მართლმადიდებლობის პრივატიზაცია

ალზო, Also, ვიწყებ რეცენტული ანუ მიმდინარე საეკლესიო ამბების ანალიზს. ეს არც ეკლესიის კრიტიკა იქნება, არც მისი აპოლოგეტიკა. ცინიზმზე ან დაცინვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე ვხელმძღვანელობ თვითმყოფად მეცნიერულ დარგ რელიგიათმცოდნეობაში აღიარებული მეთოდოლოგიური პრინციპით, რასაც მოკლედ ემპირიულ-დესკრიპტიულობა ეწოდება. ამ დროს გამოირიცხება არა მხოლოდ ჩემი პირადი რწმენა-არრწმენა, არამედ ისეთი თეოლოგიური შეფასებებიც, როგორიცაა „სექტა“, „ერესი“, „ფანატიზმი“ და ა.შ.

ეკლესიის სპექტრი მრავალფეროვანია და მეც მაქვს მასთან შეხება, მაქვს იქ მუშაობის, სწავლის მრავალწლოვანი გამოცდილება. იყო დრო, როცა ძალიან განვიცდიდი, – 90-იანი წლებიდან, – რადიკალური, იზოლაციონისტური ტენდენციების მომძლავრებას, რამაც საბოლოოდ ლამის მთელი ეკლესია მოიცვა. რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე ამ საკითხებზე. საჭიროა აღინიშნოს, რომ ცოტა მოგვიანებით, თვით ეკლესიის შიგნითაც, გამოჩნდა სამღვდელოების გარკვეული ნაწილი (ბასილ კობახიძე და მის გვერდით მოაზრებული სხვა მღვდლები, აკადემიის სტუდენტობა),  რომელიც არაერთგზის გამოხატავდა პროტესტს, იგრძნობოდა ლიბერალური სპექტრის გარკვეული თანადგომაც მათდამი, მაგრამ დაღმასვლა და ეკლესიის გადაქცევა აგრესიული იდეოლოგიის კერად ვერაფერმა შეაჩერა. არაერთგვაროვანია ამ პროცესის მიმართ ეკლესიის მრავალრიცხოვანი კრიტიკოსების დამოკიდებულებაც, რაც ამ ორიოდე წლის წინათ „ეკლესიის კრიტიკოსის გზამკვლევის“ სახით ჩამოვაყალიბე.

რელიგია კი მაინც თავისას მიერეკებოდა…იგი ნამდვილ სტიქიად მოევლინა ქვეყანას! დღეისათვის მთელი ქვეყანა, – შეიძლება ითქვას, – რელიგიით აივსო. საჯარო სივრცეს რელიგია და რელიგიური ატრიბუტიკა იკავებს. სეკულარული საზოგადოება, სახელმწიფო და განათლების სფერო ირყევიან ვითარცა ლერწამნი, ყველა უძლურია რელიგიის წინაშე. ნამდვილი ultime concern. როგორც ჩანს, თვით ეკლესიაც კი, სინოდი ამ უძლურების ერთ-ერთი გამზიარებელია, ვინაიდან ვერაფერს უხერხებს რადიკალური განწყობის მქონე სამღვდელოების დაჯგუფებას. რამ გამოიწვია ეს უძლურება? ჩემი აზრი აქ იყო და რჩება ერთიდაიგივე: იმან, რომ ვერადავერ შევძელით რელიგიის რეფლექსიის გამომუშავება. რელიგიის რეფლექსია ნიშნავს რელიგიის მეცნიერული დაკვირვების ობიექტად გადქცევას. სხვა ფაქტორები: პოსტსაბჭოეთის იდეოლოგიური ვაკუუმი, მატერიალური სიდუხჭირე, რუსული სპეცსამსახურების ოინები, სასულიერო განათლების სიმწირე, ეკლესიის დაფინანსება, ილია II, როგორც მეორე ილია და სხვ. მხოლოდ მეორეხარისხოვანია. თითქოსდა მაგიურმა ცნობიერებამ ჩაგვითრია: არქაულ ტომში გაჩნდა რაღაც სახადი? ამ დაავადების სიმპტომებს კი არ იკვლევენ, არამედ მას ამუნათებენ, აკრიტიკებენ ან ეფერებიან. დაახლოებით ასე ვიქცევით. ჩვენთან ხომ ეს ჩვენში მიმდინარე რელიგიური პროცესი სერიოზული კვლევის საგანი ჯერ არც კი გამხდარა. ვაბეჯითებ, თეოლოგიურ, ნეგატიურ კრიტიკას არ ვგულისხმობ, რაც ალბათ ბუნებრივიცაა, მაგ. საპატრიარქო რომ ‚ეთნორელიგიის‘ ადეპტად იქცა, ქართველი ერი რომ ‚ილია მეორის თხის ჯოგია‘ და მსგავსი. ჩვენში რელიგიაზე დაკვირვების თეორიული კრიზისია. ერთადერთი თეორიული ლაშქრობა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განახორციელა „სტალინური მართლმადიდებლობის“ სახით. მწვავედ იგრძნობა რელიგიის შესახებ დასავლური თეორიების არცოდნა, რაც იწვევს პრობლემის ძიებას არა ისევ მართლმადიდებლობა-ქრისტიანობაში და  ზოგადრელიგიურ ასპექტებში, რაც რეფლექსიის თვალსაზრისით სასურველია,  არამედ „წარმართულ“ გადმონაშთებში. ანუ განტევების ვაცი იპოვეს. პატივცემული ექსპერტების მიერ „წარმართობა“ ცალსახად ნეგატიურ პროფილში და ბუად განიხილება, რაც ერთობ უხერხულია დღევანდელი ცივილიზაციისთვის ჩვეული  თანასწორობის პრინციპების ფონზე.

საზოგადოება, მკითხველი მიეჩვია ე.წ. „კამპშრიფტის“, მებრძოლი, ეკლესიის საწინააღმდეგო სტატიების კითხვას, ხოლო მშვიდი ანალიზი, რელიგიური სიტუაციის ნეიტრალური, უპარტიო და ემპირიული განხილვა მას მთქნარებას გვრის. ადრეც მქონდა ამის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მინდა ამ ზოგად პუბლიცისტურ ტრადიციას ვუღალატო.

როგორც სათაურში გამოტანილმა დეფინიციამ გაუწყათ, ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია (შეგნებულად ვუწოდებ „რელიგიას“ და არა კონფესიას) პრივატიზებულია, მაგრამ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ. აქ ცალკეა პატრიარქის, ეპისკოპოსების, რადიკალი სამღვდელოების, ნაკლებად რადიკალების თუ პირშიწყალჩაგუბებულების რელიგიები…

გვინდა – არ გვინდა, ჩვენც ვერ ვიქნებით გლობალური რხევების იქით და თანამედროვე რელიგიურობის მიღმა. დავიწყოთ უწმინდესის (როგორც საპატრიარქოში ეძახიან მას მონაზვნები) რელიგიით. რასაკვირველია, ეს რელიგია პოლითეტურია (პოლითეიზმში არ აგერიოთ). არავითარ ნეგატივს არ ვდებ ამ დეფინიციაში, უხვადაა სწორედაც რომ ზემორეხსენებული „წარმართობის“ ანუ ქართული რელიგიური ყოფიერების, ხალხური რელიგიურობის ელემენტები. ბუღის, ჭედილის წამოქცევა და მირთმევა. ეს არქაული რელიგიური ცნობიერებაა, პრესემიტიანობა… ჩვენთან მთიანეთში რომ „წილობა“ რიგდება ხატიონებზე, ამით თემი და ტომი იკვრება. ბედუინები აქლემს დაკლავდნენ ზოგჯერ. – შეად. მაგ. უილიამ რობერტსონ სმიტი. დაკვლა და ერთობლივი ნადიმი – ეს შეკვრაა. ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, რელიგია ზოგადად ბრუტალური გამოცდილების ნაყოფია და როგორც იან ასმანი იტყოდა, „სისასტიკის სისტემა“. მეორე ელემენტი, რაც უხვად შეითვისა უფალმა პატრიარქმა, ესაა ისლამური… აი ვეძებ სიტყვას, უსაზღვროობა საეროსა და სასულიეროს შორის. ეს კი პრაქტიკულად იმაში გამოიხატება, რომ ეკლესიას აქვს პრეტენზია საერო სივრცეც აითვისოს და აკონტროლოს. ადრეც ვწერდი ამაზე: „ლატენტური ისლამი“. ამრიგად, პატრიარქი წარმოადგენს მინიმუმ სამ რელიგიას: მართლმადიდებლობა, ისლამი და ხალხური უნივერსალიზმი(‚წარმართობა‘). ამგვარი რელიგიურობის დასახასიათებელ სიტყვას ისევ იან ასმანს დავესესეხები: მინიმუმ რელიგიური დუპლექსი თუ არა რელიგიური ტრიპლექსი. როგორც ჩანს პატრიარქი, როგორც პიროვნება, არ გახლდათ დოგმატური ნატურა, ღია ბუნების კაცია (Weltoffen), ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. თუმცა, ერთ კომპონენტსაც დავამატებდი: ცივილური რელიგია. პატრიარქი ცდილობს, თუ ასე გამოსდის, ამერიკული ტიპის ცივილური რელიგიის დანერგვასაც, რაც შედეგზეც აისახება: მთავრობა სანთლებს ანთებს და ხატებს დაატარებს. რასაკვირველია, ‚ცივილურ რელიგიას‘ ზერელეობა ახასიათებს და თუ ამ კომპონენტსაც მივამატებთ, პატრიარქის, საპატრიარქოს რელიგიური ტეტრაპლექსის ცნობა უნდა გამოვუწეროთ. აქვე დავძენ, რომ პატრიარქი ბოლო ხანებში, რაც მას მისმავე სამღვდელოებამ ქრისტიანული ეკუმენიზმი ფაქტიურად აუკრძალა, ბევრს მოგზაურობდა ახლო სამუსლიმოში და როგორც ჩანს, მოეწონა და შეითვისა იქაური ლიდერის როლი. საქართველოს მუსულმანური თემის ლიდერებს პირადად მასთან ურთიერთობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ერთმა მათგანმა ადრე ისაც კი განაცხადა, ის ჩვენი სულიერი მამაცააო!

ახლა კი, სანამ გადავიდოდეთ რადიკალური სამღვდელოების მართლმადიდებლურ წილზე, სინოდიც შევათვალიეროთ. სინოდის მართლმადიდებლობა ირინეოსია, შემარიგებლობა. ზოგადად, როგორც ჩანს,  უმაღლეს იერარქთა რელიგია სხვაა და უბრალო სამღვდელოების – სხვა. იერარქებში ის ფუფუნებას შეეზარდა, ხოლო იდეოლოგიური ფუნქცია ანუ ‚სწორი მართლმადიდებლობის‘ ქადაგების ფუნქცია მოშურნე სამღვდელოებამ ჩაიგდო ხელში. როგორ მოხდა ეს?

საერთოდ, შეთქმულების თეორიებს ნაკლებად ვენდობი და იმათაც, ვინც ამ თეორიებს ენდობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვა. მთელი ეს რადიკალურად განწყობილი სამღვდელოება, რომელთა რიცხვი 100 – 500 -ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, პატრიარქის საწინააღმდეგო შეთქმულების გუნდია, რასაც თავისი იდეოლოგიური ლიდერიც ყავს და განშტოებებიც მოეძებნება. ის კაცი, საკუთარ ფესვებს, მამა-პაპურ რელიგიას მოწყვეტილი ინდივიდია, დოგმატური ნატურის, ნაკითხი, მოგვური მიდრეკილების იმდენად რომ პლანეტარულ-გალაქტიკურობითაც კი ასაბუთებს ხოლმე ძველი კალენდარის სისწორეს! 🙂 მოკლედ პატრიარქის ანტიპოდია. დაჩაგრეს, ეპისკოპოსობაც არ აღირსეს. არქიმანდრიტმა რაფაელ კარელინმა შეძლო ქართულ ეკლესიაში თავისი მართლმადიდებლობის აწყობა, მღვდლების გაწვრთნა, თუმცა, რუსულენოვნად. მღვდელ ილია ჭიღლაძის ბრალდება, რომ ისაკაძის „სექტა“ ანტიქართულობით გამოირჩევა, ეფუძნება მათ მიერ ქართული გალობის, შესამოსლის და მსგავსი ატრიბუტიკის უარყოფას. რა ამოძრავებს მათ? მხოლოდ ღალატი? რასაკვირველია, არა. მათ ქმედებებში მანიფესტირებს (ელიადეს ტერმინს გამოვიყენებ, თუმცაღა,  ისინი ამს იმსახურებენ? ) პურიტანიზმი, სუფთა რელიგიის ძიება. ეს ახალი სექტის თუ დენომინაციის მტკივნეული დაბადების პროცესია. ასე დაიბადნენ ევროპელი პურიტანები, ასე დაიბადა ვაჰაბიზმი, რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავიც კი არ დაინდო. გადავხედე რა თანამონაწილე დამკვირვებელ ტიგინაშვილის დახასიათებას („ისინი ვერ იტანენ სპორტს, თავიანთი მრევლიდან ყველას უკრძალავენ რაგბზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე და სხვა სახეობებზე სიარულს. აგრეთვე კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ ზღვაზე დასვენებას, მანდილოსნისათვის საშინაო პირობებშიც კი შარვლის ჩაცმის ნებადართულობას, ქორწილის მხიარულად აღნიშვნას და რიგითი მორწმუნეებისათვის შავისა და ნაცრისფერი ტანისამოსის გარდა სხვა ფერებში შემოსვას. ისინი მიუღებლად მიიჩნევენ სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ნებისმიერი სახის კონტაქს (თვით მისალმებასაც კი)“, ისევ დავეთანხმე ჩემ ადრინდელ დასკვნას, რომ საქმე გვაქვს ქრისტიანობის რადიკალიზაციასთან ანუ ისლამიზმის ქართულ-მართლმადიდებლურ ვერსიასთან. პურიტანულ დუპლექსთან გვაქვს აქ საქმე! რასაკვირველია, ვვარაუდობთ, რომ  ესაა ქრისტიანიზმი და არა ქრისტიანობა. როგორც ისაა ისლამიზმი და არა ისლამი. რასაკვირველია, აქაც და იქაც ამ რელიგიური ოცნების თუ მოძრაობის წარმომადგენლები თავს ნამდვილ მუსლიმ-ქრისტიანებად ასაღებენ. არ გამოვრიცხავ მომავალში მათ გაერთიანებასაც რაღაც ფორმით, რადგან მათი იდეოლოგიები, როგორც ზემორე ციტატიდან გამოჩნდა, თითქმის იდენტურია. კარელინის სკოლის სიძლიერე იმაშია, რომ მათ იდეოლოგიური ნიშა მოიკავეს, ააწყეს ახალი, მილიტანტური მართლმადიდებლობა და როგორც ჩანს, შიშის ზარს სცემენ სინოდს და მის თავმჯდომარეს, აიძულებენ რა მათ დათმობებზე წასვლას და სხვადასხვა საეჭვო განჩინებებს (მაგ. უნათლავ ყრმათა შესახებ).

ახლა კი დავმშვიდდეთ: რამე საოცარი და რელიგიათა ისტორიათვის უცხო ხდება ჩვენთან? აგრესიული დინებები ყოველთვის იყო ისტორიულ რელიგიებში და იქნება კიდევაც, მაგრამ ეკლესიის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ მოახდინოს ამ დინებების კანალიზაცია, პროფილაქტიკა და მოგვარება (იხ. პაულ თილიხის ლექტურა ამის თაობაზედ). ახერხებს ამას დღეს ეკლესია? მეტ-ნაკლებად. ჩემი აზრით, ამის მოგვარების ხერხი ანუ შემრიგებლობა სასურველ ეფექტს არ იძლევა და ხვალ უარეს ძვრებს, რყევებს უნდა მოველოდეთ. ის მთლიანობა, რასაც დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვეძახით, ფაქტიურად ახალ რელიგიებს ჭუპრავს, ახალ- ახალი პატარ-პატარა რელიგიების (მართლმადიდებლურად შეფერილთა), სექტების (არანეგატიურად ვხმარობ), გადახრების(ბერი ნიკოლოზი, ვინმე ოლარი, გოჩა აბულაძე და სხვ.), მიმდინარეობების სამჭედლოა. როგორც მორმონების ისტორიამ აჩვენა, ახალ რელიგიაში ყოველ 20 წელიწადში მაინც უნდა მოხდეს განხეთქილება, კიდევ ერთი ნოტო უნდა გამოეყოს ისედაც გამოყოფილებს! 🙂  ანუ ჩვენ შემთხვევაში, ახალი მართლმადიდებელი ეკლესიები გაჩნდეს. ასეც მოხდა: გლდანის ეპარქია, მეს-ი და სხვენის ეკლესიაც ხომ მისი ბარტყებია. მართალია, დღეს ცალ-ცალკე მოღვაწეობენ, მაგრამ  მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ. ქრისტიანობა? არა, ქრისტიანობაზე მეტად მათ აერთიანებთ ლტოლვა იზოლაციისკენ, ანტიეკუმენიზმი… გამოდის, რომ ეს შეხლა-შემოხლა, რაც ეკლესიაში, მის გვერდით, მასთან დაპირისპირებულ ალტერნატიულ მართლმადიდელურ ეკლესიებშია, ერთობლიობაში იდენტობის მწვავე კრიზისის შედეგიცაა…

ახლა კი, სანამ დასკვნაზე გადავიდოდე, რატომ ვიხმარე ‚რელიგია‘ მართლმადიდებლობად? აკადემიურ წრეებში ჩვეულებრივ გამოიყენება „ქრისტიანობები“… ქრისტიანობის ისტორიული კონფესიები ძალიან დაშორდნენ ერთმანეთს.

ამრიგად, ქართული რელიგიური ლანდშაფტი მრავალფეროვანია, მძაფრი რელიგიური პროცესები ახსნადია რელიგიის შესახები თანამედროვე თეორიების ფონზე, ხოლო საკუთრივ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რელიგიის მწარმოებელი აგრეგატი, მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობს. ის შეიძლება დაიშალოს, მაგრამ ამით ის არ დასუსტდება.

ვვარაუდობ შემდეგსაც: ეს პრობლემები ეკლესიაში თავისით, მათი გასიგრძეგანების გარეშე არ მოგვარდება. შესაძლებელია სახელმწიფოს ჩარევაც კი შეიქნეს საჭირო, მაგრამ მანამდე საჭიროა რელიგიის რეფლექსირება, მიმდინარე პროცესების ნეიტრალური, პროფესიონალური გაშუქება, რაც თავისმხრივ გარკვეულ მომზადებას საჭიროებს და საამისოდ პირობების მომზადება განათლების სამინისტროს საშინაო დავალებაა. – რელიგიის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია. როგორც ვხედავთ, ჩვენი რელიგია ინსტიტუიზირებულია, ორგანიზებული და  ეს მისი ძლიერების წყარო და ხერხია. ამ შემთხვევაში ბასილ კესარიელის დაჯერება ხამს და ჯობს: მათითავე ისრით, ფილოსოფიით, მსჯელობით მოგვარდება პრობლემატიკა, თუკი ასე გვსურს. ხანგრძლივი სამუშაოა, მომქანცველი, მაგრამ სხვა რა გზაა? რაფაელისტური ფრთა თავდაუზოგავად მუშაობს მინიმუმ 30 წელიწადია უკვე: ქადაგებენ, ლიტერატურას თარგმნიან, ტაქტიკურ სვლებს ადგენენ, ხვეწენ და მრევლს იმრავლებენ. ეკლესიის შიგნით მათი მომრევი არავინაა. მათ მიაღწიეს, რომ მთელი ეკლესია მათ გაუიგივდა.

მაგრამ როგორია ჩვენი ნებელობა? ვერ ვხედავ, რომ ვინმეს მართლა აწუხებდეს ეს პრობლემები სიღრმისეულად, ძირითადად ერთობიან, დასცინიან, ლანძღავენ, სეირს უყურებენ და ამით მთავრდება ყველაფერი. ეს ყოველივე კი რადიკალებს უფრო აძლიერებს. ვეჭვობ, რომ საბოლოოდ ერთი მედლის ორი მხარე გამოდის ეკლესია და მისი კრიტიკა. კრიტიკის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ როდემდე უნდა ჩავრჩეთ ცარიელი კრიტიკის ხანაში? …

მე რა მრჯის?  პირადად მე რაც შემეხება, ამ რელიგიური მძვინვარე ცხოვრების შემხედვარე თავს ვგრძნობ როგორც მღელვარე ოკეანეში, სადაც მე ჩემი მეთოდოლოგიური ნავტიკა მიცავს, ის აგებულია ისეთი პრინციპულად გამძლე მასალით, რასაც რელიგიათმცოდნეობის (რელიგიის კვლევის, რელიგიის მეცნიერების, რელიგიოლოგიის) „მექაში“ ანუ მარბურგში მოღვაწე ქალბატონმა პროფესორმა ლაკონურად ასე უწოდა: Lokal forschen, global denken! – ადგილობრივ ანუ ლოკალურად ვიკვლიოთ, გლობალურად ვიფიქროთ! სცადეთ, ვისაც ცოდნა გერჩით, იქნებ უკეთეს დასკვნებამდე მიხვიდეთ. მე ჩემი ვთქვი და ახლა მინდა სულ სხვა რამეზე ვიფიქრო, აი მაგ. იმ ფენომენზე, რასაც  ქვემორე ფოტო განგვიცხადებს! ახლა სიგარა და საუნა და მშვენიერი გერმანული საკითხავები მელის წინ. ADE მკითხველო!

23.12.2016. ზელო.

1525214_641121015926924_1246679128_n

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s