რელიგიის არსი და ფუნქცია

შესავალი
(ნაშრომის მიზანი და ხასიათი)

კაცობრიობის ისტორია მაგიისა და რელიგიის, მათი მონაცვლეობის, თანაარსებობისა და ტრანსფორმაციების გარეშე წარმოუდგენელია. რელიგია, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან აკადემიური, საუნივერსიტეტო შესწავლის საგნად იქცა, ადამიანური მოღვაწეობის, ზოგადკაცობრიული კულტურის განსაკუთრებული სფეროა: სათუთი, მრავალგანზომილებიანი, მზარდი, კლებადი, მოულოდნელობებით, შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე, ცვალებადი და ზოგჯერ კვდომადიც…

რელიგიას თვითონ რელიგიები როგორც წესი, გამოცხადების პროდუქტად, „ღვთის სიტყვად“ და მისივე ნების გამომხატველ რწმენით სისტემად წარმოგვიდგენენ. ამ ნაშრომის მიზანი არაა ამგვარი თვითწარმოდგენების შეჯამება და ანალიზი. ნაშრომი არაა თეოლოგიური ხასიათის და იგი არცერთი რელიგიის ინტერესებს არ ემსახურება.

ჩვენი მიზანია ამ ნაშრომში რელიგიის მეცნიერების (Religionswissenschaft, religious studies) ემპირიულ-დესკრიპტიული მეთოდოლოგიის ბაზაზე და ამავე მეცნიერების მონაცემებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ როგორც რელიგიის განსაზღვრების ისტორიული გზა, ასევე თანამედროვე კვლევების მონაცემები, პრობლემატიკა, აპორიები და ინტერნაციონული, ინტერდისციპლინარული კვლევების ოპტიმალური შეჯამების გზით რელიგიის ნამდვილი მეცნიერული კონსტრუქცია წარმოვადგინოთ; თავიდანვე უნდა ითქვას, – და ეს ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, – რელიგიის ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, რელიგია ესაა დისკურსი და „ღია კონცეფცია .“

რელიგიის დეფინიცია ანუ განსაზღვრება თავისი მეცნიერული სტილით ორნაირია: სუბსტანციონალისტური და ფუნქციონალისტური. სუბსტანციონალისტები ცდილობენ რელიგიის სუბსტანციის ანუ არსის განსაზღვრას, ხოლო ფუნქციონალისტები რელიგიის ფუნქციაზე ამახვილებენ ყურადღებას. რელიგიის არსზე ფიქრი ნიშნავს იმაზე ფიქრს, თუ რა არის რელიგია, ხოლო ფუნქციაზე ფიქრი კი რელიგიის ფუნქციაზე, დანიშნულებაზე ფიქრს.
ყველაზე ტიპიური, ასე ვთქვათ საბაზო სუბსტანციონალისტური განმარტება ცნობილია, როგორც Belief in spiritual beings და ყველა დანარჩენი მეტ-ნაკლებად ამ განსაზღვრებისგანაა დავალებული

რელიგიის №1 ფუნქციონალისტური განსაზღვრება უკავშირდება რელიგიის ინტეგრაციულ ფუნქციას. – „რელიგიას ეკისრება პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრირება“.
ამრიგად, რელიგია ორსახოვანია: რელიგია არის… რელიგია იქმს…

საყოველთაოდ ცნობილია და აკადემიურ სფეროს გასცდა რელიგიის არაერთი განსაზღვრება, განსაზღვრების ანუ დეფინიციის მეტ-ნაკლებად წარმატებული არაერთი მცდელობა ჰუმანიტარული მეცნიერებების, მაგ. ფილოსოფიის, სოციოლოგიის თუ ფსიქოლოგიის ცნობილი კლასიკოსების მიერ მთელი განათლებული კაცობრიობისთვის დატოვებული და ლამის ანდრეზებად ქცეული ფორმულირებები.

რასაკვირველია, კონკრეტული ანუ ისტორიული რელიგიების მიმოხილვა ჩვენი მეცნიერული ნაშრომის ფარგლებს და მიზანდასახულებას სცდება და ‘დიდი’, ‘მსოფლიო’, ‘ავტოხთონური’, ‘სეკულარული’ თუ ‘სამოქალაქო’ რელიგიები გვჭირდება იმდენად, რამდენადაც ისინი ცოცხალ რელიგიურ სამყაროს ქმნიან და ზოგადაამიანური რელიგიის სხვადასხვა ასპექტს თუ დეტალს წარმოაჩენენ. ჩვენი ინტერესის საგანია რელიგია მხოლობითში ანუ ‘აბსტრაქტული’ რელიგია. რელიგიურობის თანამედროვე, უხილავი თუ ხილული ფორმები. ურელიგიო საზოგადოება კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. თვით რელიგიის გაუქმების ყოველგვარი მცდელობაც კი ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ამ რეჟიმებს ახალ რელიგიად აყალიბებდა . ამიტომ შეიძლება განვიხილოთ რელიგია, როგორც ზოგადადამიანური თვისება, თანდაყოლილი უნარი თუ ინსტიქტი, ადამიანური ეგზისტენციისა და კულტურის, ადამიანადყოფნის განუყოფელი ნაწილი.

რატომ დაისვა კითხვა შემდეგნაირად: რა არის რელიგიის არსი და ფუნქცია?
და არა: რა არის რელიგია? „რა არის რელიგია?“ – ეს გაცილებით დიდი კითხვაა. ამის პასუხი იქნებოდა თითქმის ყველაფერზე პასუხი.

ყველაფერზე პასუხი ზოგჯერ არაფერზე პასუხია, ამიტომ ვირჩევთ ზომიერ კითხვას; გავშლით მას, ზუსტად ჩამოვაყალიბებთ: რა არის რელიგიის არსი ანუ სუბსტანცია ადამიანთან მიმართებაში? რა ფუნქცია ეკისრება რელიგიას ადამიანის ცხოვრებაში, საზოგადოებაში, ადამიანის გაადამიანებაში და ადამიანადყოფნაში?

Religion_collage_(large)რელიგიის გზით ადამიანი საკუთარი ბიოლოგიური არსის ტრანსცენდირებას ახდენს.

რელიგია კოლექტიური ინტერაქციის ფორმაა.

რელიგია ულტიმური კონცერნია, ყველას ეხება.

რელიგია დაბრუნდა და სადაც კი სამართლებრივი კონტროლი მოსუსტებულია, ყველგან ძალადობრივ ფორმებს იღებს.

რელიგია – ესაა ფენომენი, მოვლენა, რომელიც სოციალური, კოგნიტიური და ჰაბიტუალური არანჟირების გზით რეზულტირებს.

რასაკვირველია, გარკვეულწილად რელიგიიის არსისა და ფუნქციის ძირითადი პარამეტრების დადგენა პასუხიცაა იმაზე, თუ რა არის რელიგია და რა არ არის.

რელიგიის განსაზღვრების დროს სხვადასხვა ავტორი თავისი ტემპერამენტის, კულტურული წიაღის, რელიგიურობა-არარელიგიურობის, პროფესიის და სულიერი თავგადასავლის მიერაა შთაგონებული და გონებრივად შეიარაღებული. და ბუნებრივია ის მრავალფეროვნებაც, რაც თავიდანვე, თუნდაც ზედაპირული მიმოხილვის დროსაც თვალშისაცემია.

რელიგია არის „სწრაფვა უსარულობისაკენ“ ან „უსასრულოს ჭვრეტა და განცდა“ ; ან „ის, რასაც კაცად-კაცადი თავისი მარტოობისგან ქმნის“ ; რელიგია მხოლოდ თავისივე თავით უნდა აიხსნებოდეს, ის თავისთავადი მოდგმისაა ანუ უმიზეზო sui generis ; რელიგია არის ნუმინოზური, საშიში და უკარება noli me tangere – „ნუ შემომეხები მე“(იოანე, 20,17). რელიგია არის პირისპირ შეყრა წმინდა სინამდვილესთან .

ეს პრორელიგიური, მაგრამ მაინც არარელიგიური განსაზღვრებებია. ამჯერად რელიგიის ანტირელიგიურ კონცეფცია-განსაზღვრებებზე არ შევჩერდებით, მაგრამ ერთი სიტყვით რომ ითქვას, ამ მიმართებით „ოპიუმი“ და „კოლექტიური ნევროზი“ კვლავაც ლიდერობს.
რელიგიის კრიტიკა ჩვენ სფეროს არ მიეკუთვნება, ფილოსოფიის ერთ-ერთი სუბდისციპლინაა, მაგრამ სრული სურათის შესაქმნელად ერთ-ერთ ქვესათაურში რელიგიის კრიტიკასაც დავუთმობთ ადგილს, უფრო სწორად, იმ შეხედულებებს, რომლებიც რელიგიის კრიტიკისათვისაა ნიშანდობლივი.

რელიგიის რელიგიურ განმარტებებს შეიძლება თვითონ ე.წ. წმინდა წიგნებში წავაწყდეთ. რელიგია ახალი აღთქმისეულ იაკობის ეპისტოლეში ღვთისმოსაობას და გულმოწყალებას ერწყმის: „წმინდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისგან“(იაკ.1.27).

ჩვენი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რელიგია, რელიგიის პრაქტიცირება უკავშირდება ნებისყოფას. რელიგია სიმტკიცეა, რაც კარგად ჩანს მეორე იაკობის ანუ პირველი ქართველი ავტორის მოწოდებაში: „მტკი…!“ რელიგია, რელიგიის მიმდევრობა მტკიცედ დგომაა, შეუპოვრობა, რაც ცხადდება  სახარებისეულ იგავშიც მთესვარის შესახებ. ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე, დისკრიმინირებული ქართველი ბერების მოწოდებაში : „დექით მტკიცედ და შეურყევლად“. თუ პოსტულატად მივიღებთ რელიგიურ აქსიომას, რომ რწმენა მთებს შეარყევს, მაშინ ცხადია, რომ შეუორგულებელი რწმენა რელიგიის ძირითად მოცემულობად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველივე ეს, რასაკვირველია, რელიგიური წარმოდგენის მიხედვით.

საერთოდ, „რელიგია“, როგორც ზოგადად რწმენითი სისტემების გამომხატველი სიტყვა, ნეოლოგიზმია და გვიანდელი, ე.წ. „ახალი ეპოქის“ პირმშოა . „რელიგია“, გარდა ქრისტიანულისა, ყველა რელიგიისათვის უცხოა. „რელიგია“ რელიგიებში სხვადასხვა სინონიმით ჩანაცვლდება, როგორიცაა მაგ. „რწმენა“,  „მსახურება“, „გზა“, „რჯული“ და მსგ.

* * *

ეს იყო მომავალი სამაგისტრო კურსის მცირე მონახაზი. თუ დაგაინტერესათ, მაშინ ფეისბუკზე, პირადში მომწერეთ.

იხ.ქვემოთ, სატელივიზიო გამოსვლა მნათეუსთან, სადაც იგივე თემას ვუტრიალებ.

რასაკვირველია, აქ მეცნიერულად გამართულ ვერსიას არ ვაქვეყნებ, იგი სხვა ფორმატს საჭიროებს.

 

 

w001

 

მსოფლიოს 253 ქვეყანაში დაახლოებით 10.000 რელიგიას ითვლიან. ესაა მსოფლიოს რელიგიური რუკა…ამოიცანით თქვენი რელიგია? ყველა ერთად ვლოცულობთ, არა? 🙂

 

 

 

აქ შეგიძლიათ თქვენი აზრებიც ჩაამატოთ. ჯერ 1-2 წიგნი გადაშალეთ რელიგიაზე და მერე სცადეთ აბა! 🙂

 

 

10154376_609057545838420_2054984287_n

 

p.s. ნეტავ ჩიტუნიებსაც  თუ აქვთ რელიგია ანუ cultus deorum? ვინ შექმნა ისინი ასე მშვენიერი და სათნო, მხოლოდ ევოლუციამ? 🙂

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s