„შარია!“ ანუ რელიგიური დამსგავსება!

რელიგიის და რელიგიურობის თემებზე მეტ-ნაკლები ინტენსივობით 90- იანი წლებიდან ვწერ და ვფიქრობ. აი გამოქვეყნებისა კი რა მოგახსენოთ. თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია! არაერთხელ მსმენია გაზეთის რედაქტორისგან: „შარია!“ და ჩემი ტკივილიანი წერილი უკან მიმიღია. ჩემი არგუმენტი: „მე ეკლესიას და პატრიარქს კი არ ვებრძვი, არამედ ფანატიზმს და უსახურებას!“ და მსგავსები მაინცდამინც არ ჭრიდა! „მაინც შარია!“ … მომიცვივდნენ! – ეს მეორე გამოქვეყნების მცდელობისას მესმოდა იმავე გაზეთში, სადაც ერთხელ უკვე პატივი დამდეს, როგორიც იყო მაგ. მაშინდელი „საქართველოს რესპუბლიკა“ ან „ახალგაზრდა ივერიელი“… „შარია!“, მაგრამ რედაქტორები გულმოწყალედ მანუგეშებდნენ, რომ ჩემი ხედვა გაზვიადებული იყო, რომ ახალგაზრდობა ცივილიზაციის გზით წავიდოდა, რომ ქართველი ბუნებით დარდიმანდია და ფანატიკური რწმენა უბრალოდ ჩვენ გენებში არ ზის და ვინ მოთვლის…

კარგით-მეთქი, დავამთავრე სასაკადემია და წავედი ჩემი გზით. მე კი ჩემი დამემართა და თუ თქვენ სოფელს ანუ ცივილიზებულ საქართველოს ასე ანუ ამ პრობლემაზე თვალის მოხუჭვით ააშენებთ, მაგასაც ვნახავთო, ვფიქრობდი გუნებაში! ისე აგიხდეთ ყველაფერი!

რასაკვირველია, ჩემი წერილები მაშინ ფსევდონიმით ქვეყნდებოდა, აკადემიიდან გარიცხვის კანდიდატი ისედაც ვიყავი, მაგრამ პატრიარქთან ძველი ნამუშევრობა მშველიდა. სხვათაშორის, 1991 წელს სასაკადემიაში კრება ჩატარდა, პატრიარქმა ეკუმენისტური პოზიციები დაიცვა და ეკუმენიზმის ერთ-ერთ დამხმარე არგუმენტად ჩემი რის ვაი-ვაგლახით გამოქვეყნებული წერილიც – „ცოტა რამ ეკუმენიზმზე“ მოიტანა.

ეკლესიურმა ობსკურანტიზმმა, რომლის ძირითადი ნიშანი იზოლაციონიზმი (ანტიეკუმენიზმი) იყო, 90-იანი წლების დასაწყისისათვის სასაკადემიის შინაინკუბაციის პერიოდი გაიარა და როგორც ‘ჭეშმარიტი მართლმადიდებლური აღმსარებლობა’ სრულიად საქართველოს მოედო. მთელი ეს „მოძღვრება“ მართლაც რომ ჩემ თვალწინ ჩაისახა და იშვა როგორც ბუკვალური მოწაფის ანუ ‘თალიბანის’ შემოქმედება.

…იმ მრუმე ჟამს რამდენიმე სასაკადემიელმა გადავწყვიტეთ, ქვეყნის სამომავლო საფრთხე გამოჩენილი გონებრივი სფეროსთვის გვეუწყებინა…არ დავმალავ, ჯერ სინოდის წევრებს მივმართეთ (ამ მიმართვაზეც ოდესმე ვისაუბრებ). პატრიარქისგანაც მივიღეთ აუდენცია, თითქოს გაგვიგეს და თანაგვიგრძნეს, მაგრამ ეტყობა ფანატიზმის შავი ურჩხული მღვდელმთავრებსაც აშინებდა, რაც შემდგომ წლებში არაერთ სინოდალურ დათმობებში(მაგ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა, მოუნათლავი ყრმების ჯოჯოხეთში გაგზავნა და მსგ.) გამოიხატა. აი გონებრივი სფეროდან(არ მინდა „ინტელიგენცია“) კი სრული გაგებით მხოლოდ აკაკი ბაქრაძე შეგვხვდა. მას ბოლომდე ჰქონდა გააზრებული ობსკურანტიზმის საფრთხე… სხვამ კი, ერთმა ცნობილმა მწერალმა მისი შვილის, ამავე დროს ჩვენი მეგობრის გზით გაიცნო ერთი ჩვენი შეშფოთებული წერილი და ბრძანა თურმე: „ვერ გავიგე, ამ ყმაწვილს რა აწუხებს?!“ … დაახლ. ერთი ათეული წლის შემდეგ ამ მწერალს მმკ -მ პროცესი მოუგო და მთელი შრომა, სახელმძღვანელო და ოპტიმიზმი წყალში ჩაუყარა… ამ ამბის მოყოლით ვინმეს კი არ ვსაყვედურობ, – პირველი განათლებით ფილოლოგი ვარ და კარგად მესმის, ბატონ რევაზ თვარაძის ფასი და ლიტერატურული ღვაწლი, – არამედ იმის თქმა და ცხადყოფა მინდა, რომ რელიგიური სიბნელის დანახვას დრო დასჭირდა…მწერალი მამა-შვილი საფლავში წვანან ახლა, ხოლო მათ საფლავებს ზემოთ ანუ საქართველოში კი ისე ჩამობნელდა ამასობაში, რომ ერთმანეთსაც ვეღარ ვარჩევთ!

ახლა უკვე ბევრი ხედავს იმ სიბნელეს, ადრე ვინც არ მისმენდა და მერიდებოდა, როგორც ახირებულ კაცს. ბნელები ყველას კარამდე მივიდნენ, პირდაპირ თუ ირიბად… რამდენიმეს, მათგან, ვისაც ‘ფანატიზმი’ ჩემი ილუზია ეგონა, ამ ბოლო წლებში გავახსენდი, მომძებნა და რჩევას მეკითხება, რა ვქნათო? შენ მართალი იყავიო! მაგრამ რაღა დროსია? აკი გითხარით?…

თუ მაინც კიდევაა ხსნა რამეში, მაშინ ხსნა მხოლოდ ახსნაშია. მინიმუმ, ვიცოდეთ მაინც, რა ჯურის სიბნელეა. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ითქვას: ამ სიბნელის ჭვრეტა და გმობა არ დაწყებულა „თუთბერიძეების“ მიერ, როგორც ეკლესიურ ფოლკლორს სურს წარმოაჩინოს.

ამ ჩვენი უახლოესი 2 საუკუნის მიჯნაზე, როცა განსაკუთრებულად ხილვადი შეიქნა კონკორდატის ბაზაზე ეკლესიის მაკონტროლებელ-ძალოვან სტრუქტურად მუტირება, ჩვენი მეცნიერების, კულტურის და მწერლობის მართლაც რჩეულმა ნაწილმა ხმა აღიმაღლა და თეთრზე შავით და სათანადო კვალიფაკაციის დონეზე გვაცნობა მოახლოებული საფრთხის შესახებ.

დავიმოწებ რამდენიმე მათგანს 2001 წელს „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული კრებულიდან- ‘ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’. –

1.აკადემიკოსი ელენე მეტრეველი: „შეთანხმება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანთა უფლებების აღიარებულ საერთაშორისო დეკლარაციას და საზოგადოდ დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი შეთანხმება ზიანს მიაყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მდგარ საქართველოს“.

2. მწერალი ნაირა გელაშვილი: ,,შეთანხმების” მიღება იქნება საბედისწერო შეცდომა. ეს შეცდომა დააგვირგვინებს იმ კურსს, რომელმაც ვერ მოუტანა ბედნიერება ქვეყანას და დააგვირგვინებს შეცდომათა რიგს ეკლესიის მხრიდან“.

3. პროფესორი ზურაბ კიკნაძე: „შეთანხმება კიდევ უფრო გაააქტიურებს იმ „გენეტიკურ მართლმადიდებლებს“, რომელთაც სარწმუნოებრივი უმეცრების გამო მართალი სარწმუნიების დაცვა აგრესიული ქმედებების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. შეთანხმება გახდება დამატებითი ლეგიტიმური წყარო უკუღმართად გაგებული „რჯულის კანონის“ გვერდით, ფსევდომართლმადიდებლური ამპარტავნებისა, რომლის თესლი უკვე დათესილია და ჩვენი საზოგადოება იმკის მის შედეგებს“ .

4.პროფესორი შუქია აფრიდონიძე: ”ვიღაცას (ვის?) თავში მოუვიდა სახელმწიფოს სრული გაძარცვის იდეა!”

5.პროფესორი ალექსანდრე თვარაძე: ”საკონსტუტიციო შეთანხმების პროექტი საქართველოს ფუნდამენტალისტურ ქვეყნად გადაქცევის კონცეფციაა.”

კონკორდატი კი მაინც მიიღეს, ის ცოცხლობს და იმარჯვებს!
მგონი ყველაფერი ნათელია დღეს. უფრო სწორად, ბნელია და ისღა დაგვრჩენია, ამ სიბნელის ძირითადი პარამეტრი დავადგინოთ. მეოთხედი საუკუნეა ამ სიბნელეს ვებრძვი და ვუკირკიტებ. ბოლო 5 წელიწადია, რაც ვირტუალურ სამყაროს ვეზიარე და „შარია“ მოიხსნა… არაერთი ასპექტი შემიძლია გამოვყო იმ არანაკლებ 300 ოპუსიდან, რაც პრინციპში სხვა არაფერია თუ არა თავისებური სიბნელელოგია! ამჯერადაც ერთ-ერთ მთავარ, უკვე ამოცნობილ ასპექტზე შევჩერდებით. რა სჭირს ჩვენ რელიგიურ ყოფას და რატომ ვამბობთ, რომ ეკლესიაზე რამის თქმა შარია?

რელიგიის საკითხებით დაინტერესებულმა არაერთმა ფეისბუკელმა ვნახეთ ის შემზარავი კადრები, თუ როგორ ჩაქოლეს ფეისბუკის მოხმარებისათვის ანუ თანამედროვე ცივილიზაციასთან კავშირისათვის სირიელი გოგონა... იმ რელიგიურ კანონს, რითაც ამ დროს ხელმძღვანელობდნენ, – და ეს კანონი არაერთ ისლამურ ქვეყანაში მოქმედებს, – ეწოდება შარია.

ჩვენ შორს ვართ რაიმე ისლამოფობიური მენტალიტეტისგან, პირიქით, ვიზიარებთ ზემოხსენებული აკაკი ბაქრაძის შეხედულებას, რომ ისლამი ქრისტიანობასავით საპატივცემულო რელიგიაა, მაგრამ რეალობასაც ვერ მოვუხუჭავთ თვალს. დღევანდელ მსოფლიოს პრობლემად ექცა ისლამური ფუნდამენტალიზმი, ე.წ. ისლამიზმი, სალაფიზმი, ‘პოლიტიკური ისლამი’ და მსგავსი კვაზირელიგიური მოვლენები.
მსგავს ფენომენთან გვაქვს ადგილი ქართულ რელიგიურ სინამდვილეშიც. უამრავი ნიში და სასწაული იუწყება ამის თაობაზედ.
ჯერ მოკლედ იმ ძირითადი ისლამური მოდელის შესახებ, რაც ისლამიზმის საფუძვლად გამოიყენეს; რასაკვირველია, ესაა შარია. შარია და შარიათი…მოგეხსენებათ, ტრადიციული ისლამური კანონმდებლობა სასულიერო და საერო სამართალს არ განასხვავებს, რაც ქართველი ისტორიკოსების თანახმად, ამ რელიგიისადმი ქართველებს უნდობლად განაწყობდა.

”…ისლამში კი, ყურანისა და სუნას საფუძველზე, შემუშავდა საერო და სასულიერო ცხოვრების ერთიანობის სამართლებრივი პრინციპები, შეიქმნა ყოვლისმომცველი დამკვიდრებული კანონი ანუ შარიათი, რომელიც მთლიანად დაეუფლა არა მარტო ცალკეული ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროს, განსაზღვრა და მოაწესრიგა იგი, არამედ დაეუფლა საზოგადოებასაც და მთელი მისი ყოფა-ცხოვრების მარეგულირებელი გახდა[…] იგი ძირფესვიანად შეცვლას უქადდა მიწათმფლობელობის ქართულ ფორმებს, მთელ სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, აქედან გამომდინარე – მთელს ქართულ კულტურას[…] ამრიგად, საკითხი მხოლოდ რწმენას როდი ეხებოდა, საკითხი ეხებოდა მთლიანად ქართული ცხოვრების წესს. ქრისტიანული რჯულის დაცვისათვის ყველა მებრძოლი, ”გათათრების” წინააღმდეგ ყველა ამხედრებული რჯულთან ერთად იცავდა თავის ეროვნულ მეობას, ცხოვრების წესს, კულტურასა და ტრადიციებს. ამიტომ მოხდა, რომ ქრისტიანული რჯულისათვის ბრძოლამ ეროვნული თავისთავადობისათვის ბრძოლის შინაარსი შეიძინა”(იხ. ’ქართული კულტურის ისტორიის საკითხები’, 1989, 1, გვ.403-404).

მაშ ამოვუშვათ კატა ტომრიდან და ვთქვათ მთელი სიმართლე: რა სურს საპატრიარქოს? საპატრიარქოს სურს საერო ცხოვრების უზურპაცია, მას სურს ყველაფერი მოიცვას, ყველაფერი აკონტროლოს და ყველაფრის მსაჯული თვითონ იყოს, ანუ თავისი „შარია“ აამოქმედოს. რასაკვირველია, საპატრიარქო რომ ქრისტიანულ პოზიციებზე იდგეს, ამ მცდელობისგან შორს იქნებოდა, რადგან ქრისტიანული „დიდი შჯულის კანონი“ მხოლოდ საეკლესიო კანონია და ის საერო სფეროზე არ ვრცელდება.
ამრიგად, ის იდეოლოგია და პრაქტიკა, რაც საპატრიარქოდან მოდის, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ლატენტური ისლამიზაცია. სულისკვეთება ანალოგიურია, რელიგიური ფორმალიზმი რასაკვირველია, არა, მაგრამ გარეგნული მსგავსებაც შეინიშნება. – არასოდეს დამავიწყდება ის დილა: 90-იან ბნელ-ქუფრ წლებში ერთ დანიელ სტუდენტს შევხვდი ლესელიძის ქუჩაზე. ვგონებ დღესასწაული იყო, ამიტომაც ჯგუფ-ჯგუფად მიემართებოდა სიონისკენ თავ-ტანდაბურული  მდედრიონი. მათმა შემხედვარე გაოცებულმა დანიელმა მყისიერად გამიზიარა თავისი შთაბეჭდილება: როგორც ჩანს, ისლამი თქვენთანაც აღორძინებას განიცდისო!!! ამის მერე კომენტარი რაღა საჭიროა?

ცდილობს თუ არა წარმატებით ჩვენი ეკლესია საერო ცხოვრების უზურპაციას? სულაც რომ თავი დავანებოთ ქონებრივ გაუმაძღრობას, თეატრი, კინო, მედიები მეცნიერება ან მწერლური შემოქმედება თრთიან და კონტროლდებიან საპატრიარქოსგან… ჰყავთ დამრტყმელი ძალა და ზომიერი ფანატიკოსებიც, კონტროლის უამრავ ბერკეტს ფლობენ, დაწყებული მორჩილების გაფეტიშებით, დამთავრებული სულიერი შვილებითა თუ მონებით სამთავრობო-საპარლამენტო სტრუქტურებში. უამრავი ”ყური” და ”თვალი” ყავს „ხალიფას“, ზოგი მოხალისეა, ზოგი მიამიტი, ზოგს ანგარება ამოძრავებს… საქართველო მასიურ მართლმადიდებლურ ფსიქოზშია. კლერიკალიზაცია, რაც აშკარად სახეზეა, სხვა არაფერია თუ არა ისლამური განურჩევლობის განხორციელება ანუ სასულიერო და საერო სფერობის გაუმიჯნაობა.
გამიჯვნა – ეს იყო ჩვენი ცხოვრების და ეროვნული მეობის, იდენტიტეტის პრინციპი და ამ პრინციპის დასაცავად ვიბრძოდით(ქართველთა ტრადიციული მიჯნურობა ქრისტიანობისადმი გამოწვეული იყო არა ამ რელიგიის დიდი გაშინაგანებით, არამედ მისი მიჯნულობით ანუ იმით, რომ ქრისტიანობა საერო ცხოვრებას სასულიერო კანონიკაში და ღირებულებებში არ ახრჩობდა), დღეს კი საქართველო გაუმიჯნავია, საქართველო ერთი დიდი მონასტერია, ჩვენ ყველანი კი – მორჩილ- მონოზონნი …
ვერცერთი ხელისუფლება მომძლავრებულ კლერიკალიზაციას ვერასოდეს ვერაფერს უხერხებდა და ასე იყო გუშინ, იგივეა დღეს და ხვალაც იგივე იქნება: „არ დარჩენილა ხელისუფლების შტო, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქის აზრი არ შეხებოდა. საქართველოს ოთხივე ხელისუფლების შტო ირყევა, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“(სერგო რატიანი).

ვისაც არ უნდა გაიგოს, არ გაიგებს, ვისაც არ უნდა დანახვა, არ დაინახავს, მაგრამ ფაქტი ერთია: საზღვრები სასულიერო და საერო ცხოვრებას შორის მოირღვა, ჩვენი ეკლესია ისლამისტურ წარმონაქმნად გადაიქცა, რასაც ”თავისუფალ” ქართველთა დიდი უმეტესობა უდრტვინველად და მოწონებით ან, საუკეთესო შემთხვევაში, შიშითა და დუმილით შესცქერის. იმ გამონაკლისებს კი, ვისაც ეს არ მოგვწონს, იქნებ ერთი შეკითხვის დასმის უფლება მაინც გვაქვს: მაშ რატომღა ვიბრძოდით საუკუნეების განმავლობაში ტოტალური სასულიერო კონტროლის ანუ ისლამიზაციის, ე. წ. გათათრების  წინააღმდეგ?

ახლა კი დამატებითი არგუმენტი.
ქრისტიანობასთან შედარებით ისლამის დემოკრატიული უპირატესობა, – იგულისხმება, რომ პაპი ან პატრიარქი და საყოველთაო ლიდერი არ ყავთ, – ზოგჯერ ექსტრემიზმის და რბილად რომ ვთქვათ, რელიგიური თვითნებობის წყაროდაც ქცეულა. განაჩენი ამა თუ იმ ”ღვთისმგმობლის” მიმართ საკუთარი ინიციატივით გამოაქვს ხოლმე მავან მოლასა თუ ისლამური სამართლის სპეციალისტს. ერთი მაგალითი: ამ რამდენიმე წლის წინათ ძალიან შეწუხდა გერმანული პრესა ერთი კუვეიტელი მომღერლის ბედით. ხალხში უაღრესად პოპულარულ აბდულა ალ რუვაიშიდს ერთმა მოლამ მეზობელი საუდის არაბეთიდან – ჰამუდ იბნ აქალა ალ შუადმა ბრალი დასდო მკრეხელობაში, სიმღერებში ყურანის სურებს აპარებსო! ნათელტექსტურად ეს იყო ფატვა ანუ მართლმორწმუნეთადმი მოწოდება ’მგმობი’ მომღერლის მოკვდინებისაკენ. ალ რუვაიშიდს ავტორიტეტული დამცველებიც გამოუჩნდნენ ისლამურ სამყაროში, როგორიცაა მაგ. წმინდა ქალაქ მექის დიდი მეჩეთის წინამძღვარი ანუ იმამი – შეიხი სალიჰ იბნ ჰამიდი, რომელმაც ჰამუდ იბნ აქალა ალ შუადის განაჩენს ილეგალური უწოდა. მაგარი ის იყო, რომ არაბმა პოპ-ვარსკვლავმა ფატვის შესახებ მექაში მოსალოცად ყოფნის შემდეგ ახალდაბრუნებულმა პირდაპირ კუვეიტის აეროპორტში შეიტყო!…

ჩვენ კიდევ ამ ჩვენ ბეჩავობას რომ დავუბრუნდეთ და გადავხედოთ, აღმოვაჩენთ: საქართველოში რელიგიური განაჩენი კერძო მღვდელს გამოაქვს და არა ეკლესიურ ორგანიზაციას, რომელიც საეკლესიო კანონმდებლობის, ბერძნ. ნომოსის ანუ კანონიკური სამართლის ბაზაზე უნდა ჭრიდეს და კერავდეს. საქართველოს ეკლესიაში კანონიკა ანუ სამართალი აღარ მოქმედებს. ეს ერთიანი სურათია და კარგად ჩანს ერთ ’მკრეხელურ’ თავგადასავალში: ”პირველი რუსის’ ამბავი”… აქ ხან ერთი ’ჰამუდი’ ემუქრება მწერალს, ხან მეორე, ხან ახალციხელი მოძღვარი უპირებს ჩაქოლვას და ხან მამა ტარიელი ხელების გადამტვრევას. (იხ. ეს ამბები ანუ ქართველი სალმან რუშდის თავგადასავალი ცოცხლად.

ყველაფერი პირად ინიციატივაზე, ’ისლამურ დემოკრატიაზეა’ დამოკიდებული. ახალციხიდანაც კი ჩამოდის მრევლი, რათა ქართველი სალმან რუშდი ჩაქოლონ! … კანონიკური სამართალი ამ შემთხვევაში იქნებ სრულიადაც არავითარ სასჯელს არ ითვალისწინებდეს(რადგანაც იგი მხოლოდ საკუთარ მწყემს-სამწყსოზე ვრცელდება), მაგრამ ისლამში ხომ საერო და სასულიერო სამართალი ერთი და იგივეა, ამიტომაც ვრცელდება ყველა ჩვენთაგანზე ამ ისაკაძე-ჰამუდების მიერ დადგენილი სამართალი ანუ აგრესიული შარიათი…ეეეჰ, ამ მღერასშეყოლილებს ისლამიც კი მოგვანატრეს: იქ ხომ გამოჩნდა თუნდაც ერთი შედარებით პროგრესულად მოაზროვნე მოლა, მომღერალი რომ დაიცვა?
გარდა ამისა, კუვეიტური პოლიცია მომღერლის სახლთან სადარაჯოზე დამდგარა, რათა რომელიმე ფანატიკოსს ჩამოგდებული ფატვა სისრულეში არ მოეყვანა. ჩვენს მთავრობასა და პოლიციას კი არათუ მოქალაქენი, მგონი საკუთარი თავიც ვეღარ დაუცვია მომძლავრებული რელიგიური ფანატიკოსებისგან!

ნეტავ რა ბედი ეწია არაბ ბულბულს(სტატია გამოქვეყნებულია: FAZ, 12.IV.2001), ცოცხლობს თუ მოკლეს? ან კრულ გურჯისტანს რა ბედს დააწევს ეს შავი ჭირი ფანატიზმისა, გნებავთ ლატენტური და გნებავთ ღია უწოდეთ: შარი მაინც შარია!

p.s. წერილი მომზადაა ძველი ჩანაწერების მიხედვით, ამიტომ ახალი მასალები, რომელთა ‘გვირგვინიც’ 17 მაისი, ხანუკობის დარბევა, მინისტრების გაბრიელიადა და მსგავსია, აქ ვერ აისახა…

არც ვიცი, გაზეთი დამიბეჭდავს, თუ ისევ მეტყვიან: „შარია!“ 🙂
ცხადია, შარია, მართლმადიდებლური შარია, შარიათია და ისევ ამ „შარია-შარიას“ გზით ვაშენოთ ჩვენი ‘სოფელი’, სიბნელეს და რელიგიურ უმსგავსებას თვალი მოვუხუჭოთ?

ლატენტური ისლამიზმი არაა ერთადერთი სნეულება, რაც ჩვენ დღევანდელ რელიგიურობას ჭირს, მაგიის, ჯადოქრობის ელემენტებიც უხვადაა. არც მაგიურ ცნობიერებას, არც ისლამურ კულტურას არ განვსჯი, მაგრამ მე ჩემი ქრისტიანობა მირჩევნია! არც ეკლესიის კრიტიკაა ჩემი მიზანი. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაბარია, უპირველესად კი ჩემი ოჯახი და პროფესია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ, ხოლო განჯადოებისა და განმსგავსების გარეშე ამ ქვეყნის მომავალი ვერ წარმომიდგენია!

ზელიმხან უძილაური, რელიგიისმცოდნე.

8.III.2014.,თბილისი.

მუსლიმანური იდეები უფასოდ აითვისეს, ახლა უფასო საწვავზე გადავიდნენ: 🙂 ეს ბანერი, როგორც ალალი აზერბაიჯანული რეკლამა ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზეა გაკრული!

 

DSCF0732

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s