ნათლობის ბრუტალური გახალხურება – Taufebrutalität in Georgien

მეთოდოლოგიური წანამძღვარი

საკითხი მეტად მგრძნობიარე, სადავო და არაორდინალურია. ამიტომ ცოტა შემოვლითი გზით უნდა დავიწყო. ამ წერილის მიზანი არაა ჩვენში ჩვეულებადქცეული, გაყინულ მდინარეებში, ტბებში თუ ხევებში გადატანილი რიტუალის დაცინვა ან თეოლოგიური განქიქება, რასაც არაერთი მორწმუნე გააფთრებით შეხვდებოდა, არამედ მხოლოდ იმ მოსალოდნელ შედეგეზე დაფიქრება, რაც ამ რიტუალში მონაწილე ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, მოხუცებისა თუ ნებისმიერი ადამიანის, თვითონ მღვდლების ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. ალბათ ზედმეტია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ რელიგიაზე მსჯელობისას, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოვიშველიებ იმ მეთოდს, რაც პროფესიონალი რელიგიათმცოდნეებისათვის ცნობილია როგორც ‘თავშეკავების მეთოდი’ (Method of Bracketing). ეს ნიშნავს რომ ამა თუ იმ რელიგიურ ფენომენზე მსჯელობისას, მოვლენის ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტების საკითხი გამოტოვებულია, ფრჩხილებშია ჩასმული, რასაც გერმანულად „Einklammerung der Wahrheitsfrage“ ეწოდება. მოკლედ, ნათლობის რიტუალის, როგორც ‘საიდუმლოს’ ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტებაზე, მის „ონტოლოგიურ“ ბუნებაზე მსჯელობასა და მსგავს თეოლოგიურ-ფილოსოფიურ სპეკულაციას ეს ემპირიულად ორიენტირებული წერილი თავს აარიდებს. დაე თეოლოგებმა გაარკვიონ, რამდენადაა ეს ცივ ყინულოვან წყალში ბანაობა სახარებისეულ რწმენასთან უნისონში ან ნათლობის რიტუალი რატომაა მეორედ დაბადება, რამდენადაა ეს რიტუალური ბანაობა ღვთის რწმენა და რამდენად ნაკლებაა მხოლოდ რიტუალის, ამ დღისა და სასწაულთმოქმედებისადმი მიძღვნილი ‘კვაზი თუ ცრურწმენა’? რამდენადაა ეს გახალხურებული (‘გახალხურება’ ჩემთვის არაა საგმობი, მაგრამ საეკლესიო თეოლოგიას არ უნდა ეპირმშვენიერებოდეს!). ერთი რამ კი მეც ვიცი: გარეგნული შესრულება თუმცა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილი ფერისცვალება სახარების თანახმად, მორწმუნის შინაგანი სამუშაოა: „იყვენით თქვენ სრულ!“… „არა განსცადო ღმერთი შენი“… და მსგავსი.

თუ ამ უხეირო შესავლის წყალობით როგორღაც სარწმუნოებრივი ლალვა-კამათებისაგან თავი დავიხსენი, გადავალ უშუალოდ საკითხზე.

საკითხის წამოჭრა

19 იანვარს, გაყინულ მდინარეებში დედა-წულიანად შესვლა, იქ არასრულწლოვნების, თუნდაც სრულწლოვნების შეყვანა შესაძლებელია არ იყოს გონივრული საქციელი და შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის ამ თუნდაც ათწუთიან რიტუალურ აღმაფრენას მძიმე შედეგები მოჰქონდეს. ქალბატონებსა და გოგონებს საკვერცხეების, საშვილოსნოს გაცივება დამართოს, ვაჟკაცებშიც კიდევ მაგ. კვერცხების გაცივება და იმპოტენცია გამოიწვიოს. შესაძლებელია ფატალური გაციება, შოკი, ფილტვების ანთება, მენინგიტი, თირკმელების დაავადება, სახსრების ტკივილი და მსგავსი დაავადებები გამოიწვიოს ადრე თუ გვიან…  ქრონიკული, ხანგრძლივი დაავადებებიც არაა გამორიცხული.

ბრმა და ტენდენციური არა ვარ და იმასაც აშკარად ვხედავ რომ ეს ჩაყვინთვები დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, სასიცოცხლე ენერგიას ჰმატებს (რაც ამ ვიდეოდანაც Video კარგად ჩანს) და შეიძლება შემეკამათონ: პირიქით, უხდება სულსაც და სხეულსაც. დაე ასე იყოს, მაგრამ ვინმემ აწარმოა შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება? რამდენი მნათე წევს დღეს ლოგინში ვინ უწყის გუშინწინდელი ნაარაგვალი, ნათერგალი, ნაენგურალი, ნამტკვარალი და ალბათ ნაილტოსწყლევიც (მდინარეა ილტოსწყალიც)? როგორ წარიმართება მომავალში თუნდაც იმ ფშაველი გოგონას ოჯახური ცხოვრება გუშინწინ რომ ნახევარ საათს ნათლავდნენ ანთლაშიან არაგვში?

ტიპიური მორწმუნის პასუხი ვიცი: რადგან რწმენით სრულება ეს ყველაფერი, კარგის მეტს არაფერს მოიტანს… დაახლ. იგივე პასუხი ჰქონდათ ინკვიზიტორებსაც: რწმენით განმსჭვალულს ინკვიზიციური წამების იარაღი, მახვილი და თუნდაც ცეცხლი და ყინული ვერაფერს დააკლებსო… ამიტომ წამებაც გამართლებულიაო.

შედარება

რასაკვირველია, ამ ერთი დაჭიკჭიკებით არაფერი შეიცვლება. მომავალ წელსაც იგივე ატალღავდება, სავარაუდოდ კიდევ ათეულობით გაციებულ, დაავადებულ და უმომავლო გოგონასა და ჭაბუკს შევიძენთ. ისედაც არ გვაკლია განსაცდელი, მაგრამ ასეთი ბრუტალური რწმენა-ჩვეულება კიდევ გვიმატებს ზედ. ნება მიბოძეთ შიიტურ აშურას შევადარო ეს ჩვეულება. აშურას მსვლელობის დროსაც ისეთივე მხურვალება და სხეულებრივი თავგანწირვა იგრძნობა და რა გვეთქმის? – მორწმუნე მორწმუნის სახეაო, როგორც არაბული ანდაზა გვამცნობს!  თუმცა, იქნებ უფრო ნაკლებად საფრთხიანიც კია აშურა, რადგან ალესილი დანებისა თუ ჯაჭვების ზურგზე და მკერდზე რტყმისაგან ძირითადად კანი ზიანდება, შინაგანი ორგანოები ალბათ ნაკლებად. და ბავშვები იქაც გაჰყავთ არენაზე, მათ შორის ჩვილები, შუბლზე სერავენ და მსგავსი.

მსგავსი ფენომენების არსი

ძნელი ასახსნელია არსი და მიზეზი. ნუმინოზური? ასე შორს? ამ შემთხვევაში ცნობილი ეთნოლოგის – გირცის მოშველიება მოგვიწევს: რელიგიურმა აქტებმა მძაფრი, ხანგრძლივი და ღრმა ემოციები უნდა გამოიწვიოს ადამიანებში. ასეთ ემოციას არასოდეს და ვერასოდეს დაივიწყებს გუშინ გაყინულ ხევში ბრუტალურად მონათლული გოგონა. სხვა საქმეა, ეს მოგონება მასვე უბედურების წყაროდ ექცევა თუ ბედნიერებისა?

„რელიგია ბრუტალური უნდა იყოს“ – იტყოდა ხოლმე რელიგიათმცოდნეობის ჩემი გერმანელი  პროფესორი. მაგრამ ჩვენთან მეტისმეტად ბრუტალურია, იქით ლომისობა, აქეთ საპატრიარქოს სკანდალები და დაუნდობელი შუღლები, შუაში კიდევ ეს „უწყინარი“ ნათლობა.

მართლაც, ისე უნდა შეწუხდეს ჩვენი მორწმუნე ერის გაყინული რწმენის შემხედვარე  მდინარე იორდანე რომ აღმა დაიწყოს დენა! 😊

რადგან ემპირიულ დარგს მივუძღვენი თავი და ეს წერილიც, მე არა ამაქვს უფლება რომ მორწმუნის ენით რამე ვთქვა, მაგრამ ერთ გამონაკლისს ჩავიდენ: ნათელი ქრისტესი მაშინ გაგვანათლებს ყოველთა, როცა მისი მიმღებლობა ჩვენში შინაგანი, გონივრული, გააზრებული, განათლებული და რაც მთავარია ურთიერთმოფრთხილებადი იქნება და არა კვლავაც „ყინულებში ყოფნა კაცისა“…

ნამდვილად არა ვარ იმის მომხრე რომ ყველაფერი რუსებს გადავაბრალოთ, მაგრამ ეს წყლის დღისა და გაიორდანების გაფეტიშება რუსულ საწესჩვეულებო ქრისტიანობისაგან ხომ არ გადმოგვედო? ყინულის კულტი იქაა მგონი! 🙂 მაგრამ არაო, მომწერეს: იხ. ბმული რუსულად

პ.ს. სიმამრი მყავდა მღვდელი,- აცხონოს ღმერთმა, – წყალს ათბობდა ჯერ და ამ გამთბარ წყალში  ნათლავდა ხოლმე ბავშვებს!

  1. 01. 2019., Tü.

 

16508629_1495693003787876_3564819145847503985_n.jpg

 

ეს ახალია, დასკვნის სახით დავამატე: 4 მარტს, 2019.  კაცი ხტება ხიდიდან ყინულიან წყალში და სავარაუდოდ საბედისწეროდ.

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s