ჰოლანდიური გოდსდინსთვეთენშაპ – ‚ღვთისმსახურების მეცნიერება‘

0. საგანმანათლებლო კანონი, როგორც წინაპირობა

ჰოლანდიაში ანუ ნიდერლანდებში რელიგიოლოგია, რასაც ტრადიციულად Godsdienstwetenschap ეწოდებოდა, ჯერ კიდევ 1860 წლიდან, საგნის დაფუძნებამდე წარმოადგენდა პროტესტანტულ-ლიბერალური თეოლოგიის ნაწილს 4 ქალაქის უნივერსიტეტში, ესენია: ლეიდენი, უტრეხტი, გრონინგენი და ამსტერდამი. დროის ამ მონაკვეთში ანუ 16 წლის განმავლობაში საუბარი არაა რელიგიოლოგიაზე, როგორც დამოუკიდებელ საგანზე, მაგრამ თვით თეოლოგიის ფარგლებში რელიგიოლოგიამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა და 1876 წელს ის უპრობლემოდ და მასიურად შედგა როგორც დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო დისციპლინა ზემოხსენებულ 4 ქალაქში.

რამ განაპირობა ასეთი სტარტი გარდა აკადემიური მზაობისა? თვით ინგლისშიც კი, სადაც ‚რელიგიის მეცნიერების‘ თეორიული საფუძვლები მომზადდა, კარგა ხანს დააყოვნა აკადემიურმა ინსტიტუციონალიზაციამ და ჰოლანდია რატომაა ამ მხრივ რელიგიოლოგიის ‚მექა და მედინა‘?

საქმე შემდეგშია: 1876 წელს ჰოლანდიაში მიიღეს კანონი ‚უმაღლესი განათლების დედა-არსის შესახებ'(Gesetzt für das höhere Bildungswesen), რომლის თანახმადაც უნივერსიტეტებში კონფესიონალური მიჯაჭვულობა გაუქმდა. ე.წ. ‚სახელმწიფო საგნები‘, როგორცაა მაგ. ძველი თუ ახალი აღთქმის კრიტიკული შტუდიები, ეკლესიის ისტორია, რელიგიის ზოგადი ისტორია, რელიგიის ფილოსოფია, – განთავისუფლდა ეკლესიური დაქვემდებარებისგან. თუმცაღა, ამით არც ეკლესია დაჩაგრულა, რადგანაც უშუალოდ საეკლესიო საგნები, როგორიცაა დოგმატიკა, პრაქტიკული თეოლოგია, – ისევ დარჩა ამა თუ იმ კონფესიური მიმდინარეობის განმგებლობაში(ასეთი მიმდინარეობა-კონფესია ჰოლანდიაში 4 იყო: ნიდერლანდების რეფორმატორული ეკლესია, არმინიანერები, ლუთერანები და მემონიტები). თეოლოგიური ფაკულტეტები გადავიდა უშუალოდ სახელმწიფო დაქვემდებარებაში, და რადგანაც ამ ფაკულტეტებს მიეკუთვნებოდნენ ასევე რელიგიოლოგიის პროფესორები, ამიტომ 1876 წელი ითვლება ჰოლანდიური რელიგიოლოგიის დაბადების, ემანსიპაციის და დამოუკიდებლობის თარიღად.

გარდა ამისა, ამ მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტი რეფორმის თანახმად, საეკლესიო ანუ დოგმატიკა-წირვის პროფესორები სახელმწიფო თეოლოგიური ფაკულტეტების საკიდად, კულონად(Anhängsel) იქცნენ. ეკლესიურ პროფესორებს მიენიჭა სახელმწიფო პროფესორებთან შედარებით დაბალი რანგი და ა.შ.

ამ ოქროს შუალედის საგანმანათლებლო ჰოლანდიურ სისტემას ეწოდებოდა duplex-ordo-System(იხ. Platvoet, Jan G.: Pluralism and Secularisation…2002…).

1. ჰოლანდიური რელიგიოლოგიის რაობა, ‚მამები‘ და ხასიათი

ჰოლანდიური რელიგიოლოგია ანუ რელიგიის კვლევა-შტუდიები და დედანში ‚ღვთისმსახურების მეცნიერება‘ ფაქტიურად იყო რელიგიის ფენომენოლოგია.

რა არის რელიგიის ფენომენოლოგია?

ა) ძირითადი პრინციპი: რელიგია როგორც ფენომენი, თავისთავადი გამოვლინება, თავისივე მოდგმისაა ანუ sui generis, და ეს ფონემენი კვლევის დროს სხვა კატეგორიებს არ უნდა დავუქვემდებაროთ…

ბ) რელიგიის ფენომენოლოგიის მთავარი მიზანი: რელიგიური ფენომენის გაგება, მის არსში, ბირთვში და დვრიტაში შეღწევა…

გ) ფილოსოფიური საფუძვლები – ‚რელიგიის ფენომენოლოგიის‘ გენეზისი ანუ წარმომავლობა: რასაკვირველია, ႰႴ ფილოსოფიური ჯილაგის ცნებაა და ამ თავდაპირველი გაგებით ნიშნავს: 1.სწავლებას გამოვლინებების(მოვლენების, მოჩვენებების შესახებ, იმის შესახებ, რაც ჩანს) ანუ ფაქტიურად აღქმის დაფიქსირებაა! 2. ადამიანური ცნობიერების საფეხურეობრივი განვითარების წარდგინებას ანუ განხილვას; 3. საერთოდ ზოგადი განვითარების ჩვენებას.

ცნობილია, მაგალითად, ჰეგელი თავის ‚გონის ფენომენოლოგიაში‘ წარმოადგენს ცნობიერების წინსვლას უბრალო შეგრძნებებიდან ბსოლუტურ ცოდნამდე და ცდილობს ამ წინსვლის კანონზომიერება და აუცილებლობა დაასაბუთოს, როგორც აბსოლუტური გონის სწრაფვა თავისთავისკენ და ა.შ.

ფენომენოლოგიის გასაგებად გარდა ჰეგელისა, მნიშვნელოვანია ედმუნდ ჰუსერლის(1859-1938), ვილჰელმ დილთაის(1833-1911) და კარლ იასპერსის(1883-1967) გავლენა და ლექტურა.

დ) ის ძირითადი მეთოდოლოგია, რაც ფენომენოლოგიაში დაინერგა: საუბარია 2 მთავარ მეთოდოლოგიურ პრინციპზე: Epoché და ეიდეტური რედუქცია. ‚ეპოხე‘ გულისხმობს საკუთარი განაჩენისგან, კერძო მოსაზრებისგან (მსჯავრისგან) თავშეკავებას, კერძო რწმენისგან დამოუკიდებლობას, ხოლო ეიდეტური რედუქცია გულისხმობს მოვლენის, გამოვლინების ანუ ფენომენის არსში წვდომას. გარეშე მოვლენებისგან დამოუკიდებელ ‚სახეობრივ უკუხედვას‘. პირველი უზრუნველყოფს კვლევის ობიექტურობას(ინტუიტურობის გამოურიცხავად) მეორე – სიღრმისეულობას, კომპეტენტურობას და მრავალფეროვნებას. ეს ორლესული, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი მეთოდი წესით ორმაგი წარმატების საწინდარი უნდა შეიქნას: ერთმხრივ სუბიექტურ განსჯას აგვარიდოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტუიტური გაგება უნდა შენარჩუნდეს. ხოლო მეორესმხრივ ეიდეტური რედუქციის ანუ სახეობრივი უკუხედვის გზით (ევოლუციონისტური გაგების გარეშე) რელიგიის არსში წვდომა შეგვაძლებინოს!

საინტერესოა შემდეგი გარემოება: თუმცაღა ფილოსოფიური და რელიგიის ფენომენოლოგია გვერდისგვერდ ვითარდებოდნენ და ფილოსოფიურის გავლენაც იკითხება რელიგიის ფენომენოლოგიის განვითარებაში, მაგრამ თავიდან ფილოსოფიური ფენომენოლოგიისგან რელიგიის ფენომენოლოგია, თუ ჰეგელს არ ჩავთვლით, ქრონოლოგიურ-გენეტიკურად დავალებული არაა, რადგან ‚რელიგიის ფენომენოლოგია‘ აკადემიურ ასპარეზზე ჯერ კიდევ 1887 წელს გამოჩნდა. ამ წელს გამოშვებულ სახელმძღვანელოში ამსტერდამელმა პროფესორმა, სახელად – Pierre Daniel Chantepie de la Saussaye(1842-1920), მთელი თავი მიუძღვნა რელიგიის ფენომენოლოგიას. აღსანიშნავია, რომ თავისი ონუმენტური შრომა გერმანულად გამოსცა. ორტომეული Lehrbuch der Religionsgeschichte, პირველი გერმანულენოვანი სახელმძღვანელოა, რაც ავტორისგან კიდევ რამდენჯერმე გადამუშავდა და გამოიცა. სოსიე რელიგიის ფენომენოლოგიის მამაა და ზოგიერთი მოსაზრების თანახმად ფრიდრიხ მაქს მიულერთან და კორნელიუს პეტერ თილესთან ერთად ინაწილებს ზოგადად საგნის ანუ რელიგიოლოგიის(=Religious Studies) მამობასაც. სოსიეს დამსახურებანი: ის აღწერს ფენომენებს, ახდენს მათ კლასიფიკაციას, მისი მიდგომა შუალედურია: თუმცა ის თეოლოგიისა და რელიგიოლოგიის(რის აღსანიშნავადაც ის, გარდა ჰოლანდიურისა, იყენებს მაშინდელ საერთაშორისო ტერმინსაც- Science of Religion) ერთმანეთისგან აკადემიურად მკაცრი გამიჯვნის მომხრეა, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის იქონიოს ‚თეოლოგიური‘ შეხედულება, რომ Eigentlich hat die Religion nur ein einzieges Objekt: den lebendigen Gott, der sich allen Völkern als einzig wirklichen Gott bezeugt… – ‚რელიგია მხოლოდ ეთადერთ ობიექტს იცნობს – ესაა ცხოველი ღმერთი, ვინც ყველა ხალხში აჩვენებს თავს, როგორც ერთადაერთი ნამდვილი ღმერთი“…

სოსიეს წიგნს რომ გადავხედოთ, აშკარად დავინახავთ ავტორის ორიენტაციას: ისტორიის ფილოსოფია. ის რელიგიოლოგიის საფუძველს ისტორიის ფილოსოფიაში, ისტორიის აზრში ხედავს, მაგრამ იგი ფილოსოფიურ წიაღსვლებს არ აკეთებს. როცა ის რელიგიის ფილოსოფიაზე საუბრობს გულისხმობს არა ფილოსოფიურ დისციპლინას, არამედ რელიგიის აზრს, მნიშვნელობას და საერთოდ რელიგიის არსებობის პირობას. მსგავსია ედვარდ ტეილორის ლექსიკური სტილიც. სოსიესთვის დამახასიათებელია რელიგიური ფენომენების არადოგმატიკური აღწერები, რიტუალზე კონცენტრირება. ფენომენოლოგიის მამა მიზნად ისახავს რელიგიის მრავალფეროვნების კატალოგიზირებას, ტერმინოლოგიურ გამართვას და ა.შ. იხ. წყაროები: – პოპულარული ვერსია წყაროებს და სქოლიოებს არ საჭიროებს! 🙂

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

2. სხვა მნიშვნელოვანი კლასიკოსები:

ლიბერალი პროტესტანტი თეოლოგი, ვინც ქრონიონით წინაც კი უსწრებდა ‚მამას‘, ასევე მამა, რადგან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რელიგიოლოგიის დაარსებაში, – მაგრამ საკუთარი ფენომონოლოგიური პარადიგმა მან დაგვიანებით ჩამოაყალიბა, – გახლავთ Cornelius Petrus Tiele(1830-1902). ის 1877 წელს იღებს ლეიდენში ახლადდაარსებულ კათედრას History of Religions and Philosophy of Religion. ანტიკურ-ახლოაღმოსავლურ რელიგიებს შეისწავლიდა; მისთვის რელიგია იყო „Disposition of the heart“. ანუ გულის მდგომარეობა, მიმღებლობა, გამოყენება და ეს ყველაფერი ერთად ?????!!!!!

ამ კლასიკოსის უკვდავი ქმნილებაა Outlines of the History of Religions, to the Universal Religion, 1877, გერმანულადაც გამოიცა როგორც რელიგიის ისტორიის კომპენდიუმი(1880). ეს წიგნი 6-ჯერ გამოიცა, 1930 წლამდე აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებას ეწეოდა და დღესაც დამოწმებადია.

თავისი ფენომენოლოგიური თვალსაზრისების სისტემატიზაციისთვის თილემ მოგვიანებით მოიცალა. ე.წ. ჟიფორდის ლექტურაში(Gifford-Lectures), 1896-98 წწ. Elements of the Science of Religion, სადაც ის განასხვავებს: 1. რელიგიური განვითარებების, ცვლილებების მორფოლოგიურ კვლევას, 2. ონტოლოგიას ანუ იმის კვლევას, რაც უცვლელია და მარადიულად თავისთავადია, თავის თავში უცვლელია.

თილე რელიგიების განვითარების, ევოლუციის თეორეტიკოსი გახლდათ, მაგრამ ის მოითხოვდა, რომ ის არსებითი, არც ამა თუ იმ რელიგიაში და ზოგადად რელიგიაში უცვლელია, განგვესხვავებინა იმისგან, რაც დროთა ცვალებადობას, ტრანსფორმაციას და ფერისცვალებას ექვემდებარება.

William Brede Kristensen (1867-1953), ბრედე კრისტენსენმა ოსლოში დაიცვა დისერტაცია, მაგრამ ჰოლანდიის მოქალაქეობა მიიღო და ამიტომ ჩაირიცხა ჰოლანდიელ რელიგიოლოგთა კლასიკოსებში. ბრდე კრისტენსენის ბრენდი: დაფარული რელიგიური აზრის შინაარსის ძიება. – რელიგიური ფენომენის აზრობრივი შინა-არსის გაგება. ის რელიგიის ყოველგვარ ევოლუციურ განვითარებას უარყოფდა და ამის გამო მას აჰისტორიულობას აბრალებენ. მან გამოზარდა, მისი მოწაფე გახლდათ მსოფლიოს თუ არა, ჰოლანდიის ყველაზე დიდი ფენომენოლოგი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

3.ჰოლანდიური ფენომენოლოგიის მწვერვალი

ჰოლანდიური და ზოგადად რელიგიის ფენომენოლოგიის მწვერვალია ვან დერ ლეუვის ‚რელიგიის ფენომენოლოგია‘, გერმ.: Phänomenologie der Religion.

Gerardus van der Leeuw(1890-1950), სტუდენტობისას შეისწავლიდა ჰოლანდიურ-რეფორმატორულ თეოლოგიას, ეგვიპტოლოგიას და რელიგიის ზოგად ისტორიას. – ეს კომბინაციური სწავლების მეთოდიკაა. [დასავლურ უნივერსიტეტებში, არა მხოლოდ რამდენიმე საგანს სწავლობ, არამედ 2-3 სპეციალობას იძენ…] მან დაიცვა დისერტაცია სახელწოდებით Godsvorstellungen in de oud-Aegyptischen piramidentexten. 1918 წლიდან ჩაიბარებს ის გრონინგენში ‚რელიგიის ისტორიის, ღვთის მოძღვრების ისტორიის და თეოლოგიური ენციკლოპედიის‘ კათედრას. ეს კათედრა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იწოდა როგორც ‚რელიგიის ფენომენოლოგიის‘ კათედრა. ლეუვის(ზოგჯერ წარმოთქვამენ: ‚ლეუ‘, ან ‚ლოოვ‘) კვლევის არეალი ფართოა, იგი წერდა პირამიდების, ბერძნული მითოლოგიის შესახებ, რელიგიისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულებაზე; ლიტურგიკა, ანთროპოლოგია; ბახის მუსიკალურ ნაწარმოებებზე, ნიდერლანდების თანამედროვე კულტურაზეც წერდა… მან არაერთი თხზულება თავიდანვე გერმანულად შექმნა, მათ შორის მონოგრაფიული, უკვდავი ‚რელიგიის ფენომენოლოგია‘, 1925, მე-4, შევსებული გამოცემა – 1956.

ლეუვის ამ თხზულებაში სხვათა შორის თვალნათლივ ჩანს ფილოსოფიური ფენომენოლოგიის გავლენებიც, ზემოხსენებული დიდი ფილოსოფოსების თეორიათა ანარეკლია ათვისებული.

ლეუვის ფენომენოლოგიის ძირითადი თავისებურება: მან ნათელი, ჩამოყალიბებული მეთოდოლოგია განავითარა, გადმოსცა და დაამკვიდრა. ფენომენოლოგია საუბარია იმაზე, რაც თავს აჩვენენებს: Reden über das, was sich zeigt. ფენომენოლოგია რელიგიური ფენომენის 6-7 საფეხუროვანი შემეცნებაა:

1. სახელის დარქმევა. ამ დროს ფენომენი ფიქსირდება და კლასიფიცირდება, მაგ. როგორც ‚მსხვერპლი‘, ‚განწმენდა‘, ‚ლოცვა‘, ‚მესია’… ეს გარკვეული ადამისტური საქმიანობაა, სახელდება და ა.შ.

2. რელიგიური ფენომენის ჩვენში შემოტანა, საკუთარ ცხოვრებაში ჩართვა. ინტუიციის ამოქმედება; ეს არაა თვითნებობა, რადგან ‚სინამდვილე‘ ყოველთვის „ჩემი სინამდვილე“ უნდა იყოს, მეთოდურად უნდა განვიცადოთ. აქ იმოწმებს დილთაის, ‚სტრუქტურულ ურთიერთდამოკიდებულების განცდას“.

3. დისტანცია. ჩაერთვის Epoché. ამ დროს ეს ფენომენი გვერდზე უნდა გადავდოთ, უფრო სწორად ამ ფენომენისადმი ჩვენეული მიდგომა და ის გავიგოთ, რაც თავს აჩვენებს და არა ის, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს ანუ რაც შესაძლებელია ჩვენ გვეჩვენებოდეს;

4. მეოთხე პროცედურა მოიცავს ჩვენებულის, გამო-ჩენილის ახსნას; ესაა ძალზე მოკლედ, ფენომენის Klärung, გასაჩინოება.

5. ეს საფეხური წინა საფეხურების შეჯამების გზით ფენომენის საბოლოო გაგებას უდრის;

6. ბოლოსწინაა თავ-ჩვენებადის აღწერა, ქაოტურ სინამდვილესთან (მსგავსი ფენომენების ინფორმაციის ზღვასთან) კონფრონტაცია;

7. ‚მოწმობის'(Zeugnis) წარდგინება ანუ ფენომენოლოგიური ნაშრომის ენობრივი, წერილობითი ფორმირება, მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა … ამ ბოლო ‚განსაცდელის‘ ჟამს ყველა სხვა, პრობლემა, რაც კი გამოჩნდება, უარიყოფა… და აქ ამბობს ლეუვ იმ ისტორიულ ფრაზას, რაც მისი აქილევსის ქუსლიცაა და სისწრაფეც: ‚ისტორიულ განვითარებას რელიგია არ იცნობს!‘ ….და ‚დასაბამს უფრო ნაკლებად იცნობს’…

რელიგიის ამ დიდი მკვლევარის თანახმად, ფენომენოლოგიის უმაღლესი მიზანია, რომ ყოველგვარი არა-ფენომენოლოგიური მიდგომისგან (სოციალური თუ ფსიქოლოგიური წაკულაკისგან) მუდმივად განთავისუფლდეს და კვლავინდებურად მოიპოვოს თავის უმაღლესი, თავისუფალი მდგომარეობა… ეს საფეხუროვანი, იერარქიულ/გრადაციული მიდგომა მისთვის რელიგიის სწორი, ადეკვატური და, ამდენად, ფენომენოლოგიური კვლევის გარანტიაა!…

კრიტიკა ლეუვის მისამართით:

ლეუვს ბრალად ედება რწმენითი პოზიციებიდან ჭვრეტა, აჰისტორიულობა, თეოლოგიურობა-არაემპირიულობა და მსგავსი, თუმცა ის არაერთგზის ემიჯნებნა, თეოლოგიურ, მორწმუნის პოზიციებს და ამბობს: „ღმერთი ფენომენოლოგიაში არც სუბიექტია, არც ობიექტი, ის მხოლოდ ფენომენია ანუ ის, რაც თავს აჩვენებს“, წარმოადგენს, ცხადდება…

van-der-leeuw-schilderij

შენიშვნები, დამატებები…

საბოლოოდ რელიგიის ფენომენოლოგია ძირითადად 3 მიმართულებით განვითარდა:

1. დესკრიპტიული, რომელიც რელიგიური ფენომენების აღწერაზე და სისტემატიზაციაზეა ორიენტირებული;

2. ტიპოლოგიური, რომელიც რელიგიის ტიპოლოგიზაციას ემსახურება და შემდეგ რელიგიის სხვადასხვა ტიპებს იკვლევს;

3. საკუთრივ ფენომენოლოგიური, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომელიც რელიგიური ფენომენების აზრს, სტრუქტურას და არსს იკვლევს….

ამრიგად, სახეზეა ამ რელიგიოლოგიური მიმართულების ანუ რელიგიის ფენომენოლოგიის მრავალფეროვნულობა და დისპარიტეტულობა.

ფენომენოლოგიის არანაკლებ ცნობილი და ამავე დროს ბოლო დროის კლასიკოს-თეორეტიკოსია Claas Joiuco Bleeker(1898-1983). შვედ რელიგიოლოგ გეო ვიდენგრენთან ერთად მან გამოსცა HISTORIA RELIGIONUM…

3 ახალი სიტყვა იყო ფენომენის მისებური კლასიფიკაცია: 1. Theoria, 2. Logos, 3. entelechia… თეორია არსზეა ორიენტირებული, რელიგიური ფენომენის მნიშვნელობას ამხსნელია. ლოგოსი სხვადასხვა რელიგიების სტრუქტურებში შედის; ხოლო entelechia რელიგიური ფენომენების ცვლილება-განვითარებაზეა აქცენტუირებული…

ავტორი ლაკონური რელაციისა (თეოლოგები რელიგიური, ხოლო რელიგიოლოგები რელიგიურის სპეციალისტებიაო), ჰანს იურგენ გრეშატი ასკვნის, რომ რელიგიის თეორია, რელიგიის(რელიგიების) შედარება და რელიგიის ფენომენოლოგია სამი გზაა სისტემატური რელიგიოლოგიისკენ….

ციტატა – რელიგიის ლეუვისეული განმარტება:

‚ძალის ცნება არის vox media წმინდა სუბსტანციასა და ღმერთს შორის, ძალისგან ავსებული საგნები და ადამიანები ფლობენ თავისთავში იმ არსს, რასაც ჩვენ წმინდას ვეძახით; ებრაულად ჩემი ხელის ელი ნიშნავს ჩემი ხელის ძალას და ღმერთსაც ელი ეწოდება…‘

გაგრძელება იქნება!

30.04. 15., სეიდაბადი.

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s