რელიგია და რელიგიის კვლევა

Religionswissenschaft – რა ვიცოდი, როცა ამ საგნის გადმოხატვაზე ვფიქრობდი, თუ ყველაზე კარგ ნუგეშს მათთვის, ვისაც ფანატიკურად ეშინია ყოველივე ახლის და უცხოურის, ერთ ქართულ გენიალურ მოთხრობაში ვიპოვიდი:

– ქვის ნი საშიში არ არის!…

თურმე ძაან გასაგებად უნდა ვთქვა ყველაფერი, მოვერიდო უცხოურ სიტყვებს, განსაკუთრებით კი ‚რეფლექსიას‘ და ‚ტრანსფერს‘.

ჰოდა, მეც ვამბობ: ქვის ნი საშიში არაა. არცერთი აკადემიური საგანი, რომელიც ცოცხლად ისწავლება დასავლურ უნივერსიტეტებში, ხოლო ჩვენთან კი არსად ჩანს ანუ ქართულ ქვაზე ჯერ გამოუხატავთ, საშიში არაა. ეს გადმოხატვა ანუ მეცნიერული ტრანსფერი ემსახურება შემეცნებით ინტერესებს, კონკრეტულ ანუ რელიგიის ცოდნამდე გზის გაყვანას.

ხოლო ცოდნა ადამიანს აქცევს ადამიანად ანუ თავისუფალ არსებად. ცოდნის მიღების გზით გადაილახება სხვაზე დამოკიდებულება, მონობა, სიბეჩავე, უმწეობა და დაბნეულობა.

მეტყვიან, მარტო ცოდნა საკმარისი არააო. საკმარისზე მეტია, თუ მივიღებთ კიდეც და არა მხოლოდ შევათვალიერებთ მას.

სხვა პრობლემა უფრო ტივტივებს აქ. საქართველოში რელიგიის აღიარებულ მკვლევართა ცნობილი დასკვნები არ ჭრის. თუ პაულ თილიხს დავუჯერებთ, რელიგია კულტურის უღრმესი დიმენსია ყოფილა(‚დიმენსიაც‘ გადავღეჭ-გავაგანზომილოთ?), მაგრამ აბა რა ეტყობა საამისო აქაურ რელიგიას. უღრმესად  კი არა, საერთოდ სიახლოვესაც არ ეკარება იგი კულტურას…

ავიღოთ სხვა მაგალითიც: გერმანელმა სოციოლოგმა ნიკლას ლუმანმა ევროპა შეძრა, გინდა თუ არა, რელიგია, კონტინგენტურობას ანუ შემთხვევითობას, ხიფათს ამცირებს და ამიტომ მოისაკლისეს ამ ჩვენს დროშიცაო… მერე ლუებემაც ფილოსოფიურად დააგვირგვინა: Kontingenzbewältigungspraxis Gott. ხიფათის ძლევის პრაქტიკააო ღმერთიც და რელიგიაც. მაგრამ საქართველოში? პირიქით, რელიგიისგან ელიან ყოველგვარ ხიფათს. იცით, რა გასაჭირიც ადგათ ყველაზე ნომენკლატურულ ფენას – პარლამენტარებს. ისინი ხომ რელიგიური ხიფათის დამოკლეს მახვილის ქვეშ გმინავენ: მუდმივ შიშში და კასტრაციაში თრთიან, რაიმე არმოსაწონი კანონი რომ მიიღონ, ანათემას, დარისხებას, წყევლას და ალბათ ცემასაც მოიგებენ რელიგიის ‚ნიშანსვეტთაგან‘. არა, ქართულ სინამდვილეში რელიგია არც კულტურის ელემენტია და არც ხიფათის დამკლები. პირიქით უფროა…

რატომ? იმიტომ, რომ ფიქრი ეზარებათ.

ყველაზე დიდი დამოკლე და პროკრუსტე კი ზემოთქმული სულაც არაა. კითხვებზე მარტივ პასუხს რომ ითხოვენ, ეს უფრო უარესი მგონია. უცებ ცდილობენ გაიგონ, რაზეა საუბარი, რაში გვჭირდება ეს საუბარი ან რა იდეოლოგიას ემსახურება მოსაუბრე?

რელიგიაზე დაწერილი უთვალავიდან ერთი წიგნიც რომ არ გადუშლიათ, უფრო ისინი მასწავლიან ‚რა არის რელიგიის კვლევა?‘

არც იდეოლოგია, არც რელიგიური ქვეინტერესი თუ ქვებუდანობა, არც პოლიტიკა, არც კვიატადევნებულობა არ უნდა მჭირდეს!

არამედ დისკურსი, რელიგიის შესახებ არარელიგიური, ღია საუბარი ანუ რელიგია, როგორც OPEN CONCEPT…

სიტუაციის გამო წუწუნი, რომ მთავრობა სეკულარულ ნაბიჯებს არ დგამს ან განათლების სამინისტროს ‚რელიგიის კვლევა‘ თუ ‚რელიგიათმცოდნეობა‘ (რატომ არა ‚რელიგიოლოგია‘ თუ კი სსრკ-ს დროს სოციოლოგია ‚საზოგადოებათმცოდნეობა‘ იყო?) სპეციალობების სიაში არ შეაქვს და მსგ., რის მაქნისია? როდემდე ველოდოთ მათ გასხივოსნებას? 🙂

ალბათ ისინი არასოდეს იკითხავენ იმას, რაც ერთმა ჩემმა სტუდენტმა იკითხა: თუკი გერმანული უნივერსიტეტები რელიგიის მეცნიერების (Religionswissenschaft) 125 სამაგისტრო პროგრამას გვთავაზობენ, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში თუნდაც ერთი ანალოგიური პროგრამა თუნდაც ერთ უნივერსიტეტში?

არ იკითხავენ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა. სანამ საქართველოში ‚რელიგია‘ მღვდლის მეტაფორა ჰგონიათ, არაფერი გამოვა ამ მიმართებით…

ჰოდა, აქ საერთოდაც არაფერი გამოვა მათ თუ ველოდეთ, ვინც საგანმანათლებლო პოლიტიკას გვიწყვიტავს…

ამიტომ პირადი ინიციატივით და ჩვენი უნივერსიტეტის სულგრძელი მხარდაჭერით, გთავაზობთ სიმპოზიუმს, იგივე ‚ნადიმს‘ ანუ კონფერენციას…დავიწყოთ ამ ყოველივეზე საუბარი, დავსვათ კითხვები, ვეძებოთ პასუხები… –

შეძლებისდაგვარად აკადემიურ სტილში, შემეცნებით ჭრილში და მომზადებულად. თუ რას ნიშნავს ‚რელიგიის მეცნიერება‘ ანუ კვლევა, ზემოთ გიჩვენეთ ბმულზე გადასვლით… აი მისი ინტერდისციპლინარული ‚ხატიც‘:

16631683-Abstract-word-cloud-for-Religious-studies-with-related-tags-and-terms-Stock-Photo

მოდით, ტერმინოლოგიურადაც წინასწარ  შევემზადოთ:

ჩვენი აზრით, მოძველებული ტერმინოლოგია(‚რელიგიათმცოდნეობა‘) ‚რელიგიოლოგიით‘ უნდა შეიცვალოს. ინგლისური სახელწოდების ზუსტი თარგმანი გამოდის, „რელიგიის კვლევები“, მაგრამ ეს ლექსემაც ერთობ მოუქნელია, მაგ. როცა ვამბობთ „ამერიკული რელიგიის კვლევები“, ვისზე ვსაუბრობთ, აცტეკების რელიგიაზე თუ რელიგიის ამერიკულ კვლევებზე, რასაც ნინიან სმარტი ან ჯონათან სმიტი ეწევიან? 🙂

თუკი აწინდელი საზოგადობათმცოდნეობა, ხალხთმცოდნეობა და სულთმცოდნეობა(ასე ეძახდნენ მათ თავიდან ჩვენში) დღეს სოციოლოგია, ეთნოლოგია და ფსიქოლოგიაა, მაშინ რატომ არა რელიგიოლოგია? მინიმუმ, დედანი religio უვნებლადაა და ‚რელიგიოლოგიური‘ მოქნილობითაც გამოირჩევა… თუმცა, ეს არაა ჩვენი ძირითადი საკონფერენციო თემა, უბრალოდ ფილოლოგიურ-რელიგიოლოგიურ გადაჯაჭვულობას ვერ დავეხსენით. ამ მეცნიერების სათავეში ხომ ფილოლოგი დგას. მობრძანდით საფიქრალით, კონცეფციით, მზამზარეულ რეცეპტებს ნუ მოგვთხოვთ ამ თემების ირგვლივ…

რელიგია და რელიგიის კვლევა – საკონფერენციო დებულებები:

რელიგია ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ გამოწვევად იქცა. თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში რელიგიის როლის გააქტიურება აღქმულია როგორც „რელიგიის დაბრუნება“(Back of Religion) ან თვით „ღმერთის დაბრუნება“(Back of God). რელიგიის დაბრუნების პროცესის მასშტაბურობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თემაზე ინტერნეტში ერთ მილიარდამდე მონაცემი იძებნება.

მაგრამ რა რელიგია დაუბრუნდა დღევანდელ კაცობრიობას? როგორია მისი სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ზეგავლენები? რამდენადაა დღევანდელი რელიგიურობა ტრადიციულ რწმენით სისტემებთან თანხვდენაში? რას გვპირდება და სინამდვილეში რას გვიქადის ეს Backreligion, რამდენად ექვემდებარება იგი სახელმწიფო და სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებს?

მსგავსი კითხვები დღეისათვის ევროპისა და ამერიკის მეცნიერულ წრეებში აქტუალურია. ამიტომაც რელიგია, გარდა ტრადიციული საუნივერსიტეტო თეოლოგიისა, კიდევ არაერთი მეცნიერული დარგის გაძლიერებული კვლევის საგნად იქცა. ეს ისეთი მულტიდისციპლინური დარგის აღმავლობასაც ატყვია, როგორიცაა „რელიგიის კვლევა.“ რელიგიები და რელიგიურობა მეცნიერული რეფლექსიის უწყვეტ და მძლავრ დინებაში მოექცა.

საქართველო ამმხრივ ფეხს ვერ უწყობს თანამედროვეობის მოთხოვნას. რელიგიის კვლევების ანალოგიური დარგი (სულერთია, მას ჩვენთვის ტრადიციული ‚რელიგიათმცოდნეობა‘ ერქმევა, ‚რელიგიის კვლევები‘, თუ ‚რელიგიოლოგია‘) ჯერჯერობით არცერთ ქართულ უნივერსიტეტში არაა დანერგილი. მიუხედავად ზოგიერთი პირადი ინიციატივისა და ჩვენი რელიგიათმცოდნეების მრავალწლიანი მოღვაწეობისა (რის შესახებაც ისინი კონფერენციაზე თვითონ ისაუბრებენ), საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ზემოხსენებული დარგის დანერგვის რაიმე ოფიციალური, აკადემიურად ორგანიზებული მცდელობაც კი არ ჩანს. ერთი სიტყვით, ამ დარგის ინსტიტუციონალიზებამდე ჯერ ბევრი გვაკლია. და ეს იმ პირობებში, როდესაც „რელიგიის დაბრუნება“ ჩვენშიაც არანაკლებ, თუ არა უფრო მეტადაც კია საგრძნობი, ვიდრე ცივილიზებულ დასავლეთში, სადაც საუნივერსიტეტო სივრცე უხვადაა დაქსელილი რელიგიის კვლევის ფაკულტეტებით, დეპარტამენტებით, კათედრებით და მისთანებით.

ჩვენი კონფერენციის მიზანია, რამდენადმე მაინც შევავსოთ ეს ხარვეზი. წარმოვადგინოთ რელიგიის კვლევების ინტერნაციონალური სახე და დავსახოთ ამ დარგის საუნივერსიტეტო დაფუძნების პერსპექტივები და გზები საქართველოში.

კონფერენცია სამი მიმართულებით იმუშავებს.

1. პირველ რიგში, განზრახული გვაქვს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მაგალითზე წარმოვაჩინოთ „რელიგიის კვლევები“, როგორც გლობალური საგანმანათლებლო პროექტი და თანამედროვე დასავლური სამყაროს მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დარგი; ვაჩვენოთ ‚რელიგიის კვლევების‘ ტერმინოლოგიური პლურალიზმი ( Science of Religion, Study of Religion, Religious Studies, Sciences Religieuses, Religionswissenschaft, Religionistika, რელიგიის მეცნიერება, რელიგიოლოგია და სხვ.); წარმოვადგინოთ დარგის ინტერდისციპლინარული პროფილი და მეთოდოლოგია.

2. ამასთან ერთად, ვაჩვენოთ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში რელიგიათმცოდნეობის, როგორც სალექციო კურსის თუ საგნის (?) ისტორია და დღევანდელი ვითარება, გავარკვიოთ მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ამ საგნის განვითარებას და საბოლოოდ ‚რელიგიის კვლევის‘ დარგად ჩამოყალიბებას.

3. დავასაბუთოთ ‚რელიგიის კვლევების‘, როგორც საუნივერსიტეტო დარგის და მეცნიერული დისციპლინის რელევანტურობა ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართებით, იქნება ეს ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან კავშირში, საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით თუ დასავლეთთან ინტეგრაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ა.შ.

ორგანიზატორები: ავთანდილ ჯოხაძე, ზელიმხან უძილაური.

თარიღი: 21 ივნისი, დასაწყისი 15 სთ. აუდ. 206.

მომხსენებლებად რელიგიის ცნობილი მეცნიერები დავპატიჟეთ. იმედია, დისკუსიაც ნაყოფიერი იქნება და სტუდენტებიც იაქტიურებენ.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s