რელიგიის მეცნიერების სამი ძირითადი პრობლემა/Drei Grundprobleme der ReWi

 

 

ესენია: 1.დილეტანტიზმისაგან მოწყლვადობა (Verwundbarkeit durch Dilettantismus); 2.გართულებული, კომპლექსური იდენტობა (Komplexe Fachidentität); 3.ფსევდოინტერდისციპლინარულობა (Pseudointerdisziplinarität).

მათ შორის საზღვრები გარდამავალია და მათი დაშორიშორება მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება. გარდა ამისა, უამრავი ნიუანსია, რომელთა წარმოსაჩენად აქ არც ფორმატი გვეყოფა და არც მკითხველის მოთმინება. მიუხედავად ამისა, ვეცდებით ნათლად და მოკლედ ვისაუბროთ დარგის განვითარებისათვის ხელისშემშლელი ზემოთდასახელებული მიზეზებისა თუ პრობლემების შესახებ.

I. დილეტანტიზმი

რელიგიის შემსწავლელი ან უბრალოდ, რელიგიის მეცნიერება დამოუკიდებელი ჰუმანიტარული დარგია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ძირითადად დეპარტამენტის ან ინსტიტუტის, ხოლო ზოგჯერ კი ფაკულტეტის სახითაცაა წარმოდგენილი. ეს დარგი (გერმ. Fach) ანუ დისციპლინა ემიჯნება რელიგიის გაგების რელიგიურ ან თეოლოგიურ კონცეფციებს და რელიგიის ემპირიულ კვლევებში იგი ეფუძნება რელიგიის ფენომენის კულტურის განუყოფელ ნაწილად აღიარებას. ერთი სიტყვით, თანამედროვე თვითგაგებით იგი ხაზგასმულად კულტუროლოგიური დარგია, სხვაგვარად, კულტურის მეცნიერებათა ოჯახს მიეკუთვნება (შდრ. მაგ.: Dario Sabbatucci, Burkhard Gladigow: Religionswissenschaft als Kulturwissenschaft).

უპირველეს ყოვლისა იმის ცოდნაა საჭირო რომ რელიგიის მეცნიერების სახით რაიმე ციდა,  ე.წ. ორქიდეულ დარგთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ გლობალურ და მასშტაბურ საუნივერსიტეტო სპეციალობასთან: აქ დააკლიკეთ და იხ. ამის თაობაზედ ახალ სარკმელში…

გასაგებ მიზეზთა  გამო გასული საუკუნის 90 – იანი წლებიდან  ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში შეინიშნება ამ დარგის გადმოღებისა თუ დამკვიდრების მცდელობები, რომელთაც ჯერჯერობით რაიმე შესამჩნევი, დასავლური კონფიგურაციის მქონე და  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსული აკადემიური შედეგი არ მოჰყოლია. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ენიდან კალკირდება დისციპლინის სახელწოდება (აქტივშია: რუსული ‘რელიგიოვედენიეს’ გარდა ინგლისური religious studies და გერმ. Religionswissenschaft…), ეს მეცნიერება ქართულ სიტყვათხმარებაში გვევლინება  სხვადასხვა სახელით, როგორიცაა მაგ. ‘რელიგიათმცოდნეობა’, ‘რელიგიის კვლევები’, ‘რელიგიის მეცნიერება’ ანდა უფრო ტრადიციული და გასაგები ‘რელიგიათა ისტორია’. ცხადია, რომ ქართული მრავალსახელოვნება  დარგის ინტერნაციონალური მრავალსახელოვნების ანარეკლია, რაც თავის მხრივ მის გენეზისს და შიდასკოლების მრავალფეროვნებას უკავშირდება. რაში იმალება, სად იძებნება პირველი პრობლემის ანუ დილეტანტიზმის თავი? დარგის თანამედროვე იდენტობის, მეთოდოლოგიისა და აკადემიური ინსტიტუციონალიზაციის გაგება შეუძლებელია დარგის ისტორიის გაუთვალისინებლად (შდრ. Johann Figl, Handbuch…).  ეს დარგი შედარებითი ფილოლოგიის წიაღში იშვა, როგორც ‘Science of Religion’ და როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა 1867 წელს (შდრ. F. M. Müller), ხოლო მისი დაკავშირება თეოლოგიის ან სოციოლოგიის წიაღთან დიდი გაუგებრობაა, რასაც მოსდევს მთავარი აკადემიური უბედურება – promiscue; აღრევა, რაც დარგის ფორმატიული პერიოდისათვის ტიპიური მოვლენა იყო და რასაც ამ დარგის ერთ-ერთი სისტემატიკოსი, J. Wach თავის დროზე ანუ 1924 წელს მეზობელი დარგების, განსაკუთრებით კი თეოლოგიის ინტერვენციულ ზრახვებს მიაწერდა (იხ. მისი Prolegomena). აქვეა აღსანიშნავი, რომ რელიგიის მეცნიერების დარგის გაგებაში დილეტანტურობის გამოჩენა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი, ვინც აქ დილეტანტურობას იჩენს, მაგ. რომელიმე თეოლოგი, ფილოლოგი ან სოციოლოგი, თავის დარგშიც დილეტანტი იყოს. ვახი განსაკუთრებულად აკრიტიკებს ცნობილ თეოლოგს ერნსტ ტროელჩს, ხოლო ჩვენ კერძო მაგალითით ვიცი, მაგ. კარგ, მეტიც სანიმუშო  მეცნიერ-ფილოლოგს შესაძლებელია მაგ. თეოლოგიური დიაკონია (Diakoniewissenschaft) ასევე რელიგიის მეცნიერება ანუ Religionswissenschaft თუ მისი ნაწილი ეგონოს. აღარაფერს ვამბობთ ისეთ აღრევაზე თუ შეშლაზე,  რაც სოციოლოგიას, კულტურის შტუდიებს ანდა  რელიგიის ფილოსოფიას, ამ ფილოსოფიურ ქვედისციპლინას უკავშირდება. მთელი ეს დილეტანტიზმი, რაც ჩვენი დარგის არასწორი გაგებითაა გამოწვეული, დარგის თვითმყოფადობის არცოდნა თუ არააღიარებაა და მეზობელი დისციპლინების, განს. კი თეოლოგიისა და სოციოლოგიის აბსორპციულ მადასა და შეთავსების მანიას ეფუძნება.  ამ მდგომარეობას დარგის ერთ-ერთი რეფორმატორი მოიხსენიებდა როგორც „უმწეობას სოციოლოგიის წინაშე“(Kurt Rudolph, Geschichte und Probleme der Religionswissenschaft, 1992). ამრიგად, უპირველესი პრობლემაა დარგის ერთი თანამედროვე სპეციალისტის თანახმად „დილეტანტიზმისაგან მოწყლვადობა“ (Olaf Schumann: Verwundbarkeit durch Dilettantismus).

II პრობლემა ანუ დარგის იდენტობა, თვითგაგების მრავლფეროვნება (komplexe Identität) მის სახელებში თავიდანვე გამოიკვეთა. გარდა ‘რელიგიის მეცნიერებისა’, გამოიყენებოდა ‘შედარებითი რელიგია’ (comparative religion), ინტერნაციონალურ არენაზე ბოლო დრომდე ფიგურირებდა ‘რელიგიის კვლევები’, (religious studies), რასაც, როგორც თეოლოგიურად ორიენტირებულ კონცეფციას ადრევე გაემიჯნა ჩვენი დარგის საერთაშორისო გაერთიანება, აირჩია რა „რელიგიათა ისტორია“: The International Association for the History of Religions (IAHR). თუმცაღა, გერმანულმა გაერთიანებამ 2005 წლიდან ‘რელიგიის ისტორია’ ‘რელიგიის მეცნიერებით’ შეცვალა. ფრანგულმა ამჯობინა ასევე ‘მეცნიერება’, თუმცა იტალიურში ორივე ცნება – ‘რელიგიათა ისტორია’ (storia delle religioni) და ‘რელიგიის მეცნიერება’ (scienza della religione) დღემდე თანაბრად და თანაბარმნიშვნელოვნად გამოიყენება და ა.შ.. არაა იოლი ქართული არჩევანის გაკეთება. ჩეხებმა მაგ. Religionistika აირჩიეს, რის შესახებაც მიმითითა ცნობილმა ფილოლოგმა – მერაბ ღაღანიძემ, ვინც თავის სალექციო პრაქტიკაში  „რელიგიათა ისტორიას“ ამჯობინებს და როგორც პირადი საუბრიდან დავასკვენი, იგი დარგის აღმნიშვნელ ცნებებს შორის  კონკურენციის მომხრეა, რადგანაც  მთავარიაო არა სიტყვა, არამედ ის თუ რა რეალური აკადემიური მოცემულობა დგას ამ სიტყვის მიღმა, რაშიც მას უსათუოდ უნდა დავეთანხმოთ. ამრიგად, ერთიანი სახელწოდება ჩვენს დარგს არ მოეპოვება, განსხვავებით მისი ‘მეზობლებისაგან’, როგორიცაა თეოლოგია ან სოციოლოგია. ამ და სხვა გარემოებებმა გვაფიქრებინა და გაგვაბედინა რომ ჩვენი დარგის აღმნიშვნელ სიტყვად ერთ ქართულ უნივერსიტეტში შემოგვეტანა ნეოლოგიზმი რელიგიოლოგია; თუმცაღა, ოფიციალურმა სტუქტურებმა, მაგ. განათლების სამინისტრომ როგორც ჩანს, აირჩია „რელიგიის კვლევები“  ცნო რა სავარაუდოდ მოძველებულად შედარებით მოქნილი „რელიგიათმცოდნეობა“. მაგრამ სადღეისოდ მოძველებულია და ასევე ინფლაციურიც „რელიგიის კვლევები“ (religious studies) და ბოლო ხანებში, სწორედაც დილეტანტიზმისაგან თავდამცავ ღონისძიებად დამკვიდრდა Academic Study of Religion. ანდა უბრალოდ Study of Religion. გერმანულ „რელიგიისმეცნიერებას“ ამჯერად  ამჯერად ასე თარგმნიან ნამდვილი სპეციალისტები, რის დადასტურებაცაა ქვემდებარე ფოტოც. ქართულად ალბათ გვექნებოდა „რელიგიის კვლევა“ ან „რელიგიის მეცნიერება“, მაგრამ ყოველგვარი ორსიტყვოვანი კალკი გრამატიკულად მოუქნელია და ვერ გამოითქმის ‘რელიგიათმცოდნეობითი’ ან : ‘რელიგიოლოგიური’. ახლა მთავარი: რა დგას ამ ‘რელიგიის მეცნიერების’ მიღმა? კითხვა, რომელიც ახალგამოცემულ გერმანულენოვან მეთოდოლოგიურ კრებულში დაისვა: არის რელიგიის ყოველგვარი კვლევა (მაგ. რელიგიის სოციოლოგიის, რელიგიის ფსიქოლოგიის ან სხვა სუბდისციპლინებში წარმოებული კვლევები) ამავდროულად რელიგიის კვლევის დარგი ანუ ჩვენი ‘რელიგიის მეცნიერება’, იგივე რელიგიოლოგია? იქნებ თეოლოგი ან სოციოლოგი შეიპყრო რელიგიის კვლევის დაუძლეველმა ჟინმა და რატომ არ უნდა მივიღოთ ის ჩვენს პროფესიულ წრეში? (Hubert Seiwert, Michael Stausberg). ამ კითხვაზე პასუხი მოძებნილია: დიახ, მაგრამ…! თუ თეოლოგს რელიგია აღარ აინტერესებს როგორც ‘გამოცხადება’, ხოლო სოციოლოგისათვის რელიგიის კვლევაში მთავარ მნიშვნელობას იძენს რელიგია ნაცვლად სოციუმისა. ასეთი მეცნიერები როგორც წესი ‘რელიგიის კვლევის პროფესორებად’ იქცევიან ხოლმე (Professor für Religionswissenschaft). რელიგიის მეცნიერება ნიშადადგენილი დარგია (შეად. Stausberg: Gegenstandsdefiniertes Fach). ამ დარგში მოღვაწეობა ნიშნავს მხოლოდ ამ დარგში მოღვაწეობას, მხოლოდ რელიგიის კვლევას და არა ამ დარგის შეთავსებას რომელიმე სხვა პროფესიასთან, იქნება ეს ფილოსოფია, სოციოლოგია, თეოლოგია თუ სხვა რომელიმე ლოგია.

მაგრამ დარგის იდენტობის და თვითგაგების პრობლემა ამით არ ამოიწურება. სად გადის საზღვრები რელიგიოლოგიას ანუ საკუთრივ რელიგიის მეცნიერებასა და მეზობელი დარგების სარელიგიო კვლევებს შორის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიყოფა 3 მიმართულება: 1. რელიგიის მეცნიერება როგორც ვიწრო, ჩვეულებრივი  გაგების  დარგი, რომელიც არც თავისობს მეზობელი დისციპლინების კვლევებს რელიგიის სფეროში და არც სხვა რომელიმე დარგის ქვეშ მოიაზრებს თავს (შრდ. Christoph Bochinger); 2. რელიგიოლოგია როგორც ფართო, სისტემატური დარგი, რომელიც ითავსებს ასევე რელიგიის სოციოლოგიას, რელიგიის ფსიქოლოგიას და მსგავსთ (Burkhard Gladigow, Hans G. Kippenberg, Günter Kehrer და სხვები). ეს უმნიშვნელოვანესი სკოლაა, რაც აისახა მთავარ გერმანულ ენციკლოპედიურ სახელმძღვანელოში: HrwG, 5ტ. 1988-2001 წწ., და რამაც ფენომენოლოგიური სკოლის ნაცვლად ემპირიულ-კულტუროლოგიური მეთოდოლოგია დაამკვიდრა და დარგი ე.წ. კულტურულ შემობრუნებათა (Cultural Turns) შესაბამისობაში მოიყვანა. ამ ვრცელ პარადიგმას სოციოლოგები აპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „რელიგიის სოციოლოგია არაა  რელიგიის მეცნიერების მხევალი“ (D. Pollack). მესამე, არანაკლებ წარმატებული  სკოლის ლიდერად მოიაზრება 2006 წლიდან ბოხუმელი პროფესორი Volkhard Krech, რაც ინტეგრალური რელიგიოლოგიის (Integrale Religionswissenschaft) სახელით დამკვიდრდა. მან შეგნებულად მიიწვია სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ამ გზით შექმნა ინტერდისციპლინარული გუნდი, მაგრამ რასაკვირველია ეს გუნდი ჩვენი დარგის ისტორიული გზისა და მეთოდოლოგიური წანამძღვრების ქვეშ მოიაზრება. ესაა მოკლედ, რაც შეიძლება ითქვას მეორე პრობლემის შესახებ. ალბათ აქ თვალშისაცემია ამერიკული ლიტერატურის დეფიციტი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რელიგიის მეცნიერება, როგორც ემპირიული, ისტორიულ-სისტემატური დარგი წმინდა გერმანული მოვლენაა და რელიგიის ემპირიული ანუ არარელიგიური  კვლევები მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგვიანებით, პირველად გასული საუკუნის 70 – იანი წლებიდან შეინიშნება (შდრ. Russell T. McCatcheon, Studying Religion, 2007 …)

III პრობლემა ანუ დარგის ინტერდისციპლინარულობა, რაც პრინციპში პრობლემად არა ინტერდისციპლინარულობამ აქცია, არამედ მისმა არასწორმა გაგებამ. დარგს ქმნის ინტერდისციპლინარულობა, მაგრამ ეს ინტერდისციპლინარულობა უნდა აისახოს ამავე დარგის სპეციალისტის მოღვაწეობაში  და მის კოოპერაციაში სხვა, ასევე რელიგიით დაინტერესებულ დარგებთან. რელიგიის კვლევის სპეციალისტმა თვითონ უნდა  შეაჯამოს მაგ. რელიგიის სოციოლოგიის მიღწევები, აითვისოს და დაძლიოს იგი და საკუთარი თეორიის სამშენებლო მასალად გამოიყენოს. არასწორი ანუ ფსევდო გაგება მდგომარეობს შემდეგში: შეიკრიბებიან სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მაგ. თეოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები და ნებისმიერი და ერთობლივად იკვლევენ თუ ასწავლიან რელიგიას. ამით დარგი არ შეიქმნება. „ინტერდისციპლინარულობა“ არ ნიშნავს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების და მათი სარელიგიო კვლევების მექანიკურ  გაერთიანებას (შეად. Michael von Brück: Religionswissenschaft ist allerdings keine bloße Ansammlung von Einzeldisziplinen, sondern methodisch präzise aufeinander abgestimmtes Netzwerk von Perspektiven auf kulturelle und in Gesellschaften historisch bedingt ablaufende Prozesse). მოსალოდნელია რომ ქართულ უნივერსიტეტებშიც ასე იქნას გაგებული ჩვენი დარგი, რის  ბოროტ მინიშნებადაც მე პირადად მივიღე განათლების სამინისტროს „დარგთაშორისი მიმართულება“. ეს დარგის ჩასახვა-განვითარება კი არაა, არამედ ჩანასახშივე მისი მოსპობა და გაუგონარი აკადემიური ფარსი, დარგის ინტერვენცია არასპეციალისტების მიერ და იმ ნიშის მოკავების მცდელობა, რაც მხოლოდ პროფესიონალების კუთვნილი მძიმე, მაგრამ ტკბილი ხვედრია. რელიგიის მეცნიერება პროფესიონალებმა უნდა დააფუძნონ და იგი არ უნდა იქცას სხვადასხვა მეზობელ დისციპლინათა გერად და მხევლად.

ძნელი დარგია, არაა იოლი  და შეთავსებადი. დებატები ამ დარგის იდენტობის, მეთოდოლოგიის, ინტერდისციპლინარულობის შესახებ დღესაც აქტუალურია გერმანულ თუ ჩრდილოამერიკულ საუნივერსიტეტო სივრცეებში, არაერთი პირველხარისხოვანი ჟურნალი გამოდის, რითაც ყოველივე ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაღალაკადემიურ დონეზე დასტურდება, განივრცობა  და ამ მცირე სტატიას მხოლოდ გზამკვლევის ფუნქცია ეკისრება. მეცნიერება უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციაა. ჩვენ ხომ ახალ დარგს ვერ შევქმნით და სხვა მეცნიერულ სამყაროს ვერ გამოვიგონებთ? სანამ ამ დარგს დავიწყებდეთ და სახელწოდებას გადმოვიღებდეთ, მანამდე ხომ უნდა გავიგოთ რა არის ეს დარგი კონკრეტულად და რა არ არის  და  ამიტომაც იქნებ ჯობდა უშუალოდ ამ დარგის სპეციალისტებისთვისაც გვეკითხა ზოგიერთი რამ?!

დასკვნა:

ამრიგად, მიუხედავად 30-წლიანი აკადემიური მცდელობებისა, საქართველოში რელიგიის მეცნიერება ანუ ‘რელიგიის აკადემიური კვლევა’ (‘რელიგიათმცოდნეობა’, ‘რელიგიის კვლევები’, ‘რელიგიათა ისტორია’…) დამოუკიდებელ, დასავლური სპეციალობის ექვივალენტურ დარგად (სპეციალობად, დამოუკიდებელ დისციპლინად) ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. დარგის საუნივერსიტეტო ინსტიტუციონალიზაცია, რაც რელიგიის კვლევის დეპარტამენტის, კათედრის ან ინსტიტუტის სახით უნდა გამოხატულიყო და შესაბამისი პროფესიული სფეროს შექმნას, სტუდენტების, სპეციალისტების მომზადებას, სწავლებისა თუ კვლევების ორგანიზაციას უნდა მომსახურება, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცაღა, არაერთ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის სასულიერო აკადემიაში, კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რელიგიათმცოდნეობითი კურსები იკითხება და ამ ღონისძიებით დაკავებულნია მეზობელი დარგების წარმომადგენლები: მაგ. თეოლოგები, ფილოლოგები, ფილოსოფოსები, ხოლო ბოლო ხანს შეიმჩნევა ამმხრივ სოციოლოგების აქტიურობაც.  ასეთ სიტუაციას არ მივაწერ ჩვენი დარგის სახელით მოქმედ ლექტორთა რაიმე მზაკვრობას და არც მათი სპეციალობების ანუ მეზობელ დისციპლინათა საჭიროებაში მეპარება ეჭვი. პრობლემის არსი მდგომარეობს არასწორ ორგანიზებაში, ჩვენი დარგისადმი რედუქციონისტულ მიდგომაში, რაც დარგის შეთავსებას, აბსორპციას და დაქვემდებარებას იწვევს. ძნელი სათქმელია, ეს ორგანიზაციული რედუქციონიზმი ანუ ჩვენი დარგის, როგორც თვითმყოფადი დამოუკიდებელი პროფესიული სფეროს არცნობა და არაღიარება ოდენ რაიმე შემთავსებლური ტაქტიკის შედეგია თუ უბრალოდ დარგის რაობის, დასავლური ისტორიის, მეთოდოლოგიისა და დღევანდელობის არცოდნის ბრალი!? ალბათ ერთი ფაქტორიც მოქმედებს  და მეორეც. როგორც ჩანს, უმაღლეს სასწავლებელთა მესვეურთა მიერ მიზნად დასახულია რელიგიის მეცნიერების არა როგორც დამოუკიდებელი დარგის ეტაბლირება (რასაც კანონზომიერად დარგის მეცნიერულ-თეორიული სპეციფიკით დაინტერესება და უცხოელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია უნდა მოჰყოლოდა) არამედ მისი დაქვემდებარება, შესაბამისი ნიშის მოკავება, რასაც საბოლოო შედეგად მოაქვს არა დარგის დაფუძნება, არამედ მისი დამახინჯება: თეოლოგიზაცია, სოციოლოგიზაცია და მსგავსი; ხოლო განათლების სამინისტროს დამოკიდებულებაში აშკარად იკითხება რელიგიის აკადემიური კვლევის, როგორც დამოუკიდებელი დარგის იგნორირება და მის ერთგვარ ზიარჭურჭლად, „დარგთაშორის მიმართულებად“ გამოცხადება. გასაგებია, რომ თეოლოგსაც შეიძლება აინტერესებდეს რელიგია, როგორც საკრალური, ხოლო სოციოლოგს, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი, მაგრამ როდესაც რელიგიის კომპლექსურ და კონტექსტუალურ კვლევაზეა საუბარი, აქ რელიგიოლოგია შეუცვლელია.

იმდენად, რამდენადაც ამ სფეროში ჩვენთან უკვე დაკანონდა ისეთი ტენდენცია, რომ პროფესიული პატრიოტიზმი ანუ დარგის ცოდნა და სიყვარული კი არაა წინ წამოწეული, არამედ იდეოლოგიური, პრაგმატული თუ მსგავსი მიზნები,  ‘რელიგიის კვლევის’ ე.წ. ფორმატიული პერიოდი  კიდევ დიდხანს გაგრძელდება საქართველოში და ჩვენი დარგის სამომავლო პერსპექტივას ბუნდოვანება, ხოლო მის სხვადასხვა სახელდებით ვერსიებს კი არაპროფესიონალური მიდგომები არ მოაკლდება. რასაკვირველია, ევროპაშიც ასე დაიწყო თავიდან და მეზობელმა ლოგიებმა  დასდეს პატივი და ამაგი ჩვენს რელიგიოლოგიას, მაგრამ დღესდღეობით, როცა დარგის აკადემიური თვითმყოფადობა, მულტიმეთოდოლოგიურობა, მაგრამ ამავე დროს თეოლოგიისგან, ფილოსოფიისგან თუ სოციოლოგიისგან გამიჯნულობა გლობალური მასშტაბურობით, – მაგ. 30 გერმანულენოვანი და არაერთი ჩრდილოამერიკული უნივერსიტეტის  შესაბამის ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე ნათლად და არაორაზრავნადაა ჩამოყალიბებული, – უბრალოდ გაუგებარია, მაშინ რაღა გვიშლის ხელს რომ უბრალოდ ჩვენც მივიღოთ ეს ყველაფერი ნამდვილ აკადემიურ მოცემულობად, – თუკი ამ სფეროში მოღვაწეობა გვინდა, – და ჩვენივე მეცნიერული კეთილსინდისიერების შესაბამისად ადეკვატური დასკვნებიც გავაკეთოთ?!

აგვისტო, 2017, თბილისი.

21077461_10203772920319225_5649962473449067318_n

Das Foto von Dr. Steffen Führding, ReWi, Hannover

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s