Ⴐელიგია ომში, აქ და დღეს…

ხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ქართული პრესა და ზოგადად მედია გამსჭვალულია რელიგიის მემარცხენე-ინტელექტუალური კონსტრუქციით, რაც კარგი ფონია, მაგრამ ცოტაა, ვინაიდან უფრო მარქსისტულ-ფროიდიანული ‚რელიგიური‘ ტრადიციისადმი ნოსტალგიას ეფუძნება, ვიდრე რელიგიის ნამდვილი და სრულყოფილი რეფლექსიის სურვილს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი რელიგიური აქტი განხილულ უნდა იქნას არა სოციოლოგიური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ რაიმე სხვა ლოგიური საზრისების და თეორიების მოხმობით, არამედ მის საკუთარ მოდალობაში. იმაში, რაც ისაა თავისთავად, როგორც sui generis.

სოციო-ფსიქოლოგიური ხედვების თანახმად, – რომელთა ცოდნა-გაცნობაც რელიგიის კვლევისას საბაზო მინიმუმია, – რელიგია მხოლოდ სიმპტომია, მაგ. ‚კოლექტიური ნერვოზი‘ ან ‚ხალხის ოპიუმი‘; ილუზიაა და ა.შ. სავსებით შესაძლებელია, რელიგიის კრიტიკით (ფოიერბახი, მარქსი, ენგელსი…) ნა-ზე-გავ-ლენინებ  ჰომო კოგნიტიუსს(შემმეცნებელ ადამიანს) ისეთი განცდა გაუჩნდეს, რომ  რელიგიის აკადემიური კვლევა მარქსისტულ-ფროიდიანული წარსულია, რელიგია საბოლოოდ ‚გაშიფრულია‘ და  და დღეს ეს აკადემიური ღონისძიება იქნებ აღარც კი ღირდეს?

მაგრამ სულ სხვა სურათს იძლევა თანამედროვე დასავლური საუნივერსიტეტო სივრცე, სადაც რელიგია სერიოზული და კომპლექსური შესწავლის საგანია და ამ საქმეს ემსახურებიან სახელოვანი მეცნიერები, რელიგიის კვლევის ფაკულტეტები, ინსტიტუტები, დეპარტამენტები და მსგავსი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ‚რელიგიის კვლევის‘ ხაზით შვეიცარულ უნივერსიტეტებში სამივე ძირითად მეცნიერულ ენაზე…60 სადოქტორო და 10 ჰაბილიტაცია მზადდება, იხ. წამით ეს ბმული რათა დარწმუნდეთ!

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის კრიტიკა აკადემიური რელიგიოლოგიის (Academic Study of Religion)   სუბდისციპლინა კი არაა, არამედ რელიგიის ფილოსოფიის განშტოება. თუმცა ისაც უნდა ითქვას, ორგანიზებული რელიგიის საფრთხეს რომ ვხედავთ, კარგია და ორგანიზებული რელიგიის შემოტევას რომ პირველ სანგრად მარქსი და ფროიდი დავუხვედრეთ, ალბათ ესაც სწორი რეაქციაა და ძალადობად ინკარნირებული რელიგიის პირველი შემოტევაც მგონი ამ ინტელექტუალური სიჩაუქის წყალობით საბედნიეროდ უკვე მოგერიებულია. მარქსიზმ – ფროიდიზმი კარგი საპირწონეა რელიგიური დღევანდელობის დასაჭერად, მაგრამ ხვალ შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.  შეიძლება მოძალადე რელიგიამ მუტაცია განიცადოს  და სხვარიგად შემოგვიტიოს და ვაითუ დაგვაბნიოს, მოგვერიოს, პოლიტიკურად გაგვანადგუროს და მომავლის ერის ნაცვლად წარსულის ერად გვაქციოს?! ამიტომ დროა უფრო კომპლექსურ და თანამედროვე ‚იარაღზე‘ ვიფიქროთ, ვიდრე ეს მარქსისტული რაგატკაა- „ოპიუმი“. რელიგია მართლაცაა ზოგჯერ ოპიუმი, მაგრამ ამ ოპიუმის მიღებას და  განაბობას ხომ ვერავის დავუშლით? რელიგია სხვაც ბევრი რამაა გარდა ოპიუმისა, მაგ.: „1.ის სიმბოლური სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს, 2.ადამიანებში მძაფრი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი განწყობები და მოტივაციები შექმნას“ და ა.შ. (იხ. Clifford Geertz, ‚რელიგია, როგორც სიმბოლური სისტემა‘).

როგორც დისერტაციების ზემორე ჩამონათვალმა დაგვარწმუნა, რელიგიასთან ურთიერთობის თანამედროვე ‚იარაღი‘ გამოგონებულია და მას მარტივად  რელიგიის კონტექსტური და კომპლექსური შტუდირება ანუ კვლევა ეწოდება(Academic Study of Religion). ინტერდისციპლინარული ‚რელიგიის მეცნიერება‘ ემყარება ემპირიულ დაკვირვებას, ანალიზს, ინტერპრეტაციას და ევროამერიკულ სივრცეში არამხოლოდ  მულტიკულტურული კვლევების განუყოფელ ნაწილად, არამედ მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორადაც მოიაზრება. თუმცა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა აკადემიური Study of Religion/რელიგიისმცოდნეობა/რელიგიოლოგია/Religionswissenschaft (არაერთ ენაზე ამ საგნის სახელწოდების არაერთი ვერსია!) კი არაა, არამედ უშუალოდ რელიგია, ცოცხალი, ხილვადი. რელიგია აქ, ჩვენში, დღეს და ყოველდღიურობაში, მოდით, თვალი შევავლოთ რეალურ რელიგიას, რაც ჩვენ თავებში, ირგვლივ და სოციუმში ტრიალებს და ე.წ. პრეჯუდისის, რაიმე წინასწარმორგებული თეორიის გარეშე ვცადოთ მისი ძირითადი პარამეტრების დადგენა. რასაკვირველია, რელიგიის შიგთავსს და საკრალურ-ნუმინოზურ დიმენსიებს ჩვენ აქ არ ვეძებთ (ამას სხვაგან ვცდილობდით), ამჯერად გარე ანუ აუტზიდერის პერსპექტივიდან შევხედოთ ჩვენ რელიგიურ ლანდშაფტს.

0. ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ, რომ რელიგია დღეს ძაან გააქტიურებულია, როგორღაც ამღვრეულია და მასში კარგად ჩანს რელიგიის ზოგიერთი ზოგადი ნეგატიური თვისება.  მომდევნო მუხლებში შევეცდებით რამდენიმე მათგანის კონსტატირებას.

1. რელიგია წინააღმდეგობრივია; ავიც შეიძლება გამოდგეს და კარგიც ანუ ამბივალენტურია. რელიგიას შეუძლია საზოგადოების, სახელმწიფოს, პიროვნების, კულტურის წინსვლას შეუწყოს ხელი, ეროვნული იდენტიტეტის შენარჩუნება უზრუნველყოს, შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცეს (აქ პირველი რაც გამახსენდა, ჯემალ აჯიაშვილისეული ძველებრაული პოეზიაა). მაგრამ პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ყოველნაირი განვითარების შემაფერხებლად და ჩამკვლელად მოგვევლინოს.

რელიგიას ძალუძს სიტყვით თუ საქმით, ამა თუ იმ ჩამორჩენილი ქვეყნის ცივილიზებული, მოწინავე სამყაროსკენ წინსვლას ემსახუროს; ამის მაგალითად გამოდგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარსარდლის ილია II საჯარო განცხადება საქართველოს ევროპული სწრაფვის მხარდასაჭერად. აქვეა აღსანიშნავი რელიგიურ უმცირესობათა  ეპისკოპოსების: ქ-ნ რუსუდან გოცირიძის, ბ-ნ ჯუზეპე პაზოტოს, ასევე ბ-ნ ვაგიფ აკპეროვის და სხვათა გონივრული და დემოკრატიული სულისკვეთებით გამთბარი მრავალჯერადი სატელევიზიო გამოსვლა, ინტერვიუ…

მაგრამ რელიგიას ძალუძს სუბვერსიულიც იყოს, ქვეყნის წინსვლა შეაფერხოს, უნდობლობა და შიში დათესოს დასავლური სამყაროსა და ინსტიტუტების მიმართ. ამის უამრავი მაგალითიც ზედაპირზე ტივტივებს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი პოპულარული ოფიცრის ანტიდასავლური განცხადებები, კრემლში სტუმრობები და მრევლის ანტიდასავლური ინდოქტრინიზაცია, იგივე პოპულარულ-პოპულისტი მოძღვრების მიერ შეთქმულების გლობალური თეორიების ტირაჟირება და ა.შ.

2. რელიგია საშიშია; მინიმუმ საფრთხილოა. რელიგია შეიძლება სახელმწიფოს დამანგრეველი ტენდენციების გამტარად და ინსტრუმენტად იქცეს; საშიშია პოლიტიკოსების ზედმეტი ლოიალობა რელიგიური ინსტიტუტისადმი, მორჩილის ინსტიქტზე დაყრდნობით შემოგდებულმა 1-2 – მა სამართლებრივმა ლაფსუსმა, – მაგ. ‚რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფამ‘, – შეიძლება ცივილიზებული სამყაროს დროებით ან სამუდამოდ გამოგვამშიდობოს. რელიგიური მოტივის პოლიტიზირება რადიკალურად ცვლის სახელმწიფოს. ამის ნათელი მაგალითი ირანის 1979 წლის შიიტური რევოლუციაა. აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა წარსულთან იდენტიფიკაციამ; შაჰის მოწინააღმდეგეებმა ‚სისხლით'(ინით) შეიღებეს ხელები(სისხლის მოტივი!) და ამით ქერბალას ისტორიულ მოწამეებად ‚იქცნენ’…რელიგია დაბრუნდა ბატონებო, აქაა, აკრიფეთ Back of Religion 0,37 წამში მიიღებთ 315 000. 000 რეზულტატს ანუ მონაცემს. რელიგია „ბაკშია“, ჩვენს დღევანდელობაშია,  მაგრამ „სადაც კი სამართლებრივი კონტროლი მოსუსტებულია, ის ყველგან ძალადობრივ ფორმებს იღებს“ (Hans.G. Kippenberg).

3. რელიგია როლია, მორწმუნე წარსულის ხატს თამაშობს. სმე – ში მათი რიცხვი, ვისაც თავი მარკოზ ეფესელად წარმოუდგენია, ლეგეონია. ხოლო მთავარსარდალი რასაკვირველია, მოსედ აღიქმება…თუმცა მოსეს ამ შემთხვევაში მოსეობას ილია ჭავჭავაძე ეცილება და ის ‚მეორე ილიაა‘ და ა.შ. და სხვ. (იხ. როლის თაობაზედ: Hjalmar Sunden, Die Religion und die Rollen):

რელიგია საშიშია იმიტომ, რომ მასში ბევრი როლი და წარსულის თამაშია, მაგრამ ძალიან ცოტაა იუმორი.

4. რელიგია სტიქიაა; დიახაც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. შეიძლება წამებში ათასობით იმსხვერპლოს, შარშან თუ შარშანწინ მექაში 3.000 პილიგრიმი გაისრისა. მსგავსი უბედურება იქ ხშირად ტრიალებს, მაგრამ ეს აქ გვჭირდება ჩვენ მხოლოდ პარალელისთვის: გაიხსენეთ ბერ გაბრიელის საფლავზე და მერე მის ნეშტზე შექმნილი ჭედვა და მიწყვეტა… ჯარი რომ არა, ხალხი ალბათ ერთმანეთს გადაქელავდა… ეკლესია ამ შემთხვევაში უფრო რაციონალური აღმოჩნდა, ვიდრე მრევლის თუ მოწყალების მომლოდინეთა ბატალიონები… სტიქია ყოველთვის მოულოდნელია, დღეს, ჯერაც  ამ ლაიცისტური თურქეთის ცაზე ისლამისტური ღრუბლები იკრიბება და ხვალ რას იწვიმებს, რა ქარი ამოვარდება იქ, ოდენ ალლაჰმა უწყის!

5. რელიგია შედარებითია; რელიგიის ამ თვისებას კარგად ჩაწვდა ჩვენი ლიბერალური პუბლიცისტიკა და რელიგიის ჟურნალისტიკა. ამ ბოლო დღეებში კი შედარებათა აპოთეოზად მოგვევლინა ბექა ყორშიას გააზრება, დუო-ფოტო და მეტად საინტერესო, კომპარატისტულად მძაფრი დასკვნები.

ეგ რომ წაიკითხოს, იქნებ გულისგულში კიდეც გაუხარდეს ადრესატ გიგნაძეს? მთელი ისლამური ხალიფატის ძლიერ ლიდერს შეადარეს, დაასურათხატეს! ეს რასაკვირველია უკიდურესი ‚პატივია‘ და ძნელია, დაეთანხმო. მღვდელი გიგნაძე და ძმანი მისნი, მაგ. ისაკაძე ან კარელინი თავისი წარმატებული იმიჯით უფრო ახალპროტესტანტულ, ე.წ. ქარიზმატულ მქადაგებლებს (არანაკლებ კი – ვაჰაბიტებს!) მოგვაგონებენ და შესაძლებელია, მათზე უფრო მეტად კი – გლობალური გურუს ღვიძლი ძმებია. მართალია, გლობალური გურუ ინდოეთიდან, სხვა კულტურიდან ჩამოდის და დასავლეთში ათიათასობით მრევლს და ასიათასობით მომხრეს პოულობს, მაგრამ ეს არაა კომპარატისტიკისათვის პრობლემა. იგივე სხვა კულტურას თუ სუბკულტურას ეკუთვნის ბექასეული პოპულარული მქადაგებელიც. მან როგორღაც მოახერხა შეუძლებელი და ეს გამოჩნდა მისი დამოკიდებულებიდან კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ. არც მწერლობის, არც ქართული კულტურის, არც მეტაფორის და არც შემოქმედების კანონების სივრცეში მისი და მსგავსთა ცნობიერება არ შედის… შესაძლებელია, გლობალურ გურუს უფრო ესმოდეს ევროპული კულტურა, რადგან ზოგადად კულტურა, როგორც სახისმეტყველებითი ფენომენი, განათლებულმა ინდოელმა წესით უნდა  აღიქვას … რა გითხრათ, გარეგნულად მაინც ისე ძალიან ჩამოგავს მღვდელი გიგნაძე გურუ სრი სრი-ს, რომ ეს პარალელი დასაკარგად არ გვემეტება 🙂 თუმცა, სრი სრი გაცილებით კეთილმოაზროვნე, გონიერი კაცი ჩანს:

maxresdefault

ქართული კულტურისგან გაუცხოება ზოგადი მოვლენაა ქართულ ეკლესიაში და ჩვენი დაკვირვებით, მთავარი როლი ამ გაუცხოებაში რუსულმა სამოძღვრო ლიტერატურამ, კრებსითმა ‚ბრიანჩანინოვმა‘ შეასრულა. მათმა კითხვამ მრევლის ნაწილს რაღაც მანქურთული დაღი დაასვა….

6. გენეზისი; საიდან მოვიდა რელიგია? მოდით, გადავუხვიოთ ერთგვარად რელიგიადქცეულ ტრადიციულ გზას ანიმა-ტოტემისაკენ და რელიგიის აკვანი სხვაგან მოვძებნოთ.

რელიგია ღვთისა და ადამიანის დაშორიშორების შედეგია. კარლ ბართის სიტყვა რომ გარდავთქვათ, უღმერთობის გამოვლინებაა. შუამდინარული თუ ეგვიპტური რელიგია-მითოლოგიების უძველესი შრეები ერთხმად გვაუწყებენ, რომ ღმერთ(ნ)ი და კაც(ნ)ი აქ, ამ დედამიწაზე, თანაცხოვრობდნენ. კოექსისტენციალურობა და სამოთხური იდილია აქვე სუფევდა. ზეცისა და მიწის განწვალებამ მოიტანა რელიგიის საჭიროება. ღმერთი ცაში აღსაყდრდა. აი ამ ეგვიპტურ ნა-ხატზეა ზეცა დედუფალი, ქალღმერთი ნუტ, და მიწას კი მამრული გებ განასახიერებს. ზეცა რომ მიწაზე არ დაემხოს, სხვა ღვთაებებიც ეხმარებიან….მშვენიერი კონცეფციაა! ცა დიდი, მასიური ქალია, მიწა კი პატარა, მოკუნტული კაცუნა!p.Nut

ათასობით რელიგია, რელიგიური ორგანიზაცია, ეკლესია, სექტა, მიმდინარეობა, კონფესია, ჯამში რწმენის ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტებთან მიბმული მეწარმეები, პოლიტიკოსები და თვით მთავრობები ასიათასობით ტაძრებს, პაგოდებს, საყდრებს, ეკლესიებს, ზიქურათებს, მეჩეთებს, ფარდულებს, ჯინჯებს, სტუპებსა და სამყოფლებს უშენებენ, რომ ღმერთი ქვემოთ ჩამოიტყუონ;  ყველა რელიგიური ნაგებობა ერთ მიზანს ემსახურება: ბალღების დაგებული ჩიტსაცერაა. თუ მოტყუვდა და შეფრინდა, ბავშვივით გამოკრავენ თითს თოკს და დაიჭერენ 🙂 მერე აფართხალდება ღმერთი! აი ეს ფართხალია სწორედ რელიგიური ომები! 🙂 რასაკვირველია, მისტიკოსები და ასკეტები სხვანაირად სჯიან ტაძრის შესახებ: მე ჩემ თავს ვაქცევ წმინდა ტაძრად და ამით ჩამო-ვიზიდავო!

„აი რა კარგი, თვალმიმავალი სახლი აგიშენეთ ღმერთო, ჩამო რა! ავლაბრის სამება, მახათას სათორმეტო…ათასი ბიზანტიური, კოპიო დაგიდგით, – ახალი არქიტექტურის გვეშინია, – ჩამოდი სამებავ!“… გახსოვთ, სამების ტაძრის შენების ეროვნული ლაითმოტივი? დამთავრდება თუ არა,  სამაჩაბლო-აფხაზეთსაც მაშინვე დავიბრუნებთო! რელიგია ეროვნულ ნატვრას შეერწყა.

რელიგია უპასუხო თეორია და პრაქტიკაა. არავინ იცის, ვერავინ დაამტკიცებს, რომ ღმერთი ამ მთელ ღვთისმსახურებას და რელიგიურ პრაქტიკას, რიტუალს და წირვას ისმენდეს და იწონებდეს; პასუხს არავინ ელის. 

მაგრამ თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი. სამუელის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ის პირიქით, ჩვენ გვეძახის, მაგრამ არ ვპასუხობთ: ‚აქა ვარ!‘

‚ღმერთზე‘ რელიგიის მეცნიერება არ საუბრობს, საუბარი რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე და საქციელზეა. რასაკვირველია, ბოლო ფრაზების მიზანი ეპისტემე იყო, მორწმუნის ენაზე საუბრით რელიგიის სამყაროს კარს მივუკაკუნეთ.

რელიგია დღეს, აქ და ჩვენთან, ჩვენთვის გამოწვევაა. რელიგიამ ომი გამოგვიცხადა. რელიგიას უნდა რომ ყველაფერი, მთელი ცხოვრება და ფიქრი მოიცვას. მართლმადიდებლობა ყოვლისშთანმთქმელი, აბსორპციული მიზნებით ორგანიზებულად შემოგვესია. მას ყავს სარდლობა, ოფიცრობა და ‚ფეხოტა‘. ისინი ბევრნია და  ყველგან არიან: ტაძარში, პარლამენტში, მინისტრების თავებში, ‚საკონსტუტიციო შეთანხმებაში‘ და ბიუჯეტში…საზღვარგარეთაც კი ნადირობენ ემიგრანტებზე…რელიგია ანთროპოლოგიური მოვლენაა. მას ჩვენ ვჭირდებით, როგორც მასალა და საკვები.

რელიგიის სახით ის ჯინი ამოვუშვით, ჩვენვე რომ შეჭმას გვიპირებს. რელიგია ომში ჩაება, მისი მიზანი სრულიად საქართველოა. შესაძლებელია მან ჩვენ დასაპყრობად მანევრიც კი გამოიყენოს, როგორც ამ რამდენიმე წლის წინ მეზობელი ქვეყნის ჯარმა: ქართული ეროვნული დროშები ააფრიალა ტანკებზე და ისე შეიჭრა ქართულ სოფლებში!

ჩვენი მიზანია, მას დავუხვდეთ. ამოვიცნოთ და გავანეიტრალოთ. საბოლოოდ კი მას ეს ბოროტების გზა დავაგდებინოთ, კეთილი დავაჭერინოთ, მოვათვინიეროთ და თავისი ადგილი მივუჩინოთ. ეს ადგილი ცივილიზებულ სამყაროში პრივატსფეროა, რაც რელიგიის თავისუფლებაა. დაე ჰომო რელიგიოზუსმა, თუნდაც მე, საკრალურ რხევებს მიაპყროს ყური.

იყო კი ის ყველაფერი რელიგია, რაზეც ცოტა ზემოთ ვისაუბრეთ? რელიგია იწყება იქ, სადაც ანგარება მთავრდება. დროა, ამ გრავიტაციულ სა-ხარების ხანაში საკრალურმა რხევებმაც მოაღწიოს ჩვენამდე…

ჩვენ ვიღებთ რელიგიის გამოწვევას. ეს ბრძოლის ველია. აქ მარტო რელიგიის კრიტიკა საკმარისი არაა. მთავარი იარაღი რელიგიის წინააღმდეგ ესაა ისევ რელიგიის ცოდნა – რელიგია მეცნიერული რეფლექსიის მორევში უნდა მოთავსდეს. საამისოდ კი 2 რამ გვჭირდება: ინტერდისციპლინარული დარგი (=რელიგიოლოგია/Academic Study of Religion/’რელიგიის აკადემიური კვლევა‘) და + განათლების რწმენა.

ბევრი რამ უთქმელი დამრჩა, მაგრამ ‚აქა ვარ უფალო!‘

განათლდი, განათლდი ახალო საქართველოვ! ამინ!

ზელიმხან უძილაური, ვალენტინობა, 2016, საქართველო.

2 Gedanken zu „Ⴐელიგია ომში, აქ და დღეს…

  1. კარგი წერილია. საინტერესო და სასურველი იქნებოდა ანრი ბერგსონის თვალითაც შეგვეხედა დღევანდელი საქართველოს ,,რელიგიური ცხოვრებისათვის,,

    Liken

    • კარგი იდეაა ომარ, იქნებ შენ განახორციელო ეგ? პატარა მონახაზის სახით მაინც თავიდან. ზოგადად სიცოცხლის ფილოსოფიის პოზიციებიდან დილთეის ჩართვაც შეიძლებოდა…

      Liken

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s