უნივერსიტეტებში რელიგიის აქტიური ჩართულობა და განათლების სისტემასთან მისი მიმართება

პროექტის აღწერა

პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი): თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს საგანმანათლებლო სისტემა ემყარება პარადიგმას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს სეკულარიზაციას, ადამიანის ყოფისა და აზროვნების რელიგიური მეურვეობისგან გათავისუფლებას. მეცნიერება და რელიგია გამიჯნულია, რელიგია კერძო სფეროა, ხოლო მეცნიერების დამოკიდებულება რელიგიასთან კარგადაა გამოხატული გერმანელი სოციოლოგის – ფრიდრიხ ტენბრუკის ცნობილი თეზით: დასავლურ უნივერსიტეტებში რელიგია სხვადასხვა აკადემიური დისციპლინების ინტენსიური კვლევის და რეფლექსიის სფეროა (Die Religion in Maelstrom der Reflexion! გერმან.). ყოველივე ზემოთქმულის საპირისპიროდ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, არამხოლოდ სკოლებში, არამედ უნივერსიტეტებშიც,  აშკარად შეინიშნება პირუკუ, ანუ   დესეკულარიზაციის, რელიგიის პროტეჟირებისა და პრაქტიცირების პროცესი: რელიგია მრავალმხრივი ფორმებით და შესამჩნევი მოცულობით  შედის, მკვიდრდება, აქტიურად ერთვება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, იპყრობს აკადემიურ სივრცეს, ინტერიერს, აუდიტორიებს და მის განუყოფელ ნაწილად იქცევა. საბოლოოდ  ეს პროცესი შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც რელიგიის ექსპორტი და ადაპტაცია უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას: რამდენად უშლის ან უწყობს ხელს ქართულ უნივერსიტეტებში განათლების სისტემის გაუმჯობესებას   საერო სივრცის რელიგიურით გადაფარვა და როგორია ამ  რელიგიასთან სახელმწიფოებრივი საგანმანათლებლო პოლიტიკის დამოკიდებულება.

ჩვენი ამოცანაა, ავხსნათ ამგვარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური დათმობის მიზეზები, არსი, შედეგები;
ჩვენი  პროექტი იკვლევს დემოკრატიული, ღია განათლების სისტემის შექმნის პროცესში გაჩენილ ხარვეზებს, რაც უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, დომინირებადი ინსტიტუიზირებული კონფესიის გავრცელებაში გამოიხატება. წინასწარი დაკვირვებით, სახეზეა ღიად გამოხატული მონოკონფესიურობა და შესაბამისად, რელიგიური დისკრიმინაცია სხვა კონფესიების წარმომადგენელთა, აგრეთვე ათეისტურად განწყობილი სტუდენტების მიმართ, რაც რიგ შემთხვევებში  სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებისა და აგრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს…  პროექტის საველე არენა,  უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო, მაგრამ გარკვეულწილად, ასევე, – სრული სურათის შექმნის მიზნით, – კერძო უნივერსიტეტებსაც მოიცავს.

სრული სურათი, დადებითი თუ უარყოფითი ასპექტებით, მხოლოდ კვლევამ უნდა გვიჩვენოს: როგორ და რატომ მოხდა ეს, რამდენად გამართლებულია და კანონზომიერია ეს ყველაფერი საქართველოს პირობებში და რას მოგვცემს, რას გვიქადის    რელიგიის ჩართულობა  სამომავლოდ ზოგადად განათლების სფეროში?

მიზანი, მიზნები: ჩვენი მიზანია მოვლენის ობიექტური კომპლექსური და სრულყოფილი სურათის ჩვენება, რისთვისაც უნდა  ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

1.ე.წ. ,,საუნივერსიტეტო რელიგიის“ წარმომავლობის, თარიღების და პარამეტრების ჩვენება; თუ რამდენად ვრცელია იგი და რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უნივერსიტეტის ცხოვრებაში?

2.როგორია ამ მოვლენის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ვის ევალება მაგ., სამლოცველოების მოვლა-პატრონობა?

3.როგორ ფუნქციონირებს ეს რელიგიური მექანიზმი, რამდენად ინტენსიურად ტარდება რიტუალი, რა სახის რიტუალია და ვინ ატარებს?

4.ვინ მონაწილეობს ამ რიტუალში, როგორც ღვთისმსახური და როგორც მრევლი(მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფ-მასწავლებლები თუ მოძღვრების პირადი ამალაც?);

5.მონოკონფესიურად ორიენტირებულია თუ პოლიკონფესიურად? რამდენად ინტენსიურია?

6.ხომ არაა უნივერსიტეტებში რელიგიის კუთხეების, სამლოცველოების და მსგავსი საკულტო ოთახების თუ შენობების მოწყობა რაიმე კონიუნქტურით, შიშით ან იძულებით ნამოქმედარი?

7.რაიმე ოფიციალური რელიგიური ინსტიტუტი ან საეკლესიო ბიურო თუ უწევს ამ მოვლენას კურირებას და თუ უწევს, რა სახით?

8.რა ფინასური საშუალებებია საუნივერსიტეტო რელიგიის სამსახურში, ვინ იხდის მაგ. სასანთლეების და საკურთხევლის ინტერიერის ფასს?

9.როგორ უყურებს, როგორ გაიაზრებს, რა მნიშვნელობას და რა დანიშნულებას ანიჭებს ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის კვლევას ამა თუ იმ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა?

10.რამდენად ემოციურია, ერთფეროვანია, გულგრილია, ფორმალურიაა, პოზიტიური თუ ნეგატიურია სტუდენტების დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი ანუ ჩვენი დეფინიციით, საუნივერსიტეტო რელიგიისადმი?

ეს დაეხმარება სახელმწიფოს, სწორად წარმართოს საგანმანათლებლო პოლიტიკა ღია და დემოკრატიული  უმაღლესი განათლების სისტემის პრინციპებიდან გამომდინარე.  ხოლო ახალგაზრდებს გამოუმუშავდეთ  კრიტიკული აზროვნების უნარი  და მთელ ამ პროცესებში  უფრო მეტად ჩაერთოს საზოგადოება. ჩვენი კვლევითი პროექტის მიზანია, აგრეთვე,  ამ მოვლენისთვის ერთგვარი ტაბუს ახსნა, ანუ, მედია სფეროს წარმომადგენელთა  აქტიურობით,  ინტერვიუებით,  ექსპერტთა კომენტარებით,  ვიდეო სიუჟეტების მომზადებითა და სოციალურ ქსელებში გავრცელებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა და შემდგომ ეტაპზე კი ამ მასალის დამუშავებით, რომელიც საბოლოოდ ორენოვანი, 200 გვერდიანი  წიგნის სახეს მიიღებს, სიტუაციის  ობიექტივიზაცია – რეფლექსიის გამომუშავება, ამ  პროცესის წინწამოწევა, დაკვირვების ობიექტად წარმოჩენა,  თემის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი განსჯის სფეროდ გადაქცევა;

ამოცანები:

  1. აუცილებელია, ქართულ მედიასივრცეში, სამოქალაქო სივრცეში გაიხსნას კომპეტენტური დისკუსიის მასშტაბური არენა, მოცემულობით: ,,რელიგია და უნივერსიტეტი“.

  1. საუნივერსიტეტო რელიგიის პირადი და ზოგადი ასპექტების აღწერის გზით, ამ სიტუაციის სრულყოფილი, სიღრმისეული, მულტიდისციპლინარული ანალიზი და საბოლოოდ, ყოველივე ამის შედეგად წარმოქმნილი საუნივერსიტეტო რელიგიური ატმოსფეროს სრული სურათის დადება და პრობლემების სრულმასშტაბიანი წარმოჩენა.

  1. ალტერნატივის შეთავაზება: უნივერსიტეტებში ნამდვილადაა რელიგიის ადგილი, მაგრამ ესაა არა პრაქტიცირებული რელიგია, არამედ რელიგია, როგორც მეცნიერული კონსტრუქცია, რაც გულისხმობს რელიგიის მეცნიერულ ჩარჩოებში მოქცევას, რელიგიის საუნივერსიტეტო შესწავლას. ,,რელიგიის კვლევა“, (die Religion in Maelstrom der Reflexion), როგორც აკადემიური, კულტუროლოგიური საგანი, დასავლური უნივერსიტეტების ანალოგი, სახელწოდებით Religious Studies (გერმ.: Religionswissenschaft) სპეციალობა, რომელიც მოიცავს რელიგიის არარელიგიურ, ნეიტრალურ, სისტემატურ, პროფესიულ ცოდნას, შესწავლას და სწავლებას და რელიგიის სპეციალისტების მომზადებას უნივერსიტეტებში.

განხორციელების გზები:

1.ფოტოკოლაჟის გზით საკვლევი მასალის, თემის და პრობლემის ვიზუალური, თვალნათელი ჩვენება ჩვენება;

2.პრობლემის წარმოჩენა, მკვლევართა ჯგუფის დაინტერესება და ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბება;

3.მედიებში, ფეისბუკზე, რადიოში და ა.შ. თემის გაპიარება და რელიგიის თემით დაინტერესებული ყველა ვირტუალურად აქტიური კომენტატორების თვალსაზრისების შეკრება;

4.სხდომის მოწყობა, რომლის დროსაც ექსპერტები ანალიტიკურ დასკვნებს გააკეთებენ, და რომელზეც მოწვეულ იქნებიან აგრეთვე უნივერსიტეტების მესვეურები;

5.რეგიონების უნივერსიტეტებში სტუმრობა და იქ პრობლემის წარმოჩენა, ანალიზი და ამ თემით დაინტერესებულ აკადემიურ კონტინგენტთან კონტაქტების დამყარება;

6.პროექტის მსვლელობის პერიოდში რამდენჯერმე დასურათებული ბუკლეტის გამოცემა, ამ გზითაც თემის პოპულარიზაცია…

7.შედარებითი ანალიზის მიზნით მინიმუმ 1 უცხოელი ექსპერტის მოწვევა, რათა დადგინდეს, თუ მსგავსი მოვლენა სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება და რა სახით?

8.დაგეგმილი გვაქვს  მოკვლევის ჩატარება ჩვენ მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების მიერ. ჯგუფების შემადგენლობა საჭიროების მიხედვით შეიცვლება. ჯგუფის წევრები ჩაატარებენ  კვლევას უნივერსიტეტებში, ჩაიწერენ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კომენტარებს, მოსაზრებებს, ანალიზს,  მოხდება ვიდეოჩანაწერების სისტემატიური ტირაჟირება მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში;

9.მთელი მასალის თავმოყრა საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მოახდენს საბოლოო შეჯერებას, სრულყოფას და გამოსცემს წიგნის სახით, შემაჯამებელ კრებულად;

10.გარდა პროექტში მონაწილე ზემოაღნიშნული სპეციალისტებისა, რომლებიც ფუნქციებს კომპეტენციის მიხედვით გაინაწილებენ და გასამრჯელოს მიიღებენ, ვაპირებთ მოხალისეების ჩართვასაც, რომლებიც რელიგიის პრობლემებით არიან დაინტერესებულნი;

11.რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ სატელევიზიო დებატებში(მაგ. ‚საუბრები რელიგიაზე‘) მონაწილეობა და ფართო აუდიტორიისთვის პროექტის მიმდინარე თუ საბოლოო დასკვნების მოკლედ გაცნობა.

მოსალოდნელი შედეგები:

1.კვლევა  დაეხმარება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, მათ  თვალწინ მიმდინარე გარელიგიურების პროცესისადმი საკუთარი, დამოუკიდებელი  სამოქალაქო თუ  შემეცნებითი პოზიციის გამომუშავებაში და ზოგადად პრობლემის გაცნობიერება-დაფიქსირებაში;

2.მიგვაჩნია, რომ რელიგიით დაინტერესებულმა საქართველოს აკადემიურმა სივრცემ მიზნად უნდა დაისახოს რელიგიის პრაქტიცირების ჩანაცვლება რელიგიის რეფლექსირებით.  ეს სჭირდება არამხოლოდ მეცნიერულ კერებს, არამედ ასევე თვით რელიგიურად განწყობილ პირებს, პოლიტიკოსებს და რელიგიურ ინსტიტუტებსაც, რათა საქართველოში საბოლოოდ დალაგდეს და გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ე.წ. საკრალური და პროფანული სფეროები, რელიგიური და არარელიგიური, რწმენითი და რაციონალური, საეკლესიო და სახელმწიფო… და ეს გზა უსათუოდ რელიგიის ფენომენის მეცნიერულ კვლევაზე, რელიგიის აკადემიურ შტუდიებზე გადის. ახალი მეცნიერული საგნის აკადემიური დაფუძნების ღონისძიება საქართველოს მომავალი დემოკრატიზაციის და განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად გვესახება

3.კვლევის შედეგების შეჯამებისას, გათვალისწინებულია საგანმანათლებლო სისტემის მესვეურთადმი რელიგიის ფენომენთან დამოკიდებულების განსაზღვრაში შესაბამისი კვალიფიციური  რეკომენდაციების, რჩევების და მეცნიერულად დასაბუთებული პროფესიული სურვილების გაცემა. – რეკომენდაციები

4.კვლევის შედეგად მოხდება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე, დაინტერესებული მასობრივი მკითხველისთვის, საუნივერსიტეტო რელიგიური სამყაროს მასშტაბური გაცნობა, რათა გამოვიწვიოთ სამოქალაქო საზოგადოების სათანადო დაინტერესება, მისი პოზიციის გამომუშავება და ამ კუთხით მისი პრინციპული და განათლებისათვის სასარგებლო დაინტერესება.

5.კვლევის შედეგების აკადემიური სარგებლიანობა. აქ, მაგალითისთვის აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე პროფესორმა უკვე გამოთქვა სურვილი, ჩვენი კვლევის შედეგები გამოიყენოს, როგორც ფაქტობრივი და სადისკუსიო მასალა მათ საუნივერსიტეტო კურსში. ეს და მსგავსი ჩართულობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანო ფაქტორია სასწავლო პოლიტიკის სწორად წარმართვის პროცესში. რელიგიური კლიშეებისგან თავისუფალი უმაღლესი სასწავლებელი  საგანმანათლებლო პროცესს ჯანსაღად და დროის მოთხოვნების შესაბამისად წარმართავს.

6.კვლევის შედეგად განმტკიცდება თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო, დემოკრატიულ, ლიბერალურ და სეკულარულ მიდგომებისა და პრინციპებისადმი ნდობა, რაც თანხმობაშია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვასთან, შეესაბამება ქვეყნის ტოლერანტულ ტრადიციებს და  საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციის შინაარსს, რომლის თანახმადაც საერო და ეკლესიური სივრცე, განათლება და რელიგია ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია.

მონიტორინგი: პროექტის მიმდინარეობისას, ორ თვეში ერთხელ გამართული ყოველი მრგვალი მაგიდის ანგარიშს, წერილობითი სახით წარვუდგენთ ფონდს, რაც საშუალებას მისცემს ფონდის მონიტორინგის ჯგუფს, შეაფასოს ჩვენ მიერ წარმართული კვლევის პროცესი,  განსაზღვროს, რამდენად გეგმიურად ხორციელდება  ხარჯვა, ეწყობა ღონისძიებები,  რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი შედეგის მიღწევისთვის, სრულდება თუ არა მოქმედებები გეგმის მიხედვით; საჭირო მასალა აღწევს თუ არა საჭირო ადგილას დათქმულ დროში; არსებობს თუ არა მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები; თვალსაჩინოა თუ არა შედეგები მიზნობრივ ჯგუფთან; საჭიროა თუ არა მაკორექტირებელი ქმედებები; ცვლილებების შემთხვევაში, რა ალტერნატიული მიმართულების აღება იქნება შესაძლებელი.

ამისათვის ფონდის მხრიდან უნდა გაკეთდეს   კორექტივები და ყველა ის  კომენტარი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს შემდგომი სამუშაოების დაგეგმვისთვის. საინიციატივო ჯგუფი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს, ობიექტურად  აღნიშნოს მუშაობის პროცესის დროს წარმოშობილი სირთულეების თუ წარმატებების შესახებ.

შეფასება:  პროექტის შედეგებმა გავლენა უნდა იქონიოს სამიზნე ამოცანებზე და დაგვეხმაროს სასურველი შედეგის მიღებაში. ჩვენი კვლევითი პროექტის ფარგლებში წარმოებული მუშაობა განაპირობებს პირველ რიგში, სტუდენტური საზოგადოების, შემდეგ კი პროფესორ-მასწავლებლების და ფართო საზოგადოების ჩართულობას  და დამოუკიდებელი   სამოქალაქო თუ  შემეცნებითი პოზიციის ჩამოყალიბებას…  კვლევის პროცესში დაგროვილი სტატისტიკური ანალიზის გამოცდილება და წიგნად გამოცემული შემაჯამებელი   მასალა  საგანმანათლებლო სისტემის მესვეურთ საშუალებას მისცემს, გაითვალისწინონ კვალიფიციური რეკომენდაციები და პროფესიულად დასაბუთებული მეცნიერული რჩევები რელიგიის ფენომენთან დამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, სწორად წარმართოს საგანმანათლებლო პოლიტიკა ღია და დემოკრატიული  უმაღლესი განათლების სისტემის პრინციპებიდან გამომდინარე.

პროექტის ავტორები: ლელა კოდალაშვილი, ზელიმხან უძილაური. თბილისი, 2015-2016 წწ.

P1140102

სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

23548110_1891167731200560_1021477129_n

სეუ, სადაც სულ მღვდლები დაჰყავთ მომხსენებლებად! 🙂

ეს 2 სურათი ზღვაში წვეთია…

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s