საქართველო ქრისტიანიზმის გზით

უკუეთუ მკურნალმან არა ცნას სენი, ვითარ დაჰკაზმოს წამალი?!

ეს ერთი უფალივით სამშობლო დღეს, ჩემი აზრით, განსაცდელშია. ‘ერის მამებს’ მის ხსნად და შველად წარმოუდგენიათ სწორედ ის, რაც პირიქით, მხოლოდ ზიანის და გონებრივი დაბნელების მომტანია. – არასწორად გაგებული, გადაგვარებული ქრისტიანობა.

ამ საორჭოფო მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მეცნიერული რეფლექსიის ნაკლებობა. ჩვენ არ ვუკარგავთ ღვაწლს საპატრიარქოს, ხილული ეკლესიის კვალიფიციურ კრიტიკოსებს, მაგრამ ეს კრიტიკა რამდენადმე არასწორ, ე.წ. ევოლუციონისტურ და კოლონიზატორულ კლიშეებს ეფუძნება.

ეს კიდევ მომავალი საუბრის ცალკე თემაა, მაგრამ აქვე მოკლე შესავალს საჭიროებს.  „ცუდზე ცუდია“ ის გარემოება, რომ ყველაფერი ცუდი, გადახრები, რელიგიური ავტორიტარიზმის გამოვლინებები, აგრესია და ძალადობა, ჩადენილი  ეკლესიისგან თუ ეკლესიის სახელით, საკმაოდ ცნობადი თეოლოგების თუ ფილოსოფოსების მიერ, როგორც წესი, განისაზღვრება როგორც „წარმართობა“, „პრელოგიკური აზროვნება“, რიგ შემთხვევებში კი – ‘ქურუმობა’’, ‘მოგვობა’, ‘‘ხევისბრობა’, ‘ფეტიშიზმი’ და სხვა მსგავსი. ეს ყველაფერი  ევროპაში კარგა ხნის წინ დაძლეული ევოლუციონისტური თეორიის გვიანდელი გამოძახილია. ამ თეორიის თანახმად, ადამიანური ცნობიერების დაბალი საფეხურია მაგია, მას მოყვება რელიგია, ხოლო ახალ დროში „მეცნიერული“ დომინირებს.

აღარ შეგაწყენთ თავს მალინოვსკის, რედკლიფ-ბრაუნის(Radkliffe-Brown) და სხვათა ლექტურით, რომ არქაული კულტურა მხოლოდ ამ კულტურიდანვე გამომდინარე ლოგიკით უნდა აიხსნას და ზემორედასახელებული ცნობიერების 3 ფორმა კოექზისტენციალურია ანუ კაცობრიობის მთელ ყოფა-ცხოვრებას გასდევენ და ტიპიური ადამიანური ფსიქიკის გამოვლინებანია.

ჯეიმს ფრეზერის ცნობილ ევოლუციონიზმს თავიდანვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგები, მათ შორის ცნობილი ანდრევ ლენგი(A.Lang, The Making of Religion), რომელმაც ე.წ. პრიმიტიულ ავსტრალიელებში „ყოვლისშემოქმედი“, „ზეციერი მამა“, „უმაღლესი არსება“ და მსგავსი აღმოაჩინა. უფრო ცნობილია ასევე  გერმანელი ვილჰელმ შმიდტის და იტალიელი რაფაელო პეტაძონის ურმონოთეიზმის თეორიები…

აქ რამდენადმე დიდი შემდგომი  სამუშაოა, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ყველასთვის ცნობილ ლევი-სტროსის სიტყვებს მოვიშველიებთ:

„პრიმიტიული ეთნოსი არამცდაარამც არაა ჩამორჩენილი და განუვითარებელი ეთნოსი. შეიძლება ამა თუ იმ ადგილას ისეთი გამოგონებისა და შემოქმედების სული აღმოვაჩინოთ, რომ ცივილიზაციური გამოგონებანი უკან მოიტოვოს“…

არქაული ტომები ხატოვნად აზროვნებენ. თუნდაც ერთი ქართველი მთიელის გამონათქვამი „ცასაც სირცხვილ იჭერსავ, თორ ჩამავარდებისავ“ ყველაფერს და მათ შორის ჩვენ დღვანდელკ რელიგიურობას თავის ადგილს უჩენს. ეკლესიამ სირცხვილი დაკარგა და ამიტომ ცა ჩამოვარდა და ყველაფერი დაბნელდა…

ამრიგად, ჩვენ უარს ვამბობთ, ამ უარყოფით და აშკარად გზასაცდენილ „ქრისტიანულ მართლმადიდებლობას“ რაიმე ანალოგი ვუძებნოთ სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში და მაგიებში და ამით ჩვენი გადაგვარება სხვას გადავაბრალოთ. ესაა უბრალოდ ცუდი ქრისტიანობა, ცუდად გაგებული და პრაქტიცირებული, რის აღსანიშნავადაც გთავაზობთ ნეოლოგიზმს „ქრისტიანიზმი“. არცთუ ძნელი იყო ამ სიტყვის გამოძებნა, რამდენადაც მსოფლიოს ახალ ჭირად ექცა ისლამის ყალბი ორეული ანუ  „ისლამიზმი“…

ქრისტიანიზმი არანაკლები ბოროტებაა და არანაკლებ პრობლემებს უქადის დედამიწას.

რაც შეეხება ანტიეროვნულობის ყბადაღებულ ბრალდებას ან ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ სიმართლის თქმით ტრადიციებთან ომი დავიწყე. ამის გასაბათილებლად უნდა დავიმოწმო ერთი ფრანგი პოლიტიკოსი, Jean Jaurès, ვინც თავის დროზე შეგვახსენებდა: პატრიოტიზმი და ტრადიციის დაცვა ნაცრის შეგროვებას კი არა, ნაღვერდლისა და მხურვალების შენახვას ნიშნავსო..

ვისაც სამშობლო უყვარს და თუნდაც რამედ მიაჩნია დღეს, პირიქით ამ მენაცრეებს, კლერიკალიზაციას და ფანატიზმს უნდა აუმხედრდეს.

ასე მესმის. ესაც არ იყოს, ჩვენი ადამიანური, მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ფანატიზმს ვებრძოლოთ…

„საშიშროება ფანატიზმისა და მოვალეობა, მას მუდმივად ვებრძოდეთ, მართლაც უმნიშვნელოვანესი დასკვნაა, რომელიც შეიძლება  ჩვენ ისტორიიდან გამოვიტანოთ“ – Karl. R. Popper

ეს ერთი. მეორე: რელიგიური თუ პარარელიგიური მოვლენების შეფასებისას მათი უბრალოდ გაკიცხვა არ კმარა. ინტელექტუალური გარჯა,  შრომა და დისციპლინა გვმართებს!  ეს კი ყველას გვეზარება. კონკრეტული რელიგიური გამოვლინებები და უცნაურობები უფრო იმიტომაა ჩვენთვის დამოკლეს მახვილად და შუბებად ქცეული, რომ არ ვიცით მათი დედა-წყარო და საქციელის სათავე.

ქვემორე ტექსტი ორიოდე დღის წინ ინტერვიუს სახითაც გამოქვეყნდა. ახლა კი გთავაზობთ მთლიანობაში და ვიმედოვნებ, რომ ამაოდ არ ვღაღადებ!

რა არის რელიგია, რა ელემენტებისგან შედგება ის, რა საფუძვლები მოეპოვება მას და რა ფუნქციას ასრულებს ის? ეს ის კითხვებია, რომელთა პასუხების განჭვრეტა შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი არ გამოკვლეულა…“

 David Émile Durkheim, ‘Les Formes élémentaires…

 

ტაბურეტი, რელიგიის ბიოლოგია, ჰომო მკვლელისა და რელიგიოზუსის იდენტურობა და ზოგიერთი სხვა რამ

ყველას მოგეხსენებათ, რა ტრივიალურ თემად იქცა რელიგია. ეკლესიის რეალური რელიგია იგულისხმება. – ძალადობრივი ელემენტებით უხვად გაზავებული.

„რელიგია ულტიმური კონცერნია“ , „ჩვენ ყველას გვეხება“ … პაულ თილიხის ეს ცნობილი აფორიზმები თუ სადმეა ძალაში და ჭეშმარიტებაში, ესაა ჩვენთან და ესაა ახლანდელ ჩვენ ყოფიერებაში და ჩვენს ირგვლივ.

რელიგია დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველას გვეხება, თვითონ რელიგიისმსახურთათვის შესაძლებელია სასარგებლოა ეს შეხება, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, მინიმუმ სახამუშოა, არაკომფორტული და ზიგმუნდ ფროიდის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, unbehagen…

ეს დედნური სიტყვა შემთხვევით არ გამოვიყენეთ ხიდად კულტურისკენ. რელიგია, ისევ თილიხის სიტყვებით, „კულტურის უღრმესი დიმენსიაა“…

ძნელი სათქმელია, რა აქვს საერთო ჩვენს დღვანდელ რელიგიას ქართულ თუ ზოგადად კულტურასთან. მე ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი, ამიტომ ისევ ყველასთან მოხახუნე, შემხებ და მოძალადე რელიგიას დავუბრუნდები. როგორც ერთმა შინაურმა თეოლოგმა მოსწრებულად აღნიშნა, რადიკალ-ორთოდოქსებს განხურვება სჭირთ… უფრო ცუდი კი ჩემი აზრით ისაა, რომ ამ განხურვების ოცნება არა ქალი, არამედ ზოგადად კულტურაა. ისინი კულტურის დაუფლებას, გაუპატიურებას და კონტროლს ცდილობენ…

ჩვენ ყველა ჩვენი კულტურის ნაწილი ვართ და ამ აზრითაც ის მოძალადე რელიგია ყველას გვეხება, ყველას ეხება და ეხახუნება.

ეხება მაგ. რეჟისორს – ათეისტს თუ მორწმუნეს, ვინც სპექტაკლში წმინდანად შერაცხილი ისტორიული პიროვნებები გამოიყვანა. მას მიუცვივდებიან რელიგიის სახელით და რას დააწევენ, ვინ იცის! ამის მაგალითები იცით!

რელიგია შეიძლება შეეხოს მავან მეცნიერს, ვინც შეიძლება მაგ. ქრისტიანულ კულტურას იკვლევდეს, რაიმე დასკვნები დადოს ქართულ-სომხური ეკლესიების ისტორიიდან და ის დასკვნები მიუღებელი აღმოჩნდეს რადიკალებისთვის. რადიკალებს ვინ ჩივის, საპატრიარქოს საგანმანათლებლო კომისიის თვამჯდომარისთვის. ამ უკანასკნელმა  შეიძლება მოუწყოს ავტორს თუ მოაწყობინოს მისთვის  აუტოდაფე, შერისხვა და დევნაც არ დააკლოს… ამის მაგალითებიც იცით.

რაღა შორს ვიაროთ? თვითონ ერთი საპატრიარქოს 2 მღვდელი მანქანით გამოუდგა მათთვის არმოსაწონ მესამე მღვდელს(გიორგი ჩაჩავას), შუქმნეს საავარიო სიტუაცია და აგინეს…

არგუმენტები და მაგალითები უხვადაა, ათასი მაინც გაახსენდებოდა, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია ჩვენ რელიგიურ სრბოლაში…

მაგრამ ეს ულტიმური  შეხება და თილიხი წარსულია მაინც. ის პროტესტანტი თეოლოგი იყო, ჩვენ კი ორთოდოქსები გახლავართ, ამიტომ მოდით ვაჯობოთ და წავიდეთ წინ.

ულტიმური კონცერნი და აბედი კი არა, ჩვენთან რელიგია თვით საბრძოლო იარაღად იქცა. ის მოგვევლინა თავისი უკონტროლო ფორმით, როგორც მახვილი, სისხლის წყურვილი, გამოღვიძებული მხეცი და თუ ეს ყველაფერი გეზედმეტებათ, უბრალოდ აგრესია.

14696239tabureti2ნუ დავიწყებთ ახლა სირაქლემობანას და იმის მტკიცებას, რომ 17 მაისის ტაბურეტიანი მამაო 17 კი არა, მხოლოდ ერთი ფრაგმენტული გაელვება იყო ძალადობისა. იქ მთელი სამამაოეთი დრტვინავდა, თან წინ ლეგიტიმური ეკლესიის მეორე პირი, კათალიკოს-პატრიარქის მოადგილე ანუ  ქორ-ეპისკოპოსი მოუძღოდათ და დაახლ. 40 სხვანაირის წინააღმდეგ  40.000 მრევლი-თავდამსხმელი იბრძოდა!

აქ ნათლად გამოჩნდა, რომ „Der homo religiosus agiert und wird sich seiner selbs bewußs als homo necans“(Burkert,1997,8f).

რაც არ უნდა ვგმოთ, ვაკრიტიკოთ ეს ყველაფერი, – და ეს კიცხვა-რეფლექსია ხომ უკვე უკან მოვიტოვეთ, –   რელიგიას ჩვენ მაინც ვერ გარდავქმნით.

როგორც ცნობილია, რელიგია და ძალადობა ტყუპისცალებია, ჰომო რელიგიოზუს და ჰომო ნეკანს ანუ ადამიანი- მკვლელი ხშირად ერთიდაიგივეა, იდენტურია. ძალადობა რელიგიის გვერდითი მოვლენა კი არაა ანუ თავსმოხვეული, არამედ საკუთრივ რელიგიური. –

„Zunehmend wurde erkannt, das Gewalt nicht die „andere Seite“ der Religion ist, sondern in vielen Fällen gewalttätige Handlungen ihre Legitimität zuallererst aus Religion beziehen“(Kippenberg, Einf., S.173)

მე მგონი დადგა დრო, რომ რელიგიაზე ესთეტიზირებული, იდეალიზირებული და უბრალოდ ხბოურ-გულუბრყვილო წარმოდგენა უკან მოვიტოვოთ და ყური ვათხოვოთ იმ ავტორებს, რომლებიც რელიგიის თანდაყოლ ძალადობრივ ელემენტებზე საუბრობენ.

საუნივერსიტეტო რელიგიის მეცნიერების (religious studies, Religionswissenschaft) ნებისმიერი, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომი სახელმძღვანელო რომ გადაშალოთ, აღმოაჩენთ, რომ იქ განსაკუთრებული ადგილი უკავია რელიგიის 2 თეორეტიკოსს: ვალტერ ბურკერტს(Walter Burkert, „Homo Necans. Iterpretationen…“) და რენე ჟირარს (René Girard, « La Violence et le Sacré »)მათ შემთხვევით ერთსა და იმავე, 1972 წელს,  გამოსცეს თავ-თავიანთი წიგნები და ამ წიგნების ლექტურა რელიგიის ყველა მკვლევარისთვის იქცა რელიგიური  ძალადობის, წმინდასა და ძალადობრივს, რიტუალსა და კვლას შორის ურთიერთკავშირის,  რელიგიის ბიოლოგიური არსის და კიდევ უამრავი შემადგენელი თემის, განსაკუთრებით კი მიმეტური თეორიის, მიმეზისის განუყოფელ ნაწილად…

მაშასადამე, მოკლედ და კონკრეტულად, ჩვენი 11 სექტემბერი 17 მაისია, ხოლო თვითმფრინავი კი – რკინის ტაბურეტი(აქამდე ხის მეგონა, კარგად რომ დავაკვირდი ფოტოს, რკინა აღმოვაჩინე!).

რენე ჟირარს და ვალტერ ბურკერტს ავადსახსენებელ 11 სექტემბრამდე, იმ საუკუნის ბოლოში გავეცანი ერთი გერმანული უნივერსიტეტის ‘პრეზენტბიბლიოთეკაში’. მათი და ზოგი სხვა ავტორის საგულისხმო ნააზრევი დავაკოპირე და გადავაბარე საქაღალდეს, სახელწოდებით: „რელიგიის ბიოლოგია“… ეს დავიწყებული საქაღალდე გუშინ აღმოვაჩინე, ანუ დაახლ. 15 წლის შემდეგ და იქვე დამხვდა ერთი შემდგომი, 2003 წლის სემინარის მასალებიც:

Menschliche Gewalt zwischen Biologie und Kultur –Sinnvolle Lösungsansätze aus dem religiösen Kontext, Dozent: Dr. Med. Dr. phil. Peter Kaiser

გასახსენებელი ამ სემინარიდან ბევრი მაქვს და განსაკუთრებულად კი ამ ორმაგი დოქტორის  გაოცებული თვალები ერთი აფრიკული საველე კვლევის რეზულტატებს რომ მოგვითხრობდა. იმ ეთნიკურ გარემოში ხშირი ყოფილა არასრულწლოვანთა გაუპატიურება. როდესაც ევროპელი მეცნიერები ამ დანაშაულს ან სამართალდამცავებს ან მსხვერპლის ნათესავებს შესჩიოდნენ და რეაგირებისკენ მოუწობდნენ, თითქმის ვერავითარ შედეგს ვერ აღწევდნენ. დოქტორმა პეტერ კაიზერმა გამოთქვა ეჭვი, რომ გაუპატიურება იმ ეთნოსის კულტურის, რელიგიურობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ამან კიდევ მე გამიჩინა შემდგომი ეჭვი: თუ რატომაა შედეგი ასევე ნულოვანი, როცა ჩვენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს რელიგიური ძალადობის საწინააღმდეგო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ? აი, რატომ? ხომ არაა, აღვირახსნილი აგრესია, კვლა და ტაბურეტი-იარაღი ქართული კულტურის და რელიგიურობის ნაწილი? ამ ეჭვს აძლიერებს ფაქტი, რასაც ფოტოზე ხედავთ: პირიქით, აგერ პრემიერ-მინისტრი მოძალადე ტაბურეტიანს  მოწიწებით ესალმება. ჩვენც ხომ მოწიწებით ვკითხულობთ ქართულ ზღაპრებს, სადაც ისე უბრალოდ კლავენ ავსა თუ კარგს და ისეთი მრავალფეროვნებით, რომ ტაბურეტი იქ სანატრელიც კია! აბა წაუკითხეთ ეს თქვენ პატარებს, თუ გინდათ, არა მხოლოდ ადამიანების, ცხოველების სიყვარულიც ასწავლოთ:

„სწვდა კოკროჭინა კატას და ისაც ზედ დააკლა.ნახა ქვაბი თუხთუხებდა, აკუწა ის კატა და შიგ ჩაყარა“… 🙂

კატა და კოკროჭინა კი არა,  დაგვრჩა ოხრად ბურკერტისა და ჟირარის ლექტურა!… მაიცათ, რა ყველაფერს მე ხომ ვერ დაგიღეჭავთ, კაცნო მეცნიერნო და ქვეყნის გულშემატკივარნო. აგერ ინტერნეტი, გუგლის წიგნები და მისი ჯანი. ეგ ორნი და სხვა ავტორები დაღეჭილიცაა და გადაღეჭილნიც. დასაწყისისთვის ამას გირჩევდით და მერე უფრო შორს კი თვითონაც გაიგნებთ:

რელიგია და ძალადობა

ახლა კი დასკვნის სახით:

როგორც ჩანს, „რელიგია ადამიანური კულტურების უნივერსალური ფენომენია“ – Religion – ein universales Phänomen menschlicher Kulturen( Walter Burkert, „Wozu braucht der Mensch Religion?“).

ჩვენს უახლოეს ნათესავებს – შიმპანზეს და ბონობოს რელიგიის ქონა არ უდგინდებათ. თუმცაღა მათ ჩვენგან განსხვავებული 2% გენეტიკაც კი არ აბადიათ!

ეს ნიშნავს, რომ ამ 1 ზე მეტი და 2 ზე ნაკლები პროცენტული გენეტიკის გაჩენის 4 მილიონი წელიწადი რელიგიის დაბადების ევოლუციონური, წინასამუშაოა. საკუთრივ რელიგია კი ვერ გაჩნდებოდა სიმბოლური რევოლუციის წინარე ეპოქაში. სემანტიკა, საკუთარი სხეულის მოხატვა ნიშნავდა რელიგიის არსებობის წინაპირობების შექმნას. ანუ რელიგია მაქსიმუმ 120 000 წელს ითვლის. ზოგიერთი ავტორი რელიგიის გაჩენას ენის წარმოშობას უკავშირებს და მისი შობიდან დაახლ. 40.000 წელს ანგარიშობს. ჩვენ აქ ამ თეორიების გამოწვლილვით წარდგინებისათვის არც დრო გვაქვს და არც ადგილი, ერთი რამ კი უნდა დავძინოთ, უფრო სწორად, დავაციტატოთ:

„როგორც ჩანს, რელიგია ჩვენ გვჭირდება. ადამიანური კულტურები რელიგიის გარეშე, ჩანს, არ არსებულან. რელიგიის ძალადობრივი გაუქმების მცდელობანი, ვერ შედგა, ან მათ ნაცვალ-რელიგიამდე, მაგ. სტალინიზმამდე მიგვიყვანეს“ …(Hennig Stieve, ‘Über biologische Wurzeln religiösen Verhaltens’).

96066895eklesia2ასე, რომ… ძნელია მიწვდე თუ სადამდე მიგვიყვანა რელიგიური  ძალადობის შემწყნარებლობამ. მგონი ის 4 მილიონი წელი, რელიგიის გენეტიკურ დასაფუძვლებას რომ დაჭირდა(თავის 120 000 წლიანი სემანტიკით და აქვე ენის პერიოდით), უკან მოვიტოვეთ და შიმპანზეს ვითომ არარსებულ  რელიგიამდე დავედით. მოგეხსენებათ, რა უმოწყალოდ ექცევა შიმპანზე თავის მსხვერპლს, ჯერ თვალებს და თავს აჭამს და დანარჩენსაც მერე ნთქავს!

და განა ქართულ საზოგადოებას, მთავრობას, ინტელიგენციას და სრულიად მრევლს, რომელიც ამ შიმპანზურ რელიგიასთან და მის რეპეზენტანტ მამაოებთან ერთად შეხმატკბილებულად გრძნობს თავს, სხვა რამე შეიძლება ეწოდოს, გარდა თავმოჭმული მსხვერპლისა?!

10. II.2014.

ახლა რამდენიმე პუნქტის სახით ქრისტიანიზმის ნიშნები:

0. უკათალიკოსობა!

ამ ნულოვანი თავის ამოცანაა გაარკვიოს თუ როგორ და რატომ მოხდა, რომ ქართული ქრისტიანობა თუ ქრისტიანობა საქართველოში იქცა პროვინციალურ, ქრისტიანული სამყაროსგან მოწყვეტილ მოვლენად და ზოგიერთი შეფასებით, ტომობრივ რელიგიად, ე.წ. მართლმადიდებლურ ფაშიზმად?

რასაკვირველია, ამ მიმართებით მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი და შემდგომი 2 ქვეთავი ამ ამოცანის ამოხსნას ვერ აუვა. დასაწყისისათვის  კი ალბათ ივარგებს ასე.

ქართულ რელიგიურ სინამდვილეში ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივ მოვლენასთან გვაქვს საქმე: „კათალიკოსის“ დაკარგვასთან. ჩვენ ეკლესიის უწმინდეს და უნეტარეს ლიდერს ვიცნობთ მხოლოდღა პატრიარქობით. პატრიარქი და პატრიარქატი – ეს პირველყოფილურ-გვაროვნული წყობილების და „შჯულის“  მეთაური და დროითი ანაქრონიზმია. გასაგებია ქრისტიანული, მამათმთავრული გადააზრება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალურ ვითარებას: ჩვენ პატრიარქატულ, ავტორიტარულ და ძალიან ბნელი რელიგიურობის ბინადრებად გადავიქეცით.

ჩვეულებრივ გამოთქმაში დამკვიდრდა „კათალიკოსი ამბროსი ხელაია“ და  „პატრიარქი“ . .. ამ 2 კათალიკოს-პატრიარქის შედარებაც კი წარმოუდგენელია.

ცნება „კათოლიკე“ ნიშნავს მსოფლიოს, კათოლიკე ეკლესია ერთიანი ქრისტიანული სამყაროა. ჩვენში ამ ბოლო დროს დაიკარგა კათოლიკეობის გაგება და „კათოლიკოსი“…

მიგვაჩნია, რომ კათალიკოს-პატრიარქ ილია II -ის განკათალიკოსებაში არამცირე წვლილი მიუძღვის ე.წ. წითელ თუ მწითურ ინტელიგენციას. მათ მიერ არსებითად მეუფის, კათალიკოს შიოლაშვილის საერო ლიდერად ქცევამ თუ მოქცევამ ჩვენში ქრისტიანობა დააზინა და პატრიარქალურ დილეგში დაატყვევა…

კათალიკოს-პატრიარქის ძირითადი მისია უნდა ყოფილიყო ქრისტიანობის დაცვა, შენახვა, თეოლოგიური უზრუნველყოფა და არა ერის მამობა და „მეორე ილიად“ გადაქცევა.

დანარჩენს, რაც კი პირადი ჭვრეტით და გამოცდილებით მომიპოვებია, მომდევნო 2 ქვეთავში შეიტყობთ…

 ა) ხსნა განთავისუფლებაშია!

სასულიერო აკადემიის გახსნა ახალგამომცხვარ სტუდენტებს პატრიარქთან ერთად პოეტმა რეზო ამაშუკელმაც მოგვილოცა. მისმა უწმინდესობამ ჯერ თვითონ მოგვილოცა მოკლეტექსტურად, – ტექსტი არ მახსოვს, – მერე კი პოეტს გადასცა ესტაფეტა: ახლა პოეტი რეზო ჩხეიძე მოგილოცავთო!

დანარჩენი?

დანარჩენიც პატრიარქის ამ შეშლა-წამოცდენაშია და აი  მაინც თუ გნებავთ, რამდენიმე წინადადებად, განმარტებულ-გამარტივებული ვერსიაც. –

მისი უწმინდესობის თავშიც და აქტუალურ ცხოვრებაშიც მაშინდელშიც და ახლანდელშიც, ქართული ინტელიგენციის: მწერლების, რეჟისორების, მხატვრების, მეცნიერების სახელები და სახეები, რამდენადმე ალბათ  მათი ქმნილებებიც ქარბორბალასავით დაფრიალებენ!..

სამშობლოსგან მოწყვეტით გაზრდილ მიტროპოლიტ ირაკლი შიოლაშვილისთვის გაპატრიარქება არამხოლოდ დიდი რელიგიური პატივი გახლდათ, არამედ საკუთარი ერის კულტურულ ელიტაში მოხვედრაც. ამ უაღრესად პატივდებულმა ელიტამ, შემდგომში რომ დიდწილად წითელ ინწილიგენციად წარმოაჩინა თავი, თავის დროზე მართლაც შეძლო საბჭოური კეთილდღეობის სცილასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ქარიბდას შორის გაძრომა თუ ერთგვარი ხიდის გადება. ენა, ხელოვანება, ალღო და გამჭრიახობა მათ მეტ-ნაკლებად ებადათ და ამრავლებდნენ კიდეც ნაბოძებ ტალანტს. დროის ცვლილებაც დროზე იყნოსეს, ილია მეორეში მათ დაინახეს გამოსადეგი  კაცი… ამ გამოსადეგს ცნობილმა ’ერის მამებმა’ მყის უბოძეს განსაკუთრებული ნიშა. პატრიარქს ერთგვარი უბირი მესიის ადგილი ერგო… ხოლო მისი  მისია იყო ერის მამობა ოფიციალურად ეკისრა და, როგორც ფილოლოგმა კვაჭანტირაძემ შეაჯამა, ის ვითომ აღიარეს  მეორე ილიად… მაგრამ  სინამდვილეში ის აქციეს მეორად ილიად, პატრიარქის ფუნქციად იქცა წითელი ინტელიგენციის ’დაკრიშვა’(გამოთქმისათვის ბოდიში) ანუ მათი იდეებისა და მისწრაფებების რელიგიური ლეგიტიმაცია. ფაქტიურად, ეკლესიურ ფუნქციას მოსწყვიტეს და ერთდროულად ’პატრიოტიზმის’ და რუსული იმპერიის მებაირახტრედ აქციეს. რასაკვირველია, ეკლესიის მამათმთავარი ამ როლს თვითონაც, თავისი ნებითაც  როგორღაც მოერგო, მოესურვილა თუ დანებდა.

პატრიარქი ინტუიციურად გრძნობდა ამ მოგდებული როლ-ფუნქციის სიმცირესა და უხერხულობას, ამიტომ დროდადრო შემოქმედებითი ლტოლვებსაც ავლენდა: ხატავდა, ან მოხატავდა ხოლმე ეკლესიას და ბოლოდროს ხომ კომპოზიტორული მოღვაწეობითაც გაგვანებივრა. ამას იუმორით არ ვამბობ, ვსაუბრობ პროცესზე და ჩემი მიზანი არაა პატრიარქზე ცუდი ვთქვა.

საბოლოო შედეგად კი, მართალია მატერიალურად აყვავებული, მაგრამ სულიერად დანგრეული ეკლესია მივიღეთ…

ასე დაღუპა წითელმა ინწილიგენციამ ეკლესია, რათა თვითონ ცხოვრების ავანსცენაზე დარჩენილიყო.

დამღუპველობის მსგავსი სურათი ილანდება ქართულ პოლიტიკაშიც. ორ მმართველს, შევარდნაძეს და ივანიშვილს, ერთგვარი უვიცი მარჩენალის ნიშა უბოძეს. უვიც გლეხს ხომ კიდევაც უნდა უხაროდეს, თუ აღზევების შემთხვევაში მას  ’თანასწორად’ ცნობენ გრანდები და თვით მამა-მარჩენლობასაც კი დაავალებენ?

შევარდნაძესაც, შიოლაშვილსაც და ივანიშვილსაც, თავისი ბავშვობის ორღობეებში  ყურებს უხვრეტავდა იმ ’ზეკაცთა’ სახელები, რომლებიც ქართულ მწერლობაში, ხელოვნებაში და მეცნიერებაში იღწვოდნენ, რათა საქართველო გადარჩენილიყო და აყვავებულიყო… და აი, მათ ერგოთ პატივი და პატიჟი მათთან თანასწორობისა უდიდესი!

საქართველოს უახლოესი ისტორია და დღევანდელობა მოკლედ ესაა ერთი ძლევაჲ საკვირველი: არასრულყოფილების კომპლექსმა გაიმარჯვა ჩვენში ყველასა და ყველაფერზე.

გასაგებია ისაც, რატომ არ შედგა კავშირი ორ ლიდერთან: ზვიად გამსახურდიასთან და მიხეილ სააკაშვილთან. არც ერთს და არც მეორეს მათგან ნაწყალობევი ნიშა არ სჭირდებოდათ. სრულყოფილმა ქართულმა და სრულყოფილმა ევროპულმა განათლებამ ისინი ინწილიგენციისადმი მონური მოკრძალებისა და  არასრულყოფილების კომპლექსისგან გაანთავისუფლა.

გამოდის, რომ საქართველოს განთავისუფლებისა და წარმატების საიდუმლო ჩვენი პირადი კომპლექსებისაგან განთავისუფლებაშია საძიებელი!

ალილუია!

აპრილის დასაბამი, 2013., Tübingen.

p.s. მათი ხელაღებით ლანძღვა არ მგონია განთავისუფლება! მათი როლისა და ზოგადად სიტუაციის გაანალიზება კი განთავისუფლების დასაწყისი მგონია!

ბ)როდიდან შეიზღუდა ქართველი მართლმადიდებლობით?

ამ სამი თუ ოთხი წლის წინანდელი აღდგომის ორშაბათის თამადობა მთაში, სასაფლაოზე, მწუხარე-მხიარულ ჭირისუფლებსა და გაერთიანებულ საიქავ-სააქაოს შორის. თამადა: ბარად გადასახლებული და ცხვარ-ძროხის წილ ვენახს გამიჯნურებული ფშაველი, თავის წინაპრების საფლავებს რომ ერთგულობს და გლეხადყოფნის ბარული ტრადიციაც რომ ალალ-მართლად შეითვისა. არ მითხრათ, რომ მთაშიც არსებობდეს კაცების რაიმე გლეხური ტრადიცია, ჯერ ეგ არ შემხვედრია და კამათს ავერიდები, გამგებმა და მნახველმა ისედაც იცის. მოკლედ, თამადა რწმენას ადიდებს თუ ადღეგრძელებს, აშკარად ახალი დასწავლილი აქვს ეს გრძელი კალკი ბერძნულიდან, ხან ‚მაჰამდიდებლობა‘, ხან ‚მართამდიდებელობა’(ამის გაგონებისას ბალახზე მოკალათებული მართა ბებო უხერხულად იშმუშნება) და ხან რაღაც კიდევ მსგავსი გადმოსდის პირიდან. იქვე გათბილისელებული ფშავლის ბიჭი ზის და თავმოწონებით უსწორებს, ეტყობა, რომ კარგად გაუზეპირებია და ეკლესიიდანაც შორს არ დგას. ბოლოს როგორც იქნა, თამადამ ჩაათავა ეს მოვალეობითი სადიდებელი ისე, რომ სწორად მაინც ვერ წარმოთქვა «ჩვენი რწმენის» სახელი და ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა ანუ მოფშავლდა… შვებით ამოისუნთქა ყველამ, ცოცხალმაც, მკვდარმაც, მთამ, ბარმა და მგონი მარადიულმა ღმერთმაც.

მაინც როდიდან შეიზღუდა ქართველი მართლმადიდებლობით? ვაჟას ერთი პუბლიცისტური წერილი მახსენდება, ინტელიგენციას რომ საყვედურობს, ქართველ გლეხს ისაც კი ვერ ასწავლეთ, რომ ეროვნება და რელიგია სხვადასხვაა, თუ საქართველოს სადღეგრძელოს სთავაზობენ, გლეხი იგივეს არ იმეორებს, ამბობს სხვანაირად: სჯულ-საქრისტიანოს გაუმარჯოსო! …

და მახსენდება ასევე ვიქტორ ნოზაძის ერთი ცნობაც მისი ვრცელი მეტყველებიდან: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქართველი ტყვეები ეროვნებისა და სარწმუნოების კითხვარს, როგორც წესი, ერთნაირი სიტყვით პასუხობდნენ: ქრისტიანი. ან ორივეგან ქართველს წერდნენ… ეს იმდენისმთქმელია, რომ კომენტარს აღარ საჭიროებს, დაგადუმებს თუ არ აგატირებს.

ეს ორი მაგალითი ჩემთვის საკმარისია, რომ დავასკვნა: გასულ ორ საუკუნეში სადაგმა ქართველმა არც იცოდა, რომ უფრო დაკონკრეტებული თუ დახურდავებული ქრისტიანობის – მართლმადიდებლობის მიმდევარი იყო. თუმცაღა, რუსულმა იმპერიამ ბევრი იშრომა საამისოდ და ყველაფერთან ერთად «კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოება» ჩამოაყალიბა.

იქნებ დაიკარგა ეს «მართლმადიდებლური» გაგება წინა ორ საუკუნეში? ვეცდებით ერთი პატარა წიაღსვლის გაკეთებას და მანამდე კი ერთი განმარტების საჭიროებას ვხედავ. რასაკვირველია, ეს გრძელი ცნება ცნობილი იყო და თეოლოგიურად განმარტებულიც, მაგრამ ზოგად, ეროვნულ-კულტურული იდენტიტეტის და თვით სარწმუნოების გამომხატველ ცნებად არ იქცა. ქართველმა არ ისურვა ქრისტიანობის დახურდავება. ამის მას მრავალი მიზეზი ჰქონდა და ამ მიზეზებზე აქ საუბარი შორს წაგვიყვანდა. ამრიგად, «მართლმადიდებლობა» არსებობდა მხოლოდ როგორც ტექნიკური ტერმინი ვიწრო საეკლესიო წრეებში შიდამოხმარების საგნად, ბიზანტიური მრწამსის გამოსახატავად.

ახლა კი დაპირებული წიაღსვლა, რაც უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე აქამდე ვთქვით. თუ შეგიმჩნევიათ, რაოდენ არაპოპულარულია გრიგოლ ხანძთელი დღევანდელ ზომიერ თუ კლინიკურ ფანატიკოსებში? ვის აღარ ნახავთ მათგან დამოწმებულ მოძღვრებს შორის, დაწყებული იოან სერბიდან პიასი მთაწმინდელის გავლით დიმიტრი როსტოველამდე. დიმიტრი როსტოველიდან იოან კროშტადტელის კარის შემტვრევით და ბრიანჩანინოვზე გადაბიჯებით ვიდრე ვიდრე რუსული ემიგრანტული ეკლესიის მამამთავარ ვიტალუსამდე! აღარ შვუდგები ახლა ამ დამმოწმებლების დახარისხებას, ვინ სქიზმატიკოსია, ვინ ლეგიტიმური, ვინ სმე, ვინ მეს, ვინ თეთრი და ვინ შავი… ერთნაირი ხელწერისაა ყველა და ვერ მივმხვდარვარ, რა უშლის ხელს მათ გაერთიანებას? სხვათაშორის, ფანატიკოსები აწარმოებენ ქრისტიანული წარსულის ხელახლა გადაწერას და ეს კი არ ჰგავს, ორუელის ოკეანეთური ბიუროკრატიის იდენტურია. თურმე ნუ იტყვით და მოციქულებსაც კი ჰქონიათ რაღაც 45-ე კანონი, რაც მათ ლამის ორთოდოქს ფაშისტებად წარმოადგენს: ებრაელთან პური არ უნდა გატეხოო…

არ ვიცი, რამდენად ავთენტურია ან რა იგულისხმნება მაგ ‚მოციქულურ‘ აკრძალვაში, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი და მახსოვს, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ფიგურირებს სიტყვა კათოლიკე… კათოლიკე, კათოლიკე… თვით პატარა საყდრის აშენებაც კი კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესიის გაფართოებად აღიქმება…

ხოლო დღევანდელი მართლმადიდებლური ისტერიკა კი სხვა არაფერია, თუ არა კათოლიკე და საყოველთაო ქრისტიანული ცივილიზაციისგან და რელიგიისგან განდგომა… ანუ გზა რუსული იმპერიის ლევიათანური ხახისკენ!

რასაკვირველია, «მართლმადიდებლური» შეზღუდვა პოსტკომუნისტური პირმშოა და იგი სხვა არაფერია თუ არა სულიერი მონობის ბორკილი, რომელიც ხელში უჭერია ერთმორწმუნე დუშმანს და იგი ყოველნაირად ცდილობს ეს ბორკილი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, აღმშენებლობის და ცივილიზირებულ სამყაროში დაბრუნების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ბერკეტად გადააქციოს!

 14.08.2011.

1. აბსორპციულობა!

ამ თავში 2 კურდღლის დაჭერას ვაპირებთ: ჯერ ერთი გვინდა ვაჩვენოთ, რამდენად ყოვლისთანმთქმელი ანუ აბსორპციულია ეკლესიის მადა, მეორესმხრივ, ციტატებით ცხადვყოთ, რომ ეკლესიის კრიტიკა „თუთბერიძეებს“ არ დაუწყიათ. ჯერ კიდევ 2001 წელს გამოცემულ კრებულში არაერთმა ცნობილმა ტიტულოვანმა მეცნიერმა გამოთქვა შეშფოთება ეკლესიის ზესახელმწიფოებრივი და მომხვეჭლური ზრახვების გამო: ზურაბ კიკნაძე, ელენე მეტრეველი, ნოდარ ლომოური, შუქია აფრიდონიზე და სხვები იგულისხმება.

ეს პრობლემა არახალია და ერთ ძველ წერილზე დაყრდნობით განვიხილავთ, თუ რა უნდა საპატრიარქოს ბოლოსდაბოლოს?

რამდენი მიწა ეყოფა საპატრიარქოს, რამდენი გადაეცა და რამდენი უნდა გადაეცეს, უცნობია, საგანგებოდ დამალული ინფორმაციაა. დავსვათ კითხვა ამგვარად, რამდენი მიწა და ქონება უნდა საპატრიარქოს? რა უნდა საბოლოოდ ამ ორგანიზაციას ქონებრივი თვალსაზრისით? ჩვენი დაკვირვებით, მას ყველაფერი უნდა. აი ციტატა, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ: საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო და არასასოფლო მიწები, ტყეები, ტბები, მდინარეები, მინერალური რესურსები” – კონკორდატის პროექტიდან.  მთელი მიწა-წყალი. რაღა დარჩა, მთები და მყინვარები? წარმოიდგენთ, მდინარე არაგვი და შესაბამისად მთელი არაგვის ხეობა საპატრიარქოს რომ გადაეცეს? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოდგენებს, ეს იყო კონკორდატის პროექტი(იხ. მუხლი 29,5. ჟურნ. ’ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’, 2001, გვ. 18).
ბუნების საკითხი ამით ამოიწურა. დარჩა კულტურა (კულტურაა ყველაფერი, რაც ბუნება არაა). აქ უამრავი ჩამონათვალია, თვით ჯვარ-ხატებით დაწყებული(ანუ მთის საკულტო, წარმართული თუ პაგანიზირებული სამყარო), დამთავრებული კერძო მფლობელობაში მყოფი ხელნაწერებით. სწორედაც რომ კერძო. ყურმა არ მოგატყუათ. მართალია, ეს პროექტი შერბილდა, მაგრამ პრაქტიკულად ხორციელდება ის, რაც ეკლესიას თავიდანვე სურდა და არა ის, რაც ხელმოწერილ კონკორდატშია. ამ მუხლებს რომ ჩაიკითხავთ, კარგა ხანი დაგჭირდებათ, რომ მოიფიქროთ, რაღა უნდა დარჩეს სახელმწიფოს? არაფერიც, გარდა დედ-მამის ნაწილისა… იქნებ ჩვენ არ გვყოფნის კომპეტენცია ან აკვიატებული გვაქვს ანტიეკლესიურობა? მოვუსმინოთ შუქია აფრიდონიძეს: ვიღაცას (ვის?) თავში მოუვიდა სახელმწიფოს სრული გაძარცვის იდეა”(იხ. დასახ. ჟურნალი, გვ.52).

დავუშვათ, რომ ვცდებით ან ვაზვიადებთ სხვებთან ერთად, მაშინ უნდა ჩანდეს პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ეკლესიის მხრიდანაც და აი, რა ჩანს: ვალდებულებებს კისრულობს მხოლოდ სახელმწიფო. ეკლესიას თითქმის არავითარი ვალდებულება არ ეკისრება”(იხ. იმავე ჟურნალში, ალექსანდრე თვარაძე, გვ.39).

არა, ნამდვილად ვცდები, ეკლესიამ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, განა შეიძლება ერი გაძარცვოს? ან სად წაიღებს იმ ქონებას? ფულად აქცევს და ერთმორწმუნე რუსეთს გადააბარებს? მაშ, რას ნიშნავს ილიას წმინდანად შერაცხვა? გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ილიაზე გადაცემებით რომ დაიხუნძლა ტელევიზია. მაშინ ერთმა პატრიოტმა ჟურნალისტმა, – მგონი თამაზ ტყემალაძე ერქვა, – თქვა, რომ ილია – ესაა საქართველოო. ილიას გაწმინდანება ნიშნავდა ეკლესიის მიერ ილიას, ანუ საქართველოს უზურპაციას.- ”ილია ჩვეეენიიია!”… სიმბოლურ გაძარცვას ერისას გეგმაზომიერად მიჰყვება მატერიალურიც და უფრო ხშირად გაისმის იმპერატიული ტონი საპატრიარქოს მხრიდან, აბა, დაყაჭეთ, დაყაჭეთ, თუკი რისიმე მოცემა შეიძლება, მოგვეცითო… ასე ხორციელდება საქართველოს ფაქტიური გასხვისება. გასხვისებას შემთხვევით არ ვამბობ, საქართველო რომ საკუთარ ქვეყნად წარმოედგინოს სმე -ს, მაშინ ხომ არც არაფერს მოითხოვდა საკუთარივე ქონებიდან? თუ მთელი საქართველო ეკლესიის მრევლია, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშ, რატომღა აძრობენ ქვეყანას ტყავს, ერთი ჯიბიდან მეორეში ქონების გადატანა ხომ უაზრობაა? ასე და ამგვარად… საით მივდივართ?
საკონსტუტიციო შეთანხმების პროექტი საქართველოს ფუნდამენტალისტურ ქვეყნად გადაქცევის კონცეფციაა”(იხ. იმავე გვერდზე, ალექსანდრე თვარაძე).
ალბათ, ქონების, ანუ მთელი საქართველოს გადაცემა რომ მორჩება, ძალაუფლებასაც გადააბარებენ და ამით დაამთავრებს მოღვაწეობას საქართველოში საერო ხელისუფლება. – ეს ჩემი არჩეული ხელისუფლება. – ვწერდი მაშინ, 2010 წელს…

ნუთუ მხოლოდ ტაძარია ქრისტიანობა? კრწანისის შემოგარენში ერთდროულად 12 მონასტერი შენდება, მაშინ, როდესაც ერთი მართლმადიდებლური კატეხიზმოც კი არაა გამოცემული და მრევლმა წესიერად არც იცის, ქრისტიანია თუ მხოლოდ მართლმადიდებელი? ეკუმენური დიალოგი და დემოკრატია ერესი ჰგონიათ, ხოლო ექსტრემიზმი და აგრესია – ქრისტიანობის გამოვლინება.
გასაკეთებელი კი კვლავაც ბევრია, უფრო სწორად, გადასაცემი.- შეხედეთ ლაქას დედამიწის ზურგზე, – ვინ იცის, ვის გაეჩხირება ყელში ეს მიწის ნაგლეჯი?

* * *

მწერალმა ნაირა გელაშვილმა კონკორდატს საბედისწერო შეცდომა უწოდა. ,,შეთანხმებისმიღება იქნება საბედისწერო შეცდომა.   ეს შეცდომა დააგვირგვინებს იმ კურსს, რომელმაც ვერ მოუტანა ბედნიერება ქვეყანას და დააგვირგვინებს შეცდომათა რიგს ეკლესიის მხრიდან“.

იხ. მთელი  წერილი აქ:

15 კრიტიკული შენიშვნა

თუნდაც მხოლოდ ზემორე ჩამოთვლილი ფაქტები გვიჩვენებს, რომ სამღვდელოების დიდი ნაწილის სახით ჩვენს წინაშეა შუასაუკუნეობრივი საეკლესიო ობსკურანტიზმი, აგრესიული სიბნელე; სწორედ ამ სიბნელესთან თავგანწირულ ბრძოლაში იშვა და გამოიწრთო ევროპული ჰუმანიზმი, მისი გენიალური წარმომადგენლებისთეოლოგების, ფილოსოფოსების, მწერლების, პოეტების თვალუწვდენელი პლეადა; სწორედ ევროპული ქრისტიანული ჰუმანიზმისა და კულტურის პოლიტიკურ გამოხატულებად ითვლება დასავლური დემოკრატია (. მანი და სხვ.). საქართველოს განათლებული საზოგადოების მოქალაქეობრივად აქტიურ ნაწილს კი დღეს, XXI საუკუნის დამდეგს უხდება ამ მოვლენასთან შეჭიდება. ეყოფა კი ძალები?

 მწერლური წინასწარმეტყველება ახდა: ,,შეთანხმებადაუპირისპირებს ეკლესიას განათლებული, სამოქალაქო საზოგადოების ძალზედ მნიშვნელოვან ნაწილს; შეასრულებს განხეთქილების ვაშლის როლს საზოგადოებაში, რადგანაც დაახარისხებს მას, გაამპარტავნებს მართლმადიდებელი ერისა და ბერის დიდ ნაწილს, რომელიც დღეს ხიბლშია ჩავარდნილი და ისედაც გაამპარტავნებულია და გამოიწვევს არამართლმადიდებელთა დისკრედიტაციას.

,,შეთანხმებასაბოლოოდ დააყენებს ეკლესიას არა შინაგანი, სულიერი ზრდის, არამედ ისეთი ძალაუფლების ძიების გზაზე, რომელიც მხოლოდ კეისართა ხვედრია.

ახლა ერთხელაც მოვუსმინოთ პროფესორ შუქია აფრიდონიძეს:

«კონსტიტუციური შეთანხმება თავისი არსითა და მოსალოდნელი შედეგებით სხვა არაფერია თუ არა სწორედ არაკონსტიტუციური, დასაშვებ დონეზე მეტად «მიწიერი» (თუ ბიწიერი?) გარიგება. სრული უეჭველობით და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთი «შეთანხმება» არა თუ არ ნიშნავს, მეტიც, ძირს უთხრის ჭეშმარიტ თანხმობას საქართველოში, ვინაიდან ძირფესვიანად ეწინააღმდეგება მისი ყოველი მოქალაქის პიროვნულ და ქვეყნის საერთო ინტერესებს».

ბოლოს დავაგვირგვინებ   ელენე მეტრეველის შეხედულებითს ამ საკითხისადმი:

 

„შეთანხმება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებების აღიარებულ დეკლარაციას და საზოგადოდ დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი შეთანხმება ზიანს მიაყენებს დემოკრატიული მშენებლობის გზაზე მდგარ საქართველოს“

ამ ცნობილმა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა  მეცნიერმა მაშინ საკმაოდ დელიკატურად  გამოთქვა ეჭვი ეკლესიის ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის თაობაზედ:

„ეკლესია კი არ უნდა გაემიჯნოს სახელმწიფოს, არამედ სულიერებით უნდა განმსჭვალოს და განამტკიცოს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო“…

იხ. შემდგომი  დისკუსია კონკორდატზე:

დისკუსია

პროფესორი ზურაბ კიკნაძე – ეკლესიამ ბევრი რამ განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და ჩამოყალიბებაში. ახლა დრო შეიცვალა და დღეს ეკლესიას უნდა, ის უფლებები აღიდგინოს, რაც ფეოდალურ ხანაში ჰქონდა, სურს,  ფეოდალი გახდეს. ეს ხომ აბსურდია. კონკორდატის პრეამბულაში ეწერა, რომ ეკლესია დაზარალდა 200 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო 70 წლის მანძილზე. მაგრამ მაშინ  ხომ მთელი ქართველი ხალხი დაზარალდა. დღეს ეკლესია ხალხისგან განზე გადგა. ვინ უნდა აუნაზღაუროს  ქონება, იმავე ხალხმა, ვინც თვითონაც დაზარალდა?

 

ესაც, დასკვნამდე ზემორე  კრებულიდან: „ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება“: ზურაბ კიკნაძე: „შეთანხმება კიდევ უფრო გაააქტიურებს იმ „გენეტიკურ მართლმადიდებლებს“, რომელთაც სარწმუნოებრივი უმეცრების გამო მართალი სარწმუნიების დაცვა აგრესიული ქმედებების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. შეთანხმება გახდება დამატებითი ლეგიტიმური წყარო უკუღმართად გაგებული  „რჯულის კანონის“ გვერდით, ფსევდომართლმადიდებლური ამპარტავნებისა, რომლის თესლი უკვე დათესილია და ჩვენი საზოგადოება იმკის მის შედეგებს“ …

 რა შეიძლება დავასკვნათ? ეკლესიას ყველაფერი უნდა. არ გამართლდა წინარეკონკორდატულ ხანაში პროფ. გია ნოდიას მიერ გამოთქმული ვარაულდი, რომ კონკორდატის მიღების შემთხვევაში ის მაინც გვეცოდინება, რამდენი უნდა მივცეთ ეკლესიას და კანონი მოაწესრიგებს ამ აღებ-მიცემობას(ციტატა ზუსტად არმახსოვს, ჩავამატებ შემდეგ).

2. შარიათულობა! – ლატენტური ისლამიზმი, ისლამური, ფატვის დემოკრატია.

ამ თავში გვინდა ვაჩვენოთ მსგავსება საპატრიარქოს მიერ დადგენილ მორალსა და ისლამურ შარიათს შორის. ამ თემაზე 2 წერილი გამოვაქვეყნე და აქაც მათ გთავაზობთ ოდნავი სახეცვლილებით. ისლამი საერო და სასულიერო სამართალს არ განასხვავებს. საპატრიარქოც ამ გზით მიდის…

დავიწყოთ ისევ მეცნიერებით: ”ისლამში კი, ყურანისა და სუნას საფუძველზე, შემუშავდა საერო და სასულიერო ცხოვრების ერთიანობის სამართლებრივი პრინციპები, შეიქმნა ყოვლისმომცველი დამკვიდრებული კანონი ანუ შარიათი, რომელიც მთლიანად დაეუფლა არა მარტო ცალკეული ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროს, განსაზღვრა და მოაწესრიგა იგი, არამედ დაეუფლა საზოგადოებასაც და მთელი მისი ყოფა-ცხოვრების მარეგულირებელი გახდა[…] იგი ძირფესვიანად შეცვლას უქადდა მიწათმფლობელობის ქართულ ფორმებს, მთელ სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, აქედან გამომდინარე – მთელს ქართულ კულტურას[…] ამრიგად, საკითხი მხოლოდ რწმენას როდი ეხებოდა, საკითხი ეხებოდა მთლიანად ქართული ცხოვრების წესს. ქრისტიანული რჯულის დაცვისათვის ყველა მებრძოლი, ”გათათრების” წინააღმდეგ ყველა ამხედრებული რჯულთან ერთად იცავდა თავის ეროვნულ მეობას, ცხოვრების წესს, კულტურასა და ტრადიციებს. ამიტომ მოხდა, რომ ქრისტიანული რჯულისათვის ბრძოლამ ეროვნული თავისთავადობისათვის ბრძოლის შინაარსი შეიძინა”(იხ. ’ქართული კულტურის ისტორიის საკითხები’, 1989, 1, გვ.403-404).

რადგანაც, – გერმანული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, – კატის ამოშვებას ვაპირებ ტომრიდან ანუ სათქმელის ბოლომდე მიყვანას, ერთი პირადი შთაბეჭდილებაც უნდა გაგიზიაროთ.

ერთ გერმანულ სუპერმარკეტში ჩემი ყურადღება მიიქცია სამმა თუ ოთხმა ბერძენმა მონაზონმა, რომლებიც ჩვენებურად ანუ ყურზე მიჭყრიალებით არჩევდნენ საზამთროებს. თალხი, შავი კაბა-შესამოსელი, თვით ჩიქილის პირის შემოკეცვაც კი ყბა-ლოყის მიდამოებში იმის იდენტური იყო, რაც ჩვენს ეკლესიებში მინახავს, ამიტომ დავუკავშირე იმ მოშავგვრემანო ქალბატონების ეროვნება და რელიგია მონათესავე ბერძნულ სამყაროს. ცოტა ხანში ”ჩემს მონაზვნებს” ერთი გაფხორილი, ბოხოხიანი კაცი მიუახლოვდა და მაშინღა მივხვდი, რომ მუსლიმანურ ოჯახში ვიყავ ”სტუმრად”… ჩემთვის იმ დღიდან ძირითადი განსხვავება ამ მონათესავე ორ რელიგიას შორის განსხვავებაა ანუ ის, რომ ქრისტიანული კანონიკა ეკლესია- მონასტერზე ვრცელდება მხოლოდ და ისლამური ’დინ’ კი – ყველაზე. ქრისტიანობა განასხვავებს ერთმანეთისაგან საერო და სასულიერო , საკრალურ და პროფანულ სფეროებს… ის რაც ქრისტიანობაში მონასტერია, ისლამში ყოველდღიური რეჟიმია…ისლამი ქრისტიანული მონასტერია!
ასეთია ჩემი რელიგიური პარაბოლა.
ახლა კიდევ სხვა და სხვათა შთაბეჭდილებაც, რაც არასოდეს დამავიწყდება: 90-იან ბნელ-ქუფრ წლებში ერთ დანიელ სტუდენტს შევხვდი თბილისის ძველ უბანში. ვგონებ სადღესასწაულო-სატაძრო დილა იყო, ამიტომაც ჯგუფ-ჯგუფად მიემართებოდა სიონისკენ მორწმუნე მდედრიონი. დანიელმა გამიზიარა შთაბეჭდილება: როგორც ჩანს, ისლამი თქვენთანაც აღორძინებას განიცდისო! კომენტარი რაღა საჭიროა?

მაშ ამოვსვათ კატა, დავსვათ კითხვა პირდაპირ: აღორძინებული მართლმადიდებლობის მსგავსება ტრადიციულ ისლამთან მხოლოდ გარეგნულია თუ არსებითად საქმე გვაქვს ლატენტურ ისლამიზაციასთან? განვიხილოთ ”სასაწაულები და ნიშები”: ცდილობს თუ არა წარმატებით ჩვენი ეკლესია საერო ცხოვრების უზურპაციას? სულაც რომ თავი დავანებოთ ქონებრივ გაუმაძღრობას, თეატრი, კინო, მედიები მეცნიერება ან მწერლური შემოქმედება თრთიან და კონტროლდებიან საპატრიარქოსგან… ჰყავთ დამრტყმელი ძალა და ზომიერი ფანატიკოსებიც, კონტროლის უამრავ ბერკეტს ფლობენ, დაწყებული მორჩილების გაფეტიშებით, დამთავრებული სულიერი შვილებითა თუ მონებით სამთავრობო-საპარლამენტო სტრუქტურებში. უამრავი ”ყური” და ”თვალი” ყავს ხალიფას, ზოგი მოხალისეა, ზოგი მიამატი, ზოგს ანგარება ამოძრავებს… საქართველო მასიურ მართლმადიდებლურ ფსიქოზშია. კლერიკალიზაცია, რაც აშკარად სახეზეა, სხვა არაფერია თუ არა ისლამური განურჩევლობის განხორციელება ანუ სასულიერო და საერო სფერობის გაუმიჯნაობა.
გამიჯვნა – ეს იყო ჩვენი ცხოვრების და ეროვნული მეობის პრინციპი და ამ პრინციპის დასაცავად ვიბრძოდით(ქართველთა ტრადიციული მიჯნურობა ქრისტიანობისადმი გამოწვეული იყო არა ამ რელიგიის დიდი გაშინაგანებით, არამედ მისი მიჯნულობით ანუ იმით, რომ ქრისტიანობა საერო ცხოვრებას სასულიერო კანონიკაში და ღირებულებებში არ ახრჩობდა) დღეს კი საქართველო გაუმიჯნავია, საქართველო ერთი დიდი მონასტერია, ჩვენ ყველანი კი მორჩილ- მონაზონნი ანუ ბოხოხიანის დიაცები. ”მხდალი და ბრიყვიაო, მონობის წყურვილით იხრჩობაო ნათესავი ქართველთა” – ეს ჯერ არავის უთქვამს? მაშინ მე ვამბობ. ეს ყველას ეხება უპირველესად კი ამ უბირი მღვდლებისაგან დაჩმორებულ ხელისუფლებას. აბა გამოიხედეთ:
„არ დარჩენილა ხელისუფლების შტო, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქის აზრი არ შეხებოდა. საქართველოს ოთხივე ხელისუფლების შტო ირყევა, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“(სერგო რატიანი).

ვისაც არ უნდა გაიგოს, არ გაიგებს, ვისაც არ უნდა დანახვა, არ დაინახავს, მაგრამ ფაქტი ერთია: საზღვრები სასულიერო და საერო ცხოვრებას შორის მოირღვა, ჩვენი ეკლესია ისლამურ წარმონაქმნად გადაიქცა, რასაც ”თავისუფალ” ქართველთა დიდი უმეტესობა უდრტვინველად და მოწონებით ან, საუკეთესო შემთხვევაში, შიშითა და დუმილით შესცქერის. იმ გამონაკლისებს კი, ვისაც კი ეს არ მოგვწონს, იქნებ ერთი შეკითხვის დასმის უფლება მაინც გვაქვს: მაშ რატომღა ვიბრძოდით საუკუნეების განმავლობაში ტოტალური სასულიერო კონტროლის ანუ ისლამიზაციის წინააღმდეგ?

…ისლამის  დემოკრატიული უპირატესობა, – იგულისხმება, რომ პაპი ან პატრიარქი და საყოველთაო ლიდერი არ ყავთ, –  ქრისტიანობასთან შედარებით ზოგჯერ ექსტრემიზმის და რბილად რომ ვთქვათ, რელიგიური თვითნებობის წყაროდაც ქცეულა. განაჩენი ამა თუ იმ ”ღვთისმგმობლის” მიმართ საკუთარი ინიციატივით გამოაქვს ხოლმე მავან მოლასა თუ ისლამური სამართლის სპეციალისტს. ერთი მაგალითი: ამ რამდენიმე წლის წინათ ძალიან შეწუხდა გერმანული პრესა ერთი კუვეიტელი მომღერლის ბედით. ხალხში უაღრესად პოპულარულ აბდულა ალ რუვაიშიდს ერთმა მოლამ მეზობელი საუდის არაბეთიდან – ჰამუდ იბნ აქალა ალ შუადმა ბრალი დასდო მკრეხელობაში, სიმღერებში ყურანის სურებს აპარებსო! ნათელტექსტურად ეს იყო ფატვა ანუ მართლმორწმუნეთადმი მოწოდება ’მგმობი’ მომღერლის მოკვდინებისაკენ. ალ რუვაიშიდს ავტორიტეტული დამცველებიც გამოუჩნდნენ ისლამურ სამყაროში, როგორიცაა მაგ. წმინდა ქალაქ მექის დიდი მეჩეთის წინამძღვარი ანუ იმამი – შეიხი სალიჰ იბნ ჰამიდი, რომელმაც ჰამუდ იბნ აქალა ალ შუადის განაჩენს ილეგალური უწოდა. მაგარი ის იყო, რომ არაბმა პოპ-ვარსკვლავმა ფატვის შესახებ მექაში მოსალოცად ყოფნის შემდეგ ახალდაბრუნებულმა პირდაპირ კუვეიტის აეროპორტში შეიტყო!…
ჩვენ კიდევ ამ ჩვენ ბეჩაობას რომ დავუბრუნდეთ და გადავხედოთ, აღმოვაჩენთ: საქართველოში რელიგიური განაჩენი კერძო მღვდელს გამოაქვს და არა ეკლესიურ ორგანიზაციას, რომელიც საეკლესიო კანონმდებლობის, ბერძნ. ნომოსის ანუ კანონიკური სამართლის ბაზაზე უნდა ჭრიდეს და კერავდეს. საქართველოს ეკლესიაში კანონიკა ანუ სამართალი აღარ მოქმედებს. ეს ერთიანი სურათია და კარგად ჩანს ერთ ’მკრეხელურ’ თავგადასავალში: ”პირველი რუსის’ ამბავი”… აქ ხან ერთი ’ჰამუდი’ ემუქრება მწერალს, ხან მეორე, ხან ახალციხელი მოძღვარი უპირებს ჩაქოლვას და ხან მამა ტარიელი ხელების გადამტვრევას(იხ. ეს ამბები ანუ ქართველი სალმან რუშდის თავგადასავალი ცოცხლად.

პირველი რუსი

ყველაფერი პირად ინიციატივაზე, ’ისლამურ დემოკრატიაზეა’ დამოკიდებული. ახალციხიდან ჩამოდის მრევლი, რათა ქართველი სალმან რუშდი ჩაქოლონ! … კანონიკური სამართალი ამ შემთხვევაში იქნებ სრულიადაც არავითარ სასჯელს არ ითვალისწინებდეს(რადგანაც იგი მხოლოდ საკუთარ მწყემს-სამწყსოზე ვრცელდება), მაგრამ ისლამში ხომ საერო და სასულიერო სამართალი ერთი და იგივეა, ამიტომაც ვრცელდება ყველა ჩვენთაგანზე ამ ისაკაძე-ჰამუდების მიერ დადგენილი სამართალი ანუ აგრესიული შარიათი…ეეეჰ, ამ მღერასშეყოლილებს ისლამიც კი მოგვანატრეს: იქ ხომ გამოჩნდა თუნდაც ერთი შედარებით პროგრესულად მოაზროვნე მოლა, მომღერალი რომ დაიცვა?
გარდა ამისა, კუვეიტური პოლიცია მომღერლის სახლთან სადარაჯოზე დამდგარა, რათა რომელიმე ფანატიკოსს ჩამოგდებული ფატვა სისრულეში არ მოეყვანა. ჩვენს მთავრობასა და პოლიციას კი არათუ მოქალაქენი, მგონი საკუთარი თავიც ვეღარ დაუცვია მომძლავრებულ რელიგიური ფანატიკოსებისგან!
ნეტავ რა ბედი ეწია არაბ ბულბულს(სტატია გამოქვეყნებულია: FAZ, 12.IV.2001, S.11.)? ცოცხლობს თუ მოკლეს? ან კრულ გურჯისტანს რა ბედს დააწევს ეს შავი ჭირი ფანატიზმისა?

3. უცხო ტრადიციის ამომთხრელი როლი, სტაროვერობა!

მოძღვარომანია, შეყლაშვილობა და სხვა.(ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში რუსულ მონასტრებს რამდენიმე სულიერად აშიმშილებულმა მობერომ თუ საბერომ მიაშურა. მათ შორის პირველთაგანნი იყვნენ ივანე შეყლაშვილი, ლაზარე აბაშიძე და ძმანი ამათნი ბეთანიელნი. მოკლედ, მათ იქ დაამხეცეს პრავოსლავიე,დაემოწაფნენ და დაესულიერშვილნენ სტარცებს, ჩამოვიდნენ და მერე აქ გააგრძელეს გეომეტრიული პროგრესიის კანონით… მათი სულიერი შვილები მღვდლები გახდნენ და მათი სულიერი შვილიშვილებიც. მოკლედ, მრევლის დიდი უმეტესობა მათ ხელში აღმოჩნდა, სქიზმაც ამ რუსული ეკლესიის ნასუფრალის სულიერმა იმპორტმა გამოიწვია და დღევანდელი მართლმადიდებლური ნეტარყუჩობაც ძირითად ანუ ილია მეორის ეკლესიაში. რაც შეეხება ავადსახსენებელ რაფ. კარელინს, მას აღარც სჭირდებოდა რუსული მონასტერი, ის ისედაც იქიდან მოდიოდა სოხუმის გავლით. დღესდღეობით მათ შექმნეს ამინდი, განწყობა და სულისკვეთება, და ეს საქმე მათ გაუიოლა ეკლესიის მმართველობის ანუ სინოდის საერო საქმეებზე გადართვამ,  ე.წ. სადუკევლობამ(ბ. კობახიძის კვალიფიკაციის თანახმად)… ეს რუსული სული შეერწყა საბჭოურ ქურდულ ტრადიციას და ფაქტიურად ამ რუსულმა კლიკამ შეაწერა ეკლესია ილია მეორეს, როგორც(მათი წარმოდგენით) გოიმსა და ეკუმენისტს… არ ვამბობ არც იმას, რომ მხოლოდ ისინი არიან სამოძღვრო სადავეებთან, მაგრამ ესაა შავი ლაკის საღებავი, რომელიც ეკლესიის მთელ ფასადს გადაესხა და იუროდივობის, სიგიჟის და რუსული მრაკობესიეს მართლმადიდებლურ სწავლებად გასაღების გამო მთელი ერი და ეკლესია ”გააბრწყინვა” …(ეს თავი შემდეგში უფრო დაიხვეწება).

4. რელიგიის მატერიალიზაცია

ნაყვეტი სტატიიდან: „როგორ მოვაგვაროთ რელიგიის პრობლემები?“

– თემა ვრცელია და პროცესუალური. ბევრი დაიწერა და დაიგმო, არაერთი შესანიშნავი, ანალიტიკური წერილის ავტორი მახსენდება(მაგ. კახაბერ კურტანიძე, მირიან გამრეკელაშვილი, ზურა ოდილავაძე, ლევან სუთიძე, გიორგი მაისურაძე, ბექა მინდიაშვილი…)

სულ ბოლოს თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა შეაჯამა საპატრიარქოს მოღვაწეობით შექმნილი დამანგრეველი რელიგიური ვითარება…

უბრალოდ, მოკლედ და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვა, მთელი ეს რელიგიური ჭირი, რაც საქართველომ საიდანღაც აიკიდა, შეიძლება დიაგნოზირებულ იქნას,როგორც რელიგიის მატერიალიზაცია.

საპატრიარქო მატერიალური რელიგიის მეწარმე ანუ პროდუცენტია. უთვალავი ტაძრები, სენაკთმშენებლობა, მიწები, მამულები, ჯიპები,საავადმყოფოები, ასეულობით მილიონი ფული და სხვა. – ესაა მატერიალიზირებული რელიგია. ბოლოსდაბოლოს კლერიკალური ძალაუფლებაც მატერიალურ მიზნებს ემსახურება…

კათალიკოსი რელიგიის მატერიალიზაციის დიდოსტატია, მას ეს გამოჰყვა საბჭოთა ეპოქიდან, მაშინ სჭირდებოდა, რადგან ეკლესიის ფაქტობრივი არსებობა უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ ეტყობა ისეთი „რაზგონი“ აიღო, რომ გაჩერება ვეღარ შეძლო და ეკლესია,- როგორც ბექა მინდიაშვილმა დაასაბუთა, – უფსკრულამდე მიიყვანა. –

ღმერთი და საპატრიარქო

ჩვენი მიზანია ის წამალი ანუ იდეა გამოვძებნოთ, რამაც დამღუპველი მატერიალიზაციისგან უნდა გვიხსნას ანუ უფსკრულისპირიდან შემოგვაბრუნოს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინი „მატერიალური რელიგია“ მე არ გამომიგონია. ინგლისურენოვან სამეცნიერო წრეებში დასაბამი ამ ცნების გაფართოებას დაუდო ჟურნალმა Material Religion (Mogran/Meyer/Paine, 2005) …რასაკვირველია სხვა აზრით და რასაკვირველია ასევე რელიგიის ესთეტიკის გათვალისწინებით: ყველა რელიგია იყენებს მორწმუნეების გასაბმელად მატერიალურ „ბადეს“, ინტერიერის, გალობის თუ მხატვრობის სახით… მაგრამ ჩვენთან რელიგიის მატერიალიზაციამ სულ სხვა, ყოვლისმომცველი, ყოვლისშთანმთქმელი, ყოვლადანგარებითი და გონჯი ფორმები მიიღო!

რელიგიის მატერიალიზაცია შეიძლება დაიძლიოს მხოლოდდამხოლოდ რელიგიის თეორეტიზაციის გზით. დასანანია, რომ ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფლება რელიგიის მატერიალიზაციის ხელშემწყობი გამოდის. ის გადარიცხული, ნაჩუქარი თუ მიგდებული მილიონები ხმარდებოდა მხოლოდ რელიგიის მატერიალიზაციას, საუკეთესო შემთხვევაში კი – რელიგიის პრაქტიცირებას!

გამოსავალია: სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის პრაქტიცირების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს რელიგიის რეფლექსირების პოლიტიკით.

რელიგიის რეფლექსირება ნიშნავს მის შემეცნებას,შესწავლას, კვლევას.

მოკლედ, კოგნიტიურ, აკადემიურ, საუნივერსიტეტო გზას.

აქ გამოვაცხადებთ სასუენს, როგორც გრძელ, მე 17 ფსალმუნშია. გაგრძელება მალე ან ოდესმე იქნება! 🙂

დაახლ. ათცამეტ პუნქტამდე ავალთ. შეგეწიოთ ათცამეტი ასურელი მამის ლოცვა! 🙂

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s