიაზრება.

სასუენი 🙂

სავარჯიშო მკითხველისთვის: სცადეთ დაადგინოთ ქართული ‘რელიგიათმცოდნეობის’ კონტურები და პარამეტრები.

შეეცადეთ, იპოვოთ ქართველი ‘რელიგიათმცოდნეები’ და გამოკითხეთ მათი მოღვაწეობის სფეროს შესახებ.

სცადეთ, იპოვოთ განსხვავება შემდეგ აკადემიურ საგნებს შორის: რელიგიის ისტორია, რელიგიის ფილოსოფია, თეოლოგია და რელიგის მეცნიერება(რელიგიოლოგია) და დაადგინეთ, რა შემადგენლობისაა „რელიგიათმცოდნეობა“, რომელ მათგანს უახლოვდება უფრო?
ცნობისათვის, ძიებისას დაიხმარეთ: თავის დროზე თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრა.

3. ფილოლოგი რელიგიოლოგიის სათავეში

XIX საუკუნის დასაწყისში შედარებით ენათმეცნიერების და ამავე საუკუნის შუაში შედარებითი მითოლოგიის წარმატებებმა საფუძველი მოუმზადა რელიგიის მეცნიერების აკადემიურ დაბადებას.
ფრიდრიხ მაქს მიულერი, რომელმაც ცნება science of religion პროგრამატული სახით პირველმა გამოიყენა, დამსახურებულად იწოდება რელიგიის მეცნიერების მამად. 1867 წელს მან გამოაქვეყნა ცნობილი კრებული: Chips from a German Workshop, ესეების კრებული, რომელშიაც ის ახალშობილ მეცნიერებას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

„The Science of Religion may be the last of the Sciences, which man is destined to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give life to Cristianity itlesf”.

1868 წელს მან მიიღო პროფესურა, სახელწოდებით Comparative Religion, ხოლო 1870 წელს წაიკითხა ლექციები : Introduction to the Science of Religion…

4. რელიგიის მენიერების / რელიგიოლოგიის აკადემიური დაფუძნების თარიღები

1867 – Chips from a German Workhop;
1868 – „შედარებითი რელიგიის“ პროფესურა ოქსფორდში;
1870 – მოხსენებები: Introduction to the Science of Religion
1873 – პირველი კათედრა ფრანგულენოვან ჟენევის უნივერსიტეტში; შვეიცარიულ რელიგიოლოგიაზე წინა ლექციაშია ვრცლად მოთხრობილი; იხ. ბმული ბოლოს.
1876 – ბოსტონის უნივერსიტეტში ფუძნდება ანალოგიური საგანი;

220px-C-P-Tiele-02

კორნელის თილე

1876 – ერთდროულად ნიდერლანდების 4 უნივერსიტეტში (Amsterdam, Groningen. Leiden, Utrecht) ფუძნდება რელიგიის მეცნიერება;
ნიდერლანდებში მოღვაწეობდნენ ცნობილი Cornelis Petrus  Tiele(1830-1902) და Pierre Daniel Chantepie de la Saussaye(1848-1920, რომელთაც ფრიდრიხ მაქს მიულერთან ერთად ასევე რელიგიოლოგიის მამებს მიაკუთვნებენ

1879 – Albert Réville მიიღებს რელიგიის ისტორიის კათედრას Collège de la France – ში, და აარსებს V სექციას( Section des Sciences religieuses), სადაც რელიგიის მეცნიერება 76 აკადემიური კადრის სახით დღეს ვრცლადაა წარმოდგენილი.
1887 წლიდან დიდ ბრიტანეთში იკითხება ცნობილი Gifford Lectures… მიზეზთა გამო ამ ქვეყანში რელიგიოლოგიის სრული ინსტიტუციონალიზაცია ფერხდება;

1884 – ბელგია;

1886 – მთელი ფაკულტეტი არსდება სორბონაში, იხ.V Section,   École pratique des hautes études, section des sciences religieuses

1893 – Uppsala, შვედეთი. აქ მოღვაწეობს კლასიკური ფილოლოგი, Sam Wide, აგრეთვე მთავარეპისკოპოსი, რელიგიოლოგი და ნობელიანტი Nathan Söderblom;

1904 – კათედრის სახით პირველად ინგლისის ისტორიაში, მანჩესტერში ფუძნდება Comparative Religion.

1914 – დანია.

1915 -ოსლო. ნორვეგიაშიც ფუძნდება. ამჟამად რელიგიოლოგია განს. აღორძინებას განიცდის Bergen -ის უნივერსიტეტში(სადაც გერმანელი რელიგიოლოგებიც მოღვაწეობენ).

1886 წლიდან იკითხება pettazzoni2ლექციები რომში. მოგვიანებით, 1924 – 1959 წლებში მოღვაწეობს Raffaele Pettazzoni. იტალიური სკოლა ცნობილია როგორც storia delle religioni.

იტალიური სკოლის თანამედროვე  კლასიკოსის საბატუჩის(Sabbatucci) თანახმად რელიგიის ცნება კულტურისგან განუყოფელია და იგი მასში უნდა გაზავდეს! ამ კონცეფციზე დაწვრილებით მოგვიანებით!

1903 – ტოკიო. იაპონია ჯერჯერობით ერთადერთი არაოქციდენტალური ქვეყანაა, სადაც დასავლური religious studies   ფუძნდება, სახეს ინარჩუნებს და ვითარდება.  რელიგიის მეცნიერების იაპონური ჟურნალების გარეშე თანამედროვე რელიგიოლოგია/religious studies  წარმოუდგენელია. სხვათა შორის, მეთოდოლოგიურად გამართული ჟურნალი აღმ. ევროპის ფარგლებში გამოდის პოლონურადაც სახელწოდებით: religioznawstwo/ religious studies.

გერმანია – ცალკე საუბრის თემაა. აქ რელიგიის თემებს ინტენსიურად  ე.წ. Religionsgeschichtliche Schule ამუშავებდა. ხოლო საკუთრივ რელიგიის ისტორიის/რელიგიის მეცნიერების დამოუკიდებელ საუნივერსიტეტო დისციპლინად ჩამოყალიბებას ვეტო დაადო ადოლფ ჰარნაკმა 1901 წელს თავის სარექტორო სიტყვით.

ორიოდ სიტყვით:

1910 წელს ჯერ ბერლინში, დანიელი სპეციალისტი  ედვარდ ლემანი(J.E.Lehmann) მოწვიეს, ხოლო

1912 წელს ლაიფციგში – შვედი ნათან ზოდერბლომი…

ვიდეომასალა  ლაიფციგის სკოლის შესახებ:

ზემო თარიღები სპორადულია, როგორც  სათაური იუწყება, სტატია მომზადების პროცესშია.

რასაკვირველია, რელიგიის კვლევები სხვადასხვა მეცნიერების ფარგლებში ადრეც და დღესაც, სხვაგანაც და ჩვენთანაც  მეტნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მაგრამ საკუთრივ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება (არა Религиоведения არამედ Наука о Религии) როგორც რელიგიის ემპირიული, სისტემატური, მულტიდისციპლინარული, კონტექსტუალური, კომპლექსური და რაც მთავარია აკადემიური ძალისხმევა, ერთი სიტყვით, ისეთი, როგორიც ის დასავლეთშია, ქართული აკადემიური სივრცისთვის ჯერჯერობით უცნობია…

დანარჩენი, დეტალებითურთ: –

იხ. წინა საუბრებში:

I ლექცია: რელიგიის მეცნიერების აუცილებლობა

II ლექცია:ოქროს რტო ანუ ერთი საგნის მეცნიერული ოდისეა

საქართველო – 20…? 🙂

რელიგიის მეცნიერების პერიოდიკა თუბინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში:

P1120008 P1120009 ეს კი  იმ რჩეულებისთვის, ვინც ბოლომდე ჩამომყვა და გაცილებით მეტი უნდა, რომ იცოდეს ზემორე თემების ირგვლივ და საამისოდ მზადაა წიგნიც კი წაიკითხოს: – რელიგიოლოგია – მეცნიერული ისტორია 🙂

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s