Ⴈსევ „უცნობი დარგის“ აკადემიური იდენტობის გამო -Akademische Identität von Religionswissenschaft

Ⴅინც ასე თუ ისე მიცნობს, იცის რომ ორი ბოსტანი მაბარია, საზაფხულო და საზამთრო. საზაფხულოდან, ფშავში რომაა, ფოტოებითაც კი ვნებივრობ, იქ ჩემი საკრალური კულტურა – პომიდორი დომინირებს. მეორე ბოსტანი ეს ჩემი ბლოგია, სადაც ასევე ნატურალური კულტურა, კულტურულოგიური დარგი – რელიგიოლოგია მომყავს. ეს ევროპიდან გადმოვრგე და გადმოვნერგე. ვეცადე კი, მაგრამ როგორ ვუპატრონე, ჯერ არ ვიცი, მარტო სუბიექტური მიზეზი არ უნდა მთარსავდეს,  მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ნამდვილს უფრო ნაკლებად ენდობიან, ვიდრე სუროგატს…

1.რელიგიოლოგია, როგორც თვითმყოფადი დარგი

„რელიგიათმცოდნეობა“, „რელიგიის კვლევები“ თუ „რელიგიის მეცნიერება“ ქართულ აკადემიურ სივრცეში, – და არა მხოლოდ ქართულში, – არაერთი მნიშვნელობით ანდა სულაც უმნიშვნელოდ და სასხვათაშორისოდ გამოიყენება. ამ ტერმინოლოგიური ბურუსის პირობებში დარგის ნამდვილი საუნივერსიტეტო იდენტობის შესახებ ერთხელაც უნდა დავძრათ სიტყვა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში რელიგიისადმი შემეცნებითი ინტერესი დღითი-დღე მატულობს, შეიძლება რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების არასწორმა, არაპროფესიონალურმა გაგებამ არცთუ სასურველ შედეგამდე ანუ მეცნიერული სუროგატის შექმნამდე მიგვიყვანოს. სავარაუდოდ, თვითნებური „გაგება“ ანუ დარგის შეგნებული თუ უნებლიე  ვერგაგება, როგორც წესი, რელიგიური ან კორპორაციული, მაგ. მეცნიერთა რომელიმე დაჯგუფების ფინანსურ, ადმინისტრაციულ თუ შემთავსებლურ ინტერესებს ემსახურება. მაგალითისათვის, შესაძლებელია, თეოლოგიურ პროგრამებში მოთხრობებს სხვადასხვა რელიგიების ისტორიებიდან ერქვას „რელიგიათმცოდნეობა“ ანდა რომელიმე უნივერსიტეტში რელიგიის სოციოლოგიურ მიმოხილვებს „რელიგიის კვლევები“ დაარქვან და მსგავსი.

როგორ გამოიყურება სინამდვილეში ეს დარგი და რა ძირითადი სხვაობაა რელიგიის სხვადასხვა კვლევებსა (მაგ. სოციოლოგიურ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ და ა.შ.) და რელიგიის მეცნიერებას, როგორც ცალკე აღებულ სარელიგიო სპეციალობას შორის?

ჩვენი დარგის იდენტობის უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის გამოიყენება ისეთი ზედსართავები, როგორიცაა: ისტორიულ-სისტემატური, ემპირიულ-დესკრიპტიული, ჰუმანიტარული, ანთროპოლოგიური, მულტიდისციპლინარული და რაც მთავარია, კულტურულოგიური. ცხადია რომ ის „მეცნიერებათა ჰუმანიტარულ კოსმოსს,“ (შდრ. Rudolph, გვ. 14 > Rudolph, Kurt (1992): Geschichte und Probleme der Religionswissenschaft. In: Studies in the Historie of Religions (Numen Bookseries), Edited by Kippenber, H.G. / Lawson, E. T. Volume XIII. Leiden / New York / Köln: E. J. Brill) ანუ სამყაროს ეკუთვნის. რომ ავიტაცოთ რელიგიოლოგიის ცნობილი კლასიკოსის ეს „კოსმოსი“ (Kosmos der Geisteswissenschaften), შეგვიძლია ვთქვათ: რელიგიოლოგიას იმდენი დარგობრივი ცოდნა დაუგროვდა რომ იგი უკვე გალაქტიკად იქცა. ამ აკადემიური გალაქტიკიდან ჯერ ჩვენამდე ანუ ქართულ უნივერსიტეტებამდე სინათლეს არ მოუღწევია ანუ ვერ ხედავენ მას ისეთს, როგორიცაა იგი სინამდვილეში და მისი სახელის ქვეშ შეთავსებად პლანეტას წარმოიდგენენ ხოლმე; ზოგს უნდა რომ ეს „პლანეტა“ სოციოლოგიის გარშემო, ზოგს ფილოსოფიის, ზოგსაც თეოლოგიის გარშემო ატრიალონ. რატომაც არა, თუკი არავინაა სიმართლის მთქმელი და იმ გალაქტიკაზე ნამყოფი? 😊

2.ძალზე მოკლედ, თეოლოგიასთან დამოკიდებულების თაობაზედ.

რელიგიიის შემსწავლელი მეცნიერება, მიუხედავად მისი სახელდებითი მრავალფეროვნებისა, ერთი ძირითადი პრინციპით იღწვის: რელიგიას არარელიგიური, ემპირიული პოზიციებიდან უდგება, თუმცაღა, სხვადასხვა დენომინაციებს და შესაბამისად თეოლოგიურ ფაკულტეტებს აქვთ მოწადინება, როგორც ქრისტიანულ თეოლოგიასთან შეთავსებად  დარგს, ისე მოექცნენ „რელიგიურ კვლევებს“ (Religious Studies). ამდენად, ამ სახელით შეიძლება რელიგიის რელიგიური კვლევაც მოგვევლინოს. როგორც თვითმყოფადი, დამოუკიდებელი და ინსტიტუიზირებული სპეციალობა, – რომ შევაჯამოთ, – არავითარ კავშირში არაა თეოლოგიასთან, არც გენეტიკურად, არც შინაარსობრივად, არც მეთოდოლოგიურად, არც კიდევ მეცნიერული თეორიით ანუ ეპისტემოლოგიურად (შდრ. Horyna, გვ. 26 > Horyna, Břetislav (2011): Kritik der Religionswissenschaftlichen Vernunft. Plädoyer für eine empirisch fundierte Theorie und Methodologie. In: Bochinger, Christoph / Rüpke, Jörg (Hrsg.): Religionswissenschaft heute. Stuttgart: W. Kolhammer, Band 8).

იგი იშვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში შედარებითი ფილოლოგიის წიაღში, როგორც რელიგიის შედარებითი მეცნიერება (Komparative Science of Religion) და ძირითად ევროპულ უნივერსიტეტებში დამოუკიდებელი დარგის, სპეციალობის სახით (Fach, Studiengang) შესაბამისი ინსტიტუციონალური გაფორმებით (როგორიცაა: კათედრა, ინსტიტუტი, ფაკულტეტი, ცენტრი, დეპარტამენტი), გასული საუკუნის დასაწყისამდე დაფუძნდა

ალბათ ზედმეტია ერთ არსებით განსხვავებაზე საუბარი, კერძოდ, რომ თეოლოგია ნორმატიული დარგია ანუ ყოველთვის რომელიღაც თეოლოგიაა (შიიტური, შინტოისტური, ორთოდოქსული, ძენბუდისტური და ასე, უსასრულოდ), ხოლო რელიგიოლოგია გლობალური, უნივერსალური და გერმანელი, ჩეხი ან იაპონელი რელიგიოლოგები ერთი და იგივე დარგის სპეციალისტებია და ერთი მეცნიერული დისკურსის გაერთიანებას ქმნიან.

აქ შევჩერდებოდით, რომ არა ინტერდისციპლინარულობის ტენდენციური გაგება. რელიგიოლოგიის (Religionswissenschaft, Academic Study of Religion), როგორც „დარგთაშორისი მიმართულების“ დანერგვა არ ნიშნავს სხვადასხვა, ზემოთდასახელებული სპეციალობების წარმომადგენელთა მექანიკურ გაერთიანებას. სხვადასხვა მონაცემები, მიღწევები, დებულებები, რასაც მაგ. სოციოლოგია გვთავაზობს, უნდა ათვისებულ და შეჯერებულ იქნას რელიგიოლოგების მიერ (შდრ. Brück, გვ. 34 > Brück, Michael von (2013): Religionswissenschaft und Religionsbegriff. In: Müller, Tobias / Schmidt, Thomas M. (Hrsg.): Was ist Religion? Beiträge zur aktuellen Debatte um den Religionsbegriff. Paderborn u. A. : Ferdinand Schöning. S. 31-53). „ტრანსდისციპლინარულობა დარჩა იმად, რაც იყო: ქიმერა“ (შდრ. Horyna, დასახ. წიგნი, გვ.12 > ).

ახლა უფრო მარტივად, რა აერთიანებს დარგის სპეციალისტებს: 1. რელიგიის ფენომენი განიხილება როგორც ერთი მთლიანობა. 2. ამ მთლიანობას აქვს არაერთი განზომილება. 3. რელიგიური მთლიანობა მუდმივ ცვლილებაშია (შდრ. Greschat, გვ. 15> Greschat, Hans-Jürgen (1988): Was ist Religionswissenschaft? Stuttgart: Verlag W. Kohlhammer).

კიდევ უფრო გასაგებად და მარტივად: რელიგიოლოგია ობიექტგანსაზღვრული, ნიშადადგენილი დარგია (შდრ. Gegenstandsdefiniertes Fach: M. Stausberg, გვ. 8 > Stausberg, Michael (Hrsg.) (2012): Religionswissenschaft. Berlin / Boston: De Gruyter), რადგანაც მისი შეწავლის საგანი მხოლოდ რელიგიაა. სოციოლოგიას სურს მაგ. რელიგიის გზით სოციოლოგიური საკითხები ახსნას და მისთვის რელიგია საშუალებაა.

რასაკვირველია, რელიგიოლოგია არაა მეზობელ დარგებთან ჩინური კედლით გამიჯნული და ერთმა მეცნიერულმა განშტოებამ მეორისათვის ყოველთვის შეიძლება ითამაშოს სუბდისციპლინური, დამხმარე როლი; გარდა ამისა, ხშირია თეოლოგების ან სოციოლოგების გადმოდინებაც, თუკი რასაკვირველია მათი შემეცნებითი ინტერესები შეიცვლება ჩვენი დარგის შესაბამისად. განსაკუთრებული ღვაწლი ამ დარგში აღინიშნება ტიტულით: რელიგიოლოგიის პროფესორი (Professor für Religionswissenschaft).

ჩადით ბოლომდე!

978-3-17-021547-4_g

გადასვლა: თეორია, მეთოდოლოგია, ძირითადი სახელმძღვანელოები …

გადასვლა: როგორც გლობალური, ევროპული პროექტი…

p.s. მოდი, იგავით გეტყვით, რადგან აკადემიური ტიტულებით დიდად არ გამოვირჩევი და ჩემდამი სანდოობაც სათანადოდ მოიკოჭლებს. ერთი ბავშვობისდროინდელი ამბავია: კენკეშამ იცის ამოსვლა ნაზვავარზე, ნათოვლარზე, ალპურში და ძაან მორცხვი ღერო აქვს, უფერო, უპატრონო, შეუხედავი, მაგრამ ძაან ნამდვილი და გემრიელი, ღეროვანი მცენარეა, გაფცქვნი და დააგემოვნებ იქვე… იქვე, მეზობლად, ფერდობზე ხარობს ცრუკენკეშაც, ძაან ფერზეა, მზის გულზე და სხივების გრანტზე ყელყელაობს, მაგრამ ყალბია და ამბობდნენ, შხამიანიცო…მატყუარა კენკეშაში არ შეგეშალოსო – მაფრთხილებდნენ ჩემი მშობლები. ცრუკენკეშა თვალწარმტაცია, ჯანმაგარი მცენარეა და უვიცი რასაკვირველია მას აირჩევს, ყველა პირობა უწყობს ხელს…

ჩემი იგავი რომ განვავრცო: როცა რელიგიის შემსწავლელ მეცნიერებაზეა საუბარი, ყველა უცხოურ აკადემიურ გვერდზე მხოლობითი ფიგურირებს: რელიგიის მეცნიერება (Religionswissenschaft), რელიგიის ან რელიგიების კვლევა (უპირატესია: Academic Study of Religion) და არა პირიქით: რელიგიათმცოდნეობა, რელიგიის კვლევები და მსგავსი… დარგი ერთია მიუხედავად მრავლფეროვანი სკოლებისა და მეთოდოლოგიებისა, კვლევის ობიექტი – რელიგიაც ერთია, მიუხედავად ათასგვარი ისტორიული გამოვლინებებისა და სხვა. ეს მხოლობით-მრავლობითი პატარა გზამკვლევად შეიძლება გამოგადგეთ, როგორ გაარჩიოთ ნამდვილი მეცნიერული განშტოება და „მცენარე“ ყალბი სუროგატისა და მეცნიერული ფარსისაგან.

მოკლედ, ასეა. ბოდიშს ვიხდი რომ ზამთრის ბოსტნის პირველი ორნატი ცოტა აჯაჯულ-დაჯაჯულია და შემდგომში სათანადო მეცნიერული აპარატურითაც  გავმართავ, თუმცაღა არ გადავტვირთავ, რადგან რასაც აქ ვწერ, ყველაფერი პროლეგომენაა…

09. 01. 2019.

Ein Gedanke zu „Ⴈსევ „უცნობი დარგის“ აკადემიური იდენტობის გამო -Akademische Identität von Religionswissenschaft

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s