რატომაა საქართველოში რელიგია საშიში, არათავისუფალი, ანტილიბერალური? Warum behält die Religion in Georgien noch eine mittelalterliche antiliberale Prägung?

 

ქვემორე ტექსტს მიზნად დავუსახე რომ დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლემის – ორგანიზებული რელიგიის აგრესიული შემოტევების მთავარი მიზეზისთვის მიეგნო. ამ რთულ გზაზე საორიენტაციო სიგნიფიკანტებად გამოვიყენე რელიგიის კვლევის სფეროში შექმნილი ზოგიერთი თანამედროვე გერმანულენოვანი ნაშრომი, როგორიცაა „არჩევანის იძულება“, „რელიგია რეფლექსიის დინებაში“, „რელიგია წარსულში და თანამედროვეობაში“ და მსგავსი. ამ მეცნიერული ნაშრომებისა და მათი ავტორების „კვალიფიციური“ დამოწმებით დაინტერესებულ მკითხველს აქ კი არ შევაწუხებთ, არამედ მათ დედააზრს გადმოვცემთ და შევეცდებით ამ თეორიული საყრდენების საფუძველზე ავხსნათ ადგილობრივი სიტუაცია, განვახორციელებთ რა მარბურგელი რელიგიოლოგის (Religionswissenschaftlerin) შესანიშნავ თეორიულ დევიზს: „ადგილობრივ ვიკვლიოთ, გლობალურად ვიფიქროთ!“

გუშინწინ ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო არხზე გაელვებული გადაცემა ნებსით თუ უნებლიეთ სასულიერო სასწავლებლებში შექმნილ მეტად მძიმე სიტუაციას დაეთმო. ამ დატაბუებულ თემაზე საუბრის წამოწყება გადაცემის წამყვანის – არჩილ გამზარდიას მოქალაქეობრივ გამბედაობაზე მიუთითებს, თუმცაღა, როგორც გადაცემის მსვლელობისას გამოჩნდა, იგი თვითონაც არ ელოდა თუ ჩვენი ყოფის ყველაზე მთრთოლვარე ნერვს ჩასჭიდებდა ხელს. მოკლედ, კარგად გამოჩნდა რომ ხსენებულ სასწავლებლებში შექმნილი ატმოსფერო რეპრესიული და ავტორიტარულია, სტუდენტებზე გარდა ჩვეული მორალური ზეწოლისა, ფიზიკური შეურაცხყოფაც არ ჩანს გამონაკლისი. ეს ყოველივე კი რელიგიურ-მართლმადიდებლური მორჩილებისა და ეკლესიურობის ეგიდის ქვეშ ხორციელდება. ბატონ წამყვანს შემთხვევით არ მოუთხოვია განათლების სამინისტროს და თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარევაც კი. ეს კანონზომიერი იქნებოდა ცივილურ სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენთან უტოპიაა რასაკვირველია, რადგანაც საამისო პოლიტიკური ნება მოდუნებულია; უჩვეულოდ მაღალი რეიტინგით დაჯილდოებული ეკლესია-საპატრიარქო ერთგვარ მორალურ არბიტრად ვაქციეთ და მას რაიმე სახელმწიფოებრივი ორგანო ბუზსაც კი ვერ აუფრენს ცხვირწინ! მაქსიმუმ, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას, – და ესაც მაშინ თუ ეს  თემა მედიების შემდგომი გაშუქების არენაზე დიდხანს დარჩება, – რექტორის დათხოვნაა. სას. აკადემიაში რექტორი არაერთხელ გამოიცვალა, მაგრამ იქ სასიკეთოდ ჯერ არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იქვე საერო უნივერსიტეტებიდან მიწვეული რჩეული პროფესორებიც მოღვაწეობდნენ. იქ კიდევ კარგა ხანს იბოგინებს ტოტალიტარიზმის სული, რადგან პრობლემა ღრმად სისტემურია და რომელიმე საპატრიარქო რგოლის – მაგ. თეთრუაშვილის, ზვიადაძისა თუ ბოტკოველის შეცვლას (ამ უკანასკნელის მითუფრო), მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათი ექნება, თუმცაღა, დასაწყისისათვის ესაც გასაკვირი მიღწევა იქნებოდა…

შემიძლია პირადი გამოცდილების საფუძველზე განვაცხადო, რომ იგივე პრობლემები, რაზეც ეს შესანიშნავი, მაგრამ არასახარბიელო სიტუაციით ტრამვირებული ახალგაზრდები საუბრობდნენ, სასულიერო აკადემიას თითქმის გახსნის დღიდანვე აეტორღიალნენ და და 90-იანი წლებიდან თანსდევენ, მაგრამ ამჯერად წვრილმანებზე ანუ შედეგებზე არ გავამახვილებ ყურადღებას;  ისედაც ცხადია რომ სასულიერო სასწავლებლის კადრი არამხოლოდ ‘რელიგიის ისტორიის’ საგანმანათლებლო საჯარო პროექტისთვისაა გამოუყებელი, არამედ თვით ‘საღვთო სჯულიც’ კი მათთვის უცხო ხილად მოსჩანს  იქ შექმნილი აგრესიული და ობსკურანტული გარემოს გამოისობით.

ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ სასულიერო აკადემია საკუთესო განზრახვით დაარსდა და იქ საუკეთესო უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორები მოიწვიეს, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ეს ადგილი ნამდვილი თეოლოგიური განათლების კერად ქცეულიყო, აგრესიული ობსკურანტიზმის ბუდედ იქცა. რატომ? გადაცემაში მონაწილე სემინარიელები თუ ექსემინარიელები სრულ სიმართლეს საუბრობდნენ, თვით „ღვთის სახელითაც“ კი იფიცებოდნენ, რადგან იციან, რომ „მრევლი“ მათდამი უნდობლობითაა განწყობილი. ვინაა ეს ყბადაღებული მრევლი? ეს ყბადაღებული მრევლი ყველაა, ეკლესიურიც და არაეკლესიურიც, ვინც ამ ინსტიტუციას ან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამხელა, მთავრობისთვისაც კი დამაფრთხობელი რეიტინგი შესძინა.

რატომ უნდა სჭირდებოდეს დღეს ადამიანს ხატზე დაფიცება? იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს დროს ავცდით. საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული ეკლესიის სამღვდელოება, რომელთაც რწმენა-რელიგიურობა თავიანთი ყოფის მყარ ორიენტირად აქციეს, ეპოქას ასცდა. რასაკვირველია რელიგია ამ ეპოქაშიცაა, ამ ეპოქის დასავლეთშიცაა, მაგრამ იგი ამ ეპოქის რელიგიაა. ჩვენ წარსული ეპოქის რელიგიით ვცხოვრობთ. შუასაუკუნეობრივი რელიგიით, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების, თვით სახელმწიფო მმართველთა ცხოვრებასაც კი მეურვეობდა, აკონტროლებდა და არაიშვიათად კიდევაც სჯიდა. ვერავინ ამ ძალმომრეობას ვერ აღუდგებოდა, რადგან „ასე იტყოდა ღმერთი!“ – Deus dixit!  ახალი დრო, ახალი ეპოქა XIX საუკუნიდან დაიწყო და ეს ეპოქა დღემდე გრძელდება. ამ ეპოქის მთავარი გზავნილია: „ასე იტყოდა თანამედროვე ადამიანი!“ ანუ Homo modernus dixit! თანამედროვეობაში წარსულის მოდელით არავინ იხელმძღვანელებს და ცოცხალ რელიგიურ ლიდერს არავინ შეადარებს მოსეს, რადგან მოსემ „ღვთის კარნახითა“ და ზონდერლევიტელების ერთი ხელის მოსმით გაჟუჟა 3.000 განდგომილი ანუ ჩვენი გადასახედიდან „თავისუფლად მოაზროვნე!“

ის ძირითადი, რაც თანამედროვეობას წარსულისაგან განასხვავებს, ისაა რომ ამ მოცემულობაში არამხოლოდ ცხოვრობენ რელიგით, არამედკიდევაც ფიქრობენ რელიგიაზე. რელიგიაზე დაფიქრება, მისი რეფლექსია, სხვადასხვა მეცნიერებათა მიერ რელიგიის ობიექტური, ემპირიული კვლევის ობიექტად ქცევა დასახელებული საუკუნის შუახანებში დაიწყო, რამაც სათანადო სპეციალური და რელიგიაზე პროფესიული დაფიქრების დარგამდე მიგვიყვანა. „რელიგიის მეცნიერება“  უპირველეს ყოვლისა რელიგიაზე პროფესიული, საუნივერსიტეტო დაფიქრების პროდუქტია. აქვე, რათა არავის ეგონოს რომ ევროპული ჰუმანიზმის, რენესანსის, რეფორმაციისა და განმანათლებლობის ღვაწლს ვივიწყებდეთ, უნდა აღინიშნოს ამ ვრცელი და წინააღმდეგობრივ წინა-ეპოქათა შესახებაც.

თანამედროვე ინტელექტუალური, საუნივერსიტეტო და შესაბამისად საზოგადოებრივი სივრცე გაჯერებულია რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებებით. ეს მეცნიერებები:  თვითმყოფადი რელიგიის კვლევის (Academic Study of Religion),  რელიგიის სოციოლოგიის, რელიგიის ფსიქოლოგიის, რელიგიის ეთნოლოგიის, თვით რელიგიის ბიოლოგიისა და ნეიროლოგიურ დარგებში (Cognitive Science of Religion), მთლიანობაში ითვისებენ რელიგიის კვლევის ფართო ველს, რელიგიას მის წარსულში და აწმყოში. ასევე რელიგიურობას, რელიგიურ ტრანსფორმაციებს და ა.შ. თეოლოგიაზე აქ საუბარი საერთოდ არაა, რადგან ეს თვით რელიგიების შიდამოხმარების თეორიაა და არცთუ მთლად ვარგისია თანამედროვეობაში, თანამედროვე დისკურსში და კულტურის შტუდიებში ჩასართავად. თუმცაღა, თვით თეოლოგიაც კი ამას ცდილობს ყველგან, სადაც კი ის ეკლესიას გაექცა და საუნივერსიტეტო დარგად იქცა.

რელიგია მთლიანობაში, მისი ყოველგვარი გამოვლინებით მეცნიერული რეფლექსიის დინებაში მოექცა. რელიგიის დღევანდელი და მომავალი არსებობა ამ რეფლექსიის გარეშე წარმოუდგენელია. რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებები თავისი ვოკაბულარით, აფორიზმებით, ზოგადი ტერმინოლოგიითა და კონცეფციებით შეიჭრნენ მედიებში, პოლიტიკურ პროგრამებში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და ზოგადად მეცნიერებაში, გაზეთებში და ჟურნალებში… რელიგიის მეცნიერებათა მიღწევები მთელ საზოგადოებაში გავრცელდა, რამაც ის ახალი ვითარება წარმოქმნა, რამაც  რელიგიის ცნება და რელიგიის გაგება საფუძვლიანად შეცვალა.

დღეს ევროპაში ვერცერთი რელიგიური ლიდერი თუ უბრალოდ მოღვაწე ვერ ისაუბრებს საკუთარი რელიგიის შესახებ რელიგიის მეცნიერებათა მიერ შექმნილი სტანდარტული წიგნების, სახელმძღვანელოების, პერიოდული გამოცემების გაუთვალისწინებლად და ბევრი ზუსტად მათი ენით საუბრობს, ახდენს რა თანამედროვე რელიგიურობის დემონსტრირებას…

საბოლოო შედეგი კი ევროპაში ისაა რომ  „რელიგია დასავლურ სამყაროში ხანგრძლივად და თანმიმდევრულად რელიგიის ემპირიულ მეცნიერებამ ზეგავლენის ქვეშ  მოაქცია და შეცვალა.“ თანამედროვე რელიგია და რელიგიურობა დღევანდელობის ანუ რელიგიის მეცნიერებათა პირმშოა.

ამით რელიგია ცივილიზებული სამყაროს ინტეგრირებულ ნაწილად იქცა. წარმოგიდგენიათ რომ რომელიმე ევროპელმა მღვდელმა ჯოჯოხეთით მუქარა დაიწყოს ან უშობელი ყრმები ჯოჯოხეთში „გაუშვას“? მაშინვე მას ეკლესიიდან მოსხლეტენ. ჰოდა დგანან და ლუმანის სისტემურ თეორიაზე, ბორდოს კვლევის ველზე და რასაკვირველია ოტოს ნუმინოზურ თეორიებზე აპელირებენ…

თუ ჩვენ გვინდა რომ თანამედროვე სამყაროს ვეკუთვნოდეთ, თამაშის თანამედროვე წესები უნდა დავუწესოთ რელიგიასა და რელიგიისმსახურთ და არ მივიღოთ მათი თამაშის შუასაუკუნეობრივი წესები, რაც მათდამი მორჩილების მოთხოვნასა და ღვთის სიტყვით სპეკულაციას ემყარება.

ჩვენთან ჯერჯერობით საპირისპირო პროცესია დინებაში: ეკლესია შუასაუკუნეობრივ დებატებშია ჩაძირული და იქ მოღვაწე დაჯგუფებები ერთმანეთს ერეტიკოსობას უმტკიცებენ, ხოლო მთავარი საეკლესიო ორგანო იმას კი არ ცდილობს ცივილური თამაშის წესები მიიღოს, არამედ იმას რომ ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების  ფიქრებისა და მოღვაწეობის კეთილი მეურვის, მაკურთხებლისა და დირიჟორის როლი მოირგოს და ყველასა და ყველაფერს თავისი ძველი მოდელი მოახვიოს თავს.

ამ დღეში მყოფ ეკლესიას და მის ქომაგთ, მისი გამოკეთების მოიმედეთ მგონი არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, ზოგჯერ პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირები თუ სტუდენტებიც კი ვერ გადიან თეოლოგიური სპეკულაციით ნასულდგმულები დისკურსის მიღმა.

მაგრამ პირადად ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და  საშველსაც სხვა მხრიდან მოველით! რელიგიით ცხოვრებას საქართველოში მალე რელიგიაზე დაფიქრება შეცვლის. ეს პარადიგმატული ცვლილება იქნება და რელიგიის მეცნიერებები აქაც გამოაჩენს იმ გარდამქმნელ ძალას რაც მათ დასავლურ სამყაროში გამოაჩინეს.

მაგრამ გადამწყვეტი და პრინციპული სიტყვა აქ ქართულმა უნივერსიტეტებმა უნდა თქვან.

უნდა ითქვას, რომ ამ მიმართებით კარგად დაიწყო და ბევრი რამ გაკეთდა თავის დროზე ჯავახიშვილის თსუ ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრაზე.  ის კვალიფიკაცია, რაც დღეს მწვავედ საჭირო შეიქმნა, ამ კათედრაზე მომზადებულ კურსდამთავრებულებს მოეპოვება, რის საილუსტრაციოდაც ერთი დიპლომის სურათს აქვე წარმოვადგენ: „თეოლოგი“ აქ არაფერს ნიშნავს, ეკლესიის მაშინდელი ფუნქციონერების დაჟინებით ჩაიწერა! აქ მთავარია რელიგიის კვლევის ემპირიულ-დესკრიპტიული ორიენტაცია, რასაც იმ დროისათვის ახალი სიტყვა და სპეციალობა „რელიგიათმცოდნეობა“ მანიფესტირებს! სამწუხაროდ ეს შესანიშნავი აკადემიური წამოწყება უდროოდ შეწყდა!

27292134_1567415063342900_1194774727_n

დასკვნა: ჩვენთან რელიგია იმიტომ იქცა ანტივილიზაციურ და საშიშ მოვლენად რომ საზოგადოებაში რელიგიის რეფლექსიის ის მწვავე დეფიციტია, რაც მხოლოდ რელიგიის მეცნიერებათა საუნივერსიტეტო ინსტიტუციონალიზაციის გზითაა აღმოფხვრადი. ჭკუა რომ ჰქონდეთ, მთავრობის წევრები საპატრიარქოში კი არ უნდა დარბოდნენ ავზნიანებივით, არამედ სანთლით უნდა დაეძებდნენ რელიგიის კვლევის მეცნიერული დარგის  ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ზრუნავდნენ მათი კონსოლიდაციისათვის; ხოლო სახელმწიფო ყოველნაირად ხელს უნდა  უწყობდეს არა რელიგიურ ინსტიტუტს ანუ რელიქტ საპატრიარქოს, არამედ რელიგიის ემპირიული, არარელიგიური კვლევების ინსტიტუციონალიზაციას, ჯამში რელიგიის მეცნიერებათა განვითარებას. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა – „რელიგიის ისტორია“ იქნებოდა სკოლებში უზრუნველყოფილი, არამედ რელიგიიდან მომდინარე ყველა საფრთხე განეიტრალდებოდა მშვიდობიანი და შემეცნებითი გზით; და რაც მთავარია, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს  ისტორიაშიც ჩავეწერებოდით: ყველანი და ყოვლითურთ; კულტურით, მეცნიერებითა და რელიგიურობით. დაუბრკოლებლივ და ორგანულად… უტოპიაა მაგრამ იქნებ მაინც შევძლოთ როგორმე?!

 

b138f855d8b5491defc2db93f8f9ff18

 

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s