Religioscienco: Ⴋომავლის Ⴋეცნიერება

  1. რელიგიის მეცნიერება მარტივად და ყველასათვის გასაგებად!

ისევე როგორც სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ეთნოლოგია, რელიგიოლოგიაც, –  თუმცაღა, რატომღაც არა ასეთი კანონზომიერი სახელწოდებით, – ევროპის უმრავლეს უნივერსიტეტებში XIX ს. – ის  II ნახევარში დამკვიდრდა, რაც ცხადია,  ე.წ. დედა-მეცნიერებებისაგან მის ემანსიპაციას და დამოუკიდებელი დისციპლინარული  განვითარების დაწყებას მოასწავებდა. ამ დარგმა მას შემდეგ არამხოლოდ კონცეფციათა გარდამტეხი ცვილილებები განიცადა, – რაც ფილოლოგიურიდან ფენომენოლოგიურამდე, ფენომენოლოგიურიდან კი კულტუროლოგიურ პარადიგმამდე განვრცობაში გამოიხატება, – არამედ დღემდე ერთმნიშვნელოვანი საკუთარი სახელის ძიებაშია. ‘რელიგიის მეცნიერება’, ‘შედარებითი რელიგია’, ‘რელიგიონისტიკა’, ‘ღვთისმსახურების მეცნიერება’, ‘თრესკეიოლოგია’ ან უბრალოდ ‘რელიგიის ისტორია’… ის არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია და დედნებიც დაგვიმოწმებია, ამიტომ აქ სახელზე აღარ ღირს შეჩერება. ქართული პენდანტი თუ ადექვატი დღემდე გზაშია. „რელიგიათმცოდნეობა“ ან „რელიგიის კვლევები“ გარკვეულ წარმატებას აღწევენ, მაგრამ რუსულიდან ან ინგლისურიდან სახელის გადმოკოპირება  საქმეს და საგანს ჯერჯერობით ვერ აქცევს რეალობად.

ალბათ ყველასათვის მისაღები დროებითი სახელწოდება იქნებოდა რელიგიის შემსწავლელი –  ან უბრალოდ ‘რელიგიის მეცნიერება’, რომ არა ენობრივად უხეირო სპეციალისტი ამ დარგისა – „რელიგიის მეცნიერი“ ანდა თუ ინგლისურის ‘სტუდიებს’ დავეყრდნობით, „რელიგიის მკვლევარი“. მაშინ რატომ არა „რელიგიათმცოდნე“ ან „რელიგიისმცოდნე“? ეს დარგი სწორედ ზინგულარულმა „რელიგიამ“ ანუ ზოგადად რელიგიის ფენომენის კვლევამ წარმოშვა და არა „რელიგიათა ისტორიებისა“ თუ ისტორიული რელიგიების ანალიზმა. რასაკვირველია, რეალური რელიგიები და რელიგიაც, რომელიც ყველა რელიგიაშია, ერთობლივად დარგის ისტორიულ-სისტემატურ მთლიანობას ქმნიან, მაგრამ თუკი ასეა და ერთ დარგზეა საუბარი, მაშინ რაღა საჭიროა და რას ემსახურება „რელიგიის კვლევები“ ან „რელიგიის მეცნიერებები“? მოდით, ამჯერად ამ საკითხზე შევჩერდეთ. თუკი ეს კვლევები ერთი დარგის ფარგლებშია, მაშინ რატომ არ იწოდება ქართულადაც ზინგულარულად  კვლევა, როგორც ეს ინგლისურშია: „რელიგიის კვლევა“ ან „რელიგიის აკადემიური კვლევა“? გამონაკლისის სახით მოვიტანთ ამ დედნურ სახელწოდებასაც: Academic Study of Religion.

ყველას მოგეხსენებათ რომ რელიგიას არაერთი ჰუმანიტარული და არამხოლოდ ჰუმანიტარული დარგი იკვლევს და ამიტომ წარმოიშვა ე.წ. ქვე ანუ სუბდისციპლინები, ასეთი კლასიკური სუბდისციპლინებია: რელიგიის ეთნოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, რელიგიის ფსიქოლოგია.

რომ გადაშალოთ ერთ-ერთი წარმატებული, ჰოკის მეოთხედ გამოცემული შესავალი ეს სუბდარგები და ამათთან აგრეთვე რელიგიის გეოგრაფია, რელიგიის ეკონომიკა და ა.შ. რელიგიოლოგიის (Religionswissenschaft) სუბდისციპლინებადაა წარმოდგენილი ანუ მის ქუდქვეშ (გერმ. გამოთქმით, „სახურავქვეშ“) მოიაზრებიან. მაგრამ რელიგიოლოგიის საქმიანობა სხვადსახვა მეცნიერებათა მონაპოვრების ათვისებითა და მათი შეჯერებით  არც იწყება, არც მთავრდება. ეს მხოლოდ ნედლეულია თეორიების შესაქმნელად, საკითხთა თემატიზირებისა და საბოლოოდ კი პარადიგმების ჩამოსაყალიბებლად.

ამრიგად, დასკვნა I. რელიგიოლოგია, გნებავთ (‘რელიგიის კვლევა’, ‘რელიგიისმცოდნეობა’, ‘რელიგიის მეცნიერება’…) თვითმყოფადი ინტერდისციპლინარული დარგია და არა სხვადასხვა, რელიგიის თემით დაინტერესებული დარგების კორპორაცია, რაც ზოგჯერ გვევლინება „ინტერდისციპლინარული“ ეგიდით, როგორც „რელიგიის კვლევები“.  უფრო ნათლად: რელიგიას სხვადასხვა მეცნიერული განშტოებები იკვლევენ და რელიგია მათთვის ერთ-ერთი ობიექტია. რელიგიოლოგიისათვის რელიგია კვლევის ერთადერთი საგანი, ობიექტი და ამოცანაა.

რელიგიის დამოუკიდებელი კვლევა ანუ ჩვენი ნეოლოგიზმით, რელიგიოლოგია დაიწყო როგორც ტექსტოლოგია. ფილოლოგებმა აღმოაჩინეს და თარგმნეს შორეული რელიგიური ტექსტები და დაიწყეს მათზე და მათში ამოკითხულ მსოფლმხედველობაზე მსჯელობა. საკმარისია, აღინიშნოს  ფრიდრიხ მაქს მიულერის მიერ და მის თაოსნობით  XIX ს. მეორე ნახევარში თარგმნილი და გამოცემული „აღმოსავლეთის წმინდა წიგნები“, ასევე თომას ვილიამ დევიდსის მიერ სამზეოზო გამოტანილი ბუდისტური „პალი-კანონი“. პირველი სანსკრიტისტი რელიგიოლოგიის  მამა შეიქნა, მეორე კი – მანჩესტერში, 1904 წელს პირველი „შედარებითი რელიგიის“ პროფესორი.

დასკვნა II. რელიგიოლოგია ფილოლოგიის წიაღშია შობილი და მის ახალ მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას წინ უძღოდა მთელი რიგი ფილოლოგიური აღმოჩენები, ტექსტოლოგიური ხასიათის სამუშაოები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის თავის გენეზისით და მეთოდოლოგიით თეოლოგიისაგან ნაკლებადაა დავალებული და მისგან პრინციპულად განსხვავებული დარგია, რამდენადაც რელიგიას მორწმუნისა და გამოცხადების პოზიციიდან კი არ განაზოგადებს, არამედ გარე-პერსპექტივით, მულტიმეთოდოლოგიურად, ემპირიულ-დესკრიპტიულად… ანუ ჯამში რელიგიოლოგია მეცნიერებაა და არა იდეოლოგია. რელიგია განიხილება არა როგორც ღმერთის შთაგონება, არამედ როგორც ადამიანური კულტურის ნაწილი.

ცნობილი რელიგიოლოგები ხშირად აღნიშნავენ რომ დარგს დამცავი გილდია ან მარკა არ ჰპატრონობს, ამიტომ სხვადასხვა მეზობელი დარგების სპეციალისტები (თეოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები), სხვადასხვა საფუძვლით თავებს რელიგიოლოგებად („რელიგიის მეცნიერებად“, „რელიგიის მკვლევარებად“) წარმოადგენენ. ისინი შემთავსებლებია. თავ-თავიანთ დარგებში უკვე ყველა პრობლემა გადაჭრეს და ახლა ჩვენზე „ზრუნავენ“. ასეთი საქართველოშიც ჩამოვიდა ერთხელ, ავკრიფე მისი გვარ-სახელი და კეთილი თეოლოგი შემრჩა ხელთ 😊

რასაკვირველია, კოორდინაცია და კეთილმეზობლობა ზემოთდასახელებულ დარგებთან სასურველია და უმრავლეს შემთხვევაში მიღწეულიც, მაგრამ „რელიგიის კვლევები“ დილეტირების ფართო უნარებსაც ავითარებს! დასავლურ უნივერსიტეტებში რელიგიის სასახვათაშორისოდ შემსწავლელ დარგებსა და თვითონ რელიგიოლოგიის  სპეციალისტებს შორის ურთიერთობა დალაგებულია და ყველამ ყველაფერი იცის, ვინ რისი სპეციალისტია და რა შესაძლებლობების, მაგრამ ჩვენში ჯერ ამაზე ოცნებაც კი ნაადრევია. ამიტომ აქ ყველამ უნდა სცადოს ბედი! აქ ჯერჯერობით მთავარია არა პროფესიული მომზადება, არამედ  დაფინანსებისა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის მოპოვება.

დასკვნა III. ვისაც როგორ მოუხერხდება და შეუძლია ისე უნდა იკვლიოს რელიგია და რაც უნდა ის დაირქვას, მაგრამ ასეთი მეცნიერული ნონსენსით „თეოლოგი და რელიგიათმცოდნე“ თუ წარდგება დასავლურ უნივერსიტეტში ან გენიოსად ჩათვლიან ან აბსოლუტურად უცოდინარ ბრიყვად.

იმ შემთხვევაში როცა სხვადასხვა დარგებიდან წამოსული ლაშქარი ანუ მეცნიერული კოჰორტები  შეესევა რელიგიის ფენომენს, რელიგიის კვლევის დარგზე კი აღარაა საუბარი, არამედ რელიგიის კვლევის ველზე: Forschungsfeld. მეველეები ანუ მინდოროსნები ზოგჯერ სერიოზულ ნაშრომებსაც ქმნიან და საბოლოოდ რელიგიოლოგიის კლასიკოდაც კი შეირაცხებიან ხოლმე. ეს ათასში ერთხელ. ღირს ცდად. ათასის ცდად ერთი მაინც რომ გამოერჩიოს.

მთავარი დასკვნა: მთავარია  საქართველოში რელიგიური განწყობის პარადიგმა შეიცვალოს> ქართველი რელიგიის მიმყოლიდან რელიგიაზე მოფიქრალად გადაიქცეს… რელიგიის კვლევის ბუმი ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ ის აუცილებლად დადგება.

an-invitation-to-the-study-of-world-religions-chapter-1-11-638

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s