ღმერთმცოდნეობა და რელიგიათმცოდნეობა – Theologia & Religiologia

0. აბსტრაქტი

მთავარი განსხვავება თეოლოგიასა და რელიგიათმცოდნეობას შორის სათაურშივეა გამოტანილი. ერთის შესწავლის საგანი ღმერთია, მეორისა კი – რელიგია. წინამდებარე სტატიის მიზანია ორ საუნივერსიტეტო დისციპლინას შორის არსებული მკვეთრი საზღვრების ჩვენება და აქედან გამომდინარე, მოკლე ანალიზი იმ თავისებურებებისა, რომლებიც მათ საფუძვლიან ურთიერთგანსხვავებულობასა და ინსტიტუციონალურ შეუთავსებლობას ქმნიან.

რადგანაც ვერც პირველი დარგი ანუ თეოლოგია და ვერც მეორე ანუ „რელიგიის კვლევა“ მიუხედავად ზოგიერთი მცდელობისა, ჯერჯერობით ქართულ უნივერსიტეტებში მიზეზთა გამო ვერადავერ დაფუძნდა, ამიტომ ქართული აკადემიური სივრცისათვის დამახასიათებელ რაიმე დებატებზე მსჯელობა მათი არარსებობის გამო ამჯერად არ მოგვიწევს, სამაგიეროდ გთავაზობთ შესაბამისი გერმანული სამეცნიერო ლიტერატურის მცირე მიმოხილვას.

1.თეოლოგიის ნორმატიულობა

თეოლოგია უძველესი და პრივილეგირებული დარგია; რადგან იგი უკავშირდება ამა თუ იმ რელიგიას, კონფესიასა თუ ეკლესიას, იგი კონკრეტული და ნორმატიულია. ზოგადი თეოლოგია არ არსებობს, არსებობენ თეოლოგიები, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავი ტრადიციით, გამოცხადებისა თუ გასხივოსნების რწმენით, საკუთარი რელიგიის ჭეშმარიტების ახსნითა და ინტერპრეტაციით, რომ აღარაფერი ვთქვათ დოგმებზე და ისეთ არავერიფიცირებად ანუ შეუმოწმებად ავტორიტეტულ   სახელმძღვანელო ტექსტებზე, როგორიცაა მაგ. სახარება ან ყურანი. გამოცხადებაზე დაფუძნებულობა არ ნიშნავს რომ საუნივერსიტეტო თეოლოგია  მეცნიერულ ლეიბელს ანუ ეტიკეტს არ იმსახურებდეს. თანამედროვე ან გასული საუკუნის საუნივერსიტეტო თეოლოგია მნიშვნელოვან და ფართო შემეცნებით არეალს მოიცავს, „საღვთო წერილის“ ციტირების გარდა აგრეთვე ემპირიულ მეთოდოლოგიებს ეყრდნობა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ოჯახის აღიარებული წევრია. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა რომ ესა თუ ის თეოლოგია ამა თუ იმ რელიგიის თეორიული ნაწილია, მაგრამ ამავდროულად, საუნივერსიტეტო რეფლექსიის შედეგად რაციონალურ და სააზროვნო სივრცესაც დაეუფლა და ამდენად, ორსახოვანია. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ქრისტიანი თეოლოგის ამა თუ იმ ეკლესიისადმი კუთვნილება არ გამორიცხავს მისგან საკუთარი ეკლესიური ინსტიტუტის კრიტიკას.

2.რელიგიოლოგიის გენეზისი

რაც შეეხება „რელიგიის მეცნიერებას“, როგორც საუნივერსიტეტო დარგს, იგი გაცილებით ახალგაზრდა დისციპლინაა, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის „სიყრმის მეგობარი“[1] და პირველი შესაბამისი კათედრა ფრანგულენოვან ჟენევაში 1873 წელს დაარსდა.

„თეოლოგები რელიგიური, ხოლო რელიგოლოგები რელიგიურის სპეციალისტებია.“[2]  აქვე დავამატებდი რომ თეოლოგია ამა თუ იმ რელიგიის შიგთავსის ბინადარი რელიგიური მეცნიერებაა, ხოლო რელიგიოლოგია ზოგადად რელიგიის, რელიგიებისა და რელიგიურობის შემსწავლელი არარელიგიური მეცნიერება. თეოლოგი როგორც წესი, საკუთარ ერთადერთ რელიგიას შეისწავლის და იკვლევს, ხოლო რელიგიოლოგი კი – უცხო რელიგიებს.

ჩემდა გასაოცრად არათუ უბრალოდ დაინტერესებულ მკითხველს, არამედ ტიტულოვან ჰუმანიტარებსაც კი უჭირთ ამ ორი დარგის გამიჯვნა. მთავარი შეცდომა ამ ორი დარგის ურთიერთაღრევისას მომდინარეობს თეოლო – გიასთან რელიგიო – ლოგიის გენეტიკური დაკავშირებიდან. ვითომცდა რელიგიოლოგია „გამოეყო“ თეოლოგიას ან თეოლოგიის წიაღში იშვა. ეს ასე არაა: რელიგიის შემსწავლელი ახალი მეცნიერება იშვა განმანათლებლობაგამოვლილ ევროპაში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, შედარებითი ფილოლოგიის წიაღში, ფრიდრიხ მაქს მიულერის პირადი მონდომებისა და ახალი პარადიგმის შედეგად.  გარდა ამისა, დარგის პრაქტიკული ეტაბლირება და  განხორციელება, თავიდანვე მეცენატ ლორდ ჟიფორდის მიერ ემპირიულ მეთოდოლოგიას დაუკავშირდა და  მისაბაძად ნიმუშად დასახელდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ემპირიზმი. ეს არ ნიშნავს რომ დარგის დაფუძნებაში თეოლოგებს არ მიუღიათ მონაწილეობა. მაგალითად კათოლიკე მღვდელი ედმუნდ ჰარდი, ვინც ამ სფეროში დაჟინებით მოითხოვდა ემპირიულ ბაზისზე დაფუძნებულ არარელიგიურ კვლევებს.[3]

3.რელიგიოლოგიის რთული აკადემიური იდენტობა

რელიგიათმცოდნეობა არაა თეოლოგია.[4] 

თეოლოგია ყოველთვის იყო „თეოლოგია“ და მიუხედავად მისი რელიგიური თუ სუბდისციპლინური მრავალფეროვნებისა, ყოველშემთხვევაში ქრისტიანობაში, ერთი სახელით მოიხსენიება, რასაც ვერ ვიტყვით რელიგიათმცოდნეობაზე. ახალი მეცნიერების ისტორიულმა გზამ განაპირობა სახელდების სემანტიკური მრავალფეროვნება. „რელიგიის შედარებითი მეცნიერება“ (Comparative Science of Religion), „რელიგიის ისტორია“, „რელიგიური კვლევები“ (Religious Studies), რელიგიის თუ რელიგიების კვლევა – Study of Religion(s)…სადღეისოდ დარგის მესვეურები შეთანხმდნენ „რელიგიის აკადემიურ კვლევაზე“ ანუ Academic Study of Religion ფიგურირებს. როგორც ქართული ექვივალენტი ამ სიტყვისა, ვცადე შემომეღო რელიგიოლოგია. ვინაიდან ქართული „რელიგიათმცოდნეობა“ ან „რელიგიის კვლევები“ მეცნიერულ-თეორიულად ჩამოუყალიბებელი კონცეფციებია, ამიტომ ვამჯობინე რელიგიოლოგია. იმედია ეს ნოვაცია გზას გაიკვალავს და პრაქტიკულადაც გვექნება ოდესმე რელიგიის აკადემიურად ინსტიტუიზირებული კვლევა. ამ თემაზე აქ ვრცლად ვერ გავაგრძელებ, მაგრამ მთავარი უკუპროპორცია აშკარაა: თეოლოგიას ყველგან „თეოლოგია“ ეწოდება, მაგრამ სულ სხვადასხვა შინაარსისა და კუთვნილების თეოლოგიებია, ხოლო რელიგიოლოგიას სხვადასხვა სახელები ჰქვია (მათ შორის ჩეხეთში „რელიგიონისტიკა“), მაგრამ ყველასათვის, ყველა სპეციალისტისათვის ერთიდაიგივე დარგია, ისევე როგორც ერთია მაგ. ქიმია ან ბიოლოგია. ყველა რელიგიოლოგისათვის საერთოა საერთაშორისო ასოციაცია რელიგიის ისტორიის საერთაშორისო ასოციაციის სახელით (იტალიურ სკოლას მიუძღვის ღვაწლი და რაფაელო პეტაზონი ან დარიო საბატუცი „რელიგიის ისტორიას“ აძლევდა უპირატესობას; გარდა ამისა, „რელიგიურ კვლევებს“ ხშირად პროტესტანტული დენომინაციები ეწეოდნენ და კვლევის ისტორიულობით მათთან გამიჯვნაც იყო საჭირო და ა.შ.). რელიგიოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალი მსოფლიოში ყველა სპეციალისტისათვის საერთოა: NUMEN. მიუხედავდ განსხვავებული სკოლებისა და მიდგომებისა, საერთოა ინტერნაციონალური დისკურსი, მეცნიერული მეტათეორია, მეთოდოლოგიები და პერიოდული გამოცემები. არ გამოვრიცხავ რომ ქრისტიანულ თეოლოგიურ მუდმივ ორგანოს ძენბუდისტი თეოლოგიც კითხულობდეს, მაგრამ ეს მისი ორგანო არაა. მაგრამ იაპონელი რელიგიოლოგი უსათუოდ კითხულობს გარდა თავისი იაპონური ჟურნალისა, ასევე NUMEN – ს თუ ჩრდილოამერიკულ „მეთოდებსა თეორიებს“…

DSCF2577

ალბათ იკითხავთ „რელიგიის კვლევაში“ კვლევა რატომაა მხოლობითი? ფილოსოფიას, როგორც დარგს ეწოდება ფილოსოფია და არა ფილოსოფიები. „კვლევები“ დამაბნეველია და ესაა ფაქტიურად სხვადასხვა დარგების კორპორაციული ერთობის (სოციოლოგიის, თეოლოგიის, ფილოსოფიის…) მიერ წარმოებული პროვიზორული სამუშაო, რაც რელიგიის კვლევის ზოგად ველს ქმნის და კარგი სარბიელია, მაგრამ  ერთია რელიგიის კვლევის დარგი ანუ კვლევა (დააკვირდით პირველხარისხოვან დარგობრივ ჟურნალებს აქვე, ფოტოებზე, სადაც ფიგურირებს Study და არა Studies)  და მეორეა რელიგიის კვლევის ზოგადი ველი ანუ კოლექტიური „კვლევები“, რაშიაც სხვადასხვა სოციო-ჰუმანიტარული დარგის ინტერვენტი „მეველეები“ აქტიურობენ. მომავალ ლექტურაში ერთ-ერთ მათგანზე – რელიგიის სოციოლოგიაზე გვექნება საუბარი, რა არის ႰႱ, რელიგიოლოგიის თუ სოციოლოგიის სუბდისციპლინა და როგორია მისი ჰაბიტუსი დღეისათვის?

ქვეტექსტისა და ზედმეტი თავზიანობის გარეშე რომ ითქვას, რელიგიის კვლევისას მთავარია სიმწიფე, მკვლევარი არ უნდა იყოს საკუთარი რელიგიურობის პროფეტი და  როგორც  რელიგიის სოციოლოგიაში მოღვაწე დეტლეფ პოლაკი აღნიშნავს, რელიგიათმცოდნე (გნებავთ რელიგიისმცოდნე ან რელიგიოლოგი) არც რელიგიის აპოლოგეტია, არც რელიგიის კრიტიკოსი. ეს ორივე პოზიცია (ზოგჯერ აკვიატება) რელიგიის მკვლევარს გადალახული უნდა ჰქონდეს.[5] რელიგიოლოგისათვის არც მარქსის ციტატაა მთავარი და გადამწყვეტი და არც სახარებისეული ამონარიდი, არამედ მხოლოდამხოლოდ საკუთარი არგუმენტის ძალა: „Allein die Kraft seiner Argumente zählt.“[6]

არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულად გავართვი თავი ამ მცირე ოპუსით დასახულ მიზანს 🙂

4.თეო თუ რელიგიო? – პირადი გამოცდილება

ერთი გერმანელი რელიგიოლოგი აღწერს მეტად დამახასიათებელ, ჩემთვის კარგად ნაცნობ სიტუაციას, როცა კაცს თავისი პროფესიული მოწოდება თეოლოგია ჰგონია, მაგრამ იგი აღმოაჩენს რომ საქმე სხვანაირადაა. ბონში, სადაც ის გას. საუკუნის 70-იან წლებში სწავლობდა, თეოლოგიის ფაკულტეტზე

 „თეოლოგიის შესწავლა რელიგიისა და რელიგიების ელემენტარული ცოდნის გარეშე არათუ შესაძლებელი იყო, არამედ ნორმალურადაც კი მიიჩნეოდა“… როცა პროტესტანტული თეოლოგიის ამ სტუდენტმა არსებული სიტუაცია გააპროტესტა, მას დეკანმა ურჩია რომ „მოლეკულები თეოლოგიის შემდგომ შეესწავლა“. შედეგად, მაშინდელმა სტუდენტმა მისდა საბედნიეროდ თეოლოგიის დახშული  წრე გაარღვია და გადაწყვიტა პროფესია რელიგიოლოგიის სასარგებლოდ შეეცვალა.[7] ეს მაგალითი არ ნიშნავს რომ თეოლოგებს მსგავსს ვურჩევდე. უბრალოდ, ყველა უნდა დაფიქრდეს და მართლაც მიხვდეს რა აინტერესებს: ნორმატიული დარგი, ეკლესიაზე მიჯაჭვული  „ღმერთოლოგია“ თუ ემპირიული, უნივერსალური რელიგიოლოგია?

7 მარტი, 2019.

ჩადით ბოლომდე, შეგიძლიათ შენიშვნაც მიაწეროთ იქვე!

სქოლიო:

[1] შდრ.: Kohl, Karl-Heinz(1988): Geschichte der Religionswissenschaft. In: Cancik, Hubert / Gladigow, Burkhard / Laubscher, Matthias (Hrsg.) (1988 – 2001): Handbuch religionswissenschaftlicher Grundbegriffe  in 5 Bänden. Stuttgart / Berlin / Köln / Mainz: Verlag W. Kolhammer. შემოკლებით  HrwG, I, S. 217-262. Zitat,   S. 217. დედანი: „Die Religionswissenschaft ist eine relativ junge akademische Disziplin. Ähnlich wie die Soziologie, die Ethnologie und die Psychologie hat sich auch die Religionswissenschaft an den meisten europäischen Universitäten erst in der zweiten Hälfte des 19. Jahrhunderts als eigenständige Wissenschaft zu etablieren vermocht.“

[2] შდრ.: Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer. S. 129. დედანი: „Theologen sind religiöse Spezialisten, Religionswissenschaftler sind Spezialisten für Religiöses.“

[3] შდრ.: Hardy, Edmund (1898): Was ist Religionswissenschaft? Ein Beitrag zur Methodik der historischen Religionsforschung. In: Lanczkowski, Günter (Hrsg.) (1974): Selbstverständnis und Wesen der Religionswissenschaft. In: Wege der Forschung, Band CCLXIII. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft. S. 1-29. Zitat, S. 3. დედანი: Nun sollte zunächst, was die Grundlagen angeht, auf denen sich der Bau unserer Wissenschaft angeht, ihr empirischen Charakter unbedingt feststehen.

[4] შდრ.: Zinser, Hartmut (2010): Der Unterschied von Religionswissenschaft zu Religion und Theologie. In: Ders.: Grundfragen der Religionswissenschaft. Paderborn / München / Wien / Zürich: Verlag Ferdinand Schöningh, S. 21–27, Zitat, S. 21. დედანი: „Ausgehend vom Grundsatz von Baruch Spinoza (1632-77), omnis determinatio est negatio, alle Bestimmung ist Verneinung, ist zunächst darzustellen, was Religionswissenschaft nicht ist.“

[5] ამ თემაზე დაწვრილებით მომავალ სტატიაში.

[6] შდრ.: Zinser, Hartmut (2010): იგივე, გვ. 25.

[7] შდრ.: Tworuschka, Udo (2011): Religionswissenschaft. Wegbereiter und Klassiker. Köln / Weimar / Wien: Böhlau, გვ. 12-15: Mein Weg zur ,Praktischen Religionswissenschaft’.

DSCF2578

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s